"სააკაშვილი უნდა გადადგეს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი უნდა გადადგეს"

"არაერთი ადამიანი ამ მოკლე ხანში ყველაფერს დაკარგავს"

"ქართულ გენთან არავის არაფერი გასვლია და არც გაუვა!"

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას რეჟისორი რეზო ესაძე გამოეხმაურა.

- თავისუფლება ერთდროულად მომნუსხველიც არის და საშიშიც. ფაქტია, მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, თავისუფლებისთვის იბრძვის. აუცილებელია, განვასხვაოთ ცალკე აღებული ერთი ინდივიდისა და საზოგადოებრივი (ერთად აღებული უამრავი ადამიანის) თავისუფლება.  ინდივიდი თუ იბრძვის ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის, მაშინ ის, მისდა უნებურად, სხვისთვის სამაგალითო ხდება. მაგალითად,  როდესაც ფრანსუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, გაჭრილი თითიდან მწვეთავი სისხლით ციხის კედელზე დაწერა: "მე ფრანსუა ვარ და ეს სულაც არ მიხარია, იმიტომ, რომ ხვალ მელოდება თავის მოკვეთა, ე.ი. ხვალ გაიგებს ჩემი კისერი იმას, თუ რამდენს იწონის უკანალი!" - ამ სისხლიანი გამასხრებით ფრანსუამ ყველასა და ყველაფერს აჯობა, დასძლია უნუგეშობა და ის მდგომარეობა, საიდანაც თითქოს გზა ხსნისა აღარ ჩანდა. აი, რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება, თუკი ის ჭეშმარიტია. ფრანსუა ვიიონი თავისუფლად აზროვნებდა იმიტომ, რომ აკლდა საზოგადოებრივი თავისუფლება.

თითქოს ბოლოდროინდელ საქართველოში თითოეული (ცალ-ცალკეც და ერთადაც) ფრანსუა ვიიონს დავემსგავსეთ. აი, ეს იყო ღირსების შემლახავი მოპყრობის, ცოცხით გაუპატიურებისა და ათასი სხვა უბედურების  წონაც და ფასიც! იქ, სადაც სრული სასოწარკვეთა ჩანდა, ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი გაჩნდა, რამაც საზოგადოებრივ თავისუფლებაზე მოთხოვნა წარმოშვა. სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც ხედავდა მთელ ამ უბედურებას, რაც საკნებში ხდებოდა და ამ დროს არც მეტი, არც ნაკლები, ფაშვს ივსებდა!

ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რა არის პირადული, მიწიერი თავისუფლებით ტკბობა და რა - ჭეშმარიტი თავისუფლება. მაგალითად, გობსეკიც იყო თავისუფალი, მის უკან მთელი სიმდიდრე ყარდა, ის კი  იჯდა და უყურებდა სამ ფანჯარას, რომელთაგან ერთი გაკაშკაშებული იყო, მეორეში მბჟუტავი ალი ჩანდა, მესამეში ბნელოდა. გობსეკი კი ფიქრობდა, - "იქ, სადაც შუქი არ არის, შემიძლია ავანთო, სადაც არის, ჩავაქრო, მესამე ფანჯარაში კი ხან ავანთებ, ხან ჩავაქრობ და ამით გავერთობი". არადა, ხომ ცხადი იყო, ვისაც შუქს ჩაუქრობდა, უბედურებას  მოუტანდა.

ჭეშმარიტი თავისუფლება სხვათა უფლებისთვის ბრძოლას მოიცავს. ის კი, ვინც სხვებისთვის იბრძვის, მისდა უნებურად ქმნის ერთიან სივრცეს, საიდანაც წარმოიშვება არა ერთის, არამედ ბევრის, ე.ი. საზოგადოებრივი თავისუფლება! ვფიქრობ, ქართველი ერი ამ პროცესამდე ძნელად, ურთულესი გზის გავლით მივიდა. ამიტომაც ვარ ამ გამარჯვებით პირთამდე სავსე.

- სააკაშვილმა მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემის პროცესი დაუშვა.

- მის მოქმედებებში ჯერ კიდევ უნდა დავრწმუნდეთ. როდესაც ის სახელმწიფოს სათავეში მოვიდა, დიდი ოვაციით შევხვდი, მაგრამ იმედი მალე გამიცრუვდა.  სააკაშვილი მოვიდა თუ არა, საზოგადოება ჩარეცხილებად, მუმიებად და ჯოჯოებად დაყო. მან ბუნებით ღვთისმოსავ ერს ბრძოლა გამოუცხადა. სააკაშვილის ხელისუფლებამ "სიხარულის ქუჩაც" კი დააარსა, სადაც ისევ მათი კოტეჯები, ზღაპრული სასახლეები არის წამოჭიმული. მათი ბედნიერების პარალელურად კი იზრდებოდა სხვათა უბედურება, რაზეც თვალს ხუჭავდნენ.

