საქართველოს წყალში ჩასაძირი გეგმა - კვირის პალიტრა

საქართველოს წყალში ჩასაძირი გეგმა

ახალი დიდი ფული, დიდი "ატკატები"

"ინვესტორებს ჰესების ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორიები სიმბოლურ ფასად -

1 აშშ დოლარად გადაეცათ"

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ ხელისუფლებაში¬მოსვლის შემთხვევაში საქართველოში სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გამო დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა. თუმცა, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე ამბობს, რომ ჰესების მშენებლობა ახალი მთავრობის პრიორიტეტი იქნება.

გარემოს დაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალ მთავრობას ჰესებთან დაკავშირებით უამრავი თავსატეხი ელის - სხვადასხვა ზომისა და სტრუქტურის 85 ჰესის შესახებ სააკაშვილის მთავრობის ხელმოწერილი ხელშეკრულება ინვესტორისთვის არის შექმნილი და იგნორირებულია სახელმწიფოს ინტერესები. ინვესტორებს ჰესების ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორიები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 აშშ დოლარად გადაეცათ. ამასთან, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაიფიქრებს ჰესების აშენებას ან მათ ნაციონალიზაციას გამოაცხადებს, ერთ დოლარად გაჩუქებული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად ინვესტორს საკომპენსაციო თანხა საბაზრო ღირებულების შესაბამისად უნდა გადაუხადოს. ინვესტორებს ხელშეკრულებაში არ უწერიათ, კონკრეტულად რა ფართობი გადაეცემათ. მოცემულია მხოლოდ დასატბორად საჭირო ტერიტორიის მაჩვენებლები, მაგალითად, ხუდონის შემთხვევაში დასაგუბებლად განსაზღვრულია 530 ათასი ჰექტარი და აქვეა განმარტება: "ინვესტორს გადაეცეს ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სხვა ტერიტორია", ოღონდ არ არის ნათქვამი, საიდან სადამდე. გარემოს დაცვის ექსპერტების განმარტებით, ეს მხოლოდ ერთი პარადოქსული ფრაგმენტია ხელშეკრულებებისა, რომელთაც საქართველოს წყალში ჩაძირვის მზაკვრულ გეგმას უწოდებენ. მხოლოდ ხუდონჰესის შემთხვევაში ტურიზმის ცენტრად აღიარებულ სვანეთში დატბორვის შედეგად წყლის ქვეშ აღმოჩნდება ხაიშის თემის 27 სოფელი, მიკროკლიმატის შეცვლის შედეგად ტენიანობის მომატება კიდევ რამდენიმე სოფლის მოსახლეობას გადასახლებას აიძულებს. ახალგახსნილი ტურისტული სათხილამურო ზონა სველი თოვლის გამო მოიშლება, ფლორა და ფაუნა განადგურდება, დაზიანდება და განადგურდება კულტურული ძეგლები. ამის მაგალითები უკვე გვაქვს რაჭაში შაორის წყალსაცავით გამოწვეული პრობლემების სახით.

როცა სახელმწიფოს პირად საკუთრებად მიიჩნევ

ხელშეკრულებების გაფორმებამდე ხელისუფალთაგან არავის უკითხავს, გვჭირდება კი ეს ჰესები? არ არსებობს ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა ალტერნატიული პროექტების განხორციელება.

დავით ჭიპაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი: - ახალი ჰესის აშენება ადვილია, თუ საჯარო მოხელე სახელმწიფოს, როგორც პირად საკუთრებას, ისე უყურებს. ახალი ჰესის მშენებლობა ნიშნავს ახალ დიდ ფულს, დიდ "ატკატს"... ოფშორულ ზონებში კომპანიების დარეგისტრირებაც ხომ ხელს უწყობს ამ ყველაფრით დაინტერესებულთა გაქანებას! სამწუხაროდ, შესაძლოა, ინვესტორების სახელს ამოფარებულთა ვინაობა სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩეს. საქართველოში არსებული არც ერთი ჰიდროელექტროსადგური არ მუშაობს პირვანდელ სიმძლავრეზე, რადგან რეზერვუარები ნატანით არის სავსე. რეაბილიტაციის შედეგად ენგურჰესის რეზერვუარიდან ნატანის ამოწმენდა არა მხოლოდ ენერგიის გამომუშავებას, ნაგებობის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მედეგობასაც გაზრდის. არსებულ ჰესებზე ტურბინების შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელია გაცილებით მეტი სიმძლავრის მიღებაც, რაც, რა თქმა უნდა, კვლევის საგანია, თუმცა რეალურ ალტერნატივად ამ საკითხის განხილვაც შეიძლება. თუ 260-მეგავატიან ტურბინებს 320-მეგავატიანით შევცვლით, ენგურჰესზე დადგმულ 1300-მეგავატიან სიმძლავრეებს 300 მეგავატით გავზრდით, ამ ოდენობის ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად კი ვაშენებთ ახალ კასკადებს - აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში.

ზარალი თუ სარგებელი?

