"მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა" - კვირის პალიტრა

"მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა"

"როცა რიგითი პოლიციელი კანონს არღვევს, ამას მთელი ქვეყანა იგებს, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ის ისეთივე ნაძირალაა, როგორიც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან - მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!"

მიხეილ სააკაშვილი, ბათუმი, 2003წ.

სასჯელაღსრულების სისტემაში, კერძოდ, გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მთელი ქვეყანა შეზანზარდა.

მხოლოდ გადადგომა, შეშფოთება და ნიანგის ცრემლებია იმ დანაშაულის საპირწონე, რაც ვიხილეთ? მხოლოდ ათი ბადრაგის პასუხისმგებლობის საკითხია ის სისაძაგლე, რაც წლებია, პენიტენციარულ სისტემაში ხდება?

ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მოკალათებულმა პირებმა თავი შორს დაიჭირეს და განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, რა ხდებოდა იმ ქვეყანაში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობენ! ბედის ირონიით სწორედ ხელისუფლება შეეცადა ამ უბედურების უპირველეს ჭირისუფლად წარმოედგინა თავი. შეშფოთება ბაჩო და როლანდ ახალაიებმაც კი გამოთქვეს, ქვეყნის პრეზიდენტმა კი მისი მმართველობის პერიოდში ციხეში დამყარებულ ენით აუწერელ სისასტიკეს წარსულის გადმონაშთი უწოდა!

ქვეყნის პირველმა პირმა ახლა აღმოაჩინა, რომ სასჯელაღსრულების სისტემას თურმე სრული კრახი განუცდია. არადა, სულ რამდენიმე თვის წინ ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნის კადრები რომ ვნახე და სააკაშვილის ორი დღის წინანდელ განცხადებებსაც მოვუსმინე, ვიფიქრე, რომ ჩვენს პრეზიდენტს ორეული ჰყავს, - ორეული, რომელიც ბაჩო ახალაიას მიერ ციხეებში დამყარებულ "წესრიგზე" უდიდესი სიამაყით ლაპარაკობს!

სხვისი არ ვიცი და მე კითხვა მაქვს პრეზიდენტთან, - პრესას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს რომ დავანებოთ თავი, საინტერესოა, რატომ არც ერთხელ არ დაინტერესდა პრეზიდენტი სახალხო დამცველის ანგარიშებით, რომლებიც ციხეში არსებულ მდგომარეობაზე შემაძრწუნებელ დასკვნებს აქვეყნებდა. საინტერესოა, რატომ არც ერთხელ არ დაინტერესდა პრეზიდენტი, რა ეწერა იმ დასკვნებში, რომლებსაც ჩვენი პარლამენტი "ცნობად იღებდა". თუ სახალხო დამცველის ანგარიშებით დაინტერესება პრეზიდენტისა და პარლამენტის საქმე არ არის, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუტი? თუ სახალხო დამცველის აპარატი მხოლოდ ისეთ ცნობებს გასცემს, რომელსაც არავითარი ძალა არა აქვს, ვისთვის არის ის სარგებლობის მომტანი?

თქვე მამაცხონებულებო, თუ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, თუ ისე დაყრუვდით და დაბრმავდით, რომ აღარც სიგნალი გესმით, აღარც პრესის ხავილი და აღარც ხალხის გმინვა, რა ხელისუფალნი ხართ?

ხელისუფლება ახლა ამტკიცებს, რომ მართალია, სასჯელაღსრულების სისტემას სრული კრახი განუცდია, მაგრამ სხვა სტრუქტურებში სრული იდილია ყოფილა და სანიმუშოდ გვქონია საქმე.

როგორც ჩანს, პრეზიდენტმა არც ის იცის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემამაც ისეთივე კრახი განიცადა, როგორიც სასჯელაღსრულებისამ!

არც ის იცის, რომ საქართველოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა განხილული საქმეების 1%-ც კი არ არის(!).

ბუნებრივია, პრეზიდენტს არაფერი ეცოდინება საკუთრების ხელყოფის ფაქტებზეც, ერთ საათში "ნაჩუქარ" ბიზნესებზე.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ არც სტრასბურგში წაგებული სარჩელების რაოდენობის შესახებ იცის რამე, არც განაჩენები წაუკითხავს, სადაც პირდაპირ არის აღბეჭდილი ქართული პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის კრახი!

როგორც ჩანს, არც ელიტური კორუფციის და "ატკატების" სისტემის ფართოდ დანერგვისა და გამოყენების შესახებ სმენია რამე!..

ვინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ისეთივე სისტემური კრახი, მორიგი კადრების გამოჩენისას სასამართლოს ან პროკურატურას არ ემუქრება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამება უკანასკნელი წლების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა იყო. ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე არაერთი ჩვენება მისცეს პატიმრებმა ჟურნალისტებს (მხოლოდ ჩვენს გაზეთში 2005 წლიდან 47 სტტია მიეძღვნა ამ თემას. იხ. www.kvirispalitra.ge-ზე), სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა. ქალბატონი კალმახელიძე ურცხვად გვიმტკიცებდა, რომ ყველაფერი, რასაც პრესა ავრცელებდა, მოგონილი იყო... როცა 700 პატიმარი ერთობლივად წერს განცხადებას, ასახელებს ჯალათების გვარ-სახელებს, როცა სახალხო დამცველი შემზარავ ანგარიშს აქვეყნებს და ეს არ ხდება პრეზიდენტის ინტერესის საგანი, ახლა ყვირილი, არაფერი ვიცოდით და დამნაშავეებს უმკაცრესად დავსჯითო, დაგვიანებულია.

ამჯერად დაკავებულია 10 საჯარო მოხელე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები: გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი ვიქტორ ყაჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე ლევან ფურცხვანიძე, გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი გიორგი კვარაცხელია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი ოლეგ ფაცაცია, მანუჩარ ლომთაძე, გელა ცომაია, ლევან ფხალაძე და ბორის ფარულავა.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 600-ზე მეტი პატიმარი გარდაიცვალა და არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ უმეტესობა ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სასტიკი რეალობა ვერ აღწევდა უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეთა კაბინეტებამდე.

P.S. კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, საზოგადოებამ კიდევ ერთი შოკი განიცადოს. უახლოეს დღეებში შესაძლოა, ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცულ სიკვდილთან დაკავშირებული ვიდეომასალაც ვიხილოთ(!).