"ვარდების რევოლუციიდან" "ოქტომბრის ევოლუციამდე" - კვირის პალიტრა

"ვარდების რევოლუციიდან" "ოქტომბრის ევოლუციამდე"

არჩევნები შედგა

ფუნდამენტური განსხვავება, რომელსაც ყოველდღე გვახსენებს "ნაციონალური მოძრაობა", სახეზეა, ოღონდ მათთვის სრულიად მოულოდნელი კონტექსტით: თუ 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" ერთგვარ„ნათლიმამად თუ მშვიდობისმყოფლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი მოგვევლინა, 2012 წლის "ოქტომბრის ევოლუციის" დროს იმავე ფუნქციით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი - რიჩარდ ნორლანდი ვიხილეთ. ანუ 2003 წელს, ხელისუფლების ჯერ შევარდნაძისგან, შემდეგ კი აბაშიძისგან მშვიდობიანი გადაბარების გარანტორი სწორედ ბორის ივანოვი გახლდათ; 2012 წლის ოქტომბერში კი ჯერ არჩევნების, შემდეგ კი მთავრობის დაკომპლექტების პროცესში რიჩარდ ნორლანდი, თვით "ნიუ-იორკ ტაიმსისვე" ცნობით, ლამის დღეში ორჯერ ხვდება ბიძინა ივანიშვილს. ფაქტია ისიც, რომ ივანიშვილის ახალი კაბინეტის და პარლამენტის საგარეო-თავდაცვითი მიმართულება სრულად დაკომპლექტდა გამოკვეთილად პროამერიკული, პროდასავლური შემადგენლობით: ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, თედო ჯაფარიძე, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, მაშინ როცა სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მერამდენე წელია, რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძეა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ რამდენად კატეგორიული და ივანიშვილის მიერ დეკლარირებულ (რუსეთთან ურთიერთობის დალაგების) პრინციპთან შეუსაბამო იყო მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადება: "შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%".

საქართველო - ბერლინის კედელი თუ ხიდი აშშ-სა და რუსეთს შორის

გამოდის, რომ:

1. "ქართული ოცნება" რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ აპირებს, აბა, მაშინ როგორ გეგმავს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების: რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას და იმ ხედვის გატარებას, რომ საქართველომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ხიდის და არა „ბერლინის კედლის“ ფუნქცია უნდა იკისროს?!

2. ბიძინა ივანიშვილი "რომის პაპზე დიდი კათოლიკეა", ანუ უფრო მეტად პროდასავლელი, ვიდრე თვით „ამერიკის მოთხოვნა-საჭიროებების ინტუიციურად შემგრძნობი“სააკაშვილი?! მეტიც, როგორც დასავლეთის პრესა აცხადებს, სააკაშვილის მეთაურობის შემთხვევაში, ნატოს კარი ქვეყნისთვის უფრო მყარად ჩაკეტილი დარჩებოდა. მას 5-დღიანი ომის შემდეგ ცხელთავიანის, სიძულვილის გამღვივებლისა და ალიანსისთვის შესაძლო რისკ-ფაქტორის სახელი აქვს.“ივანიშვილი კი ერთგვარი სუფთა ფურცელია, სადაც თომას დე ვაალის (კარნეგის ფონდის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების უფროსი სპეციალისტი) შეფასებით, ბევრი ცარიელი ადგილია და მზად არის იმისთვის, რომ ამ ადგილებში ბევრმა ჩაწეროს პოლიტიკური კონცეფციები. შეერთებული შტატებისთვის ეს დაუმსახურებელი იღბალია.“

2012 წლის "ოქტომბრის ევოლუციამ" ბევრ სხვასთან ერთად რამდენიმე საგულისხმო ფაქტორიც გამოკვეთა:

1. აშშ არა იმდენად შორსმჭვრეტელია, რამდენადაც - მოქნილი. ამერიკელები თავადაც აღიარებენ, რომ მათ ბოლომდე არ სჯეროდათ ივანიშვილის გამარჯვებისა და ალბათ არც იმის, რომ სააკაშვილს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე ასე იოლად დაიყოლიებდნენ. ამას აშშ-ის საელჩოს განცხადებაც მოწმობს, რომლითაც ის საქართველოს მოსახლეობას, 1-ელ ოქტომბერს, 7 საათზე, აქციებზე გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევდა, რადგან საარჩევნო პროცესები ასე სწრაფად და მარტივად არ მთავრდება. ამერიკელები არ მალავენ, რომ საგარეო პოლიტიკური თანამეგობრობისთვის ქართული არჩევნები ერთგვარი გაფრთხილებაა იმ საშიშროების შესახებ, რაც რეალობის - ბრენდებით, ხოლო ინსტიტუტების - პიროვნებებით ჩანაცვლებას მოსდევს. დასავლეთმა ქართული რეალიების ცოდნაში უხეში შეცდომები დაუშვა, მას ბრმად სჯეროდა, რომ მმართველ პარტიას შეეძლო ხელისუფლების შენარჩუნება - National Interest.

2. დადასტურდა ის მოარული გამონათქვამი, რომ ამერიკა ყოველთვის გამარჯვებულის მხარეზეა და თავისი არაშორსმჭვრეტელობის კომპენსირება სწორედ მოქნილობით და უსწრაფესი სახეცვლისა და რეაგირების უნარით მოახერხა: ივანიშვილის ფაქტობრივი გამარჯვებისთანავე, ნორლანდმა ის მარტო არ დატოვა - ამერიკამ მთლიანად შეავსო მის გარშემო არსებული ცარიელი სივრცე;

3. შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა სახე და გადაარჩინა თავისი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პროექტი - "დემოკრატიის შუქურა", რომელიც ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემით ფანტომიდან რეალობად იქცა. ამასთან, ამით პოლიტიკური პერსპექტივის განცდა შეუნარჩუნა "ნაციონალურ მოძრაობას", რითიც ფაქტობრივად განმუხტა სიტუაცია. თანაც, მათი სახით ივანიშვილზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი დაიტოვა.

რას ითხოვს ივანიშვილისგან დასავლეთი? შიდა პოლიტიკაში ლოიალური ოპონირების, სამართლებრივი გარემოს შექმნასა და თამაშის დემოკრატიული წესების დაცვას, რაც პერსპექტივაში შეიძლება იქცეს ნიშანსვეტად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის; ფაქტი ერთია, რომ "ნაციონალების" მითმა, თითქოს საქართველოს მართვა და ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა ტერორით უფრო იოლია, ვიდრე ლოიალობით, ფიასკო განიცადა. ამიტომ "ქართული ოცნებისთვის" ეს დაუვიწყარი მაგალითი უნდა იყოს.

ირანის ომი - მთავარი გამოწვევა ივანიშვილისთვის?!

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ საქმე უფრო რთულადაა: იკვეთება ორი, თითქმის ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა:

1. მაქსიმალურად განეიტრალდეს დაძაბულობა საქართველოსა და რუსეთს შორის და ამით შევამციროთ ევროპისა და უფრო ფართოდ, ნატოსთვის რისკების ალბათობა;

2. ირანის ომი, რომელიც, როგორც ჩანს, სულ უფრო რეალურ კონტურებს იძენს (ზოგიერთი მოსაზრებით, ობამას საარჩევნო კამპანიის გადამრჩენ ფაქტორადაც შეიძლება მოგვევლინოს) და საქართველოს ჩართულობა მასში. ეს კი რუსი ექსპერტების მუქარანარევი შეფასებით, კავკასიის სახელმწიფოებისთვის კატასტროფის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს. ომი, რომელიც არჩევანის საშუალებას ნაკლებად ტოვებს, ივანიშვილისთვის მისი მოღვაწეობის მთავარ გამოწვევად შეიძლება იქცეს.

ჯერჯერობით კი ფაქტია, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, იმ პირობებში, როცა ამერიკელი კონსერვატორები უკვე ნანობენ, თუ რატომ აქციეს ზურგი "არაბული გაზაფხულის" დროს მათ მხარდამჭერ ახლოაღმოსავლელ ლიდერებს (ანუ კადაფის, მუბარაქს და სხვ.), ნამდვილად დამსახურებული იღბალია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იღბალმა ზურგი არ გვაქციოს? - ეს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ მთელი საზოგადოების გონიერებაზეა დამოკიდებული.

ხათუნა ლაგაზიძე