ხელისუფლებამ კრიმინალური ავტორიტეტები ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა
ხელისუფლებამ კრიმინალური ავტორიტეტები ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა
"მხედრიონი" დიდი ხნის წინ მათვე დააბრუნეს ხელისუფლებაში, უშიშროებაში შეყარეს და "იმედის" დარბევაში სწორედ ისინი მონაწილეობდნენ"

"სააკაშვილის კრახი იმაში მდგომარეობს, რომ ინფორმაციამ გაჟონა"

"ნანახი მყავს დაპატარავებული მერაბიშვილი, როცა სააკაშვილი ღრიალებდა"


არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელისუფლებო არხებმა გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც ქვეყნის ქურდულ წარსულში დაბრუნების საშიშროებაზე მიუთითებდა. თუმცა, მედიამ მალე გაარკვია, რომ აუდიომასალაში წარმოდგენილი პირებიდან ერთი, ქურდული სამყაროს ავტორიტეტი, გარდაცვლილი იყო, მეორე, "რამკიანი" ქურდი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი გამოდგა, ხოლო ის, ვის გამოშვებასაც გუბაზ
სანიკიძე ხაბურძანიას სთხოვდა, 6 წლის წინ გაუთავისუფლებიათ. ექსპერტების აზრით, ქურდების დაბრუნების თემა ხელისუფლებამ იმ ბუად გადააქცია, რომელიც მოვა და შეგვჭამს, არადა ცოტამ თუ იცის, რომ ხელისუფლებამ ზოგიერთი კრიმინალური ავტორიტეტი ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა.  

პეტრე მამრაძე: - ის, რაც ხდება, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში სრული
პანიკაა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ახლა მერაბიშვილი და ადეიშვილი უმტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგზეა და კომპრომატები აგებულია ფაქტებზე. რაც მთავარია, უმტკიცებენ ამ არაადეკვატურ კაცს, რომ კომპრომატებმა გაამართლა და ვითარება მათ სასიკეთოდ შეტრიალდა.

სააკაშვილს ერთი თვისება აქვს, - როცა ხედავს, რომ კარგავს ხალხის მხარდაჭერას, მაშინვე იშლება; ხოლო, თუ ხედავს, რომ ხალხი შეიკრიბა "მიშა-მიშას" ყვირილით, ძალა ემატება. ამიტომაც უგროვებენ ხალხს და "მიშა-მიშას" აძახებინებენ. ეს ფსიქოთერაპიაა მისთვის.  

- გარემოცვა სიმართლის თქმას ვერ უბედავს?
- დიდი ხანია ვეღარ უბედავენ. მე ნანახი მყავს დაპატარავებული მერაბიშვილი, როცა სააკაშვილი ღრიალებდა. იციან მისი ფსიქოპათოლოგიური რეაქცია უარყოფით ინფორმაციაზე და ამას ძალიან უფრთხიან.

- რას აკეთებს პრეზიდენტი ასეთს?
- ეს არის ნამდვილი ფსიქოპათოლოგიური ისტერიკა, რომლის დროსაც მაგიდის გადაბრუნება, გრაფინების ფრიალი და უშვერი დედის გინება ჩვეულებრივი ამბავია. ადმინისტრაციის თანამშრომლებისაგან ვიცი გეგა მგალობლიშვილთან კონფლიქტის ამბავი. სააკაშვილი იმ ღამეს კანცელარიის შენობაში მივარდა და მე-9 სართულიდან ისმოდა მისი ღრიალი, შენი თავი მართლა პრემიერი ხომ არ გგონია, შენი დედაო და მერე მსხვრევის ხმაც გაისმა. ასე დასრულდა გეგა მგალობლიშვილის ხანმოკლე პრემიერობა გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობით.
თვითონ სააკაშვილი დიდი მოჩხუბარი არ არის, მაგრამ მასთან ყოველთვის არიან ვიღაც ან ვიღაცები, რომელთაც, ბუნებრივია, მგალობლიშვილი ვერ გაუმკლავდებოდა. მგალობლიშვილმა არაფერი თქვა და არაფერს ამბობს დღემდე და არის მათი ელჩი სადღაც. არადა, ჩემი უახლოესი მეგობარი მოხვდა ერთ-ერთ სუფრაზე ზონდერბრიგადფიურერებთან ერთად, სადაც ერთ-ერთმა თქვა, კარგი ბიჭი გამოდგა მგალობლიშვილი, ხმასაც არ იღებს იმაზე, რაც მოხდაო. ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, რომ მოეყოლა, რას უზამდითო და რეაქცია ყოფილა საოცარი. ეეეე, უთქვამს ზონდერბრიგადფიურერს (ეს მათი სტილია), გავასუხარებდითო.

