ანდრეი ნეკრასოვი: "მე მიშა კი არა, საქართველო მიყვარს!" - კვირის პალიტრა

ანდრეი ნეკრასოვი: "მე მიშა კი არა, საქართველო მიყვარს!"

"თქვენი წარმატება თავისუფლებისმოყვარე რუსი ხალხის გამარჯვებაც არის"

"სააკაშვილი "ქართულ ოცნებას" მოსვენებას არ მისცემს"

"მონანიება 2" თუ "ქართულის გაკვეთილები"?

რამდენიმე დღის წინ რესტორანში, გვერდით მაგიდასთან, უცხოელმა ახალგაზრდა მამაკაცმა ოფიციანტს რამდენიმე ქართული კერძი შეუკვეთა. ეტყობოდა, კარგად ერკვეოდა ქართულ სამზარეულოში. პროფესიულმა ცნობისმოყვარეობამ მძლია და გულდასმით შევათვალიერე. ქართული სამზარეულოს მოყვარული ცნობილი რუსი დოკუმენტალისტი, აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმ "რუსულის გაკვეთილების" ავტორი ანდრეი ნეკრასოვი აღმოჩნდა. ბევრი არც მიფიქრია, დიქტოფონით შევიარაღდი და მის მაგიდასთან დაჯდომის ნებართვა ვითხოვე.

- დიდი ხანია საქართველოში ხართ?

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედი, ძალიან მაინტერესებდა მოვლენები, საქართველოში რომ ვითარდებოდა. ჩემი აზრი ჯერ კიდევ პატიმართა წამების შემზარავი ვიდეოფირის გავრცელების შემდეგ გამოვხატე. ეს ფაქტები უკავშირდება ერთ კაცს, ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც უნდა სწრაფად მოახდინოს ქვეყნის მოდერნიზაცია და მოქმედებს ლოგიკით "მიზანი ამართლებს საშუალებას". ფაქტია, რომ

სააკაშვილის პოლიტიკა იყო ასეთი - ყველაფერი დასაშვებია, ოღონდაც მიზანი იყოს მიღწეული.

- მათ შორის ძალადობაც?

- ასეა... ეს არის უნივერსალური ისტორია, რომელიც იმსახურებს ფილმად გადაღებას. ეს შეიძლება იყოს "მონანიება 2". არ იფიქროთ, რომ სააკაშვილს სტალინს ვადარებ. ის, რაც სტალინის მმართველობისას ხდებოდა, უფრო მასშტაბური დანაშაული იყო. მაგრამ ის, რაც ქართულ ციხეებში მოხდა, ასევე დანაშაულია. ჩემი ქართველი მეგობრები მეუბნებიან, ამ შემზარავი ფაქტების შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ ზოგს ეშინოდა ხმის ამოღება, ზოგს კი არავინ უსმენდაო.

ჩემი დადანაშაულება იმაში, რომ სააკაშვილს მეგობარიც კი ვუწოდე, არასწორია. ჩემს გამოჩენას "ქართული ოცნების" აქციებზე სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. არასდროს დამავიწყდება ერთი ლამაზი გოგონა, რომელიც მოვიდა, ჯერ თავაზიანად მომესალმა, შემდეგ კი მითხრა, თქვენ კი ძალიან გიყვართ მიშა, მაგრამ ნახეთ, ვისთან დგას ხალხიო! ისე გაიქცა, პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი.

- ახლა შეგიძლიათ უპასუხოთ ჩვენი გაზეთის მეშვეობით.

- ჩემი პასუხი მარტივია. მიშა კი არა, მე საქართველო მიყვარს! მე აქ ვიყავი აგვისტოს ომის დროს და სიმართლეს ვაშუქებდი. ეს არ ნიშნავს, რომ მიშა მიყვარს და მის პოლიტიკას ვეთანხმები. რა დასამალია, ჩვენ მართლაც კარგი ურთიერთობა გვქონდა, მის ოჯახშიც ვარ ნამყოფი. პოლარიზება ძალიან მტკივნეული პროცესია. ჩემი პატივისცემის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ხალხი ძალიან ტემპერამენტიანი და ემოციურია, ჩემთვის, როგორც ჩრდილოელი კაცისთვის, ასეთი დამოკიდებულება ცოტა უცხო და უხერხულია.

- ითქვა, რომ ივანიშვილის გამარჯვება პუტინის შეთქმულების ნაწილია. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი პუტინის პროექტია, სრული უაზრობაა.

როგორც ვიცი, ივანიშვილი პუტინს საერთოდ არ შეხვედრია. ამიტომ ამით აპელირება სისულელე და ბოდვაა.

ახლა საქართველოში დაიწყება ისტორიული პროცესი - მომხდარის დეტალურად გაანალიზება. იმედია, "კუდიანებზე ნადირობას" არ დაიწყებენ, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ეს არ მოხდება. თუმცა, ბევრი განაწყენებულია იმით, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. შესაბამისად, ბევრი კითხვა გაჩნდება. ის, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიული იყო, კარგია! ჩვენთვის, რუსებისთვის, ეს შესანიშნავი მაგალითია. საქართველოში იქნება ორპარტიული საკანონმდებლო სისტემა - ნორმალური, ბრძოლისთვის მომართული ოპოზიცია და ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრულად გაკონტროლების ბერკეტი.

- ახლა თუ შეხვდით სააკაშვილს?

