მიწა - კვირის პალიტრა

მიწა

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##38-39)

ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.

ლია ტოკლიკიშვილი

ნადეჟდა გონს უცნობ და უკაცრიელ ოთახში მოვიდა. ვერ მიხვდა, სად იყო. რატომ იყო გარეთ ისეთი სიჩუმე, ჩიტების ხმაც კი ისმოდა. სად არიან ბავშვები, სად წავიდნენ "პალაჩები" და დამწვარი სამზადი.

"სად არიან ბავშვები!" - ტვინმა გაიაზრა და წეღან უცებ გავლილი კითხვა უკან აწრიალებულმა დააბრუნა. წამოწევა სცადა. ხელი ასწია, რაღაც მოხვდა ხელში. მოეჭიდა, რომ ამდგარიყო. თავზე ხმაურით გადმოეყარა რაღაც საგნები. თურმე ხელი მაგიდაზე გადაფარებული სუფრისთვის მოუკიდია. თვითონ მაგიდის ფეხთან წოლილა.

სინათლისკენ გაიხედა, რომელიც უცებ გაჩნდა ოთახში.

გაღებულ კარში კაცი გვერდულად იდგა და შიგნით ორ მომცრო ტანის ადამიანს უშვებდა. ბავშვები მურიანები და ჭუჭყიანები იყვნენ. ნადეჟდას დამწვარი ხელის ტკივილი დაავიწყდა, რომელიც ალბათ ასე მაშინ გადაუტყავდა, როცა აფხაზმა ალმოდებული სამზადის ფანჯრიდან გადმოაგდო. ორივე ხელი მოხვია ბავშვებს და ენადაკარგულივით, რომელიც ბედნიერების დროს სიტყვებს ვერ ამბობს, კრუსუნი დაიწყო.

- სად ვარ? - კარს გასძახა.

- ადიუბჟაში ხარ, ნადეჟდა, მე ვიზრუნებ შენზე! - ედიკ ჟვანიას ხმა იცნო და სთხოვა, ამაყენეო.

ჟვანიასთან ერთი კვირა დარჩნენ. საჭმელს ედიკი სასადილო მაგიდაზე აწყობინებდა და ქალსა და ბავშვებს გვერდით ისვამდა. არაფერზე ლაპარაკობდნენ. მარტო ერთხელ უთხრა ნადეჟდამ ქმრის მეგობარს:

- მარტო ეს ბეჭედი მაქვს, ედიკ, ძველია და ძვირფასი.  მოგცემ ამას და მთელ სიცოცხლეს, ოღონდ ბადიშები აქედან გამაყვანინე.

ედიკმა ხელზე ხელი მოჰკიდა, უკან, კალთაზე დაადებინა და უთხრა:

- ცუდი დროა, ნადეჟდა. აქედან რომ გაგიშვა, სულ დაიკარგები. ამაღამ "დაჩებისკენ" გავდივართ. ქართველები "დაჩებს" მოაწვნენ. თუ დავბრუნდი, როგორმე გადაგიყვან ენგურზე, თუ არა და, სოფლიდან ნუ გახვალ. აფხაზის ოჯახში მიდი და შეგიფარებენ.

ედიკი შუაღამეს გავიდა სახლიდან. ნადეჟდა ფანჯარასთან იდგა და უყურებდა ჯარისკაცების კოლონას, რომელიც ედიკს პოზიციაზე მიჰყავდა.

მეორე დღე დაღამდა, მერე მესამე და მეოთხე. ნადეჟდა დიდხანს ვერ ბედავდა მასპინძლის გარეშე დარჩენილ სახლში შესვლას, მაგრამ როცა ბავშვებს შიმშილისგან თვალები ჩაუშავდათ და ჟვანიას მიერ დატოვებული უკანასკნელი პურის ნამცეცებიც შეჭამეს, ნადეჟდამ სახლის კარი შეაღო.