ამ სისტემას ჩემზე უკეთ არავინ იცნობს. 2007 წელი სისტემის ჩამოყალიბებაში გარდატეხის წელი იყო. ყველაფერი გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა ოპერაცია "მარცხენა ჯიბე" - ბიზნესმენების ტოტალური დატერორება, რასაც 7 ნოემბერი მოჰყვა. 7 ნოემბერი დამთავრდა დარბევით,  "იმედის" დახურვითა და მერაბიშვილის განცხადებით, რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდითო. ამის შემდეგ შედგა გეგმა, რომელიც ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე სრულ კონტროლს ითვალისწინებდა. 7 ნოემბრის წინ მერაბიშვილმა თათბირზე თქვა, ახლა მთავარია, თავკაცები გაილახონ, გალახული ადამიანი დაჩმორებულია და ხმას ვეღარ ამოიღებსო. მაშინ შეიქმნა ეს ჯგუფები, ყველას დაენიშნა ხელმძღვანელები და მიეცა დავალება, ვის ვინ უნდა გაელახა. მიუხედავად ამისა, სისტემური კრახი სახეზეა, რადგან ამ გუნდს არ გააჩნდა იდეა.

- ის, რომ ქურდების დროებაში დაბრუნება და რუსეთის გუბერნიად გადაქცევა არ გვინდა, იდეა არ არის?
- რუსეთის გუბერნიობა მითია. დიდი ხანია ამერიკელი მეცნიერები და გავლენიანი პოლიტოლოგები წერენ, რომ ამ მითის გათამაშება ხდება არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერის მოსაპოვებლადაც. ცივილიზებულ სამყაროს უკვე  დაუფარავად ეუბნებიან, დემოკრატები აღარა ვართ, სამაგიეროდ, ბასტიონი ხომ ვართ პუტინის ჩეკისტურ რეჟიმთან ბრძოლაში? სხვები, ჩვენი გუნდის გარდა, პირდაპირ დაემონებიან რუსეთსო. ამისთვის შეთხზეს ეს მითი და ცდილობენ, დააჯერონ მსოფლიო.

ყველას გვახსოვს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პირდაპირ ეთერში რომ გადასცემდნენ კორუფციის სიმბოლოებად ცნობილი პირებისა და კანონიერი ქურდების დაპატიმრების ეპიზოდებს. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, რადგან ქურდული სამყარო დიდი პრობლემა იყო ერისა და სახელმწიფოსათვის. მას თითქოსდა ხერხემალი გადაუტეხეს, მაგრამ რა მოხდა მერე?

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, თურმე ეს ქვეყნის დამაქცევარი ქურდების დიდი ნაწილი ვადამდე ადრე გაუთავისუფლებიათ (ვატო ყიფიანი და "კანონიერი ქურდი" მელია). ხელისუფლებას ქურდული სამყარო და მასთან კავშირი რატომღაც არ გახსენებია მაშინ, როცა SAROKA.RU-მ გივი თარგამაძის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. თარგამაძე ელაპარაკებოდა "კანონიერ ქურდებს", რომლებიც რატომღაც არა საქართველოს ციხეებში, არამედ საზღვარგარეთ იყვნენ. საინტერესოა, როგორ გაჩნდნენ იქ? მაშინ როცა სამი საბურავის მოპარვისთვის 18 წელს უსჯიან კაცს და ბოლომდე ახდევინებენ სასჯელს, მაშინ როცა არასრულწლოვანები იმის გამო არიან დაპატიმრებული, რომ სოფელში სხვისი ცხენით ჯირითობდნენ და ამისთვის 7-7 წელი მისცეს, მაშინ როცა ნულოვანი ტოლერანტობა და ათასი უბედურებაა, "კანონიერი ქურდი" უხმაუროდ, თანაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს? ამ თემით დავინტერესდი და მითხრეს, სპეციალურად უშვებენ გავლენიან ხალხს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონო.

