"მიშა გაიქცევა საქართველოდან" - კვირის პალიტრა

"მიშა გაიქცევა საქართველოდან"

"აჩვენეთ ეს კადრები მაკკეინს, კლინტონს, ამერიკას და საინტერესოა, რას იტყვიან?"

"მივმართავ აშშ-ის ელჩს, თეთრზე თეთრი თქვას და შავზე - შავი"

"ეს მხეცები გალიებში უნდა ჩასვა"

გოგა ხაინდრავა ახლახან დაბრუნდა ბრიუსელიდან, სადაც თავისი ახალი ფილმი - "დემოკრატიის შუქურა" ჩაიტანა. მასთან ერთად ბრიუსელში ირმა ინაშვილი, გიორგი ფოფხაძე და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც იყვნენ. ევროპაში "დემოკრატიის შუქურის" ჩვენებას მალევე მოჰყვა ქართული ტელევიზიებით ქართული ციხის შემზარავი ვიდეოფირის გაშვება.

- როგორც კი სკეპტიკოსებმა ჩემს ფილმში ასახულ კადრებზე დაიწყეს ლაპარაკი, იქნებ ასე არ ხდებაო, უმალ გამოჩნდა მტკიცებულება ციხის ფირების სახით...

ჩემს ფილმში იგივეა ასახული, ოღონდ იქ მოვლენები ციხის გარეთ ხდება. არასოდეს დამავიწყდება კადრი - ბიჭი გარბის ღვინის აღმართზე, ვარდება, დგება, ვარდება, დგება და უკან 20 პოლიციელი მოსდევს.

ეს ბოროტმოქმედები იმდენად უტიფრები არიან,  ამბობენ, პოლიციაში როგორი წესრიგიც დავამყარეთ, იმავეს ვიზამთ ციხეშიო. ამას ამბობენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის, ადეიშვილის, ბოკერიასა და მერაბიშვილის პოლიციაში, კერძოდ, ქალაქის სამმართველოში 26 მაისს ზუსტად იგივე გაუკეთეს ადამიანებს, რაც ციხის კადრებში ვნახეთ. ამას სჩადიოდნენ ბოროტმოქმედი მერაბიშვილის გამოზრდილი პოლიციელები. ეს კაცი დღეს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს?!

ამერიკის ახალ ელჩს შევუთვალე, უნიკალური შანსი გაქვთ, რომ ქართველი ხალხის პატივისცემა დაიბრუნოთ, რომ თქვენ მართლა დემოკრატიული ქვეყანა და ცივილიზაციის დასაყრდენი ხართ-მეთქი. რომელი დროშით მომისპობ სიცოცხლეს და დაფარავ 14 წლის ბიჭის გაუპატიურებას, მნიშვნელობა არა აქვს. მივმართავ აშშ-ის ელჩს, თეთრზე თეთრი თქვას და შავზე - შავი.

სააკაშვილი ბოროტმოქმედია და მას ჰააგის სასამართლო გაასამართლებს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის შუაღამისას უყურებდა ხოლმე ციხის ამ კადრებს. ამას უყურებდნენ ბაქრაძეც, ბოკერიაც, უგულავაც, რურუაც, წიკლაურიც, რადგან ისინი ახალ ადამიანს ქმნიდნენ და ექსპერიმენტს ატარებდნენ ქართველ ხალხზე. ისინი ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორიც ნაცისტური ბანაკის ცნობილი ექიმი მენგელი.

ყველაფერი რომ გაცხადდება, თმა ყალყზე დაუდგება ქართველ ხალხს. ისეთი ჩირქი მოგვეცხო, რომ ამ ლაქას მხოლოდ დიდი ცრემლითა და მთელი მსოფლიოს წინაშე დიდი მონანიებით თუ მოვიშორებთ. ეს არის დორიან გრეის პორტრეტი, - წყლულებიანი, აყროლებული, დეგრადირებული და მეუბნებიან, ეს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არიან საქართველოს სახეო. ეს მხეცები გალიებში უნდა ჩასვა, ატარო მსოფლიოში და აჩვენო, როგორ შეიძლება გადაგვარდეს ადამიანი... აჩვენეთ ეს კადრები მაკკეინს, კლინტონს, ამერიკას და საინტერესოა, რას იტყვიან? მაკკეინს 7 წელი აწამებდნენ კომუნისტები ვიეტნამში და ამათ როგორ იცავს? ამ კანიბალებს აფარებს ხელს, რომ აქ გავლენა ჰქონდეს, რათა ავღანეთში რამდენიც უნდათ, იმდენი ქართველი ჯარისკაცი გაგზავნონ?! არ გამოვა! საქართველო უღირსეულესი ქვეყანაა და იცით, ვინ გვაჩვენა ეს? იმ ბიჭმა, რომელსაც გისოსზე მიბმულს ცოცხით აწამებდნენ და მაინც არ გატყდა, იმ 14 წლის ბიჭმა, რომელიც აწამეს და ვერ ათქმევინეს, რაც უნდოდათ. უნდა გავიგოთ, ვინ არის ის ორი ბიჭი, ერთ დიდ შეკრებაზე გამოვიყვანოთ და მადლობა ვუთხრათ, რომ ღირსეული კაცები არიან. მათზე იძალადეს, მაგრამ პატივი ვერ აჰყარეს.

