სისტემ(ატ)ური მარცხი - კვირის პალიტრა

სისტემ(ატ)ური მარცხი

"ფინიტა ლა კომედია" - "მომაკვდავს, ბიძიკო, აღსარებისა და სანთლების მეტი არაფერი შველის!"

გასულ კვირას გლდანის ციხიდან გავრცელებულმა შემზარავმა ტელეკადრებმა საზოგადოება იმდენად დაზაფრა, რომ გონს მოსასვლელად და ტკივილის გასაყუჩებლად ხალხს წლები დასჭირდება... სიცრუის, ტრაბახისა და უზნეობის ჭაობში ჩაძირული ქვეყანა როგორც იქნა, გონზე მოვიდა და მოსათხოვი მოითხოვა. ხელისუფლებას, რომელსაც ეგონა, რომ მორალის ყველა ზღვარი წაშალა და ხალხს ტვინი ბოლომდე გამოურეცხა, თიხის ფეხებზე მდგარი უძლეველობის კოლოსი თავზე ჩამოემხო. ნარმა გასკდა”და ჭერის გამაგრებას ახლა ვეღარც ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი შეძლებს”და ვეღარც ნიანგის ცრემლები. დათა თუთაშხიასი არ იყოს - "მომაკვდავს, ბიძიკო, აღსარებისა და სანთლების მეტი არაფერი შველის!"

"ღმერთი არავის გაგიწყრეთ!", "სულს ამოგხდით!" "ნულოვანი ტოლერანტობა და ყველანი ციხეში", "ხელი არ აგიკანკალდეთ", "მუმიები... კლასობრივი მტრები... ჩარეცხილები..."– ამ და სხვა ძალადობრივი ტერმინებით მოლაპარაკე მაღალჩინოსნებს ქართველმა საზოგადოებამ ღირსეული პასუხი გასცა. ხელისუფლებამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მარცხი აღიარა(!). გასაკვირი კი იმიტომ, რომ თვით 2008 წელს წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს და ის სადისტური საქციელიც კი, რაც პატიმრების წინააღმდეგ ჩაიდინეს, მათთვის რუსულ ბომბებზე მძიმე და მსახვრალი აღმოჩნდა.

ამ ქვეყანაში საკვირველი კიდევ ბევრი რამეა და ყველაზე უფრო ამ სადიზმის "გაპრავების" მოსურნე ადამიანების (თუ მათ ადამიანები შეიძლება ეწოდოთ) ყოვლად უსუსური მცდელობა, როგორმე სხვას "შეტენონ" მომხდარი და გამართლება მოუძებნონ ქმედებას, რომელიც კაცობრიობისა და უფლის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ თავხედური გალაშქრება იყო. "ეს მონტაჟია" და "ეს უნდოდა ოპოზიციას"–- ამ მარაზმის შემფუთავი ტვინგაწყალებული ადამიანების უკანასკნელი ამოხავლებაა. უბრალოდ, ამის მთქმელი უნდა შეგეცოდოს...

პრეზიდენტმა სისტემური მარცხი აღიარა. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ჩვენი ციხეებით ფრანგებიც კი ყბაჩამოვარდნილი დარჩნენ(?!). იმ ამაზრზენი კადრების ხილვის შემდეგ, რომელმაც უკვე მთელი მსოფლიო მოიარა და მათ შორის, საფრანგეთიც, ალბათ საცოდავ ფრანგებს იმხელაზე დარჩებათ პირი დაღებული, რომ კრუხი ჩაიბუდებს წიწილებიანად, მაგრამ ვეჭვობთ, რომელიმე ჭკუათამყოფელმა გაიზიაროს ის აზრი, რომ წლების მანძილზე ქართულ საპყრობილეებში არსებული სისასტიკის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცოდა(?!).

მამაცხონებულებო, ჭიანჭველას მზესუმზირის ჩენჩო ვერ შეუთრევია სოროში და "ღრუბელ-ღრუბელ" ფრინველს ვერ შეუკრავს კამარა, თვალთვალის ობიექტივში არ მოხვდეს და მაინცდამაინც იქ გამოგეპარათ ყველაფერი, სადაც ლამის ყოველ ურდულსა და გისოსზე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული?! კიდევ კარგი, ჯერაც არსებობენ ჭაბუა ამირეჯიბის დარი გენიოსები, რომელმაც ამ სასაცილო "გულუბრყვილობას" უბრალო და ღირსეული ვერდიქტი გამოუტანა: "თუ არ იცოდი, რაც ხდებოდა, ბარაქალა შენს პრეზიდენტობას... და თუ იცოდი, ბარაქალა შენს ადამიანობას..."