და მართლაც, მცდელობა ქურდული სამყაროს გამოყენებისა კომპრომეტირებისთვის აშკარაა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ რუსეთის ჯაშუშობასთან ერთად ამას აუცილებლად გაათამაშებდნენ. დარჩა ორი რამ: პირველი - თურმე კოალიციას უნდა ძველ დროში დაბრუნება, სადაც ქურდები მეფობდნენ, და მეორე - ბიძინა ივანიშვილს უნდა რუსეთის მონები გაგვხადოს. თავად უკვე ქვეყანა დააბრუნეს იმ დროში, სადაც ყველა მოქალაქე მზად არის დაიბრალოს ნებისმიერი აბსურდი - ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა თუ მტკვრის მოწამვლა. "მხედრიონი" დიდი ხნის წინ მათვე დააბრუნეს ხელისუფლებაში. უშიშროებაში შეყარეს და "იმედის" დარბევაში სწორედ ისინი მონაწილეობდნენ. ნიკა რურუა და მისი ჯგუფი ვინ არის? უფრო ქურდული მენტალიტეტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოშია, წარმოუდგენელია. ჩემს მეგობარს 23 წლის  პროკურორმა უთხრა, ვიცით, რომ არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ უნდა გადაიხადოთ 100.000, ასე გადაწყდა სახელმწიფო დონეზეო. ამაზე მეტი ქურდული მენტალიტეტი რაღა გინდათ?

წამებისა და ღირსების შელახვის ის ფაქტები, რაც ვიხილეთ, დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ქართველ საზოგადოებას, ქართველი მამაკაცის ცნობიერებას, რომ ციხე სიკვდილზე უარესია. სასაცილოა, მერაბიშვილი რომ ლაპარაკობს ციხეებში არსებულ ვითარებაზე და იქ თავის მარჯვენა ხელს, უტიაშვილს გზავნის ვითარების გამოსასწორებლად. სააკაშვილს კარგად ვიცნობ და მისი კრახი იმაში მდგომარეობს, რომ ინფორმაციამ გაჟონა.
სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა ყველაფერი იცოდნენ და მათგან დანერგილი სისტემის გამო იყო, რომ წინ მიდიოდნენ სწორედ ისინი, ვინც ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ. სააკაშვილის მელიტოკრატია მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ადამიანი დაწინაურებას იმსახურებს მხოლოდ მაშინ, თუ მზად არის, უპირობოდ შეასრულოს "ტროიკის" ბრძანებები. მაშინ იტყვიან მასზე, მაგარი ყოფილაო. თუ ადამიანი ყველაფერზე წამსვლელი არ არის, ჩმორია და უკეთეს შემთხვევაში სადმე ელჩად გადაჰყავთ.

როცა ბაჩო ახალაია დაინიშნა მინისტრად, ამერიკულ პრესაში დაიბეჭდა სტატიები, სადაც ეწერა: ფრიად დასანანია, რომ სამხედრო საქმის სრულიად უცოდინარი პირი, რომელმაც მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ქვეყანაში სადისტის სახელი დაიმკვიდრა, თავდაცვის მინისტრად დაინიშნაო. რატომ დასჭირდა ეს სააკაშვილს? იმიტომ, რომ იცოდა, რა მდგომარეობა და განწყობა იყო მის მიმართ ჯარში.

- მაგრამ ხომ დასაჯა ჯალათები და გაათავისუფლა ორი მინისტრი?

- სააკაშვილის ქცევა სხვა არაფერია, თუ არა სტალინის ცნობილი საჯარო მითითება ბერიასთვის. მოგეხსენებათ, ბერია 1937 წელს საქართველოში იყო. სტალინმა ის 1938 წლის შემოდგომაზე გაიწვია მოსკოვში და НКВД-ს ხელმძღვანელად დანიშნა, თანაც, პირველი საჯარო დავალება მისცა, გამოიძიე, იყო თუ არა დარღვევები ხალხის მტრების გამოვლენაში და გასამართლებაშიო. ბევრმა არ იცის, რომ მაშინ პირველად იქნა რეაბილიტირებული და ციხეებიდან და ბანაკებიდან გაათავისუფლეს ათასობით კაცი. ბერიამ გააკეთა ცნობილი განცხადება, - გვეყოფა რეპრესიებიო. სამაგიეროდ, მერე იმ მოწმეებს დაერივნენ, დახვრიტეს, ვინც დასახვრეტი ჰყავდათ და ახალი ძალით შეუდგნენ წმენდას. ეს სისტემას სჭირდებოდა. სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა ჩვენი ხელისუფლებაც. ცდილობს, თავი გადაირჩინოს ამ ეგრეთ წოდებული საკადრო ცვლილებებით, მაგრამ სისტემური კრახი აშკარაა. მას ვერაფერი გადაარჩენს.