სააკაშვილს დავპირდი, შეგისრულებთ-მეთქი და შევუსრულებ, - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, რამიშვილი და დანარჩენები ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს უნდა გადავცეთ.

ქუჩაში ამდენ ახალგაზრდას რომ ვხედავ, ვფიქრობ, ტყუილად არ მიცხოვრია-მეთქი. აქციაზე 20 წლის ბიჭი ამბობდა, ვანო მერაბიშვილმა რა არჩევნები უნდა ჩაატაროს, გადადგნენ, მოსცილდნენ ამ ქვეყანასო. ერთ კვირაში ახალი პარლამენტი გვეყოლება და ის აირჩევს ახალ მთავრობას.

- ამბობენ, მერაბიშვილის მოადგილემ მიაწოდა პატიმრების წამების კადრები ჟურნალისტს...

- თქვენთვის ნათქვამი მაქვს, ვანო მიშას დააპატიმრებს-მეთქი. დაპატიმრებაზე მეტი არ არის, რაც ქნა? ეს რუსული ოპერაციაა. მერაბიშვილის დატოვება უნდათ ხელისუფლების სათავეში. რაც მიხვდნენ, რომ ეს ბაციკუკუ სააკაშვილი შიზოფრენიკი და კანიბალია, ეს ოპერაცია მას შემდეგ მიმდინარეობს. სააკაშვილი უკვე დაჩაჩანაკებული დორიან გრეია და მერაბიშვილს ქაჩავენ რუსები. ამერიკელები მიხვდნენ, რომ სრული ფიასკო განიცადეს. კიდევ ერთხელ აჯობა რუსეთის დაზვერვამ ამერიკისას.

აღმოჩნდა, რომ ამერიკა მხარს უჭერდა პრორუსულ მთავრობას და მათი ფულითა და მხარდაჭერით რუსეთი თავის საქმეს აკეთებდა თემურ ალასანიას, ბენდუქიძის, მერაბიშვილის, ბეჟუაშვილისა და სააკაშვილის ხელით.

შემოგდებული ამბავია, რომ მერაბიშვილმა გამოაჩინა ეს ჩანაწერები. სინამდვილეში, მაგის მოგონებულია ეს სცენარი. მან გამოზარდა ეს ორი მაჯლაჯუნა - ძმები ახალაიები. მერაბიშვილია მთავარი ბოროტმოქმედი, თორემ სააკაშვილი ავადმყოფი ადამიანია. მე დავამტკიცებ, რომ ის ემსახურებოდა პუტინის რეჟიმს.

დაიმახსოვრეთ, მიშა გაიქცევა საქართველოდან. ჩავა მაკკეინთან და იქიდან დაიწყებს განცხადებების გაკეთებას, პრორუსულმა ძალებმა მაიძულეს საქართველოს დატოვებაო.

- თვალში საცემია, რომ ბოლო დროს ზოგიერთმა ჟურნალისტმაც ფერი იცვალა და  ის "დაინახა", რასაც ვერ "ხედავდა".

- ეკა კვესიტაძე შოთა უტიაშვილის ცოლია, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო დანაშაულის ჩადენაში. როდესაც უტიაშვილი ამბობდა, როკის გვირაბს ვუტევთო, ქართულ სოფლებში დარჩენილი ხალხი იჯერებდა და არ გადიოდა სოფლებიდან, მაშინ როდესაც სინამდვილეში იქ ჩვენი მეომრები აღარ იყვნენ. უტიაშვილმა გაწირა ქართველი მოსახლეობა წამებისა და სიკვდილისთვის. მისი ცოლი რაზე უნდა ლაპარაკობდეს? ეს სააკაშვილის პირველი აგიტატორი და ბოროტების ბაირაღი მედიაში. ასეთივეა გია ჭანტურიაც.

სააკაშვილის რეჟიმი დამთავრდა, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ ახლა ამერიკასა და ევროპას, რადგან აქ არეულობა არ უნდათ.

ამ უბედურებას რომ ჩავამთავრებთ, დიდი წირვა უნდა ჩატარდეს, რომელშიც მთელი საქართველო მიიღებს მონაწილეობას და პატიება უნდა ვთხოვოთ უფალს. მთელი მსოფლიო გვიყურებს, ქართველი კაცები როგორ აუპატიურებენ საკუთარ შვილებს. ამაში ყველა ვართ დამანაშავე.

საქართველოში გაიმართება დიდი ნიურნბერგის პროცესი, სადაც მთელი მსოფლიო ნახავს ამ სიმახინჯეს და სადაც გამოჩნდება, რომ ამ საშინელებაში, რაც საქართველოში ხდებოდა, პირდაპირ თუ ირიბად, ბევრი საერთაშორისო სტრუქტურის წარმომადგენელი მონაწილეობდა და როგორც დანაშაულის თანამონაწილეები, ისინიც პასუხისმგებლობას გაიზიარებენ.