მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

დიდი სამამულო ომი

იმედი მქონდა,  ეს არჩევნები იქნებოდა პირველი, როდესაც გადამწყვეტი როლი საარჩევნო პროგრამებს, დაპირებებსა და შემოთავაზებებს მიენიჭებოდა, მაგრამ ვიღას აინტერესებს პროგრამები!.. ციხის ცნობილი კადრების შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჩვენ ისევ გვთავაზობენ, რომ არჩევანი იმის მიხედვით გავაკეთოთ, ვინ უფრო ცუდია. ბოლო ერთი კვირაა, მთავარი ოპონენტები საზოგადოებისთვის მხოლოდ იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ მოწინააღმდეგე ბანაკში, უბრალოდ, ნაძირალები არიან გაერთიანებული. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმაზე დაობენ, ვისი კომპრომატი უფრო ძლიერი და დამანგრეველია. ციხის კადრების შემდეგ ხელისუფლებამ გამოყარა და გამოყარა ფარული ჩანაწერები. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ერთი მხარეც და მეორეც კომპრომატების გამოქვეყნებასთან კავშირს უარყოფს, თუმცა საზოგადოება ამ ყველაფერს მაინც ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის გამართულ კომპრომატების დაუნდობელ ომად აღიქვამს. სამართლიანობის გამო ისიც უნდა  აღინიშნოს, რომ ციხის კადრებს სიმძიმით ვერც ერთი სხვა ჩანაწერი ვერ შეედრება, რადგან იქ არის ასახული დანაშაული, სადიზმი და უმსგავსობა - ყველაფერი ერთად. ციხის კადრების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი "ნაციონალურ მოძრაობაზე" ყველანაირ სისაძაგლეს დაიჯერებს, ისე, რომ არც დაფიქრდება. ბუნებრივია, ვერც იმას ვიტყვით, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოქვეყნებულმა ფარულმა ჩანაწერებმა კოალიცია არ დააზარალა, თუმცა ციხის საშინელებასთან შედარებით არაფერია იმის გაგება, რომ კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკოსები უზრდელები არიან და ერთმანეთს ვერ იტანენ, თუ, რა თქმა უნდა, ის ფარული ჩანაწერები გაყალბებული არ არის.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ კოალიციაში სწორედ ამას ამტკიცებენ. თუმცა თუ მეორე მხრიდან შევხედავთ, აბა, სხვა რა უნდა თქვან? რომ აღიარონ, ეს ყველაფერი მართალიაო, დღესვე უნდა დაიშალონ. გუბაზის ფრაზა, პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, მილიონერი უნდა გავხდეო, ხომ საერთოდ, ყველაფრის მწვერვალია. ამიტომ არც მეორე მხარეს აქვს საქმე მაინცდამაინც კარგად, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი მართალიც რომ იყოს, ციხის კადრებს ვერაფრით გადაწონის.  "მე ცუდად გამოვჩნდი? საზოგადოება ნახავს, რომ ჩემზე უარესი ხარ!" - დღეს ეს არის ხელისუფლების მთავარი გზავნილი! "არ გეყო ციხის კადრები? ხალხი კიდევ ნახავს თქვენს ნაძირალობას!" - ახლა ამ დევიზით მუშაობს "ქართული ოცნება".  კომპრომატებით ასეთი ბრძოლა ჯერ  არ გვინახავს. ეს, უბრალოდ, კომპრომატების ომი აღარაა, ეს კომპრომატების პირველი დიდი სამამულო ომია.

