ნაციონალური ლოზუნგებისა და ხელშეკრულებების ანატომია - კვირის პალიტრა

ნაციონალური ლოზუნგებისა და ხელშეკრულებების ანატომია

"ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მიერ დაკომპლექტებულ ხელისუფლებას ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ცრუ დაპირებებში ადანაშაულებენ. ოპოზიციურ პარტიებს ბრალდებების დამადასტურებლად მოჰყავთ წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს გახმაურებული "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამები და დაპირებები, რომელთაც, მათივე თქმით, ბევრი საერთო აქვს, განსაკუთრებით კი ის, რომ ხელისუფლება ურყევად დგას პოზიციაზე, ბევრს დაგპირდეს, მაგრამ ცოტაც არ შეგისრულოსო. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელშეკრულება "გააფორმა" საქართველოსთან. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის ივნისში, ჯერ კიდევ საკრებულოს არჩევნების წინ, “ნაცმოძრაობის” სახელით, მიხეილ სააკაშვილმა თბილისთანაც გააფორმა ასეთივე ხელშეკრულება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის" ხელმძღვანელი ლაშა მებონია:

- "მოქალაქეთა კავშირის" უკვდავმა სლოგანმა - "მილიონი სამუშაო ადგილი", ამ უტოპიურმა შეძახილმა საზოგადოებაზე გავლენა მოახდინა და შევარდნაძის პარტიას არ გასჭირვებია, მოერგო ტრიუმფატორის მანტია. ამასთან, აშკარა გახდა, რომ იოლია, ელექტორატის გულის მოსაგებად მგრძნობიარე თემა შეარჩიო, ციფრები მექანიკურად დაწერო, ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გაგრძელებისთანავე კი ყველაფერი დაივიწყო. ასე მოვდივართ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და ამ პოპულისტური პროგრამის არქიტექტორები დღემდე წარმატებულ პოლიტიკოსებად ითვლებიან. "მოქალაქეთა კავშირის" ტრადიცია გრძელდება, მისი მემკვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" კი უფრო "დაიხვეწა".

არადა, ციფრებით და შესრულების ვადებით გამორჩეულად შეფუთული წინასაარჩევნო დაპირებები მათი საწადელის მიღწევისთანავე საპნის ბუშტივით სკდება და ხელთ გვრჩება საზოგადოების მიმართ გულგრილი სახელისუფლებო უმრავლესობა. ამ პარტიამ თავის დროზე 2002 წლის ივნისში, ჯერ კიდევ საკრებულოს არჩევნების წინ თბილისთან ხელშეკრულების სახით შემოიღო წინასაარჩევნო პროგრამების ახალი სტილი - სავსე მოკლე გზავნილებით, სადაც ციფრები ისე იყო ჩაყრილი, რომ დაპირებათა განხორციელებაზე პასუხი ვერავის მოეთხოვა. მათ პირობა დადეს, რომ არჩევისთანავე ყველა პირობას შეასრულებდნენ, ხუთ თვეში შემცირდებოდა ბიუროკრატიის ხარჯი. ეს გზავნილიც მალამოდ დაედო ნომენკლატურისაგან არაერთგზის მოტყუებულ მოსახლეობას, თუმცა სარგებლის ნაცვლად ელექტორატმა მიიღო პარლამენტის წევრებისთვის დაწესებული სამუდამო პენსია და კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს "უკვდავთა" ფაქტობრივ ხელშეუხებლობას. საკრებულოს წევრთათვის კი ისეთი შეღავათებია დაწესებული, არც კი დაესიზმრებოდა შევარდნაძის რეჟიმს.

50-თვიანი ბლეფი

2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, "ნაციონალური მოძრაობა" დაგვპირდა, რომ 50 თვეში სიტყვას საქმედ აქცევდა. ამჯერად წინანდელთან შედარებით მეტი იყო პატრიოტული პათეტიკა და საუბარი "სამშობლოს განვითარებაზე".

დოკუმენტში სამი ტიპის დაპირებები იყო:

1) პატრიოტული - გავამთლიანებთ საქართველოს, შევალთ ნატოში, გაიხსნება ევროპის კარი და სხვ.;

2) დაპირებები სოციალურ თემებზე და პენსიონერთათვის აღთქმული 100 დოლარი;

3) ეკონომიკური დაპირებები - წარმოების განვითარება და ქვეყნის აღმშენებლობის გლობალური პროგრამა.

