"კი" თუ "არა" - კვირის პალიტრა

"კი" თუ "არა"

"შეიძლება, არ ვეთანხმებოდე თქვენს აზრს, მაგრამ მზად ვარ, სიცოცხლე დავთმო იმისთვის, რომ მისი გამოთქმის შესაძლებლობა გქონდეთ."

ვოლტერი

აზრის გამოხატვა ადამიანის ერთ-ერთი მონაპოვარი და მთავარი უფლებაა. როგორც ამბობენ, ყველას თავისი სიმართლე აქვს და ყველას აქვს უფლება, ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრი გამოთქვას. "კვირის პალიტრა" ახალ რუბრიკას იწყებს, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.

ახალჩავლილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ აქტუალურია პარლამენტის ქუთაისში გადატანის თემა. ამ საკითხს ბევრი მომხრე, ბევრიც მოწინააღმდეგე ჰყავს. რას ფიქრობენ ისინი, ვისაც საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში მოუწევთ მუშაობა...

ეთანხმებით თუ არა პარლამენტის გადატანას ქუთაისში და რა არგუმენტებით ამყარებთ თქვენს პოზიციას?

გიგი წერეთელი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "არ ვარ ის ადამიანი, იმის გამო, რომ ახლა ოპოზიციაში ვარ, შეხედულებები შევიცვალო. პარლამენტის გადატანა ქუთაისში ქვეყნისთვის სასიკეთოდ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვცხოვრობ და სამუშაოდ ქუთაისში გადასვლა ჩემთვის არახელსაყრელია. მიმაჩნია, რომ ქუთაისისთვის პოლიტიკური დედაქალაქის, პოლიტიკური ცენტრის სტატუსის მინიჭება დიდი სტიმული იქნებოდა რეგიონისა და თავად ქუთაისის განვითარების, მისი ეკონომიკური წინსვლისა და პოლიტიკური აქტივობისთვის, ასევე ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის დასაქმება, მრეწველობისა და ბიზნესის განვითარება. ამის გამო ქუთაისში დაჩქარდა აეროპორტის მშენებლობა და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც კოპიტნარში აშენდა, სერიოზულ როლს შეასრულებს მთელი დასავლეთ საქართველოსთვის. ჩაფიქრებულია ახალი, სწრაფი რკინიგზის მშენებლობაც.

თუმცა, არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქუთაისის მოსახლეობას სხვა შეხედულება აქვს. შესაძლოა, მათი გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ საკითხს ნაკლებად ეხება, რადგან არ მახსოვს, ვინმეს ეთქვას, ქუთაისში არ გვინდა პარლამენტის გადმოტანაო. ჩვენი ოპონენტები იტყვიან, რომ ეს არის დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და ცარიელი ბიუჯეტი არ დაგვიტოვებია. ყველა ხარჯი, ქუთაისში პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით და დიდი სავალუტო რეზერვებით, ბიუჯეტში დარჩა. ვისურვებდი, დროს გამოეცადა ეს პროექტი".

ვახტანგ ხმალაძე, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი: "კატეგორიულად არ ვეთანხმები პარლამენტის გადატანას ქუთაისში. მიმაჩნია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო უწყება, მთავრობა და უზენაესი სასამართლო ერთ ქალაქში უნდა იყოს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს უწყებები ამა თუ იმ სახელმწიფოს დედაქალაქში მდებარეობს. ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ერთი სახელმწიფო მეგულება, ჰოლანდია, სადაც დედაქალაქში არ არის ეს უწყებები, თუმცა ყველა მაინც ერთ ქალაქშია თავმოყრილი. ამას მოითხოვს ხელისუფლების მართვის, სახსრების ხარჯვის ოპტიმიზაცია და მოქმედების ეფექტურობა".