მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ჩვენ ეს შევძელით!

მომკალით და ზოგჯერ ვერ ვიჯერებ... თქვენ ასე არ გემართებათ? ხანდახან არ ფიქრობთ, რომ იქნებ სიზმარია? იქნებ ეს ყველაფერი ჩვენთან კი არა, სხვაგან მოხდა? აბა, როგორი დასაჯერებელია, რომ შევძელით და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთ. ეს შევძელით ჩვენ, ვინც მთელი ოცი წელი მხოლოდ გადატრიალებებსა და რევოლუციებს ვაწყობდით ან ამის მცდელობით ვიყავით დაკავებული. ეს შევძელით ჩვენ, ვისაც გვეგონა, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ შორეული დასავლეთის ქვეყნების ფუფუნება იყო და შურით აღსავსე მზერით ვადევნებდით თვალს, როგორ წააგო არჩევნები ნიკოლა სარკოზიმ და როგორ ღირსეულად გადააბარა ხელისუფლება თავის მემკვიდრეს. მაშინ ჩვენ ვამბობდით: განა სარკოზის არ შეეძლო გაყალბება, განა მის ხელთ არ იყო ბერკეტები, მაგრამ არა, საფრანგეთი ჩვენზე წინაა, იქ ასეთ რამეს გულშიც კი არ გაივლებენ. ეჰ, ჩვენ როდის მივალთ მათ დონემდე! არადა, არც ისე შორი ყოფილა. რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ ჩვენში უკვე ევროპული დემოკრატია ყვავის, მაგრამ შემდგარი სახელმწიფო უკვე ნამდვილად გვქვია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ ვერ ვიქცეოდით ნორმალურ სახელმწიფოდ, ვიდრე ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების პრეცედენტს არ შევქმნიდით. და ეს პრეცედენტიც გვაქვს.

იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ დამარცხდა და ვინ გაიმარჯვა! მთავარი ის არის, რომ ჩვენ ეს შევძელით! მთელ ამ ამბავს სამი მოქმედი გმირი ჰყავდა: ხელისუფლება, ოპოზიცია და ხალხი. იდეალური შეიძლება არც ერთი არ იყო, მაგრამ მათ ეს მაინც გამოუვიდათ. ზოგჯერ მინდა მადლობა გადავუხადო სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას", რომ მათ ასე უმტკივნეულოდ აღიარეს მარცხი, რომ ზედმეტი პრობლემები არ შექმნეს და ასე მშვიდად მიდიან, რომ სკამს ქვეყანა არ გადააყოლეს, მაგრამ ამ დროს მახსენდება ყველაფერი, რასაც ისინი წინასაარჩევნოდ აკეთებდნენ - არღვევდნენ ყველანაირ მორალურ, პოლიტიკურ, დაწერილ თუ დაუწერელ კანონს და სიტყვა პირზე მახმება. დიახ, მთელ ამ იდეალურ სიტუაციას ხელისუფლების წინასაარჩევნო ქცევა აფუჭებს. დარწმუნებული ვარ, წლები რომ გავა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ეპოქას შეაფასებენ, არავის გაახსენდება დაგებული გზები, განათებული ქუჩები ან ალაგმული კრიმინალი. მათ მთავარ მიღწევად, ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წასვლას დაასახელებენ.

