"მინისტრობიდან ოთხჯერ მომხსნეს და დამნიშნეს..." - კვირის პალიტრა

"მინისტრობიდან ოთხჯერ მომხსნეს და დამნიშნეს..."

"საქართველო ოპოზიციისაც არის და ხელისუფლებისაც"

"მერაბიშვილს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ უნდა ვაღიარო,  90-იანი წლების მერე ასეთი ძლიერი შს მინისტრი საქართველოს არ ჰყოლია"

"კახა თარგამაძე კარგი ოპერატიული მუშაკია, მაგრამ რაღა დროს მისი პოლიტიკაა"

ყოფილმა შს მინისტრმა რომან გვენცაძემ «კვირის პალიტრას» გაუმხილა, თანამდებობიდან  მოხსნა-დანიშვნაში რეკორდსმენი ვარო. ბევრ პოლიციელს, ალბათ, გაუკვირდება, რატომ იყო  ეროვნული მოძრაობის დროს მიტინგის ორგანიზატორების ყველაზე დიდი დამცველი და მეგობარი თბილისის მილიციის მაშინდელი უფროსი რომან გვენცაძე. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დანანებით ამბობს, ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში მეტი მეგობრობა და სიკეთე იყოო:

- კაცი მართალი უნდა იყო. ჩვენი დრო წავიდა. დღეს სულ სხვა ცხოვრებაა. ახალგაზრდობას აზროვნება აქვს შეცვლილი. ჩემს თაობას დამყაყებულ რეჟიმში მოუხდა ცხოვრება. კომუნისტური სისტემის დროს დავიწყე მუშაობა ძალოვან სტრუქტურაში და ვხედავდი, რომ მოსკოვზე დაქვემდებარება საქმიანობაში ხშირად ხელს გვიშლიდა. ოპერაციის ჩატარების დროს თანამშრომელი რომ დაგვეღუპებოდა, ხშირად მითქვამს, - სპეციალური დანიშნულების 20-კაციანი რაზმი შევქმნათ და ამდენი თანამშრომელი აღარ დაგვეღუპება-მეთქი. შს მინისტრის მოადგილე სანდრო კავსაძე მხარს მიჭერდა, მაგრამ მოსკოვმა არ ქნა. საბჭოთა კავშირს ერთი სპეცრაზმი ჰყავდა და ის დაჰყავდათ ყველა რესპუბლიკაში.

1983 წელს თვითმფრინავი რომ გაიტაცეს, ჩვენ არ მოგვცეს ოპერაციის ჩატარების უფლება და 14 საათი ველოდეთ მოსკოვიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის ჩამოსვლას. მაშინ თბილისის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილე ვიყავი. სამძებრო სამსახურის ამოცანა აეროპორტში დამჯდარი თვითმფრინავის აყლაში მოქცევა იყო. შემდგომ საქმეში სპეცრაზმი ჩაერთვებოდა და გამტაცებლებს დააკავებდა. პირველი ჩვენ მივედით გატაცებულ თვითმფრინავთან. თინათინ ფეტვიაშვილთან მქონდა მოლაპარაკება.

- თვითმფრინავში შეხვედით?

- არ შეგვიშვეს. თვითმფრინავის კარი ღია იყო და ტრაპთან ვიდექი. მახსოვს, გამტაცებლებს წამლები შევუგზავნეთ. მათ კი ერთი მგზავრი გადმოგვცეს, რომელიც ცუდად გახდა...

დღეს საზოგადოებაში სიკეთის დეფიციტია. ეტყობა, ეს დრომ მოიტანა. სხვაგან სად ნახავდით ისეთ მეგობრობას, ჩვენ რომ ვიცოდით. ქართველ კაცს მეგობარი დედმამიშვილივით ჰყავდა. ახლა კი...

- დღევანდელ პოლიციაზე რას იტყვით?

- კარგად ორგანიზებულია. ვნახე, როგორ ემზადებოდნენ ჯო ბაიდენის დასახვედრად და გამიხარდა. მომწონს საპატრულო პოლიციაც. მართალია, მიტინგების დროს იყო წინააღმდეგობები, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ სტრუქტურას წესრიგის დაცვას ავალებს, ის ფიცს ვერ უღალატებს. მიტინგის დაშლისას, სამწუხაროდ, ძალის გადამეტება მოხდა. ეს თავად ხელისუფლებამაც აღიარა და დაგმო. არ შეიძლება მომიტინგეთა სასტიკად დარბევა.

მერაბიშვილს ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ უნდა ვაღიარო, 90-იანი წლების მერე ასეთი ძლიერი შს მინისტრი საქართველოს არ ჰყოლია. პოლიციელებს, პირად შემადგენლობას ძალიან უყვართ და ეს ბევრს ნიშნავს.

