"ქართველი ერი არ დაექვემდებარა ხელისუფლების ექსპერიმენტს" - კვირის პალიტრა

"ქართველი ერი არ დაექვემდებარა ხელისუფლების ექსპერიმენტს"

"სააკაშვილს ფსიქოპათიური აშლილობა აქვს"

"დღეს საქართველოში სულიერი კათარზისია"

"ივანიშვილმა ყველანაირი პროვოკაცია აისხლიტა, რადგან ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს"

"ადვილი არ გამოდგა ჩვენი საზოგადოების ზომბირება. ქართველი ერი არ დაექვემდებარა ხელისუფლების ექსპერიმენტს. მწარე რეალობამ სხვა განზომილებაში გადაგვიყვანა და გაზარდა ჩვენი საზოგადოება", - ასე შეაფასა ქართველი საზოგადოება ფსიქოლოგიის პროფესორმა მარინა ბალიაშვილმა, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკური პროცესების მთავარი მოქმედი სუბიექტების დახასიათება ვთხოვეთ:

ხელისუფლება

ამ ხელისუფლების სტილია ძალადობა. რაც არ მოსწონდათ, ანგრევდნენ, ნაცვლად იმისა, შეეცვალათ და გადაეკეთებინათ. როდესაც ადამიანმა საქმის კეთება არ იცის, მაშინ ირჩევს ასეთ გზას. ბევრად ძნელია დაფიქრდე და რაღაც შექმნა, ვიდრე ცულით გაკაფო ყველაფერი. ძალიანაც რომ ნდომოდათ პენიტენციარულ სისტემას კარგად გასძღოლოდნენ, ვერ შეძლებდნენ. არსებობს მსოფლიო გამოცდილება, თუ როგორ მართო ციხე, როგორ უნდა მოიქცეს ზედამხედველი, როგორ - პატიმარი, მაგრამ წესების დაცვის ნერვები ამათ არა აქვთ. სწრაფად და გაუაზრებლად მოქმედებენ. ამ ხელისუფლების ამოცანა იყო, ხალხი ქუჩაში არ მდგარიყო და ამიტომაც შეყარა ამდენი ადამიანი ციხეში. ციხეში გამომწყვდეულ ადამიანს რომ ურტყამ და აუპატიურებ, ეს აჩვენებს, რომ მუშაობა არ შეგიძლია.

ხელისუფლება ძალაუფლებით ტკბება. ტკბება იმით, რომ სხვის ნებას თრგუნავს და ამით წარმოიდგენს, რა მაგარი ვარო. რეალურად პრეზიდენტი კი არ არის "მაგარი", არამედ მის ზურგს უკან მდგარი რეპრესიული და დაუნდობელი ინსტიტუტი. თორემ ქუჩაში მარტო მიშა ვერ გავა, შეეშინდება. ფსიქოლოგიაში აქსიომაა, რომ აგრესიის უკან შიში დგას. აგრესიული ადამიანი მერყევია, აკლია სიყვარული, არ ენდობა ადამიანებს და აგრესია ასეთ დროს თავის დაცვის საშუალებაა. ყველა აგრესიული კაცი მშიშარაა.

სააკაშვილზე ხშირად ამბობენ, პროფესიონალი მატყუარააო. ადამიანი მაშინ იტყუება, როდესაც სამყაროს არ ენდობა და დასჯის შიში აქვს. ამათ შეუძლიათ თვალი თვალში გაგიყარონ და უსირცხვილოდ მოგვატყუონ. ესეც ასოციალობის გამოხატულებაა.

ბოლო დროს პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი კლინიკური სურათი თვალსაჩინოდ ჩანს. მას ფსიქოპათიური აშლილობა აქვს. ის ასეთია დაბადებიდან. როცა ასეთად იბადება ადამიანი, ზრდასრულობისას შესაძლოა პათოლოგიური მკვლელი ან სადისტი გახდეს, რადგან მას არ გააჩნია მორალი. სააკაშვილი ტრადიციულ ოჯახში, იმერელი ბებიის გაზრდილია. ვერ წარმომიდგენია, ბებიას ზრდილობა მაინც არ ესწავლებინა, მაგრამ მისთანა ასოციალური ბუნების ადამიანები ვერ ითვისებენ ამას, ვერ იზრდებიან.

ფსიქოლოგები სერიული მკვლელების ფსიქოლოგიას სწავლობდნენ და ყველას უკვირდა, რომ მათ სოციალური გრძნობები არ გააჩნდათ. როდესაც ეკითხებოდნენ, არ გეცოდებათ ადამიანები, რომელთაც ხოცავთო, მკვლელები ვერ ხვდებოდნენ, რაზე ელაპარაკებოდნენ. ასეთი ადამიანები ვერ იღებენ სოციალურ გრძნობებს - სირცხვილს, თანაგრძნობას, რასაც საზოგადოება უნერგავს ადამიანებს. ასეთი კატეგორიის ხალხს ბევრს ვიცნობ, მაგრამ სააკაშვილის უფრო ჩანს, რადგან ხშირად არის ეკრანზე. გარშემოც თავისივე მსგავსები შემოიკრიბა. განა ბოკერია ან უგულავა არ არიან უტიფრები? ასეთ ადამიანებთან  კონტაქტი არ უნდა იქონიო.

"ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ის მშვიდად არის, რადგან თავს მყარად გრძნობს.

რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" წევრებზე გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერები, მაგრამ ამან ვერ გაამართლა. ეს რა არის იმ თავზარდაცემასთან შედარებით, რაც პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფირის ნახვისას განვიცადეთ?

განა რა იყო "ქართული ოცნების" წევრებზე გაკეთებულ  ჩანაწერებში მოულოდნელი? სასიამოვნო არ არის, რაც მოვისმინეთ, მაგრამ გასაგებია - საპრიზო ადგილებისთვის მიდის ბრძოლა, დიდი ფსონებია და ვიღაცები ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ისეთი რამ არ არის, რომ შეგძრას და გაგიჟდე.

ივანიშვილი ღირებულებების მატარებელი ადამიანია, ხელისუფლებაში კი ღირებულებები თავს მოხვეული რაღაც ჰგონიათ და იმას არ ფიქრობენ, რომ ადამიანს სწორედ ღირებულებები აძლიერებს.

ბიძინა ივანიშვილი მორალურად გამართული ადამიანია. მას აქვს იდეა, რაც ძალას აძლევს. ის ძალიან თანამიმდევრულია. არაფერში აჰყვა ხელისუფლებას, არც გაბრაზდა და არც ემოციური ლაპარაკი დაიწყო, ეს როგორ მაკადრესო. საარჩევნო კამპანია ისე ჩაატარა, რომ დასახული გზიდან ვერ გადაახვევინეს. ყველანაირი პროვოკაცია აისხლიტა, რადგან ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს. ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა და ყველაფრისთვის მზად იყო მიშასაგან განსხვავებით, რომელიც მუდამ იმპულსურად მოქმედებს, ივანიშვილს კი ყველა სავარაუდო ხიფათი და მოულოდნელობაც კი გათვლილი აქვს. ის არ არის უემოციო ადამიანი, მაგრამ კარგად მართავს თავს.

ივანიშვილის თანაგუნდელებზე ზოგი ამბობს, ეს ხალხი რად უნდოდაო, მაგრამ ის რეალისტია და ახალ პოლიტიკურ ფიგურებს სწრაფად ვერ შექმნიდა, მაგრამ ნახავთ, მის გუნდში ნელ-ნელა ვიღაც დაწინაურდება, ვიღაც უკანა პლანზე გადავა, აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი სახეებიც. ვფიქრობ, ივანიშვილის ნამდვილი საყრდენი გუნდი მომავალში ჩამოყალიბდება. იქ იქნება ნაკლებად პოლიტიზებული ხალხი, რომელსაც შეუძლია საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

შუაშისტები

არჩევა ძნელია მაშინ, როდესაც არჩევანი ორ თანაბრად მიმზიდველ რამეს შორის კეთდება, მაგრამ როდესაც ერთი ცუდია და მეორე კარგი, ვინმე ფიქრობს, ცუდი ხომ არ ავირჩიოო? ვინც ამბობს, რომ შუაშია, ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", ივანიშვილი და სააკაშვილი ერთნაირი არიან და დაფიქრება სჭირდება არჩევანის გასაკეთებლად. როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის ერთ სიბრტყეზე დაყენება? ეს ფსიქოლოგიური ნონსენსია.

სტუდენტები და საზოგადოება

ხელისუფლება ძალიან ცუდად შეეხო მთავარ რამეს - ადამიანის ღირსებას. ფსიქოლოგიაში აქსიომაა - თუ ადამიანს საკუთარი ღირებულებების განცდა არა აქვს, თუ საკუთარ თავთან თანხმობაში არ არის, ისე ცხოვრება არ შეუძლია. ადამიანი ვერ იცხოვრებს ისე, მთავარია, მე არ მშიოდეს და არ მწყუროდესო. ყოველთვის სჭირდება თავის გაიგივება რაღაც დიდთან. მაგალითად, ვაჟკაცობასთან, პატიოსნებასთან. საგულისხმო იყო, რომ სტუდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დაჩაგრულებს. ძლიერს კი არ მიეტმასნენ, დაუცველი პატიმრების მხარეს დადგნენ. გააპროტესტეს პატიმრების ჩაგვრა, პატივის აყრა. ჩვენს ახალგაზრდობას და მთლიანად საზოგადოებას თანაგანცდის, თანაგრძნობის უდიდესი უნარი აღმოაჩნდა. ამ მწვავე და ადეკვატურ რეაქციაში სტუდენტობამ და ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი სიჯანსაღე აჩვენა. ყველამ იგრძნო ეს ტკივილი. ტკივილი კი ისეთი რამ არის, მას ვერ უგულებელყოფ.

ამ ტკივილს მოსდევს სულიერი განწმენდა, კათარზისი. ასეთი სულიერი კათარზისი მოხდა დღეს საქართველოში.

დაუცველი პატიმრების მდგომარეობის გამო გამოხატული პროტესტით ჩვენი საზოგადოება ბევრად მაღალ ხარისხში ავიდა. დიდი სტიმული და რესურსი მოიპოვა იმით, რომ მხარი სიმართლეს დაუჭირა. ეს დიდ იმედს მაძლევს. არც ისე ცუდად ყოფილა საქმე, როგორც მეგონა.

"ძალადობაზე გამარჯვება, სიკვდილზე გამარჯვების ტოლფასია"

დ. მერეჟკოვსკი