სახლი ცარიელი იყო. არც ავეჯი, არც ტანსაცმელი. ყველაფერი გაეზიდათ. ნადეჟდა ჟვანიას ოჯახში ადრე ნამყოფი იყო და იშვიათი სიმდიდრის სახლში მარტო ცარიელი კედლები რომ დახვდა, პირი გაუშრა. კარში მდგარს მხოლოდ სამი გადიდებული ფოტო უყურებდა კედლიდან, როგორც სახლის მოდარაჯე თვალები. ნადეჟდა დააკვირდა: ორი ედიკის შვილი იყო, ორივეს ჯარისკაცის ფორმა ეცვა. მესამე - ჟვანიას ცოლი. სურათები გაძარცული სახლის კედლებზე ნიშნებივით დარჩენილიყვნენ და ნადეჟდამ ამ ნიშნების გამოცნობა სცადა.

ბავშვებს ხელი მოჰკიდა და ჭიშკარი გაუბედავად გააღო. მთავარ გზაზე გასასვლელად ეს მოკლე ქუჩა უნდა ჩაიაროს. იცნობს ადიუბჟას. აი, იქით, გზიდან მარჯვნივ გადაუხვევს თუ არა, ბარგანჯიების სახლი დგას. იქით არ წავა. რისთვის უნდა წავიდეს. ედიკმა უთხრა, რომ რაც ქართული გვარდია შემოვიდა, ბარგანჯიები მას მერე სოფელში არავის უნახავს.

მთავარ გზაზეც მკვდრული სიცარიელე და სიჩუმე დახვდა. მაინც უნდა იჩქაროს. ედიკისგან ისიც გაიგო, რომ ადიუბჟას "პალაჩები" არ ეკარებიან. მათი პირობა ქართულ სოფლებზე თავისუფლად მიშვება იყო და მიუშვეს. აფხაზების სოფლებში შესვლა აკრძალული აქვთ. მაგრამ ნადეჟდა მაინც კურდღელივით მიიპარება გზაზე და შორიდან მოღწეულ მცირე ჩქამზეც კი ხეებში ან ცარიელ ეზოებში მალავს ბავშვებს.

მთავარი გზიდან გადაუხვია და წინ წავიდა. პატარა ქუჩას ორივე მხრიდან დამწვარი, დასახიჩრებული სახლები და ათხრილი, ღობემორღვეული ეზოები მიუყვება. დამწვარ სახლებში აქა-იქ ჩანან ადამიანები, რომელთა შორის წვერმოშვებული კაცები და დათალხული ქალები სჭარბობენ.

ნადეჟდას დაძაბულ სმენას ადამიანის ფეხის ხმა მისწვდა. ბავშვები უჭიშკრო ეზოში შეყარა და სიმინდებში ჩააწვინა. მალე გზაზე ადამიანების პატარა ჯგუფი გამოჩნდა. ხუთნი ან ექვსნი იქნებოდნენ. როცა ქალის სამალავს გაუსწორდნენ, ნადეჟდამ სიმინდებიდან თავი ამოყო და მომავლებს დააკვირდა. თავისი სოფლელები იცნო. არ უფიქრია. აღარ შეეძლო ვირთხასავით მარტო წრიალი ლუკმისა და თავშესაფრის საშოვარზე. ბავშვები წინ გამოიგდო და ეზოდან გამოვიდა. წინ მომავალ შუახნის ქალს თეთრი ნაჭერი დაეხვია ჯოხზე და თავს ზემოთ ოდნავ აწეული მოჰქონდა. ნადეჟდა იცნეს. ამბავი მოკლედ გამოჰკითხეს და გზა განაგრძეს.

დამწვარი სახლებიდან ხალხი კანტიკუნტად გამოდიოდა გარეთ, ღობეებშეურჩენელი ეზოების პირას მოდიოდა და ზოგი სინანულით, ზოგი გაბრაზებით უყურებდა ჩამოძონძილი, ჭუჭყიანი ადამიანების ჯგუფს.

ქართველები რამდენიმე ნაბიჯში შეჩერდნენ, ერთმანეთს რაღაცაზე მოელაპარაკნენ და მერე ყველაზე ახლოს მდგარი სახლისკენ აიღეს გეზი.

ეზოში შევიდნენ. მწვანე ბალახს სულ ოდნავი ყავისფერი შერეოდა. სახლი ცარიელს ჰგავდა. ბალახში ჩასხდნენ. ჭიდან წყალი ამოიღეს დასალევად. ვიღაცამ თქვა, წყალი მოწამლული იქნება, ქართველები აქ რომ შემოვიდნენ, თუ "ბოევიკის" სახლს მიაგნებდნენ, ჭაში ყრიდნენ მისი ოჯახის წევრებსო. წყალი მაინც ყველამ დალია.

ნადეჟდამ თავის გვერდით მჯდარ ლილი მაკალათიას უჩურჩულა:

- საცვალი ხომ არ გამოგყოლია სახლიდან. მომეცი. აღარ შემიძლია მეტი.

ლილიმ ჩანთიდან ქვედა საცვალი ამოიღო და ნადეჟდას მიაწოდა. ქალმა თავი ჩაღუნა, მერე გაიხედ-გამოიხედა, ბალახში ჩაგდებული პატარა, ჟანგიანი კოლოფი დაინახა, საიდანაც ოდესღაც ალბათ ქათმები სვამდნენ წყალს. კოლოფი კარგად გამორეცხა. მერე ვედროდან წყალი გადმოასხა და სიმინდებში შევიდა.

სიმინდებში ჩამჯდარმა ძირს ბლომად დაყრილი თხილი და ქლიავი შეამჩნია. ადგა. თხილი წამოკრიფა, კაბის კალთა აიწია და ხილით გაივსო. ცდუნებას ვერ გაუძლო. რამდენიმე ქლიავი ხარბად შეჭამა და თავისიანებისკენ წამოვიდა.

ჭასთან არ იყო მისული, რომ სახლის ქვედა სართულის კარი გაიღო და შავებიანი ქალი გამოვიდა. კარგა ხანს გაოცებულმა უყურა თავის ეზოში შემოსულ დაკონკილ ხალხს, თითქოს ფიქრობს, ღირს თუ არა ამ საცოდავებთან გამოლაპარაკებაო, მაგრამ მერე თმიდან შავი თავსაფარი მოიძრო, ლოყაზე ხელი ჩამოისვა და ცივი, გამყინავი ხმით მეგრულად იყვირა:

- აქედან გადადით, ძაღლის ჯიშისებო. სამი მყავს დამარხული ამ მიწაში, თქვენი აყროლებული ფეხებით რომ ეხებით. ქმარი მაგ ჭაში ჩამიხრჩვეს ქართველებმა. მარტო მე არ მომკლეს, რადგან ისინი იმათ ხოცავდნენ, ვისაც სიკვდილი არ ენატრებოდა.

წაქცეული ვედროდან დაღვრილი წყალი ფეხზე წამოცვენილ ადამიანებს უკან გასავლელ გზას უტალახებდა, ერთმანეთს ბარბაცით მიჰყვებოდნენ და გზაზე გასულები ცდილობდნენ, ამოეღებინებინათ დალეული წყალი, რომელიც მიწიდან ამოყოლილი ცოდვით წამლავდათ.

ნადეჟდას გაახსენდა, რომ სადღაც აქვე, ამ ქუჩის გადაღმა მცხოვრებ ნაჭყებიას მეგრელი ცოლი ჰყავდა. უკანასკნელი იმედი ნაჭყებიების მოძებნა იყო.

ჯგუფი ისევ გზაზე გამოვიდა. წინ ისევ თეთრნაჭრიანი ქალი დაიყენეს. ნადეჟდას დახეული ბლუზისა და ქვედატანის გარდა აღარაფერი ეცვა. პერანგი ორი დღის წინ დახია და გოგოს თავშალივით შემოახვია თავსა და მხრებზე. უკვე ოქტომბერი იწყებოდა და დილა-საღამოს გვარიანად ციოდა.

