რა სქემით მოქმედებენ ცრუინვესტორები საქართველოში - კვირის პალიტრა

რა სქემით მოქმედებენ ცრუინვესტორები საქართველოში

"მზად ვარ ვითანამშრომლო საგამოძიებო სტრუქტურებთან ამ დანაშაულებრივი სქემების გასაშიფრად"

"ეს ჩვენი ტერიტორიების ეკონომიკური დასაჭურისებაა"

მიუხედავად ყოფილი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ეკონომიკური წინსვლისა, საქართველოს მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. რატომღაც ინვესტიციებისა თუ ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის კოეფიციენტი საქართველოს მოსახლეობაზე ვერა და ვერ აისახა. რა ხდება სინამდვილეში, რა ინვესტიციებზე გველაპარაკებოდა ხელისუფლება? არაბი ინვესტორის ქართველი წარმომადგენელი მამუკა სესიაშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურად იმ სქემებზე ლაპარაკობს, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ ცრუინვესტორები საქართველოში; როგორ იტაცებდნენ მოსახლეობის მიწებს, როგორ მიმდინარეობს ქართული მიწით ვაჭრობა ხელისუფლების ჩინოვნიკთა ხელშეწყობით და ვინ დგას ამ ბიზნესის უკან, "კვირის პალიტრა" ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს.

მამუკა სესიაშვილი: - 2011 წლის 6 ოქტომბერს ქუვეითელმა ინვესტორმა მაჰერ აჰმედ სალამიმ, რომლის წარმომადგენელიც მე ვიყავი, პირობიან აუქციონზე კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში 17 ჰექტარი მიწა მილიონ ლარად იყიდა. აუქციონის პირობის თანახმად, მილიონი ლარი სამ წელიწადში უნდა გადაეხადა და მომდევნო შვიდ წელიწადში ასმილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა. ეს მიწები იჯარით ჰქონდათ აღებული გლეხებს. ქირა რომ ვერ გადაიხადეს, სახელმწიფომ ჩამოართვა და პირობიან აუქციონზე მილიონ ლარად მიჰყიდა ეგრეთ წოდებულ არაბ ინვესტორს, რომელსაც დღემდე არ გადაუხდია ეს თანხა.

- რა ინვესტიციები უნდა განხორციელებულიყო ამ ტერიტორიაზე?

- ლაპარაკი იყო ტურისტული კომპლექსის შექმნაზე, უნდა აშენებულიყო 1000 კოტეჯი, საცხენოსნო მოედანი, ტბები და სხვ.

რადგან ტურისტულ ზონად მხოლოდ შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორია იყო გამოცხადებული, ამიტომ 2012 წლის 10 ივნისს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ვინც მილიონ ლარს შემოიტანდა, უნდა დაედო კონტრაქტი ხელისუფლებასთან, ბიუჯეტში შეეტანა მილიონის 10% (ამას საგარანტიო პროცენტი ეწოდება) და ნებისმიერი ადგილი, ტყე თუ სახნავ-სათესი, რომელსაც ხელს დაადებდნენ ინვესტორები, ტურისტულ ზონად გამოცხადდებოდა.

- ამ მიწის ფლობის პირობა ასმილიონიანი ინვესტიციის ჩადებაც ხომ არის?

- უბედურებაც ის არის, რომ ეს ცრუინვესტირების თაღლითური სქემაა. როცა 17 ჰექტარი მიწა იმ არაბმა ჩაიგდო ხელში, მაჩვენა 1000 კოტეჯისა და 700-განყოფილებიანი სავაჭრო ცენტრის აშენების გენერალური გეგმა. გამიკვირდა, ამას როგორ მოახერხებ-მეთქი, რადგან მისი ფულადი რესურსი ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. წამოსცდა, გავყიდი ამ მიწას და ავაშენებო. Aარადა, ის მილიონი ჯერაც არა აქვს გადახდილი.

სქემა ასეთია: რადგან მილიონი სამი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, მიწას, რომლის მესაკუთრეც ჯერ არ არის, ნაწილ-ნაწილ გაყიდის, აიღებს მილიონს, გადაიხდის და მაშინვე მესაკუთრეც გახდება. ასე ნაწილ-ნაწილ გაყიდვით განახორციელებს "ინვესტიციას". უკვე აქვს ამ ტერიტორიის განაშენიანების გეოდეზიური გეგმა, რომლის მიხედვითაც 668 კოტეჯი უნდა აშენდეს. არადა, როცა ასმილიონიან პროექტზეა ლაპარაკი, უკვე უნდა ჰქონდეს ბიზნესგეგმა და დასაბუთებული ფულის წარმომავლობა, გენერალური გეგმა სახელმწიფოსთან უნდა იყოს შეთანხმებული და ა.შ. სანაცვლოდ კი ინვესტორმა ლიცენზია აიღო 12 კოტეჯის მშენებლობაზე და 17 ქუვეითელი ჩამოიყვანა. სწორედ მათთვის აპირებს კოტეჯების მიყიდვას. თითო 150.000 დოლარი ღირს. მხოლოდ ამ 12 კოტეჯის გაყიდვით იშოვის მილიონს, რომელსაც გადაიხდის იმ აუქციონზე, რომელიც უკვე მოგებული აქვს, და 17 ჰექტარი მიწის მესაკუთრეც ისე გახდება, თვითონ არაფერს დახარჯავს. მერე დაიწყებს ვაჭრობას ქართული მიწით, იმავეს გააკეთებს, რაც ფოთში არაბმა "ინვესტორებმა" მოიმოქმედეს.

