"კი" თუ "არა" - კვირის პალიტრა

"კი" თუ "არა"

მისაღებია თუ არა თქვენთვის მინისტრობის კანდიდატები?

არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ მომავალი მინისტრთა კაბინეტის ნაწილი უკვე წარმოადგინა. ბუნებრივია, მინისტრობის კანდიდატების დასახელებას განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა პოლიტიკურ ოპონენტებში. აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვის, მეტიც, ორი სხვადასხვა პოლიტიკური პოლუსის წარმომადგენლებს ჩვენ ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ - მისაღებია თუ არა თქვენთვის დასახელებული მინისტრობის კანდიდატები?

ლევან ბერძენიშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი: "რა თქმა უნდა მისაღებია, რადგან ყველა დასახელებული მინისტრობის კანდიდატი ძირითადად შერჩეულია კვალიფიკაციისა და პატიოსნების ნიშნით. სიტყვა "ძირითადად" ქართველებს რატომღაც არ გვიყვარს, მაგრამ მე მიყვარს. ამიტომაც აღვნიშნე, რომ ძირითადად კარგი კანდიდატურები იქნა შერჩეული. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეფასება ყველა მინისტრობის კანდიდატს არ ეხება, მაგრამ უმეტესობა მაინც სწორად შეირჩა. მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს იქნება მობილური მთავრობა და თუ ვინმე ვერ გაამართლებს, პრემიერ-მინისტრი მას გამოცვლის. ჩვენ არ ჩამოვაყალიბებთ აუტსაიდერ მინისტრებს და არც ხელს შევუწყობთ მათ".

კობა ხაბაზი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "არ ვეთანხმები იმ შეხედულებას, რომ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტი არის ის მთავრობა, რომელიც ოპტიმალური იქნება საქართველოს მომავლისთვის, მისი განვითარებისთვის. მაგრამ ვინაიდან ქართველმა ხალხმა უპირატესობა მიანიჭა ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და ისინიც ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, როგორ შეძლებენ ისინი ქვეყნის მართვას. პერსონალიების განხილვას არ ვაპირებ, მათ საქმე გამოაჩენთ. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენი შეხედულებები და ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ხედვა ქვეყნის მომავალთან და მის განვითარებასთან დაკავშირებით, პრინციპულად განსხვავდება. აქვე გეტყვით, რომ ეჭვი მეპარება, ახალმა მინისტრთა კაბინეტმა თავი გაართვას დაკისრებულ მოვალეობას".

გიორგი გაჩეჩილაძე, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი: "ზოგადად მინისტრთა კაბინეტის შეფასება ამ ეტაპზე ნაადრევი მგონია, რადგან ჯერ კიდევ არ არის დასახელებული რამდენიმე უწყების მინისტრობის კანდიდატი. მათ შორის არ არის ცნობილი იმ პირის ვინაობა, რომელიც ჩემთვის ახლობელ სფეროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება დასახელებულ მინისტრებს, ჩემთვის ყველა კანდიდატურა აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ღირსებების გათვალისწინებით, სწორად იქნა შერჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ისინი წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას".

ხათუნა ოჩიაური, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი: "მომავალი მინისტრთა კაბინეტი არის ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი. ამ არჩევანს პატივს ვცემ, თუმცა არ ვეთანხმები, რადგან წარმოვადგენ საწინააღმდეგო პოლიტიკურ ძალას. წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატები ახალი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებაა და ჩვენ არ ვაპირებთ, მათ დამტკიცებას ხელი შევუშალოთ. შემდეგ უკვე ვნახავთ და შევაფასებთ კონკრეტული საქმიანობის მიხედვით. დავაზუსტებ, ჩვენ არ შევუშლით ხელს არც ერთი მინისტრობის კანდიდატის თანამდებობაზე დამტკიცებას, რადგან პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს".