მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ყველა შიშველია!

მაშინ როდესაც ბაჩო და დათა ახალაიების მამა, როლანდ ახალაიაც კი შეძრწუნებული და აღშფოთებულია, შენ რაღა უნდა დაწერო?! ეს სიტყვები და კიდევ სიტყვა "ვგმობ" ამ დღეებში ისე გაცვდა, რომ თითქოს შინაარსიც კი დაკარგა. ყველა შეძრწუნებულია, აღშფოთებულია და ყველა გმობს, მათ შორის ისინიც, ვინც აქამდე ხელისუფლების მომხრეებად თუ აპოლოგეტებად ითვლებოდნენ. საინტერესოა, დაგმობის პარალელურად ისინი თუ გრძნობენ თავის წილ პასუხისმგებლობას? საინტერესოა, ფიქრობენ თუ არა, რომ საქმე აქამდე თავადაც მიიყვანეს, როდესაც ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ და ცდილობდნენ ყველაფრისთვის ახსნა მოეძებნათ, ყველაფერში გაემართლებინათ სააკაშვილი, ვიდრე საშინელება არ მოხდა. მაშინ როდესაც მეც და ბევრი ჩემნაირიც, ვინც უკვე დიდი ხანია ამ ხელისუფლებას კრიტიკას არ ვაკლებთ, საკუთარ თავს იმაში ვადანაშაულებთ, რომ პატიმრების თემასთან დაკავშირებით უფრო მეტი ყურადღება და სიმკაცრე არ გამოვიჩინეთ, ვიდრე თვალებზე კადრები არ აგვაფარეს. მაშინ, როდესაც იმის გამო, რომ ჩემი ფანტაზია ასე შორს ვერ წავიდა და ასეთი საშინელება ვერ წარმოვიდგინე, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაინტერესებს, რას გრძნობენ ეს ადამიანები?

წესით, სწორედ ისინი ჩააგდო ხელისუფლებამ ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ერთ არამშვენიერ დღეს აღმოაჩინეს, რომ უბრალოდ სადისტებს იცავდნენ და "აპრავებდნენ". მე მათ ადგილზე საკუთარ განცხადებებში ყველაზე რადიკალური ვიქნებოდი, მაგრამ არა, ისევ ცდილობენ არც ერთი უმაღლესი ხელისუფალის  პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენონ, უბრალოდ შოკირებულები არიან. მაგალითად, გია ნოდიამ პირველ დღეს განაცხადა, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ამბის შემდეგ მთელი მთავრობა უნდა გადადგესო, თუმცა მეორე დღეს "გამოასწორა": ძნელია ასეთი ამბის შემდეგ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას მისცე, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს, რადგან სხვები უარესები არიანო. ისინი ისევ ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა პრეზიდენტს არ დააკისრონ. არადა, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მეფემ არაფერი იცის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეფე შიშველია! და საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ამ ამბების შემდეგ ყველა შიშველია!

ქართული მითის დასასრული

ააკაშვილს, მოგეხსენებათ, აპოლოგეტები მხოლოდ საქართველოში არ ჰყავს. ის საზღვარგარეთაც კარგად მუშაობდა და იქაც ჰყავდა რამდენიმე ენაგადატყავებული მეხოტბე, მათ შორის რუსეთში. რუსეთის ლიბერალურ წრეებში განსაკუთრებით კარგად მუშაობდა ჩვენი მთავრობა. ლამის ყოველ მეორე დღეს სააკაშვილი და მერაბიშვილი რუსულ გამოცემებს ინტერვიუებს აძლევდნენ. და ჩვენთან განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ უყვებოდნენ, აჩვენებდნენ პატრულს, იუსტიციის სახლებს, ბუნებრივია, არ აჩვენებდნენ კუდ-ს, სოდ-ს და ციხეებს და რუსი ჟურნალისტებიც აღფრთოვანებულები წერდნენ "ქართული სასწაულის" შესახებ. ისინი ჩვენს ბედს შენატროდნენ და ფიქრობდნენ, რომ როგორც ჩვენ შევძელით საბჭოთა წარსულისგან თავის დაღწევა, ისევე შეძლებს ოდესღაც მათი ქვეყანაც. და აი, უცებ ასეთი ამბავი...