ნაჭყებიას სახლთან შეჩერდნენ. ნამდვილად ის სახლია. რამდენიმე თვის წინ სოხუმიდან მანქანით მომავალ ავთანდილსა და ნადეჟდას დაემგზავრა ნაჭყებიას მეგრელი ცოლი და ავთანდილმა ჭიშკრამდე მოიყვანა ქალი.

ნადეჟდამ ფრთხილად, მორიდებით დაიძახა ჭიშკართან. რამდენიმე წუთში სახლის ფანჯარა გააღეს და გამოიხედეს.

- ის არის, - გაუხარდა ნადეჟდას და თანმხლებებსაც გაუზიარა თავისი სიხარული.

ფანჯარა მიიხურა. მერე კარი გაიღო და ქალი ჭიშკრისკენ წამოვიდა.

- გამარჯობა, მერი, - მეგრულად მიესალმა ნადეჟდა, - მიცანი, ხომ? ცირდავას მეუღლე ვარ გადაღმა სოფლიდან. შემოგვიშვი. საბძელში შეგვიშვი ერთი ღამე. აქამდე ჟვანიას სახლში ვიდექით. ღამე ნუ დამტოვებ გარეთ, ბადიშები გამეყინება.

მერიმ შიშით და ფრთხილად მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს ამოწმებს, ხომ არავინ გაიგო ამ ხალხის აქ მოსვლაო. მერე ნადეჟდას უჩურჩულა:

- ვერ მიგიღებთ, მომკლავენ, სოფელმა რომ გამიგოს. თქვენ არ იცით, რა ამბები მოხდა აქ.

მერე ხმას კიდევ უფრო დაუწია და სახეში შეჩერებულ მაწანწალებს ასწავლა:

- ასე წადით, პირდაპირ და მარულიას სახლში მიდით. მოსკოვიდან ჩამოსულია. მაგას არ უნახავს ომი და თან გავლენაც კარგი აქვს. გუშინწინ გადაიყვანა ენგურზე ქართველები.

შებრუნდა და სახლისკენ ლამის სირბილით წავიდა.

მარულიას სახლისკენ წავიდნენ. ამ სოფელშიც, როგორც იქით, საიდანაც მოვიდნენ, ჯოჯოხეთური, კუპრისფერი სიბნელე იდო მიწაზე, თითქოს ათხრილ და დაჯიჯგნილ პირზე ეფარებოდა.

მარულიას ეზოში მკრთალად ანათებდა ეზოს ფარანი. მაგიდა ტოტებგაშლილი ხის ქვეშ ყვითელ შუქში იდგა და ირგვლივ რამდენიმე კაცი შემოსხდომოდა. დევნილები ღობესთან შეჩერდნენ და სიბნელეში ჩამალულები ეზოს მიაჩერდნენ. ასე მხოლოდ უსახლკაროს შეუძლია სახლის ყურება. მარულიას ეზომ ყველა წუთით თავის წარსულსა და სახლში დააბრუნა. ნადეჟდას ისე ცხადად ჩაესმა თავისი ჭიშკრის რახუნი, რაც ზამბარიანი კარის ყოველ გახურვაზე ისმოდა, რომ იფიქრა, ხომ არ შევიშალეო. ასე უსხდებოდნენ ყოველ საღამოს ცირდავები მრგვალ მაგიდას ადესის ხეივნის ქვეშ. ჯერ ვახშმობდნენ. ნადეჟდას ელარჯი და კეცის მჭადები გამოჰქონდა სამზადიდან. ქალიშვილი და რძალი თეფშებს შლიდნენ მაგიდაზე. ავთანდილი ღვინოს ასხამდა თიხის ძველისძველ ყურიან სურაში. ნავახშმევს კაცები ნარდს ან დომინოს თამაშობდნენ, ბავშვები მინდორზე კოტრიალობდნენ. ქალები სუფრის ალაგებას რომ მორჩებოდნენ, ან კარტის თამაშს იწყებდნენ, ან სოფლის ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს.

