ლახუნდარელის ბუხართან - კვირის პალიტრა

ლახუნდარელის ბუხართან

გამარჯობა. მე კიმოთე ლახუნდარელი ვარ. არ ვახსოვარ ახლა მე ბევრს, მაგრამ როცა მამაჩემმა, სულგანათლებულმა სერგო კლდიაშვილმა შემქმნა, მაშინ კი ვიყავი საქართველოში პოპულარული.ცოტა არ იყოს, ტყუილების მოყვარული გახლავართ. უკვე ისე მივეჩვიე ამ ტყუილებს, რომ ცხოვრების ნაწილად გავიხადე, თუმცა ბოროტად არ ვიტყუები და ამით ვიმართლებ თავს. ამ ბოლო დროს ბევრი მიმდევარი გამომიჩნდა, რომლებიც ისეთ მამალ ტყუილებს ამბობენ,  ჩემს გერმანელ კოლეგას, ბარონ მიუნჰაუზენსაც გადაუჯოკრეს. გადავწყვიტე, კვირაში ერთხელ ჩემს ბუხართან ერთი ტყუილის განხილვა მოვაწყო.

მაშ ასე, პირველად ჩემს ბუხართან საქართველოს პრეზიდენტ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ვუმასპინძლებ (წინასწარვე ვეჭვობ, ხშირად მომიწევს ბატონი პრეზიდენტის მოპატიჟება).

რამდენიმე დღეა არჩევნები გადავაგორეთ. ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ძალამ ერთ-ერთი პირველი, რაც განაცხადა, ის იყო, რომ ქალაქი ლაზიკა აღარ აშენდებაო. ჩემი და ჩემი სტუმრის სასაუბრო თემაც სწორედ ლაზიკა იქნება.

სექტემბრის შუა რიცხვებში პრეზიდენტი ჯერ არაშენებულ ქალაქ ლაზიკას ესტუმრა და როგორც პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი იტყობინებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა... :))

სიმართლე გითხრათ (ზოგჯერ სიმართლეც წამომცდება ხოლმე), თავიდან მეგონა, მომეჩვენა, მაგრამ მერე კიდევ რომ გადავიკითხე, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ერთპიროვნულ ლიდერობას ამ სფეროში (მატყუარობას ვგულისხმობ) ძირი შეერყა. ტყუილიცაა და ტყუილიც, მაგრამ როცა ასეთ რაღაცას წერ, მინიმუმ შუბლის ძარღვი უნდა შეგიტოკდეს მაინც, ხოლო თუ არ გიტოკდება, ჩნდება ლოგიკური კითხვა: გაქვს საერთოდ? პინოქიოს რომ ეთქვა ასეთი დიდი ტყუილი, ცხვირი ქართველი მინისტრების პრემიასავით  გაეზრდებოდა. როგორც პიარტექნოლოგები ამბობენ, წინასაარჩევნოდ რაც უფრო გრანდიოზულ ტყუილს იტყვი, მით უფრო დამაჯერებელიაო, მაგრამ იმაზე არაფერს ამბობენ, თუ თავხედურად მოიტყუები, ამ  შემთხვევაში რა ხდება.

ქალაქი, სადაც ერთი საცხოვრებელიც არ არის, მაგრამ უკვე ჰყავს ადგილობრივი მცხოვრებლები, სულ მინიმუმ - ანომალიაა, ხოლო თუ ასეთივე ქალაქს იუსტიციის სახლიც აქვს, უკვე ფანტასტიკის ისეთი ჟანრია, რომელიც არც რეი ბრედბერს და არც რობერტ შეკლს არ დაესიზმრებოდა.

ისე, ჩემი სტუმარი მანამდეც იყო შემჩნეული ტყუილების თქმაში (მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა, რომ ნატომ მაპზე უკეთესი რამ მოგვცა; მან შეძლო და 100 საავადმყოფოს რიცხვი 150-მდე გაზარდა; ფრენა ევროპის მიმართულებით 22 ევროდან და ა.შ.) და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ კიდევ გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, სად იქნება... ისე, სტუმარმასპინძლობას რა ვუთხარი, თორემ კი მივახლიდი პირში, მაგ სიმართლით იარეო... ვერც დარიგება შევკადრე ამხელა კაცს - მაინც პრეზიდენტია. არადა, თუ არ დაარიგა ვინმემ, ტყუილი ისეთი უნდა თქვა, ათიდან ერთმა კაცმა მაინც დაგიჯეროსო. ეს ისეთი მონდომებული ჩანს, ჩემნაირ პროფესიონალსაც კი ორი საჟენის მანძილზე ჩამოიტოვებს უკან.

ზემოთ უკვე ვთქვი, არჩევნები რომ გადავაგორეთ. შესაბამისად დამრიგებელი და მიმთითებელი ალბათ გამოუჩნდება, მაგრამ დაუჯერებს?!

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

დღეისათვის აქ ვიკმაროთ. ისე, გპირდებით, რომ ჩემს ბუხართან კიდევ ბევრი სტუმარი იქნება, რადგან ტყუილი ყოფა-ცხოვრების ისეთივე ნაწილი გამხდარა, როგორიც ჭამა და ძილი.

ლადო გოგოლაძე