მათგან მთლიანად განსხვავებულია ივანიშვილი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, შეეძლო სადმე ეგზოტიკურ კუნძულზე ტკბილად ეცხოვრა, მაგრამ მან საზოგადოებრივ თავისუფლებაზე ფიქრი დაიწყო. ასე რომ, თუკი სააკაშვილი ახლა მაინც მოეგო გონს, უნდა გადადგეს და ივანიშვილს გზა დაუთმოს.

- რატომ ვერ მოხერხდა ერის გაერთიანება უფრო ადრე, ისევე, როგორც ახლა?

- ქართველმა ერმა საკმაოდ რთული გზა გამოიარა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ივანიშვილის მოსასვლელად სივრცე შექმნილიყო. რასაკვირველია, ეს უფლის ნების გარეშე არ მომხდარა. თავის დროზე, რომ არა საკნებით გამოხატული პროტესტი ან სისხლიანი 26 მაისი, დღემდე ვერ მოვიდოდით. აქ ყველამ  თავისი როლი შეასრულა. თუმცა, ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია ერის გამთლიანებისთვის.

დღეს მხოლოდ საზოგადოების ნაწილის ერთობა გამოვლინდა. ნაწილი ყოველთვის შეეცდება, დაიბრუნოს დაკარგული ძალაუფლება და მატერიალური კეთილდღეობა. ალბათ, არაერთი ადამიანი ამ მოკლე ხანში ყველაფერს დაკარგავს. მათ თუ უკან არაფრის დაბრუნება არ მოითხოვეს, მაშინ "ვაშა" მათაც. ასეთ შემთხვევაში მათ უფრო ტრაგიკულ პერსონებად აღიქვამს მომავალი თაობა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩვენ არ ვიცით ბოლომდე ეყოფა თუ არა გონიერება სააკაშვილს.

და კიდევ, ერთი რამ არ შემიძლია არ ვთქვა: ამ  ხნის განმავლობაში თურმე  ფუჭად მიმდინარეობდა ე.წ. პატრიოტთა ბანაკებში ახალგაზრდების ტვინების დამუშავება, მათ ბუჩქებისა და გარყვნილებისკენ უთითებდნენ, რამაც ნაყოფი ვერ გამოიღო. პატიმართა წამების გამო ახალგაზრდების პროტესტმა დაგვანახა, რომ ქართულ გენთან არავის არაფერი გასვლია და არც გაუვა!

- თქვენი აზრით, როგორ აჯობებს ქვეყნისთვის, ახალი ხელისუფლება შემწყნარებელი იყოს, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი სახელმწიფო  მმართველობის რგოლში ჩააბას და ამით შემდგომ პროცესებზე პასუხისმგებლობა დააკისროს თუ ყველა დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს?

- დამნაშავე დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა განსაჯოს. დაუშვებელია შეღავათი! თუმცა, ამის შემდეგ შეიძლება მიტევებაც, სასჯელის განახევრებაც და ა.შ. სამართალმა უნდა იზეიმოს, მაგრამ არა ერის მტრებად და ჯოჯოებად დაყოფის ან დაცალკევების ხარჯზე.

ივანიშვილის მოქმედებები უტყუარი ინტუიციით არის გაჯერებული და ვფიქრობ, ისევე უშეცდომოდ გაივლის ამ გზას, როგორც  აქამდე გამოიარა. თუმცა, დღეს გვაქვს სხვა რეალობაც, თუ ადრე მხოლოდ ივანიშვილის პერსონაზე ვლაპარაკობდით, ახლა არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ მისი გარემოცვა. ის, რომ დღეს არც სააკაშვილი, არც ბოკერია და ზოგიერთი სხვაც საკუთარ თავს აღარ ჰგვანან, განპირობებულია იმ კეთილშობილური სივრცის ზეგავლენით, რომელიც ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლით შექმნა.

კაცობრიობა XXI საუკუნეში ჩიხში შევიდა, საქართველომ კი  მას უჩვენა ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითი. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი სამყარო, სადაც ბედნიერი უნდა იყვნენ ერები და არა ცალკეული ადამიანები.

თავისუფალი ის არის, ვისაც შეუძლია არ იცრუოს

ალბერ კამიუ