ბუჩქებით შემოღობილ ეზოსთან მდგარი დევნილები ძაღლის ღრენამ გამოაფხიზლა. უშველებელი ქოფაკი შორიახლო იდგა და ნადირივით იღრინებოდა. ძაღლი მარულიასი არ იქნებოდა, რადგან ისიც გარედან მისდგომოდა ეზოს. მტვრიანი, გაქუცული ბეწვი და ავი თვალები ჰქონდა. ძაღლი შინაურს არ ჰგავდა. ეტყობოდა, რომ უცხოობის გამო კი არ უღრენდა ეზოსთან შეკრებილებს, არამედ უღრენდა, როგორც მტრის მოდგმას.

დევნილებს გაახსენდათ, რომ მათ სოფელში ხმა დაირხა ადიუბჟის გაუკაცურების შემდეგ ტყეში ყაჩაღებივით გასულ ძაღლებზე, რომლებიც თავიდან სახლებიდან წასულ პატრონებს გაჰყვნენ, მაგრამ რადგან ბოლომდე ვერ მისდიეს მათ ავტოებს, აღარ დაბრუნდნენ ცარიელ სახლებში, სადაც უცხო ხალხი თავის ნებაზე მიდი-მოდიოდა.

გაველურებულმა ძაღლმა თავი მგელივით მაღლა ასწია და დაიყმუვლა. შორიდან სხვა ძაღლმა მისცა ხმა. მერე მეორემ, მესამემ... ძაღლები დევნილების ირგვლივ წრეს ავიწროებდნენ. მიტოვებული სახლის ღობესთან ნადეჟდამ წყვილი ფოსფორიანი თვალის გაელვებას შეასწრო თვალი. მარჯვნივ, საითაც ქუჩა უკუნ სიბნელეს უერთდებოდა, მეორე წყვილმა ფოსფორმა გაანათა. მერე ცხოველის ქშენა უფრო ახლოდან მოისმა.

დევნილები ღობეს აეკვრნენ. ნადეჟდამ ბავშვები ღობეს მიაჭყლიტა, თვითონ ზურგით აეფარა წინიდან და სიბნელისკენ, საიდანაც ძაღლების ყეფა მოიწევდა, ხელები გაშალა.

ეზოდან ვიღაცამ აფხაზურად დაიძახა:

- ვინ ხართ მანდ?

ხმაზე დევნილებიც და ძაღლებიც გაიტრუნენ. მერე ეზოშიც გაისუსნენ და ყური მიუგდეს სიბნელეს. ძაღლების ღრენა ეზოდან რამდენიმე ნაბიჯზე განმეორდა. მარულიას ეზოში თოფი გავარდა. ფარანი ჭიშკრისკენ დაიძრა და ალაყაფთან მიკუნტული დევნილები გაანათა...

მარულია ომის დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ნადეჟდამ ამ ოჯახზეც იცოდა ბევრი რამ. მდიდარი და გავლენიანი კაცი იყო აფხაზეთში. მოსკოვში დიდი ბიზნესი ჰქონდა. ქართველებმა იცოდნენ, რომ მარულია ომის დროს იარაღით ამარაგებდა თავის ხალხს.

ის და მისი ცოლი, რუსი ლილია, ნადეჟდაზე ასე, ათიოდე წლით უმცროსები იქნებოდნენ. ლილიას დალევა უყვარდა და "ოტკას" სამზადში საჭმელების მოსამზადებლად გამწესებულ ნადეჟდას ამალვინებდა. დილით ადრე შევიდოდა სამზადში და ნადეჟდას შესძახებდა:

- ნუ, ნადია, ვიპიმ?

ერთს თვითონ გადაჰკრავდა, ერთს ნადეჟდას დაალევინებდა და ეზოში ღიღინით გადიოდა.