- წელს საქართველოში მეორედ ვარ. პირველად აგვისტოში ჩამოვედი, ომის მეოთხე წლისთავზე. ტრადიციულად, ყოველი წლის აგვისტოში ვსტუმრობ საქართველოს. ადრე რამდენიმე მინისტრს შევხვდი, მაგრამ სააკაშვილს არც ახლა და არც მაშინ არ შევხვედრივარ.

- ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი არ გქონიათ?

- დიდი სურვილი მაქვს, ძალიან საინტერესო ადამიანია. იმედია, მომავალში შევხვდები.

- საქართველოზე კიდევ ხომ არ აპირებთ ფილმის გადაღებას?

- არ დაგიმალავთ და ძალიან მინდა გადავიღო კიდევ ერთი ფილმი, ოღონდ ახლა უკვე "ქართულის გაკვეთილები". ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ფაქტია, ეს დემოკრატიული ქვეყანაა.

- როგორ ფიქრობთ, ამის შემდგომ შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა?

- რუსული მხარე ამას ძალიან ცდილობს. მყისიერად, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, რუსეთის ნაციონალურ ტელეარხებზე გამოჩნდნენ ლეონტიევის მსგავსი ცინიკოსი, პუტინის მომხრე უპრინციპო პერსონაჟები და თქვეს, ეს ჩვენი გამარჯვებაც არისო. ეს იყო ტიპური რეაქცია რუსეთის ხელისუფლებისა. თუმცა, ივანიშვილმა მყისიერად უპასუხა რუსეთის ამ ნაადრევ სიხარულს და პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მეგობარია და პირველი ვიზიტით ის სწორედ ამერიკაში ჩავა. თუმცა, ველოდები, რომ ივანიშვილი ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნაზეც იმუშავებს. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ პოლიტიკაც ხელოვნებაა და ვნახოთ, როგორ მოახერხებს ამას.

როცა მეზობელი გყავს, მის გვერდით უნდა გეცხოვრებოდეს, მასთან უნდა ვაჭრობდე. როგორ გამოუვა ეს ივანიშვილს, არ ვიცი, თუმცა, ნიჭიერი კაცია და რუსეთთან დიალოგიც უნდა გამოუვიდეს.

მე, ძირითადად, ლონდონში ვცხოვრობ, მაგრამ რუსეთში ხშირად გამოვდივარ მიტინგებზე რევოლუციური მოწოდებებითა და განცხადებებით. "რუსულის გაკვეთილები" არასოდეს უჩვენებიათ რუსეთის ტელეარხებით. არადა, ეს ფილმი ბევრ რამეს შეცვლიდა რუსი ხალხის ცნობიერებაში. გაიგებდნენ სიმართლეს აგვისტოს ომის შესახებ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მხოლოდ წინდაუხედავმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ რუსეთს სრულ ბოიკოტს გამოუცხადებს, ჩაუკეტავს საზღვრებს და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში? ლაპარაკია მოსალოდნელ პოლიტიკურ კრიზისზე...

- სააკაშვილი მებრძოლია, ვფიქრობ, ასე იოლად არ დანებდება და ყველა ბერკეტს გამოიყენებს. მან კარგად იცის პოლიტიკური თამაშის წესები, ამიტომ "ქართულ ოცნებას" მოსვენებას არ მისცემს. აუცილებლად დაელოდება მომენტს, როდის დაიწყება ოპოზიციის რღვევის პროცესი და შეეცდება ვიღაცების თავის მხარეს გადაბირებას.

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის კარიერაში ახალი ფაზა იწყება და მისგან კიდევ ბევრს უნდა ველოდოთ. არც ივანიშვილის კოალიციაშია ყველა ანგელოზი, მაგრამ გაერთიანება ერთადერთი საშუალება იყო, რათა სააკაშვილის ავტორიტარულ ტენდენციას წინ აღსდგომოდნენ. მოკლედ, წინ ძლიერი, კონკურენტუნარიანი ბრძოლა გველოდება, რომელიც ქართველი ხალხისთვის სასარგებლო, ჩვენთვის კი მაგალითის მომცემი იქნება. არა მხოლოდ რუსეთი ადგას აჩრდილად საქართველოს, არამედ თქვენი ქვეყანაც ახდენს ჩვენზე გავლენას. სწორედ ეს არის ჩემი აქ ყოფნის მოტივაცია. თქვენი წარმატება თავისუფლებისმოყვარე რუსი ხალხის გამარჯვებაც არის.

"რუსულის გაკვეთილები"

დოკუმენტალისტი ანდრეი ნეკრასოვი საქართველოში აგვისტოს ომის გასაშუქებლად, აწ გარდაცვლილ მეუღლესთან, ოლგა კონსკაიასთან ერთად 2008 წელს ჩამოვიდა.  ნეკრასოვის ფილმში მოხვდა ის, რასაც არც მაშინ და არც ახლა, რუსეთის ნაციონალური ტელევიზიები არ აშუქებდნენ: რუსეთის ავიაციისგან დაბომბილი ქართული სოფლები, დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა, მაროდიორობისა და ძალადობის ფაქტები. ოლგა მაშინ უკვე სიმსივნით იყო ავად და ფილმის დასრულებას ვერ მოესწრო - პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. 2009 წელს ანდრეი ნეკრასოვს საქართველოს წლის ადამიანის წოდება მიენიჭა.