ხარაგაულის გამგებლის "გმირობანი" - კვირის პალიტრა

ხარაგაულის გამგებლის "გმირობანი"

"ავალიშვილმა სახელმწიფოს ფულით ავტომანქანა 15 000 ლარად გაარემონტა"

პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ხარაგაულის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ებანოიძე რაიონის გამგებელს, თორნიკე ავალიშვილს, საბიუჯეტო თანხების მიტაცებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ავალიშვილმა ავტოავარიაში სამსახურის მანქანა დაამტვრია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი ავტოშემკეთებელ კომპანიას გადაუხადა.

ნოდარ ებანოიძე: "ამ ამბავს კარგა ხანს ვერ გავიგებდი, რომ არა ხარაგაულის რაიონის საკრებულოს შენობის სველი წერტილი, რომლის გასარემონტებლად საკრებულოს გადაწყვეტილებით თანხა გამოიყო. შეკეთებას საშველი რომ არ დაადგა, დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ ფული გამქრალიყო. კვალმა სამსახურებრივი ავტომობილის სარემონტო ხარჯებთან მიმიყვანა. გაირკვა, რომ ავალიშვილს 6 თვის წინ დაუმტვრევია სატენდერო პირობების დარღვევით 34 ათას ლარად შესყიდული "მიცუბიში პაჯერო". ამბობენ, რომ საჭესთან თვითონ იჯდა, თუმცა, თავად უარობს. ასე იყო თუ ისე, ავალიშვილი ვალდებული გახლდათ, პოლიციაში განეცხადებინა, დადგინდებოდა ავარიის მიზეზი და გადაწყდებოდა, ვის უნდა გადაეხადა რემონტისთვის საჭირო თანხა. საკრებულოშიც უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც გადაწყვეტდა, გამოეყოთ თუ არა საბიუჯეტო თანხები. საკრებულოს წევრებმა  გამგებელს კომისიის გადაწყვეტილების გარეშე მისცეს ფულის დახარჯვის უფლება. მიმტკიცებდნენ, ავალიშვილს სეტყვამ დაუზიანა მანქანაო. სეტყვა ძრავას არ აზიანებს და "კრილოებს" არ კეცავს! საბუთების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია "იბერია მოტორსმა" ავტომობილს თითქმის ყველაფერი გამოუცვალა, თავიდან გადაღებეს და სხვ. ამ კომპანიას უფლება არ ჰქონდა, პოლიციის ნებართვის გარეშე დაეწყო ავტომობილის რემონტი. ავალიშვილმა სახელმწიფოს ფული მიიტაცა და პასუხი უნდა აგოს. როდესაც საბუთები მოვთხოვე, ბუღალტერს დააბარა, მე მივცემო. მერე ღამით ბუღალტერი მიუყვანია ოფისში, საბუთები გამოურთმევია და გაუჩინარებულა, ტელეფონსაც არ პასუხობდა. შევატყობინე პროკურატურას, რომ ავალიშვილის "თავგადასავლის" კანონიერება შეესწავლათ".

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზურაბ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ავალიშვილს პასუხი სხვა დანაშაულთა გამოც უნდა მოეთხოვოს.

- პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვა, თორემ გუშინდელი სავლე უცებ პავლედ მოგვევლინება! თორნიკე ავალიშვილი ბორითის საავადმყოფოს ამბების მთავარი გმირიც იყო. ბიძინა ივანიშვილის თანხით აგებული საავადმყოფო კვალიფიციური სამედიცინო კადრებით უნდა დაკომპლექტებულიყო. საავადმყოფოს გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლამ სიტუაცია შეცვალა. ნაციონალების ლიდერებს მოეჩვენათ, რომ შესაძლებელი იყო, ივანიშვილს თავისი აგებული საავადმყოფო საზეიმოდ გაეხსნა (მანამდე მის აგებულ შენობებთან მაკრატლით ხელში ლენტის გასაჭრელად ნაციონალები დარბოდნენ) და რაიონის გამგებელს დაავალეს მოქმედება. ავალიშვილმაც რამდენიმე თანმხლებთან ერთად კლინიკა გახსნამდე "გმირულად დაიპყრო" - შეძლო საავადმყოფოს ფუნქციონირების შეჩერება. ავალიშვილი პროფესიით ექიმია და უნდა ესმოდეს, უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებული რამდენი ადამიანი დარჩა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე. ვიღაც გაამართლებს: უბრძანეს და გააკეთაო! სწორედ ეს არის უბედურება! გამგებლები სკამის დაკარგვის შიშით იძულებული არიან, ყველას თავი დაუხარონ.

გამგებლის ხელის ბიჭები დღესაც მუშაობენ სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებად. ჰგონიათ, რომ ხარაგაულელებს დაავიწყდათ, ავალიშვილის მფარველობით წახალისებულები, გალეშილები, როგორ სცემდნენ და აიძულებდნენ მემონტაჟეებს "თეფშები" არ დაედგათ პატარა ხარაგაულში, ვარძიაში, ქროლში, ბაზალეთსა და სხვა სოფლებში, რათა ხალხს სიმართლე არ გაეგო.

ვცადეთ, თორნიკე ავალიშვილთან დაკავშირება, თუმცა ამაოდ. იგი ჩვენს ზარს არ პასუხობს.