ბიჭს მარულიასთან მისვლიდან მესამე დღეს ღებინება დააწყებინა. ჭაში ჩაგდებული აფხაზის სისხლი ბავშვს ყელში ამოსდიოდა, გულ-მუცელს უწვავდა და დღითი დღე აძაბუნებდა. მეხუთე დღეს გოგოსაც პირღებინება დაეწყო. მარულიას არაფერი უკითხავს ნადეჟდასთვის. თითქოს ყველაფერს მიხვდაო, ისე იქცეოდა. დიდები თავს კარგად გრძნობდნენ და ქალი თავს იიმედებდა, იქნებ გვამით წაბილწული ჭა არაფერ შუაშია და ბავშვებს სხვა რამემ აწყინაო. ერთ დღეს მარულია ქალაქიდან რომ დაბრუნდა, ჭიშკარში უცხო კაცს შემოუძღვა. ნადეჟდა სამზადში თავის საქმეს აკეთებდა. გოგო და ბიჭი მარულიას ცოლმა დიდი სახლის მეორე სართულზე გადაიყვანა, თეთრ, გახამებულ ქვეშაგებში ჩააწვინა და თავადაც მთელ დღეებს მათ გვერდით ატარებდა. ნადეჟდას მხოლოდ საჭმლის შეტანის დროს შეეძლო ბავშვების ნახვა. სხვა შემთხვევაში უფლებას არ აძლევდნენ, სამზადი დაეტოვებინა, რადგან სახლის პატრონებისა და ხიზნებისთვის სამყოფი საჭმლის მომზადებას ზოგჯერ მთელი დღეც კი არ ჰყოფნიდა.

კაცი, რომელიც მარულიას მოჰყვა, მაღალი და წარმოსადეგი იყო. ნადეჟდა მიხვდა, რომ მარულიამ სოხუმიდან ექიმი ჩამოიყვანა. წინსაფარზე ხელები შეიწმინდა და ჩამწყდარი, ჩალეული ხმით ითხოვა:

- ამიყვანეთ ჩემს ბადიშებთან, როცა ექიმი გასინჯავს მათ.

ექიმმა ქალს ხელი მოჰკიდა, ჯერ ნადეჟდა გაატარა, თვითონ უკან მიჰყვა.

ექიმის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არ იყო. ბავშვები ნაწლავის ინფექციას ებრძოდნენ და, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, აუცილებლად მოერეოდნენ. მარულიას წამლების გრძელი სია გაუწოდა. ნადეჟდამ ქვემოდან გახედა მასპინძელს, თვალებით მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ მარულია მას არც უყურებდა, ექიმს ელაპარაკებოდა და სადილად დარჩენას სთხოვდა.

ბავშვები  ორი კვირა ებრძოდნენ სიცხესა და  მუცლის გვრემას. მარულიას ცოლმა ნადეჟდას უფლება მისცა, ღამე ბავშვებთან ერთად ყოფილიყო. "ოტკას" გადაჰკრავდა მაღალი, თლილი ჭიქით და ნადეჟდას იმ დღეებზე უყვებოდა, როცა არც ომი იცოდნენ, რა იყო, არც შიმშილი და არც ქართველების სიძულვილი.

მარულიას ცოლს უყვარდა ძველი, კარგი ამბების მოგონება, რომლებშიც ზოგჯერ თავის ნაცნობ ქართველებსაც ახსენებდა. საღამოს ნადეჟდას დაუძახებდა, "ოტკას" ამოატანინებდა გრძელ, ზღვისკენ მიქცეულ აივანზე და სევდიან რუსულ სიმღერას შემოსძახებდა. მხიარული ქალი იყო მარულიას ცოლი. ნადეჟდას გაშვება არ უნდოდა, კარგი დიასახლისი ხარო, ეუბნებოდა, ჩემს ქმარს შენი მომზადებული ღომი და ხაჭაპური მოსწონს და სულაც სამუდამოდ რომ დარჩე ჩვენთან შენს შვილიშვილებთან ერთად, მეც და ჩემი კაციც თანახმანი ვიქნებითო.

მარულია დევნილებს შეჰპირდა, რომ ენგურის ხიდამდე მისვლაში დაეხმარებოდა და პირობა შემოდგომის ერთ ჯანღიან დილას შეასრულა.

