იმერული პარლამენტის ესკიზები - კვირის პალიტრა

იმერული პარლამენტის ესკიზები

"მინები თავზე გვემსხვრევა და ხმის ამოღების უფლებაც არ გვქონია!.."

"აკვარიუმში გეგონებათ თავი, რომელსაც ხუფი ახურავს და ჰაერი არ შედის"

ენაკვიმატი ქუთათურები ხუმრობენ, რომ ქუთაისი ვერშემდგარი საპარლამენტო დედაქალაქია, რადგან "ნათლია" სააკაშვილმა პარლამენტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ერთი შენობაც კი ვერ ააგებინა.

- შენობას რომ იწუნებთ, შიგ ყოფილხართ კი? - ვეკითხები პარლამენტის შენობის წინ მცხოვრებ ერთ-ერთ "უმადურს".

- სად მაქვს ორი თავი! თბილისის აეროპორტივით და ბათუმის ოპერასავით სახიფათოა ეს "ხარისხიანი" შენობა.

შევეცადეთ, პარლამენტში მომუშავეთაგან გაგვერკვია, არის თუ არა სამუშაო პირობები პარლამენტის ახალ შენობაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი თამთა ჭუმბურიძე არ დაგვზარდა და ყოველდღიური სახიფათო სამუშაო რეჟიმის შესახებ გვიამბო:

- სხდომათა დარბაზის გარდა, სადაც ხმის მიცემის სისტემა უკვე დამონტაჟებულია, ყველაფერი გასაკეთებელია. მიმდინარე წლის 26 მაისს, როდესაც პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნა შენობა, სატელევიზიო კადრებში ყველაფერი პირიქით ჩანდა. ტელევიზიებმა  საგანგებოდ შეფუთული ადგილი გვიჩვენეს. ახლა იქ ხარაჩოები დგას, იატაკი დასაგებია. პრეზიდენტის გამოსვლისთვის სახელდახელოდ მოამზადეს ერთი ადგილი, კამერა კი ისე იღებდა, რომ დანარჩენი მოუწესრიგებელი ტერიტორია არ გამოჩენილიყო.

სერიოზული პრობლემები გვაქვს არანორმალური არქიტექტურის გამო. მგონი, მის აგებაში არქიტექტორი არც ჩარეულა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ შენობას არ აქვს ფანჯრები და აივანი, ზიხარ დახურულ სივრცეში; მხოლოდ სავენტილაციო სისტემა მუშაობს. მინის კედლებს მზე ადგება, ჯერ ფარდები არ არის და სამუშაო ოთახი სოლარიუმს ჰგავს... ზოგიერთ ოთახში ვენტილაციას ისეთი ხმა აქვს, თავი შვეულმფრენში გეგონება, ამიტომ ვეღარც ამ სისტემას ვრთავთ და სუნთქვა შეუძლებელია. ჩვენ არ ვართ მიწისქვეშა ლაბორატორიაში, სადაც მტვრის ზედმეტი ნაწილაკების შემოსვლას ერიდებიან, თანაც გარეთ გასასვლელად და ჰაერის ჩასასუნთქად ათი წუთია საჭირო... აპარატის შენობა გაზაფხულზე ჩამოინგრა, რასაც ტრაგედია მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ საფინანსო დეპარტამენტის თუ კომიტეტის ოთახში მინები დასკდა; ვარაუდობენ, რომ შენობა ქვემოთ იწევს.

ჯერ ამ ამბავთან დაკავშირებით არავის არაფერი უთქვამს, თუმცა, პრესაში წავიკითხე მშენებლობის საფინანსო უზრუნველყოფის მენეჯერის აბსურდული ინტერვიუ. გაკვირვებული იყო, რამ შეაშფოთა აპარატის თანამშრომლები, ადამიანმა, რომელიც მთელი დღე კომპიუტერთან რაღაცას ბეჭდავს, რა იცის, რატომ გასკდა ფანჯარა და მინების ჩამსხვრევის სავარაუდო  მიზეზებზე რატომ ლაპარაკობსო? მინები თავზე გვემსხვრევა და ხმის ამოღების უფლებაც არ გვქონია!..

უნდა ნახოთ, დერეფანში როგორი იატაკია - სრიალებს და სწრაფად ვერ ივლი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს შენობა დათრგუნვილი ან დასათრგუნი ადამიანებისთვის ააგეს, რომლებიც მიჩვეული არიან ან უნდა მიეჩვიონ, რომ ფრთხილად, თავდახრილებმა, წელში მოხრილებმა იარონ... ეზოში ასფალტი ორიოდე დღის წინ დააგეს. ძნელი წარმოსადგენია, რა გზის გავლა გვიწევდა შენობაში შესასვლელად. ირგვლივ ყველა კედელი "გიფსოკარდონშია" შეფუთული, შეღებილს სპეციფიკური სუნი აქვს, უფანჯრებო ოთახი ვერ ნიავდება... ერთი დღე უნდა გაჩერდეთ ჩვენთან, რომ გაიგოთ, რას ვგრძნობთ. აკვარიუმში გეგონებათ თავი, რომელსაც ხუფი ახურავს და ჰაერი არ შედის.

- ძველ შენობაში რა ხდება?

- ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაცალეს მთელი შენობა და სხდომათა დარბაზიც. იატაკიც სასწრაფოდ აყარეს. ამბობენ, ვინმეს კვლავ თბილისში რომ არ მოენდომებინა მუშაობის გაგრძელებაო. არჩევნებამდე მხოლოდ წინა ფლიგელი აგრძელებდა მუშაობას - იქ რაღაც ფონდი შემოვიდა. ვფიქრობ, ხმები, რომ  თბილისის პარლამენტის შენობა საგანგებოდ დაანგრიეს, გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა სამუშაო პირობები არც თბილისშია და არც ქუთაისში. ჩვენ, აპარატის თანამშრომლებს, კიდევ გვაქვს "თავშესაფარი" ქუთაისში, მაგრამ არ ვიცი, სად და როგორ უნდა იმუშაონ დეპუტატებმა. ისიც პრობლემაა, რომ ახალ პარლამენტში ბუფეტი არ მუშაობს და რადგან პარლამენტი ქალაქის გარეუბანშია, ცენტრში უნდა გახვიდე სადილისთვის, ამას დიდი დრო სჭირდება.

- სად ცხოვრობთ თბილისელი თანამშრომლები? ალბათ, ბინები დაგიქირავეს...

- რას ამბობთ? ქირა ჩვენი გადასახდელია. უამრავი ფული გვეხარჯება მისვლა-მოსვლაში, საჭმელში. ქუთაისელებს ჰგონიათ, რომ ბინის ქირას სამსახური გვიხდის და ბინები ძალიან გააძვირეს. როდესაც ვუხსნით, რომ ჩვენი ხარჯით ვქირაობთ, ჰგონიათ, რომ ძალიან მაღალი ხელფასი გვაქვს და მაინც შევძლებთ დაქირავებას. ვინც ბინის დაქირავება ვერ მოასწრო, სასტუმროში უკვე დახარჯა ერთი თვის ხელფასი.