- ყველაზე მწვავე ბრალდებები დღეს სწორედ პოლიციის მისამართით გაისმის.

- თუ პოლიციამ არავინ დაიჭირა და დანაშაულმა იმატა, მაშინ უფრო გააკრიტიკებენ. ხშირად ახსენებენ პოლიციელთა გაუფრთხილებლობით გარდაცვლილ ახალგაზრდებს. ეს გამოუცდელობისა და არაკვალიფიციურობის ბრალია. პოლიციის თანამშრომელი პროფესიონალად რომ ჩამოყალიბდეს, მინიმუმ 5 წელი უნდა.  პოლიცია ძალოვანი სტრუქტურაა და ყველა კმაყოფილი ვერ ეყოლება.

- ანალოგიური ფუნქცია მილიციასაც ჰქონდა, მაგრამ რამდენადაც ვიცით, კომუნისტების დროს ცეკას მდივნის სახელის ყვირილით არ შლიდით მიტინგებს. დღეს პოლიციელები პრეზიდენტის სახელის სკანდირებით არბევენ მიტინგებს.

- ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ არც ის მგონია, მერაბიშვილს ებრძანებინოს პოლიციელებისათვის, «მიშა, მიშა» იყვირეთო. პოლიციის პოლიტიზება დაუშვებელია. მახსოვს, საბჭოთა კავშირის  შს მინისტრმა ბაკატინმა გამოაცხადა, შს ორგანოებში მრავალპარტიულობა უნდა დავუშვაო. ვინ შეეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მე მაინც განვაცხადე, ბაკატინი ცდება, შეიარაღებულ ორგანოში მრავალპარტიულობა დაუშვებელია, ჯობს მილიციის დეპოლიტიზაცია მოხდეს-მეთქი. მერე მართლაც ასე მოხდა. ძალოვანი სტრუქტურის ფუნქცია და ამოცანა რომელიმე პარტიის კი არა, კანონის დაცვაა.

ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ვმეგობრობდი. სულ გვქონდა მოლაპარაკება და მსჯელობა, სად უნდა ჩაეტარებინათ აქცია. ისე ახლოს ვიყავი მათთან, პოლიციის სამმართველოშიც მოდიოდნენ მოსალაპარაკებლად. ზოგჯერ თმობდნენ და მიჯერებდნენ კიდეც. ისიც უთქვამთ, ჩვენი ძმა არა ხარ, მიდი რა, «დუბინკებით» დაგვცხეო. წამებულის მანტია უნდოდათ მოესხათ, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი, -  თქვენ გინდათ გმირებად იქცეთ და მე ფაშისტი გამოვიდე-მეთქი?

- მოსკოვს შეუმჩნეველი დარჩა დისიდენტებთან თქვენი მეგობრობა?

- შეუმჩნეველი როგორ დარჩებოდა? ამის გამო ძალიან ბრაზობდნენ. ერთხელ ირაკლი წერეთელი ფილარმონიასთან ატარებდა მიტინგს. 1000 კაცამდე იყო შეკრებილი. მივედი და ირაკლიმ გამოაცხადა, ბატონი რომან გვენცაძე მოვიდა და მივესალმოთო. მთელმა მიტინგმა ტაში დამიკრა. გამოვიყვანე ირაკლი გვერდზე და ვეუბნები, რას შვრები, შე კაი  კაცო, მღუპავ-მეთქი?

9 აპრილი რომ მოხდა, «ვზგლიადის» კორესპონდენტი ალექსანდრე ლიუბიმოვი ჩამოვიდა საქართველოში და მკითხა, რუსი ეროვნების მოქალაქეებს თუ ავიწროებენ საქართველოშიო. ვუპასუხე, არც ერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა და არც მოხდება-მეთქი. ეს სიუჟეტი რომ გავიდა, საქართველოს შს მინისტრ შოთა გორგოძისთვის დაურეკავს საკავშირო მინისტრს, თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსი ქურთუკით რატომ გამოვიდა ტელევიზიითო. არადა, 9 აპრილის შემდეგ,  ლიუბიმოვი რომ მომადგა ინტერვიუსთვის, ნაცემ-ნაბეგვი ვიყავი...

- სამოქალაქო ომის დროსაც, რამდენადაც ვიცი, პირველი ტყვია თქვენ მოგხვდათ.

- ზვიად გამსახურდიას დროს შს მინისტრის მოადგილე ვიყავი, მაგრამ დილარ ხაბულიანს თვალებში შეასხეს რაღაც და ამის გამო საავადმყოფოში დააწვინეს. ამიტომაც  მინისტრის მოვალეობას ვასრულებდი.