არ იცოდით ის, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ისე დაბრმავდა, რომ თემიდას ხელში სასწორი აეშალა?! ის, რომ ამ სამართლის ძებნაში შვილების სიკვდილით დაზაფრული და გულგახეთქილი დედები საფლავში ისე ჩავიდნენ, თქვენგან ბოდიშსაც ვერ ეღირსნენ?! ან იქნებ ის, რომ ამ განუკითხაობით სულში ჩაფურთხებული ხალხის დამონების მცდელობა ოდესმე მოგეკითხებოდათ?!

ღმერთო, ვინ ანუგეშოს შენ გარდა ის ყმაწვილი, ციხის მომცრო საკანში რომ აწამეს მამისტოლა არაკაცებმა. "ნუ მკლავთო, გეხვეწებითო, რა დაგიშავეთო..." -”ცრემლი ახრჩობდა ბავშვს; ვინ ანუგეშოს ბათუმელი ქალბატონი, რომელსაც პაემანზე მისულს პატიმარმა შვილმა უთხრა: - დედი, ვერ ჩაგეხუტები, რადგან ნაცემს და ნაწამებს ხელის აწევაც კი მიჭირსო... ან რა ეშველებათ იმ საცოდავებს, რომლებსაც სიკვდილი ერჩივნათ იმ დამცირებას, რაც ამ ცხოველებმა მიაყენეს...

ახალაიებს საკუთარი მძიმე ცოდვებიც ეყოფათ და მათ მდგომარეობაში ყოფნას არავის ვუსურვებთ, მაგრამ სისტემის შემქმნელებს და მათ მეხოტბეებს გაცილებით მწარე ხვედრი ელით. ბატონ ბოკერიას თურმე გაეპარა "რაღაც შეცდომა"”და ახლა ამის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს(?!)... უკაცრავად, მაგრამ ამ ცინიზმის საპასუხოდ ვიტყვით - შეცდომასა და დანაშაულს შორის დიდი სხვაობაა(!).

ან რა ნამუსით გვაფრქვევს დეპუტატი წიკლაური "ჭკვიანურ ფრაზებს"–- ეს რეფორმა იყოო(?!). განა თავადვე არ ცინიკოსობდა ტრიბუნიდან საზოგადოების სამართლიან პროტესტზე: "ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო(?!)" ან რას ანამუსებდა საკუთარ ამომრჩეველს ბატონი ბარამიძე - თავაწეულები მიდით არჩევნებზეო(?!) ციხის სირცხვილის შემდეგ თავაწეული კი არა, მუხლზე დავარდნილები უნდა შესთხოვდეთ უფალს და ქართველ ხალხს, რომ როგორმე შენდობას ეღირსოთ და კიდევ რიხით როგორ საუბრობთ, მართლა სულ ასცდით რეალობას?..

ახლა ყოველგვარ ფასს კარგავს ისედაც დაყვედრებული გზები და შადრევნები, გამჭვირვალე პოლიციის შენობები და სასტუმროები. "ყველაზე მაგრებმა და ყველაზე პირველებმა" ყველაზე უკანასკნელი ადგილი საკუთარ თავებს თავად მიუჩინეს მატიანეში(!). მათ არასოდეს აინტერესებდათ ხალხის აზრი, რადგან "ძაღლად” თვლიდნენ" და მხოლოდ თავის "ქარავანს" მიიჩნევდნენ დაძრულ ვაგონად, რომლის საფეხურზე დროულად შესახტომად ქედმაღლურად ეპატიჟებოდნენ საზოგადოებას. ვინც ფეხი არ აიშვირა და "ვაგონს" არ შეახტა, ჩარეცხილებად, მტრებად და აგენტებად შეირაცხა, ვინც "ფეხი აიშვირა" და შეახტა(!), ამ მატარებელთან ერთად სირცხვილის ჩიხში ნახა ბოლო ბაქანი. ამ უღმერთო ექსპერიმენტებში კი საქართველო დარჩა შერცხვენილი და გაუპატიურებული...

ახლა გიკვირთ, თუ რატომ მივიღეთ "ცოცხები" და "დუბინკები"?! აბსოლუტური ძალაუფლებით მიღებულმა აბსოლუტურმა გარყვნილებამ მოგვიტანა სისტემ(ატ)ური მარცხი და ეს მხოლოდ ამ სისტემის შემოქმედთა ბრალი არ არის. ამის შემქმნელია ყველა, ვინც სახრავის დაკარგვის შიშით აპლოდისმენტებს არ იშურებდა უზნეობის წახალისებისთვის...

