მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

შეხვედრა "მუმიების" და "მღრღნელების" ბელადთან

სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღმოაჩინეს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" არც ისეთი ცუდები ყოფილან, როგორებიც აქამდე ეგონათ. თუ არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ, რომ ისინი რუსეთის ინტერესების გამტარებლები, მუმიები, მღრღნელები, წარსულის გადმონაშთები იყვნენ, ახლა მხოლოდ იმას ამბობენ, ჩვენ შორის ფუნდამენტური განსხვავების მიუხედავად, მზად ვართ, ახალ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთო. გიგა ბოკერიამ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილს ბიზნესცენტრში ეახლა, განაცხადა, ერთად ვიზრუნებთ ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაერთიანებლადო. აბა, ივანიშვილი რუსებს შემოიყვანსო?!  გადაიფიქრა, თუ რუსებმა გადაიფიქრეს?

მოკლედ,  პრეზიდენტი მზადაა, ივანიშვილს ხელი ჩამოართვას და ქვეყნის მომავალზე ელაპარაკოს. წარმოიდგინეთ სურათი: პრეზიდენტი ქვეყნის მომავალზე რომ ელაპარაკება მუმიას, რომელსაც გვერდს მღრღნელები უმშვენებენ.

სააკაშვილის მომხრეები ძალიან გააღიზიანა ივანიშვილის სიტყვამ, რომელიც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ წარმოთქვა. გამარჯვებული ლიდერები ასე არ იქცევიან, ეს პატარა ადამიანის საქციელი იყოო. არადა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერის გამოსვლა მომეწონა. ჩემი აზრით, იგი ასეთი ადეკვატური არასდროს ყოფილა. მან სააკაშვილს ფაქტობრივად უღირსი უწოდა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ყოფილი ხელისუფლების "უღირს საქციელზე" ლაპარაკობდა. ვინც უღირსად იქცევა, უღირსია, აბა, რა არის? ხოლო შემდეგ, როდესაც წარმოთქვა ფრაზა: ჩვენ მათ ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებსო, ფაქტობრივად დაასამარა. სააკაშვილმა კი ვერაფერი უპასუხა, ან რა უნდა ეპასუხა? რა თქმა უნდა, ივანიშვილს შეეძლო უფრო პოლიტკორექტული ყოფილიყო, მაგრამ იმ ფონზე, რასაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ (და არა მარტო) სჩადიოდა, ივანიშვილის მხრიდან დიპლომატიურობის გამოჩენა მხოლოდ ფარისევლობა იქნებოდა.

გივი გევარა

გივი თარგამაძე პირადად მე იმით მახსოვს, 2007 წლის 7 ნოემბერს რომ გვემუქრებოდა, სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებოო. მერე ჩვენთვის სად ეცალა?! ხან ბელორუსში გამოიჭირეს, ხან უკრაინაში, ბოლოს მისი ხელი რუსეთსაც მისწვდა. ყველგან რაღაც რევოლუციურ საქმეებში აღმოჩნდა გარეული. ახლაც რუსეთის ოპოზიციას ეხმარებოდა. ბედის ირონია არ არის, სხვა ქვეყანაში, ხელისუფლების შეცვლას რომ ცდილობ და ამ დროს შენს ქვეყანაში შენი ხელისუფლება  თავზე დაგენგრევა?! ბედის ირონია არ არის, როდესაც ყოველთვის შენი ხელისუფლება უქვეყნებდა სხვას ფარულ ჩანაწერებს, ახლა კი შენ გიქვეყნებენ? სააკაშვილს უნდოდა რუსეთის ოპოზიციას ესწავლა მისგან, როგორ უნდა რევოლუციის მოწყობა, მაგრამ საბოლოოდ პუტინმა ისწავლა, როგორ უნდა პოლიტიკური ოპონენტების ფარული ჩაწერა და მათი დისკრედიტირება, ისევე როგორც თავის დროზე ჩვენმა პრეზიდენტმა ისწავლა ბევრი რამე პუტინისგან.

P.S. ერთი ასეთი ჩე გევარა იყო, ჯერ ერთ ქვეყანაში რომ მოაწყო რევოლუცია და მერე სხვა ქვეყანაშიც რომ აპირებდა და მეორე გივია თარგამაძე. ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით, რომ იგი აწი გივი გევარად, ან ჩე გივარად მოვიხსენიოთ.

"იმედის" ფერისცვალება

ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაში ნათქვამია: "ტელეკომპანია "იმედის" განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ისევე როგორც აქამდე, ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ."

ხომ წარმოგიდგენიათ ტელეკომპანია "იმედი" დემოკრატიის სადარაჯოზე! დემოკრატიის სადარაჯოზე უნდა დადგეს ტელევიზია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიცრუის მანქანა იყო.

დემოკრატიის სადარაჯოზე უნდა დადგეს ტელეკომპანია, რომელიც მეპატრონეს უკანონოდ წაართვეს, ტელეკომპანია, რომელმაც მოსახლეობა რამდნიმე წლის წინ "მოდელირებული "ქრონიკით" შოკში ჩააგდო. ამ ტელეკომპანიამ ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე მოსახლეობას გასართობი გადაცემები კი არა, პოლიტიკური დებატები სჭირდება. ამიტომ ფორმატს იცვლის: "საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუებს." ვფიქრობ, სამყაროში ორი რამ არის უსაზღვრო: კოსმოსი და "იმედის" ხელმძღვანელობის უტიფრობა.