დევნილები წინა საღამოს გააფრთხილა, რომ დილაადრიან გავიდოდნენ სოფლიდან.

ნადეჟდას ბავშვები ღამე ლოგინში არ ჩაუწვენია, მარულიას ცოლმა სქელი ჟაკეტი და ბამბაზიის ორი ხალათი მისცა. ნადეჟდამ ჟაკეტი შუაში გაჭრა, მკლავებიანი ნაწილი გოგოს ჩააცვა, რომელსაც ჟაკეტის კალთა მუხლებამდე სწვდებოდა, მეორე კი ბიჭს შემოახვია ტანზე. ბამბაზიის ხალათიც დაჭრა და ფეხებზე დაახვია ბავშვებს, რადგან თხელი ფეხსაცმელი, რომლითაც სექტემბრის ცხელ დღეს წამოვიდნენ სახლიდან გვიანი შემოდგომის სუსხიან დილას ფეხებს გაუთოშავდა.

დაღამებულზე საწოლზე სამგზავროდ გამზადებულები დასხდნენ. ბავშვებს შუაღამისას ერთმანეთზე თავმიდებულებს მიეძინათ. ნადეჟდა რამდენჯერმე გავიდა აივანზე და ლილიას ოთახის კართან მივიდა. სულგანაბული უსმენდა ოთახს. ლილია საღამოს შემდეგ ვეღარსად ნახა და არ უნდოდა, ისე წასულიყო, რომ მადლობა, რომელიც ვალად ჰქონდა, არ დაეტოვებინა. ლილიამ საღამოს "ოტკა" დალია, მერე კარგა ხანს ბაღში იჯდა და ჩახლეჩილი ტკბილი ხმით სასაცილო ჩასტუშკას მღეროდა. ცოტა ხანში ისევ მოითხოვა "ოტკა",  ნადეჟდას დიდი ჭიქა გაავსებინა და დალია. სანამ დალევდა, რასაც აქამდე ყოველთვის უსიტყვოდ აკეთებდა, ჭიქა ასწია, ქალს გაუღიმა და უთხრა:

- კარგი მოსამსახურე ხარ, ნადეჟდა, სულ დაგიტოვებდი...

ნადეჟდამ თავი დახარა და მადლობა უთხრა, მერე სამზადში წაიღო არყის ბოთლი. ლილიამ ისევ სიმღერა წამოიწყო. უკან რომ გამოვიდა, ვეღარსად დაინახა, ახლა ლილიას ოთახიდან მისი ბოხი, კაცური ხვრინვა ისმის, ნადეჟდას გული სწყდება, რომ ვერ ეუბნება წინასწარ მომზადებულ სიტყვებს. ამ ქალისგან წყენა ვერ დაამახსოვრდა, არც მაშინდლიდან, როცა მთვრალმა ლილიამ ერთი-ორჯერ კარგად გამოლანძღა, არც მაშინ, როცა ერთხელ თავისი მაზლის სახლის დასალაგებლად წაიყვანა ნადეჟდა და დამტვრეულ პიანინოსთან მიმჯდარმა ქართველებზე ჩასტუშკების სიმღერა წამოიწყო.

ლილია ასეთ სიმღერებს არასდროს მღეროდა მარულიას თანდასწრებით. ახლა კი მთელი ხმით გაჰყვიროდა. მერე ნადეჟდას მოსთხოვა, შენც ამყევიო. ნადეჟდას გული ყელში მოებჯინა და ტირილით სთხოვა:

- ნუ მამღერებ, არ შემიძლია.

ლილიას აღარ დაუძალებია, თვითონ გააგრძელა სიმღერა...

გვიან ღამემდე დარჩნენ ლილიას მაზლის სახლში. შარდით აქოთებულ, ფეკალიებშემხმარ ძვირფას იატაკს ხელით რეცხავდა ნადეჟდა და მაშინაც მადლიერებას გრძნობდა ამ ჭკნობაშეპარული კახპის მიმართ, რომელმაც მის ცრემლს დაკეტილი სადინარი გაუხსნა და ფსიტიან იატაკზე გამეტებით დაღვარა.

