"ამ ძალას ხელისუფლებაში დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს" - კვირის პალიტრა

"ამ ძალას ხელისუფლებაში დარჩენის მორალური უფლება აღარ აქვს"

"მონოპოლისტებს შეუძლიათ ფასებით ხელოვნურად ააფეთქონ სიტუაცია"

მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, ქვეყანაში ძარცვისა და ყაჩაღობის სერია დაიწყო. დააყაჩაღეს "ტაოპრივატბანკის" ერთ-ერთი ფილიალი, გაძარცვეს საქართველოს ბანკი, გორში კი კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია. გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში შეიძლება ქაოსი დაიწყოს.

პეტრე მამრაძე: "აშკარაა, რა გეგმებიც აქვს კრახგანცდილ სისტემას. ფიქრობენ, რომ მოახერხებენ კოალიციის მარგინალიზაციას და ცოტა ხანში უკან დაბრუნდებიან. პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტზე ჩაბღაუჭებაც ამაზე მიუთითებს.

- პარლამენტის დათხოვნას შეძლებს პრეზიდენტი?

- ამის კონსტიტუციური უფლება აქვს, თუმცა, პარლამენტი რომ დაითხოვო, იდეოლოგიურად უნდა იყო მომზადებული. კარგად ვიცნობ ამ გუნდს და მათ გამონათქვამებში აშკარად ვხედავ, რომ საბოტაჟისთვის ემზადებიან. ის ყაჩაღობა თუ ქურდობა, რომელიც კოალიციის გამარჯვების დღიდან დაიწყო, სწორედ ამაზე მიუთითებს. ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, ხალხისა და უცხოელების თვალში ჩამოაყალიბოს აზრი, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ქაოსისაკენ მიაქანებს. უცებ აღმოჩნდება, რომ პატრული ის აღარ არის, რაც იყო; აღმოჩნდება, რომ უმრავლესობამ ვერ მოუარა კრიმინოგენულ ვითარებას. მალე კორუფციული "ფაქტებიც" ამოტივტივდება, რაც იმის "მანიშნებელი" იქნება, რომ ეს გუნდი მასობრივი კორუფციის აღსადგენად არის მოსული. შემთხვევითი არ არის ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნებიც. როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, რა დახვდება ბიუჯეტში, უკვე გაისმა, როგორ, სექტემბრის ჩათვლით ჩვენ პრობლემა არ გვქონდა ბიუჯეტში და რატომ ამბობენ, რომ ხაზინა ცარიელიაო?! მინდა გითხრათ, რომ ხაზინა სწორედაც რომ ცარიელია.

ისეა გახარჯული და გაწერილი, რომ  საჭირო ღონისძიებების გასატარებლად არაფერია დარჩენილი. არც იმის დავიწყება ღირს, რამხელა პრემიები გამოუწერა არჩევნების შემდეგ დიმიტრი შაშკინმა თავისი უწყების თანამშრომლებს. უკვე 12 მილიარდ-ნახევარი დოლარია საგარეო ვალი.  შექმნილია მონოპოლიები ყველა დარგში - საწვავის, ხორცის, შაქრის, ხორბლის, ფქვილის, წამლების, ავიაბილეთების ბიზნესში. ჯერჯერობით არ არსებობს სფერო, რომელიც არ არის მათი დანიშნული პირების კონტროლქვეშ. ამ მონოპოლიებს ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ, - შეუძლიათ თავის გემოზე დააწესონ ის ფასები, რითაც შეძლებენ ვითარების ხელოვნურად აფეთქებას. მონოპოლიების დაშლას დიდი დრო სჭირდება. ყველაფერი ეს არის წინა პირობა იმისა, რომ ძველი ხელისუფლება ქაოსის შესაქმნელად ემზადება.

ხელისუფლებას დასავლელი ლობისტებით, ქვეყანაში ქაოსის შექმნით უმოკლეს დროში დაგეგმილი აქვს ახალი ძალის მარგინალიზაცია და უკან დაბრუნება. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ შექმნას ქაოსი. ჩვენ მათ ამის შანსი არ უნდა მივცეთ. როცა დავინახავთ მერაბიშვილს, უნდა გვახსოვდეს უტიაშვილისთვის ნათქვამი მისი სიტყვები: "იხმარეთ თუ არა ყველა ბოლოდან ფოტორეპორტიორები?!" როცა გიგი უგულავას დავინახავთ, თვალწინ უნდა დაგვიდგეს უგულავას "გულაობა" და ის ფოტოები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, და გვახსოვდეს, რომ ამ ძალას არა აქვს მორალური უფლება, დაბრუნდეს ხელისუფლებაში".

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი: "იმ დროში, ვიდრე ახალი მთავრობა არ დამტკიცდება, შეეცდებიან ადამიანების ცნობიერებაში დაამკვიდრონ ქაოსის შიში. ამის ნიადაგი მომზადებული აქვთ. რამდენიმემ უკვე მკითხა, ივანიშვილს კი მივეცით ხმა, მაგრამ ვაითუ ქურდები დააბრუნონ, ისევ ძარცვა და ყაჩაღობა რომ დაიწყოსო? ასეთი ხელოვნური არეულობა შფოთის განცდას იწვევს, ხალხის უმეტესობა კი ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში რასთან არის ეს დაკავშირებული.

ქაოსის გამომწვევს ახლა გამოჭერილი ვყავართ და ქუჩურად რომ ვთქვათ, ამით გვაწვება. ისმის კითხვა: ვინ არის ის, ვინც თავს უნდა მოახვიოს თავისი ნება ხალხს და ქაოსი გამოიწვიოს? ისევ ის ძალა, ვისაც ფული და ძალაუფლება აქვს, მაგრამ ახლა  საჭიროა ადრესატის შერჩევა, რომ მას დაჰბრალდეს ყველაფერი. ახლა ადრესატი კოალიცია "ქართული ოცნებაა".

ქაოსს ყოველთვის სახელმწიფო სტრუქტურები იწვევენ. თუმცა, საზოგადოების ცნობიერებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ბალტიისპირეთში საზოგადოებას დაუპირისპირეს ე.წ. ინტერფრონტი, ანუ მრავალეროვანი მოსახლეობა. სხვათა შორის, ინტერფრონტის ერთ-ერთი ლიდერი ესტონეთში ქართველი, ვინმე კაპანაძე იყო. ინტერფრონტელებს მხარს უჭერდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ომონის ლეგალური რაზმები, პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, მაგრამ ბალტიისპირელებმა მტკიცე ნებისყოფა, მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოიჩინეს და არ აჰყვნენ პოლიტიკურ პროვოკაციებს.

საქართველოში ქაოსი შედარებით ადვილი მისაღწევია, რადგან კარგად იციან ქართველების ფსიქოლოგია. ეს კავკასიაა და იმის მოთმენა, რაც ბალტიისპირელებს შეუძლიათ, ქართველებისთვის წარმოუდგენელია. რეგულირებული ქაოსის დოქტრინა იოლად გასატარებელი გახდა საქართველოში და ამის საშიშროება დღესაც იგრძნობა.