- რა გააკეთეს ფოთში?

- ფოთის პორტი ისე იყიდეს (იქ ახლა არაბული დროშა ფრიალებს), ინვესტიცია არც გახსენებიათ, სამაგიეროდ, ახლა ის კომპანია დაწანწალებს მსოფლიოში და პორტის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას უფრო მაღალ ფასად აპირებს. ჩვენი უპასუხისმგებლო კანონმდებლობა აძლევს უფლებას და საშუალებას ასეთ "ინვესტორებს", ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე დაანიავონ. ეს ჩვენი ტერიტორიების ეკონომიკური დასაჭურისებაა. თუ ამას ბოლო არ მოეღო, მალე საქართველოში სტუმრებად ვიქცევით.

29 აგვისტოს დავრწმუნდი, რომ ეს არაბი ორმაგი სტანდარტით თამაშობს. ქუვეითში ამბობს, რომ საქართველოში 17 ჰექტარი მიწის მფლობელია, აქვს კოტეჯების ასაშენებელი ლიცენზია (პროექტით თითო კოტეჯი 144-კვადრატულმეტრიანი ოჯახური კოტეჯებია) და თითოს 150.000 დოლარად ყიდის. აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ქუვეითში მხუთავი სიცხეებია და საქართველოს კლიმატი მათთვის სამოთხეა. იყიდიან კოტეჯებს და კახეთის შუაგულში გვექნება არაბული სოფელი.

ეს ვითომ ინვესტორი მშენებლობაზე ქართველებისთვის დღეში 2-3 დოლარის გადახდას აპირებს, ობიექტის დარაჯს კი თვეში 150 ლარს უხდის და საწოლიც კი არ უყიდა, საწყალს მიწაზე ნაბადი აქვს გაშლილი და იქ სძინავს.

ჩვენი კანონები წამახალისებელია ფსევდოინვესტორებისათვის და ყველა რჯულის თაღლითისათვის. მერწმუნეთ, კეთილსინდისიერი ინვესტორი საქართველოში არ შემოდის.

ეს არის დანაშაულებრივი სქემა ქართული მიწის გაყიდვისა, და არანაირ ინვესტიციაზე ლაპარაკი არ არის! ეს არის ორმაგი თაღლითობა, რომელსაც ხელს უწყობდა ჩვენი სახელმწიფო.

ეს არაბი თავდაპირველად ირლანდიაში ფიქრობდა "ინვესტიციების" განხორციელებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სამინისტროებში რომ დავდიოდი, ვნახე უზარმაზარი სია გასაყიდი ადგილებისა, რომლებსაც სთავაზობენ ნებისმიერ უცხოელს, ოღონდ ინვესტორი ერქვას. არც კითხულობენ, ვინ არის ეს ხალხი. ის ეგრეთ წოდებული ინვესტორი კახეთში ტყის ყიდვასაც აპირებდა, ასევე, სვანეთში, კიკეთში, შავი ზღვაზე, ზუსტად იმავე სქემით, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ.

ეს ქვეყნის ღალატია! ვფიქრობ, სწორედ იმიტომ მოუსპეს ქართველ გლეხს მიწის დამუშავების და მოსავლის მოწევის საშუალება, რომ იჯარის ქირა ვერ გადაეხადა, მიწა წაერთმიათ და ასე ნაჭერ-ნაჭერ გაეყიდათ. მზად ვარ ვითანამშრომლო საგამოძიებო სტრუქტურებთან ამ დანაშაულებრივი სქემების გასაშიფრად.

ცალკე გამოძიების საგანია "მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის" საქმიანობა (ბოროტი ენები ამბობენ, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან ვანო მერაბიშვილი დგას). გამაკვირვა იმან, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში გაგვგზავნა მიწების დასათვალიერებლად. რა უფლება აქვს რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მიწებს არიგებს? სწორედ ამ ორგანიზაციის გავლით ხდება ამ მიწების გასხვისება.

რა როლი აქვს "მიწის მესაკუთრეთა ასოციაციას" საქართველოში მიწების გაყიდვის საქმეში, ამას მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

"ადამიანის ყველაზე მაღალი დანიშნულებაა, დაიცვას მიწა-წყალი მშობლიური"

გ. დერჟავინი