ზოგი ჭირი მარგებელია

როდესაც ამ "ფიქრებს" ვწერ, შაბათი დილაა. ხალხი კიდევ ელის ახალ სერიებს ფილმიდან "კომპრომატების წვიმა, ანუ ვინ უფრო ცუდია". დილით ტელევიზორს რომ ვრთავ, თუ კაი გემრიელი კომპრომატი არ დამხვდა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მეუფლება. მაგალითად, მსუყე ხუთშაბათის შემდეგ პარასკევ დილით მხოლოდ ლადო ვარძელაშვილის საუბარი რომ აჩვენეს, სადაც იგი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების დირექტორების მოხსნას ითხოვს, უკმაყოფილო დავრჩი, თუმცა მერე წამოვიდა და წამოვიდა ფარული ჩანაწერები, როგორც სახელისუფლებო არხებზე, ისე - არასამთავრობოზე.  ამ დღეებში ჩვენი ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდა. საინფორმაციო გამოშვებები მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ალმანახად იქცა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფილმები როგორც საშინელებათა სერიიდან, ისე "ჟიზნენნი", თავისი დრამებით, ინტრიგებით, აბობოქრებული ვნებებით, მკვლელობის დაკვეთებით და გინებებით. თუ სერიოზულად ვიტყვით, ამ ყველაფერს მართლაც შეიძლება ჰქონდეს  დადებითი მხარე: ფარული ჩანაწერების შემდეგ, იმის შიშით, რომ ხვალ მთელმა საქართველომ არ მოისმინოს, იქნებ ქართველი კაცები გინებას მაინც გადავეჩვიოთ.

ნაციონალებს ცოცხით "მონათლავენ"?!

ციხის კადრებმა ხელისუფლებას, ეტყობა, ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ ნოკდაუნიდან ჯერაც ვერ გამოსულან. აბა, სხვაზე რაზე უნდა მეტყველებდეს ის, რასაც ისინი ამ დღეებში ლაპარაკობენ. სააკაშვილისგან ასეთ რაღაცებს უკვე შეჩვეული ვართ, მაგრამ იმ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, მას არც გიგი უგულავა ჩამორჩა. ამ ამბავს ყურადღება პირველად სწორედ თეოლოგმა ვასილ კობახიძემ მიაქცია და სოციალურ ქსელში ერთი წინადადებით გამოეხმაურა: "გიგი უგულავამ ის ცოცხები ქრისტეს ჯვარს შეადარა."

ახლა კი ციტატა მერის გამოსვლიდან: "მე გულწრფელად თანავუგრძნობ ყველა დაზარალებულს და მათ ოჯახებს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი წამების იარაღი - ჯვარი იქცა კაცობრიობის ცოდვისაგან გამოხსნის, ქრისტიანული ცივილიზაციის და ევროპული ღირებულებების მთავარ სიმბოლოდ. სწორედ ასე, ამ მაგალითით, ჩვენ ეს სირცხვილი, გნებავთ, სისტემური მარცხი, უნდა ვაქციოთ შემობრუნებად და კატალიზატორად გამჭვირვალე  და ადამიანური მმართველობისკენ, იმედად, რომ ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ დატოვებს ჩვენს საპატიმროებს, ქუჩებსა და ეზოებს".

მოკლედ, "ნაციონალური" ღირებულებების სიმბოლოდ შეიძლება ცოცხი იქცეს. ამიერიდან აღარ უნდა გაგვიკვირდეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" შემსვლელებს ცოცხით თუ "მონათლავენ", მერე გულზეც, ალბათ, ოქროს ცოცხებს დაიკიდებენ.

ქურდები მოდიან?

ხელისუფლებამ რუსებით რომ ვერ შეაშინა ოპოზიციური ამომრჩეველი, ახლა ქურდებით აშინებს. მთელი კვირა იმის დამტკიცებას ცდილობენ, თუ ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვა, ქურდები დაბრუნდებიანო. "რუსთავი 2"-მა ისიც კი გვამცნო, უცხოეთში მყოფმა ქართველმა ქურდებმა საქართველოში ბოლო წლებში პირველად მონათლეს ახალი ქურდი, თან "სკაიპითო". კაცო, შელოცვა რადიოთი გამიგია, მაგრამ კურთხევა "სკაიპით"?! ჩვენ აქ "დუბინკებს" და ცოცხებს ვერ გავცდით და ეს ქურდული სამყარო, ხედავთ როგორ წინ წასულა?! მაინც რას ნიშნავს, ევროპაში რომ ხარ და არა - ციმბირში! ჰოდა, ვერაფრით ვხვდები, ამ ქურდებს ასე რატომ უნდათ საქართველოში დაბრუნება. ევროპაში, რა, მოსაპარია ცოტა თუ მოსაწევი? ახლა არ მითხრათ, მშობლიური მიწა ეძახითო.