...მარულიამ გამთენიისას კარზე მიუკაკუნა ნადეჟდას. ქალმა ბავშვები გააღვიძა. გოგო ხელში აიყვანა. ბიჭი მიჰყვა ბებიას. დანარჩენები უკვე ეზოში იყვნენ. ინათა. ჭიშკართან პატარა, მწვანეცხვირიანი ავტობუსი იდგა. ხალხი შიგ შეყარეს და ფანჯრებზე ჩამოფარებული შავი ფარდები დაანახეს:

- ფარდებს არ მიეკაროთ. რამდენიმე პოსტი უნდა გავიაროთ და თუ გაგვიგეს, რომ ქართველები მიგვყავს, დიდი პრობლემები შეგვექმნება.

ხალხი სკამების ქვეშ ჩამალეს. სკამებზე კი ტომრები ეწყო.  უჰაერობით რომ არ გაგუდულიყვნენ, ავტობუსის იატაკზე რამდენიმე ადგილას თუნუქი ამოეჭრათ. ავტობუსი დაიძრა. თავის ორ ბადიშთან ერთად უკანა სავარძლების ქვეშ ჩაწოლილი ნადეჟდა სახეს ამოჭრილი თუნუქისკენ იშვერდა, ბავშვებსაც თავი იქით მიუტრიალა. ადიუბჟიდან ენგურამდე რომ მივიდნენ, ჯერ ამათი სოფელი უნდა გაიარონ. ნადეჟდამ ზუსტად იცის, რამდენი წუთი დასჭირდება ჯერ სოფელში შესვლას, მერე მის სახლთან გავლას, რომელიც ცენტრალურ გზაზეა. ავტობუსის მძღოლ აფხაზ ქორთიკო გაბუნიას წეღანვე გაურიგდა, როცა ჩემს სახლთან გაივლი, ნიშანი მომეცი, ეგ დასაწვავი რადიო სულ ერთი წამით გამორთე და ყველაფერს მივხვდებიო. ამ ქორთიკო გაბუნიას დედა ქართველი, მხეიძე ჰყავდა და როცა მისმა ორივე შვილმა აფხაზურ გვარდიასთან ერთად ქართველების დასჯა დაიწყო, დედამ თავი მოიკლა. ნადეჟდამ იცოდა, დედაზე მგლოვიარე წვერმოშვებული გაბუნია ასეთ სათხოვარზე უარს არ ეტყოდა.

ავტობუსმა სვლა შეანელა და ნჯღრევა-ნჯღრევით გადაიარა თხრილი.

სოფელში შედიან. ეს თხრილი ქართველებმა მაშინ გათხარეს, როცა ადიუბჟის გასასვლელთან ბარიკადები აღმართეს. ნადეჟდას სული შეუგუბდა. გოლეთიანის ქუჩას გაივლიან, მერე ოდნავ მოუხვევენ მარცხნივ და რამდენიმე მეტრში მათი სახლი გამოჩნდება. მოემზადა. დეკემბერი იყო. ავტობუსის ამოჭრილი თუნუქებიდან აქამდე ამომავალ სუსხს დამპლის სუნი შეერია. ჩამიჩუმი არ ისმოდა გარედან. ყველამ გაიგო მარულიას შეძრწუნებული ხმა, რომელიც ალბათ დანახულით აღშფოთებას გამოხატავდა. ავტობუსის სავარძლებს ადამიანების გმინვამ გადაუარა. გაბუნიამ რადიო გამორთო...

ნადეჟდამ სველი, ჭუჭყიანი თვალი დაადო ამოჭრილ იატაკს და ჭირხლით პირშეკრული მიწის ზოლი დაინახა, მოეჩვენა, რომ მიწამაც დაინახა და იცნო.  თუნუქის ნახვრეტი პატარა იყო. მასში თვალის გარდა ვერაფერი გაივლიდა...