ხუდონჰესთან დაკავშირებული შეთანხმების მეცხრე მუხლის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ შეიზღუდა უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს კანონებსა და რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებები მატერიალურად დააზარალებს ინვესტორს ან მის პროექტს, სახელმწიფომ მას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს(?!) D

დავით ჭიპაშვილი: - მთავრობა ინვესტორს გადასახადს ვერ გაუზრდის. ამასთან, ინვესტორი მხოლოდ ათი წლის განმავლობაში მოგვცემს დენს, თანაც იაფად კი არა, თბოელექტროსადგურების ფასად. იმის გამო, რომ ექსპორტს არ ვბეგრავთ, ინვესტორის კეთილდღეობა არაფერს შემატებს საქართველოს ბიუჯეტს და რა იქნება საქართველოს სარგებელი? ისიც გაურკვეველია, ვის და როდის დაასაქმებენ, რადგან გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თუ თურქული კომპანია აშენებს რამეს, თურქი მუშახელი მოდის, თუ ჩინური - ჩინელები და სხვ. პროექტის თავგადაკლულმა მომხრეებმაც კი დაგმეს ეს ხელშეკრულება.

როგორ შეიძლება სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყოს ჰესი, რომელიც შენდება არა სახელმწიფოსთვის, არამედ ინვესტორისთვის? ამას აღიარებენ მსოფლიო ბანკშიც, რომელმაც სპეციალური მოკვლევა ჩაატარა. დასკვნაში წერია, რომ თუ ამ ჰესის გამომუშავებულ ელექტროენერგიას საექსპორტოდ არ გაიტანენ, პროექტს ეკონომიკური ღირებულება არ გააჩნია. როგორც წყალუხვ და ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყანას, მხოლოდ ზამთრის სამი თვის განმავლობაში გვაქვს 5%-მდე დეფიციტი და ამასაც მეზობელი ქვეყნებიდან შესაბამისი ბარტერული ხელშეკრულების ხარჯზე ვივსებთ. ცნობისთვის, ენგურჰესის ელექტროენერგია ორი თეთრიც არ ჯდება. ათი წლის შემდეგ (ესეც გაურკვეველია, რატომ ათი წელი?), როდესაც ინვესტორს ხელშეკრულება ამოეწურება, დენს, სადაც მოუნდება, იქ გაყიდის, მიჰყიდის მას, ვინც მეტს გადაიხდის. რა გამოდის? ჩემს ქვეყანაში აშენებულ ჰესზე, სადაც ამის გამო ბუნება დამიზიანეს და შემიქმნეს უამრავი პრობლემა,M ჩემივე რესურსებით წარმოებულ ელექტროენერგიას ინვესტორი ძვირად ან საერთოდ არ მომყიდის? მაშინ რა მნიშვნელობა ჰქონდა მის აშენებას?

კატასტროფის საფრთხე იზრდება

დავით ჭიპაშვილი: - ორი მთა, რომელთა შორისაც უნდა ააგონ ხუდონხესის კაშხალი, მეწყრულია. ლაპარაკია ჰესზე, რომელიც შეიძლება თავზე დაგენგრეს, მთელი დასავლეთ საქართველო წყალქვეშ აღმოჩნდეს და დაიტბოროს. ენგურჰესის კედლებიდან წყალი ჟონავს, 900 ლიტრი წამში. სარემონტო სამუშაოები პერიოდულად ინარჩუნებს მის მდგრადობას. სადაც ბეტონის კედელში ამდენი წყალი ჟონავს, წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იქნება კაშხლის ის მხარე, სადაც მხოლოდ ნიადაგია? შეიძლება ასეთ მდგომარეობაში მყოფი 271 მეტრი სიმაღლის ჰესის თავზე ხუდონის სახით ახალი, 200 მეტრი სიმაღლის "ბომბი" ავაშენოთ? წარმოქმნილი ტალღები ჯერ ენგურჰესს დაანგრევს, შემდეგ კი მილიონობით კუბური მეტრი წყალი წალეკავს დასავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილს, დატბორავს თურქეთის ჩრდილოეთს.

გამოსავალი

გარემოს დაცვითი სამართლის სპეციალისტი მერაბ ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ თუკი სახელმწიფო ერთი ხელის მოსმით იტყვის უარს ამ ჰესების აშენებაზე, ინვესტორები საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანენ საჩივარს.

- გამოსავლის მოძებნას კვალიფიციური მუშაობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, დიდი ზარალი მიადგეს სახელმწიფოს. ინვესტორების უმრავლესობას ხომ არა მხოლოდ ჰესები, დღემდე ოთახიც კი არ აუშენებიათ და საერთოდ, არაფერი გაუკეთებიათ. ეს კომპანიები სპეციალურად არის შექმნილი ერთჯერადად, სწორედ კონკრეტულ შემთხვევაში "ინვესტორობისთვის". საქმე გვაქვს, ფაქტობრივად, სახელმწიფო ქონების დატაცებასთან(?!). ვიმედოვნებ, სისხლის სამართლის სპეციალისტები შეისწავლიან ამ საკითხს. ფაქტია, რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, რაც საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა.

P.S. იმის შესახებ, თუ რა სავალალო შედეგები მოჰყვება უკვე მშენებარე ჰესების ამუშავებას და როგორ გაფორმდა საქართველოს დამანგრეველი ხელშეკრულებები, "კვირის პალიტრა" კვლავ მოგითხრობთ.

(გაგრძელება იქნება)

ყველაზე დიდ ვნებას ქვეყანას შინაური მავნებლები აყენებენ

ი. ბერკუტი