ეს თეზისებიც, როგორც ყველა ადრინდელი დაპირება, ილუზიად იქცა - გამთლიანების ნაცვლად გვაქვს ტერიტორიებდაკარგული საქართველო, დანგრეული ლიახვის ხეობის სოფლები და ოკუპირებული დალის ხეობა.

ნაციონალებმა ვერც ნატოს კარის გაღება შეძლეს, ჩვენი მოქალაქეები კი უცხოეთში კვლავინდებურად "მეორეხარისხოვანი" ადამიანების სტატუსით სარგებლობენ. სამშობლოდან გადახვეწილებს არაადამიანური შრომა უწევთ საქართველოში დატოვებული ოჯახების შესანახად.

კვლავინდებურად აქტუალურია მოხუცებულთა საპენსიო ანაზღაურების პრობლემა. თანხა გაიზარდა, თუმცა  ინფლაციით გამოწვეულ გაძვირებას ვერ დაეწია.

ქვეყნის #1 "შავი ჭირი"

ხელისუფლების "აღიარებით",  დასაქმება ქვეყნის #1 შავი ჭირია. ახალ პროგრამაში - "ხელშეკრულება საქართველოსთან" - პოპულიზმის მთავარი გენერატორი დასაქმების პრობლემაა, რომლის დაძლევა გაუგებარი სამინისტროს შექმნით სურთ. არადა, თვითონ გააუქმეს დასაქმების სამსახურები და საკითხავია, მაშინ გატარდა რეფორმა თუ ახლა? სამწუხაროდ, რეფორმად საღდება წინააღმდეგობრივი სვლები და დღემდე გაუგებარია, რა სურს მმართველ ჯგუფს. ეტყობა, მრჩევლებმა ყურადღების გადატანა ამ საკითხებზე ურჩიეს, თუმცა ვერავინ გვეუბნება, რას გააკეთებს დასაქმების სამინისტრო ისეთს, რაც ამ პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება. "ხელშეკრულება საქართველოსთან" ერთ კითხვას მიჩენს: ვინ არის ხალხი, ვინც სარგებელი უნდა ნახოს? ნებისმიერი პარტიის ამოცანა ხომ ისედაც მოსახლეობაზე ზრუნვა უნდა იყოს? ჰოდა, ვხვდები, რომ ეს დაპირებებიც ფუჭია. შეურაცხმყოფელიც კია, ამომრჩეველს შესთავაზო სლოგანი - "მეტი სარგებელი ხალხს"  - ხელისუფლება ხომ ისედაც  ვალდებულია, ხალხს სარგებელი მოუტანოს!..

კვლავ ციფრები

"ნაცმოძრაობის" მესამედ მოსვლის შემთხვევაში ტრაქტორებიც კი კონკრეტული რაოდენობით შემოვა, წყალიც განსაზღვრული რაოდენობით გამოიყოფა სარწყავად და მიწის 90%-ის დამუშავებასაც გვპირდებიან, თუმცა კითხვა: "რატომ 90% და არა 91% ან 89%?" - პასუხგაუცემელი რჩება. რატომ იხსნება 500 საწარმო და არა - 623? ციფრების ენა  ქართული პოლიტიკის ამოუხსნელი ჯადოა.

როგორც ჩანს, დაზუსტებული მონაცემები ადამიანის გონებამდე  ადვილად აღწევს და ამიტომ კოორდინატორების მთავარი მიზანი ციფრების პოპულარიზაციაა. ამის მაგივრად, უპრიანი იქნებოდა, წარმოედგინათ კონკრეტული გეგმა, რათა განათლება და ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო ხალხისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ წინასაარჩევნო დაპირებებია და არა - რეალური სამოქმედო პროგრამა..."

P.S. თბილისსა და საქართველოსთან 2002 და 2008 წლებში და ახლა უკვე 2012-ში დადებული ხელშეკრულებების მსგავსება იწვევს ეჭვს, რომ დანაპირების შესრულებაზე თავს მაინცდამაინც არავინ მოიკლავს...

(სპეციალურად საიტისთვის)