შტაბი დღევანდელი პარლამენტის შენობაში გვქონდა, პირველ სართულზე. ლელე არჩვაძე შემოვიდა მეგობრებთან ერთად და განგვიცხადა, მოღალატეები ხართ, ვაჟა ადამიამ რუსთაველის მეტროსადგურთან გზა გადაკეტა და ზომებს რატომ არ იღებთო. გავგზავნე თანამშრომლები და მომიტანეს ამბავი, იქ აღარავინ არის და არც გზაა გადაკეტილიო. ოპოზიცია და ხელისუფლების მომხრეები რომ დამეშორიშორებინა, პიკეტის მოწყობა განვიზრახე პარლამენტის წინ. ამ დროს მოედნისკენ ხელისუფლების მომხრეები ჩამოვიდნენ და ჰაერში სროლა დაიწყეს ოპოზიციის შესაშინებლად. ამას საპასუხო სროლა მოჰყვა და რადგან შუაში მოვყევი, ორივე კიდურში დავიჭერი. მაშინ სასწაულმა გადამარჩინა.

- როდესაც გამსახურდიამ საქართველო დატოვა, მისი მთავრობის წევრების დევნა დაიწყო, თქვენ კი მინისტრად დაგნიშნეს.

- რადგან დაჭრილი ვიყავი, შს მინისტრად დავით სალარიძე დანიშნეს.  საავადმყოფოში მომაკითხა დათომ, მილიცია არ მომყვება, შენ ამ სტრუქტურაში გაზრდილი ხარ და შეძლებ მართვასო. მილიციის სხვა თანამშრომლებიც მოდიოდნენ საავადმყოფოში, თუ სათავეში ჩაგვიდგები, გამოგყვებითო. Bბოლოს დამითანხმეს. 4 იანვარს ჯერ კიდევ სროლა იყო ქუჩაში, ტელეკამერით რომ მომადგა გოგა ხაინდრავა. ტელეეთერში განვაცხადე, მინისტრის მოვალეობის შესრულებაზე თანახმა ვარ-მეთქი. რადგან ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებაზე ვმუშაობდი, კიტოვანს, იოსელიანსა და სიგუას კარგად ვიცნობდი. დაახლოებით ხუთჯერ მაინც მივიყვანე შერიგებამდე საქმე, მაგრამ საბოლოოდ იშლებოდა ხოლმე. როდესაც კიტოვანის ხალხი თბილისის ზღვაზე გამაგრდა, ზვიადს ვთხოვე, შეხვედროდა კიტოვანს და შერიგებულიყვნენ. ზვიადი დამეთანხმა. მასთან სამი გვარდიელი მივიყვანე. ჯერ ეჩხუბა ზვიადი, რატომ მიღალატეთო. გვარდიელებმა უპასუხეს, არ გვიღალატია, მხოლოდ ის გვინდა, გვარდია პარლამენტს დაექვემდებაროსო.  მე და პარლამენტი ერთი არა ვართო, დაუყვავა ზვიადმა. ვთხოვე, იქნებ კიტოვანს შეხვდეთ-მეთქი. დამეთანხმა, ხვალ მოვიდესო, მაგრამ მერე უარი თქვა. ხუთჯერ იყო ასეთი შემთხვევა. გამსახურდიას წასვლის მერე  ერთი წელი ვასრულებდი მინისტრის მოვალეობას. მერე გამათავისუფლეს, ისევ დამაბრუნეს და ისევ გამათავისუფლეს... მოკლედ, ოთხჯერ მომხსნეს და დამნიშნეს.

- ბატონო რომან, იქნებ სამოქალაქო დაპირისპირების დროს სამეგრელოში თქვენი დატყვევების ამბავი გაიხსენოთ?

- ჩემამდე სანდრო კავსაძე დაატყვევეს და მის გამოსახსნელად წავედით. ზუგდიდში ერთ-ერთი პოლიციელის ოჯახში შევხვდით ერთმანეთს მე, ლოთი და ზაურ ქობალიები. მაშინ შს მინისტრი ვიყავი და თან სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი მახლდა. მეორე მხარის პირობა იყო, თუ ჩვენ 4 პატიმარს გავათავისუფლებდით,  იმ შემთხვევაში გვაძლევდნენ კავსაძეს. მოულოდნელად, დაახლოებით 300 კაცი - გოჩა ბახიას დაჯგუფება დაგვესხა თავს. დაგვატყვევეს და აფხაზეთში გადაგვიყვანეს. მე სამი დღის შემდეგ გამათავისუფლეს. დანარჩენების გათავისუფლება (მათ შორის იყო დათო სალარიძე) ერთი თვის შემდეგ მოხერხდა.