ღირსებააყრილ საზოგადოებაში ძნელია რაიმემ განუგეშოს, მაგრამ ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამ სისტემ(ატ)ური მარცხის პირობებში, წლების მანძილზე არ შეეგუა და შეეპუა ამ უზნეობას, არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო ჩვენი სტუდენტების წინაშე. მათგან უნდოდათ ახალი ადამიანის გამოყვანა; მათ სისტემ(ატ)ურად ურეცხავდნენ ტვინებს და მენტალიტეტს უცვლიდნენ, მაგრამ ვერაფრით შეიგნეს, რომ ქართული ფესვი და გენი ბევრად ძლიერია, ვიდრე მათი გადაჯიშებისთვის გახარჯული მილიონები. ამ ღირსეულ ყმაწვილებში დავითის სული, თამარის გული და ერეკლეს შეუპოვრობა რომ იფეთქებდა, უნდა სცოდნოდათ მათ, ვინც მომავალი თაობის გადაგვარებას და გაუცხო(ელ)ებას ლამობდა. "ნურას უკაცრავად, ბატონებო!”"ციხე შიგნიდან ტყდება!" "ფინიტა ლა კომედია".

P.S. უფალს შევთხოვოთ სიმშვიდე, სულგრძელობა და მტყუან-მართლის გარჩევა, რათა ამ ემოციებში ზღვარს არ გადავაბიჯოთ და ერთმანეთისადმი ისედაც განელებული გულები საბოლოოდ არ გაგვიცივდეს. გასაგებია, რომ მძიმე განცდებით დაზაფრულებს შესაძლოა ცხელ გულზე იმავე სასჯელით უნდათ გაუსწორდნენ ციხის ეგზეკუტორებს, მაგრამ როგორმე დავრჩეთ ადამიანებად და ცივი გონებით მივაგოთ მისაგებელი დამნაშავესაც და შეცთომილებსაც...”

"ქართველებს ერიდეთ..."

ქართველს, მიუხედავად მოჭარბებული ემოციურობისა, როგორც ჩანს, ისტორიულად მოსდგამს დიდი მოთმინების უნარი. ამის მაგალითად ბახტრიონის ეპოპეაც კმარა, როდესაც ომებით დაღლილმა და გაწამებულმა ერმა, ერთგვარი პაუზა აიღო სულის მოსათქმელად, მაგრამ ამ შესვენებისას შინა და გარე მტერმა გარყვნითა და გათახსირებით მოუნდომა დაპყრობა. ითმინა ქართველმა კაცმა, მაგრამ ბოლოს იფეთქა და ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩამოთესლებულმა თურქმანმა ელებმა გზად მიმავალი ხუცესი შეიპყრეს და გათოკილი გააუპატიურეს. გადავსებული ფიალა გადმოიღვარა და ქართველებმა არა მარტო ის სადისტები დაასიკვდილეს, არამედ მათი ჯიში და გენიც, 80 ათასამდე სული, დედაწულიანად(!) ზედ მიაყოლეს...

ვისაც ჯერაც საქართველოს გადაგვარების ილუზიები "გტანჯავთ", გაითვალისწინეთ: ეს ქვეყანა შეიძლება დაეცეს, მაგრამ ფენიქსივით მაინც წამოდგება, ის დარჩება იმ ზნეობრივი ჯიშის მემკვიდრედ, რომლის უკვდავებამ თვით დიდგორში დასამარებული მტრის სარდალს, ნეჯმ ად-დინ ილღაზს ათქმევინა: "ქართველებს ერიდეთ მაშინაც კი, როდესაც მღერიან, ცეკვა კი... ცეკვა მაგათი ომია!"...

სადიზმი

სადიზმი - სხვისი ტკივილით ან ტანჯვით მიღებული სიამოვნება, სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გამოიხატება მისწრაფებით, ტკივილი მიაყენოს, სასტიკად აწამოს და დაამციროს პარტნიორი. ეს სიტყვა ფრანგი ფილოსოფოსის, სასტიკი რომანებისა და პიესების ავტორის - მარკიზ დე სადის სახელიდან მომდინარეობს. მარკიზ დე სადი თავის რომანებში გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობისა და წამებით მიყენებული სიამოვნების სცენებს აღწერს, რომლებშიც შედის ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის ამსახველი პასაჟები. თავისი რომანებისა და ცხოვრების სტილის გამო მარკიზ დე სადმა 30 წელი ციხეში გაატარა. სადის სახელიდან გამომდინარე, ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა შემოიღო ცნება "სადიზმი", რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებას.