დიდი რისხვა დიდი სინანულის სანაცვლოდ - კვირის პალიტრა

დიდი რისხვა დიდი სინანულის სანაცვლოდ

ციხეში დატრიალებული შემზარავი ფაქტებისა და აღშფოთებული მოსახლეობის რისხვის გასანელებლად ორი "ბარტყის" გადმოგდების შემდეგ, ხელისუფლებას ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება მიეცა თუ არა, იმწამსვე ძველი პათოსით ლაპარაკის მანერას დაუბრუნდა. ქართველი ხალხი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ იმ ამაზრზენი კადრების ხილვის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ექსტერნად დასრულებული იუსტიციის სახლის საზეიმო(?!) გახსნისა და ამ ცერემონიალზე ამაღლებული განწყობით საუბრისთვის მოიცლიდა.

ყველაზე გამაოგნებელი და გაუგებარი სააკაშვილის გამოსვლაში ის კი არ იყო, რომ მან, თურმე, საზოგადოებაზე მეტი შოკი განიცადა, არამედ ის, რომ ციხეში მომხდარ ვანდალიზმზე რეაგირება მსუბუქად "მიაბა" ორი მინისტრის გათავისუფლების აქტს და მთავარი დარტყმა "სადისტად ქცეულ ყოფილ გაიშნიკს" მიაყენა, რომელმაც ბინძური ფულისა და კრიმინალური სქემების მეშვეობით "ცოცხების" ბარბაროსობა დაგეგმა(?!).

ფაქტი კი მაინც ფაქტად რჩება! "გაიშნიკმა" დაგეგმა თუ "საპოჟნიკმა", ეს საშინელება ხდებოდა და ამაზე უფრო დიდი საშინელება ის არის, რომ პასუხისმგებლობის სხვისთვის დაკისრებას ცდილობ. პრეზიდენტი გაბრაზებულია, თანაც - "ძალიან გაბრაზებული", მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, მისი რისხვა მიმართულია არა ციხეთა აწ უკვე ყოფილი ბატონების, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც ეს მარაზმი სააშკარაოზე გამოიტანა(?!).

თურმე არ უნდა გამოეტანა - ეთქვა ტუღუშისთვის. ის, თავის მხრივ, სისხლს გაუშრობდა ხელისუფლებას (საკითხავია, ვინ ვის გაუშრობდა!) და "ეგრევე ყველაფერს დაამთავრებდა". ტუღუშმა აქამდე რაც თქვა, და "ეგრევე რომ არ დამთავრდა ყველაფერი", იმიტომაც გამოიტანეს სააშკარაოზე ეს ფაქტები. ტუღუშისთვის რომ გადაეცა ვინმეს ეგ კადრები, ჯერ ერთი, საკითხავია, გაბედავდა თუ არა სახალხო დამცველი ამის გამოქვეყნებას და რომც გაებედა, თავად გახდებოდა რისხვის ობიექტი(!). რა მნიშვნელობა აქვს, ტუღუში იქნება თუ ბედუკაძე, მთავარი ის არის, რომ დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს, ამას ითხოვს ხალხი და არა იმის ძიებას, ვინ რა შეუკვეთა და დაგეგმა კულუარებში!..

აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დამდებ პრეზიდენტს არ უნდა ესწავლებოდეს, რომ ჩვენი მართლაც ყველაზე ძლიერი მეფე არათუ მსგავსი საქციელისთვის, არამედ ბილწსიტყვაობის გამოც კი მეომრებს (განურჩევლად რანგისა) დიაცის ტანისამოსით მოსავდა და ასე ატარებდა (ახალი ქართველების გასაგონად - ეს იმ დროს სიკვდილით დასჯის ტოლფასი იყო). წარმოიდგინეთ, რას დამართებდა დავით აღმაშენებელი ციხის "გმირებს"!..

და ყველაზე მთავარი - თვით ყველაზე დიდმა მეფემ, რომლის ღვაწლმა საქართველოს საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გასწია (ახალგორსა და კოდორში არ აგერიოთ), სიცოცხლის ბოლოს დაწერა "გალობანი სინანულისანი" და იმიტომ კი არა, რომ სამეფოს მართვისას სტრატეგია ჩამოეშალა, ანდა იმდროინდელ ნაზირ-ვეზირთა ცოდვების მხილების დროს განტევების ვაცებს სხვაგან ეძებდა, არამედ იმიტომ, რომ ის ნამდვილი პატრონი იყო საკუთარი ქვეყნის და ხალხის და არათუ საკუთარ ცოდვებს, ქვეშევრდომთა შეცოდებებსაც კი თავის თავზე იღებდა.

უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნდა და იმიტომ(!). როცა დიდ მეფეს გინდა დაემსგავსო, მხოლოდ მისი მოგებული ომების ნუსხა არ არის საკმარისი - სინანულისასაც მასავით წრფელი უნდა იყო.