ჩვენი პასუხისმგებლობა

ახალ რეალობაში ახალი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამოქალაქო საზოგადოებასა და ჟურნალისტებს. ჩვენ იგივე შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ, რაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაგვემართა. მაშინ რაღაცებზე თვალს ვხუჭავდით, ახალ ხელისუფლებას ისე მწარედ არ ვაკრიტიკებდით, ვამბობდით, ვაცალოთ, პოსტრევოლუციური ეპოქაა, ცოტა მკაცრი ხელიც საჭიროა, ნუ ვიქნებით ჩასაფრებულიო. საბოლოოდ, ამან სადამდეც მიგვიყვანა, ყველამ ვნახეთ. მაშინ სააკაშვილს მწვავედ მხოლოდ მცირე მარგინალური ჯგუფები აკრიტიკებდნენ და მათ არავინ უსმენდა. სხვები კი ჩუმად ვიყავით ან რბილად ვაკრიტიკებდით, ვფიქრობდით, რომ უნდა დაგვეცადა, დრო მიგვეცა. იმედი მაქვს, საკუთარ შეცდომაზე ჩვენ მაინც ვისწავლით - ახალ ხელისუფლებას პირველივე დღიდან არ ამოვასუნთქებთ. დაე, ჩასაფრებულები გვიწოდონ. ჯობია, ჩასაფრებული იყო, ვიდრე ხელისუფლებას გარყვნა აცალო. იმედი მაქვს, არ მეტყვით, ბიძინა მაგას არ იზამს ან არ იკადრებსო. ამის იმედად ვერ ვიქნებით. თან "ქართული ოცნება" მარტო ბიძინა ხომ არ არის?! იმედი მაქვს, დამეთანხმებით, რომ ყველა ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოებრივი კონტროლი. ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ჩვენი ფუნქცია უნდა შევასრულოთ. ეს კი მოდარაჯე ძაღლის ფუნქციაა, რომელიც მაშინვე აყეფდება, როგორც კი რაიმე პრობლემას დაინახავს. გასაგებია, რომ ყეფა სასიამოვნო მოსასმენი არ არის, ყეფა ბულბულის სტვენა არაა, მაგრამ აუცილებელია, ამის გარეშე ისე ჩაგვეძინება და ისე აღმოვჩნდებით უფსკრულის პირას, თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ. ამიტომ მირჩევნია, ყველა ბიძინისტმა მლანძღოს, ისე როგორც ყველა მიშისტი მლანძღავდა, ვიდრე იგივე შეცდომა დავუშვა, რაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მომივიდა.

კიდევ ერთი სასურველი პრეცედენტი

ჩვენ კიდევ ერთი პრეცედენტი გვაქვს შესაქმნელი. მოგეხსენებათ, აქამდე ყველა მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ნადგურდებოდა. ასე იყო "მრგვალი მაგიდის" და "მოქალაქეთა კავშირის" შემთხვევაშიც. ორივე გაერთიანებამ სიცოცხლე მაშინვე დაასრულა, როგორც კი ხელისუფლება დაკარგა. არადა, ნორმალური ქვეყნის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების არსებობა, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პრობლემა ის იყო, რომ დიდხანს არ ჰყავდა ძლიერი ოპონენტი. მის გარშემო ყველა დისკრედიტირებული იყო და ამიტომაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწია - ქალამნად. იგივე რომ არ განმეორდეს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, "ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშალოს და დარჩეს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ. ვიცი, ამ აზრს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ პარტიის ბევრი ლიდერი მოსახლეობის ნაწილს დამნაშავედ მიაჩნია და მათ გასამართლებას ითხოვს. ეს, რა თქმა უნდა, სამართლიანი მოთხოვნაა და ყველაფერი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის: ხალხი მართლმსაჯულების აღსრულებას სწრაფად მოითხოვს, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება კი არც ისე მარტივი პროცესია. მოკლედ, ახალ ხელისუფლებას მოუწევს ასჯერ გაზომოს და ერთხელ გაჭრას, რათა შეცდომა არ დაუშვას. თუმცა, როგორც უნდა მოხდეს, ყველას ხომ არ დაიჭერენ?! "ნაციონალური მოძრაობის" დიდი ნაწილი, ალბათ, პარლამენტში დარჩება და იმედი მაქვს, ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება. მართალია, ივანიშვილი ამბობს, ორ წელიწადში ხელისუფლებიდან წავალ და თავად შევუწყობ ხელს ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებასო, მაგრამ ეს ხელოვნური პროცესი იქნება და ეჭვი მეპარება, გაამართლოს. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ახალ პრეცედენტსაც შევქმნით და ყოფილი მმართველი პარტია კი არ განადგურდება, არამედ გაძლიერდება, გადახალისდება, ახალი, არადისკრედიტირებული სახეებით შეივსება, უფრო გაკეთილშობილდება და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძოლებს. სხვა საკითხია, ამას უახლოეს მომავალში მოახერხებს თუ არა, მაგრამ ძლიერ ოპონირებას თუ გასწევს, ესეც კარგი იქნება.