სააკაშვილმა რუსი ლიბერალებიც დასაცინი გახადა. აი, რა დაწერა მწერალმა და პუბლიცისტმა ედუარდ ლიმონოვმა თავის ბლოგში: "როგორ გვიქებდნენ საქართველოს ლიბერალური მედიის საშუალებები! ავტოინსპექცია ქრთამს არ იღებს. ყველაფერი აყვავებულია... თავისუფლება ისეთია, მასში ჩაიხრჩობი! პოლიცია განსაცვიფრებლად პატიოსანი და ამაყია, განსხვავებით ჩვენი პოლიციისგან. მახსოვს, ლიბერალ-გენერალი ნოვოდვორსკაია ენასაც კი უკიდებდა აღფრთოვანებისგან, როცა სააკაშვილს "ქართულ სამოთხეში" ესტუმრა. და აი, გაბრწყინებული ქართული დემოკრატიის ნათელ სახეს გიგანტური შავი ლაქა ჩამოეფარა!.. თითქმის ახალი ამერიკული საქართველო ჩაფლავდა და ჩასვრილი აღმოჩნდა. ეჰ, ბებერი გენერალი ნოვოდვორსკაია ისე მოატყუეს ქართველმა სააკაშვილებმა, როგორც სტალინმა ფოიხტვანგერი. სასიხარულო აქ არაფერია. იყო წარმოსახვაში გამოგონილი ისეთი გასაოცარი საქართველო... და აქ უცბად, ბრახ და, ქართულ ციხეებში წამება და გაუპატიურება გამოაშკარავდა, თან იმის განმარტებით, რომ სხვა ციხეებშიც წამება და გაუპატიურება უცხო არ არის".

აი, ასე ერთ დღეში დაიმსხვრა მითი "ქართული სასწაულის" შესახებ და ეს შეუძლებელია მიხაროდეს.

უფლებააყრილი უმრავლესობა

ამბებმა მთელი საზოგადოება გამოაფხიზლა. თითქოს ერთ დღეში ამოტრიალდა ყველაფერი. ქუჩაში უკვე სტუდენტებიც გამოვიდნენ, რომლებიც რვა წლის განმავლობაში დუმდნენ.  ეროვნული მოძრაობის და "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეს სტუდენტების პირველი მასობრივი პროტესტია და იმედი მაქვს, ისინი Aაღარასოდეს შეიკეტებიან აუდიტორიაში, არ გაიყიდებიან პატრიოტთა ბანაკებში დასვენებაზე და სადღაც თანამდებობაზე დანიშვნის დაპირებებზე. ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ჯგუფს არ ეშველა არაფერი, მხოლოდ მათზე ვერ იმოქმედა ამ კადრებმა იმდენად, რომ მათში თუნდაც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის სურვილი გაჩენილიყო. მე საპარლამენტო უმრავლესობაზე მოგახსენებთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორი უფლებააყრილია საპარლამენტო უმრავლესობა. ისინი ვერასოდეს ახორციელებდნენ თავიანთ მთავარ ფუნქციას - მთავრობაზე ზედამხედველობას. მხოლოდ პულტებზე თითისდამჭერებად და მთავრობის ქმედებების გამპრავებლებად იყვნენ ქცეულნი. მათ რომ თავიანთი მთავარი ფუნქცია - მთავრობის კონტროლი განეხორციელებინათ, ბუნებრივია, აქამდე არ მივიდოდით, ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველს თავისი შემზარავი ანგარიშების წაკითხვა ცარიელ დარბაზში არ მოუწევდა.

ისინი მხოლოდ იმით იყვნენ დაკავებული, რომ ხათუნა კალმახელიძეს იცავდნენ. სად ჩვენი, საზოგადოების პასუხისმგებლობა, ვინც საკუთარ თავს იმაში ვადანაშაულებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშების შემდეგ სათანადოდ არ აღვშფოთდით და სად საპარლამენტო უმრავლესობის, რომელიც პირდაპირ იყო ვალდებული, ამ საქმეებით დაინტერესებულიყო და მათი გამოძიება მოეთხოვა. მაგრამ არა, მათ უთხრეს, რომ მათი ფუნქცია მხოლოდ მთავრობის დაცვა იყო და ისინიც ამას უსიტყვოდ ასრულებდნენ. ის კი არა, ბაჩო ახალაიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრეც კი, ნუგზარ წიკლაური აცხადებდა, რომ ახალაია რეფორმატორია და არ უნდა გადამდგარიყო. ვინ იცის, იქნებ მაშინ უკვე გადაწყვეტილიც იყო შს მინისტრის წასვლა. იმედი მაქვს, ასეთი უფლებააყრილი და დამცირებული საპარლამენტო უმრავლესობა აღარასდროს გვეყოლება.