ჟვანიას დაცვის უფროსის ტელეფონი სადღაც გაქრა

აწ გარდაცვლილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ ვიდეოფირის შესაძლო გავრცელებაზე ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ თემაზე დიდი ხანია ლაპარაკია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სტატიაში მივუთითე, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია სანდო წყაროსგან ჩვენც მივიღეთ, ფირის გამოქვეყნების მოლოდინი გაჩნდა. თუმცა, ჩვენი წყარო არ აზუსტებდა, როდის გამოქვეყნდებოდა ფირი.

ფირის ჩვენება, ბუნებრივია, დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა, ამიტომ ჩვენს წყაროს ვთხოვეთ, დაესახელებინა არგუმენტი, რომელიც ამ საქმესთან არის კავშირში და რომელიც ამ ინფორმაციას (ფირის არსებობას) სანდოობას შემატებდა.

მისი თქმით, ერთადერთი, რის გადამოწმებასაც შევძლებთ, ის არის, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს მისი დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის მობილური ტელეფონი საეჭვოდ  აორთქლდა. მას ახალი ტელეფონი სახელმწიფო კანცელარიამ უყიდა, რაზეც ხელი პეტრე მამრაძეს აქვს მოწერილი.

პეტრე მამრაძესთან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ეს დეტალი დადასტურდა:
- ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია. დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ, რომლის გვარი ამ ბოლო დროს გახმაურდა "გრინსერვისისა" და კვიპაროსების სკანდალში, ჟვანიას გარდაცვალების მეორე დღეს, დილით გვაცნობა, რომ მობილური ტელეფონი დაკარგა და ახალი მოითხოვა.

- ეს ჟვანიას გარდაცვალების მეორე დილა იყო?
- დიახ, კარგად მახსოვს, რადგან  გაკვირვებული ვიყავი. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა ღამით, სამსახურში ყველანი თავზარდაცემული ვართ და უცბად მეუბნებიან, ჟვანიას დაცვის უფროსს სასწრაფოდ მობილური ტელეფონი სჭირდება, ძველი დაეკარგაო. ჩემი პირველი კითხვა იყო, პრემიერის დაცვის უფროსია, მაგრამ ჩვენი თანამშრომლები ხომ არ არიან დაცვის წევრები, მთავრობის კანცელარიამ რატომ უნდა უყიდოს და არა სამთავრობო დაცვამ-მეთქი? მეორე მხრივ, ტელეფონის ყიდვა კანონდარღვევა არ იყო და არამიზნობრივად ვერ ჩაითვლებოდა.

- ვინ მოგთხოვათ ტელეფონის ყიდვა?
- აღარ მახსოვს, ან სამეურნეო ნაწილის უფროსმა, ან პრემიერის აპარატიდან დამირეკეს. რა უნდა ყოფილიყო ასე სასწრაფო და გადაუდებელი, რომ დაცვის უფროსისათვის ახალი ტელეფონის ყიდვა დადგა დღის წესრიგში? პრემიერის დაცვის უფროსის ძველი ტელეფონი სადღაც გაქრა. ეს ფაქტია და ამას ვადასტურებ. რა შეიძლება ყოფილიყო იმ ტელეფონში დაფიქსირებული, თქვენ განსაჯეთ!
Me
05 ოქტომბერი 2012 10:35
მე ვმუშაობდი კანცელარიაში 20 წლის და ეგ მელა მანდ იკო კველა დირკას ერგება . დარჩა უმუშევარი და ალაპარაკდა
sasha
03 ოქტომბერი 2012 13:41
ესეც კარგი გატახსირებული არსებაა,,ის რატომ არ ახსენა ამერიკელებმა შემდეგ როგორ შეუკეს სააკაშვილს ახალაია და მადლობები უხადეს ესეთი თავდაცვის მინისტრი ნეტა ჩვენ გვხავდესო!
NINKA
02 ოქტომბერი 2012 04:11
ტქვენ ვის მომზადებულ აჯაპსანდალს მიირტმევტ ეხლა ნანა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები