ლახუნდარელის ბუხართან - კვირის პალიტრა

ლახუნდარელის ბუხართან

გამარჯობა. არჩევნების შემდეგ დუღილის ტემპერატურა ნელ-ნელა ისევ 100 გრადუსს უბრუნდება, თორემ არჩევნებისწინა პერიოდში ისე მოიმატა, ცხონებული ცელსიუსი ცოცხალი რომ ყოფილიყო, რამე ახალს ნამდვილად მოიფიქრებდა და 100 გრადუსზე არ გაავლებდა დუღილის მიჯნას.

როგორც უკვე იცით, ყოველ კვირას ახალი სტუმარი იქნება ჩემს ბუხართან. დღეს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ქალბატონი მოგელაძე დავპატიჟე. მართალია, ქალბატონი ნათია ბოლო დროს აღარ ჩანს, მაგრამ რომ არა ის, დღეს ჩვენი ბიუჯეტი ცარიელი იქნებოდა (თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ახლაა შიოს მარანივით). მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონმა მოგელაძემ განაცხადა, - "კონტროლის პალატა, შერჩევითობის პრინციპის გარეშე, ყველა პოლიტიკური სუბიექტის აქტივობას შეისწავლისო".

როდესაც ეს განცხადება მოვისმინე, ვიფიქრე, ეგებ სიმართლეა და მე, როგორც სუპერმატყუარას, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა ჩემს სიმართლეში (რაღაცნაირად მეხამუშება ჩემს თავზე სალაპარაკოდ ამ სიტყვის გამოყენება).

ამ განცხადებიდან მოკლე ხანში მილიარდერს აჯარიმებენ საკუთარი(!) ანგარიშიდან  თანხის გამოტანის გამო, ხოლო არ ჩნდება კითხვები 20-ზე მეტ კაცზე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და "ნაციონალურ მოძრაობას" მსუყე შესაწირს უგზავნიან.

ქალბატონ მოგელაძეს არც ამის შემდეგ მორიდებია ტყუილების ლაპარაკი. მეტიც, როდესაც ამა თუ იმ ტყუილს ამბობდა, ნირიც კი არ ეცვლებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე, გავხსნა ტყუილების სპეციალიზებული სკოლა, სადაც მიმიკის მასწავლებლად სწორედ მოგელაძეს დავნიშნავ. ქალბატონ ნათიაზე პროფესიონალი კადრის მოძიება ნამდვილად გამიჭირდება, თანაც გონივრული ეჭვი (ოცნებად მქონდა ამ ორი სიტყვის გამოყენება) მაქვს, რომ მალე უმუშევარი დარჩება. ასეთი კადრების დაკარგვას კი შთამომავლობა არ გვაპატიებს. ასე რომ, ვთავაზობ ზემოთქმულ ვაკანსიაზე დასაქმებას და აუცილებლად გამოგვეხმაუროს.

ვფიქრობ, ჩემს სტუმარს საზოგადოებაში რეაბილიტაცია გაუჭირდება. ამიტომ ერთ რჩევას არ დავამადლი, - რადგან ტყუილები ეხერხება, გვარი გადაიკეთოს -  მოგელჰაუზენი გახდეს და როგორც ბარონმა მიუნჰაუზენმა ამოიყვანა თავისი თავი ჭაობიდან საკუთარი თმის დახმარებით, იქნებ ქალბატონმა მოგელაძემაც მოახერხოს ამ ჭაობიდან თავის დაღწევა.

ბევრი ვეძებე მოგელაძეთა გვარის ისტორია, მაინტერესებდა, წინაპრებშიც ხომ არ იყო ვინმე შემჩნეული "მამალ ტყუილებში", მაგრამ ისტორიული დოკუმენტები ამ თემაზე დუმან. აბა, ჩემო ნათია, მოსალოცად გქონიათ საქმე, გვარში თქვენ ამ საქმის ფუძემდებელი ხართ.

დღეს ცოტა მკაცრი მასპინძელი გამოვდექი, მაგრამ უნდა მაპატიოთ. ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ქალთან პირფერობა არ იქნებოდა სწორი.

დღეს აქ დავამთავრებ და ჩემს ბუხართან მომავალ სტუმარს დაველოდები, - პირობას გაძლევთ, მასაც არანაკლებ მკაცრად მოვექცევი. არ გეგონოთ, კეთილშობილი მიზნები მამოძრავებს და იმიტომ ვარ ასეთი მკაცრი. არა, უბრალოდ არ მინდა ტყუილის თქმაში პირველობა ვინმეს დავუთმო.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!

თქვენი ლახუნდარელი!

მოამზადალადო გოგოლაძემ