- ქურდული სამყარო კომუნისტების დროს ერთგვარად პრივილეგირებულიც კი იყო. როგორი ურთიერთობა გქონდათ მათთან?

- როდესაც ქალაქის სამმართველოს უფროსი ვიყავი, თბილისში არც ერთი ქურდი არ იყო. ვინც ვერ გაგვასწრო ქალაქიდან, ყველა დავაპატიმრეთ. მაშინ ისე არ იყო, როგორც დღეს, ვიღაც თუ იტყვის, ქურდი ვარო, რომ იჭერენ. ქურდი კონკრეტული დანაშაულის გამო უნდა დაგვეპატიმრებინა. მახსოვს, ერთი ქურდი ქრთამის მიცემის წაქეზებაზე დავიჭირეთ. ადამიანების გატაცების საქმეებს ვიძიებდით.  რამდენიმე ათასზე ავიდა გატაცებების შემთხვევა. ამ საქმეზე 30 კაცი დავიჭირეთ და მათგან 8 კანონიერი ქურდი იყო. ჭკვიანი ადამიანები ქურდულ სამყაროშიც იყვნენ. ერთი ქურდი იყო, გუჯა ბოჭორიშვილი, «გეპეი» წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული. უგანათლებულესი კაცი იყო; გამორჩეული  პირები ქურდულ სამყაროშიც იყვნენ, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პოლუსზე ვიყავით და ერთმანეთს ვებრძოდით. თუმც არც იმას დაგიმალავთ, რომ ზოგს შევხვედრივარ და მისაუბრია კიდეც. მაგალითად, კობა კობერიძეს, ციხიდან რომ გამოვიდა, 3 საათი ვესაუბრე. ამის შემდეგ დაჯდა თვითმფრინავში და... მოსკოვიდან აღარც დაბრუნებულა. იქ გარდაიცვალა.

- ყოფილ კოლეგაზე, კახა თარგამაძეზე რას იტყვით? გიმუშავიათ ერთად?

- კახა თარგამაძე ჩემი მინისტრობის დროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო, მაგრამ  არ გვქონია ურთიერთობა. მამამისთან ვმუშაობდი, როდესაც ის  რესპუბლიკის სამძებრო სამმართველოს უფროსი იყო. კახა თარგამაძე კარგი ოპერატიული მუშაკია, მაგრამ რაღა დროს მისი პოლიტიკაა. სააკაშვილს ახლა ვერც თარგამაძე მოერევა და ვერც გვენცაძე, ძალიანაც რომ მოვინდომოთ. დააკვირდით მის განვლილ გზას, როგორ გახდა პრეზიდენტი. ხომ ცხადია, რომ არ არის უბრალო პიროვნება? მისოდენს ბევრი ვერ შეძლებს.

მე ყველა ქართველი მიყვარს. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, მაგრამ არ მომწონს, რომ მხოლოდ ცუდს ლაპარაკობს ოპოზიცია. ხელისუფლების გაკეთებული საქმეებიც ახსენონ, მერე თქვან, რა არ გააკეთა და როგორ უნდა გაკეთდეს ეს საქმე. ასე მეტი ფასი ექნება მათ ნათქვამს. გამორიცხულია, სააკაშვილი აქციებით გადადგეს. თავად რომ იყვნენ დღევანდელი ოპოზიციონერები ხელისუფლებაში, წავლენ, რომ უთხრან, გადადექითო? არ წავლენ.

სააკაშვილი დღეს ძალიან დარწმუნებულია საკუთარ თავში. სჯერა, რომ ქვეყანას კარგს უკეთებს. დარწმუნებულია იმაშიც, რომ თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხის გარდა მოწინააღმდეგე არ ჰყავს. ჯო ბაიდენის ჩამოსვლა საქართველოს გარდა სააკაშვილის მხარდაჭერაც იყო. ამხელა კაცის ქვეყანაში ჩამოსვლა უბრალოდ არ ხდება. კი ვცხოვრობდით ამ ქვეყანაში, მაგრამ ბეიკერზე დიდი კაცი აქ არ ჩამოსულა. ამ ხელისუფლების მოსვლის შემდგომ კი ბუში და ამერიკის დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდნენ. როდესაც ამხელა მხარდაჭერა აქვს, სააკაშვილი წასვლას როგორ იფიქრებს? საქართველო ოპოზიციისაც არის და ხელისუფლებისაც. ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და სამშობლოსთვის ხელებდაკაპიწებულებმა ვიშრომოთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მჯერა, უკეთესობისკენ წავა საქმე.