მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

აქამდე რაც გამოჩნდა

ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ივანიშვილმა ისეთი მინისტრთა კაბინეტი შეარჩია, როგორიც შეარჩია. ახლა არ დავიწყებ მოთქმას: განა ესაა ჩვენი საოცნებო მთავრობა-მეთქი, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ უკეთესს ველოდი. თანაც ამდენი ფიქრის შემდეგ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმას მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჯერ დაუმტკიცებელ მთავრობაში ერთი მინისტრი შეიცვლებოდა, მეორეს კი სამინისტროს გამოუცვლიდნენ. ამ ამბის შემხედვარე ვხუმრობდი კიდეც: სამთავრობო კარუსელი როგორ არ გვინახავს, სააკაშვილი ამის მეტს რას აკეთებდა, მაგრამ ჯერ დაუმტკიცებელი მთავრობის კარუსელი პირველად ვნახე-მეთქი.

რას იზამ, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც  პირველად ხდება. ბუნებრივია, ისიც პირველად ხდება, რომ ენერგეტიკის მინისტრად ფეხბურთელი გვყავს, თან მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატობაც მოასწრო. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მთავარი იყო კალაძე მთავრობაში ყოფილიყო და სულერთია, სად იქნებოდა.

დაახლოებით ისე, ფეხბურთელს თამაში რომ უნდა და მზადაა, ყველა პოზიციაზე ითამაშოს, სადაც მწვრთნელი ეტყვის, თუნდაც კარში დადგეს. შეიძლება მთლად მინდვრის მოთამაშის კარში დაყენებას არ ჰგავს კალაძის ენერგეტიკის მინისტრობა, მაგრამ იდეალური ვარიანტიც რომ არ არის, ალბათ, დამეთანხმებით. ჩემი აზრით, ჯობდა, პარლამენტში ყოფილიყო. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერები ამბობენ: რა მოხდა, განა ამჟამინდელ ენერგეტიკის მინისტრს, ვახტანგ ბალავაძეს, აღარ სჯობიაო?! ამაზე მარტივი პასუხი მაქვს: თუ მიზანი ის იყო, რომ სააკაშვილის მინისტრზე უკეთესი ყოფილიყო, მაშინ შეგვეძლო კიდევ ბევრ სხვა სამინისტროში დაგვენიშნა, მაგრამ განა ეს არის მიზანი? თუმცა ვნახოთ, იქნებ კალაძისგან კარგი ენერგეტიკოსიც დადგეს, მით უმეტეს, ივანიშვილი ამბობს, ნიჭიერი კაცია და ისწავლისო.

ზოგადად თუ ვიტყვით, ახალი მთავრობა უფრო მეტად იძლევა იმედს, ვიდრე აცრუებს, მაგრამ ყველაფერი მაინც აბანოში, ანუ საქმეში გამოჩნდება. აქამდე რაც გამოჩნდა, ისაა, რომ ივანიშვილს უჭირს სასურველი მინისტრების შერჩევა და ანეკდოტების მოყოლა.

"იმედის" დაბრუნება

არ ვიცი, არსებობს თუ არა დედამიწაზე კიდევ სხვა ქვეყანა, სადაც ხელისუფლების გადაბარებასთან ერთად ტელევიზიების გადაბარებაც ხდებოდეს. არადა, ფაქტია, ამ დღეებში სულ ცოტა სამ ტელევიზიას შეეცვალა მეპატრონე: "საქართველოს", "რეალ TV"-ს და "იმედს". მათ შორის ყველაზე რეზონანსული "იმედის" საქმეა. ის ხომ პატარკაციშვილის ოჯახს ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის თვალწინ ძალადობრივი მეთოდებით წაართვა ისე, რომ სირცხვილისგან არც კი გაწითლებულა. დღეს კი მოულოდნელად მათში სინდისის ქენჯნამ გაიღვიძა და გადაწყვიტეს, წართმეული უკან დაებრუნებინათ. რატომ გახდა მოულოდნელად ყოფილი ხელისუფლება ასეთი გულჩვილი და რატომ გადაწყვიტა წართმეულის დაბრუნება? - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამ ამბების შემდეგ გაჩნდა. რა პირობებით დაუბრუნეს "იმედი" პატარკაციშვილების ოჯახს, თუ არანაირი პირობა არ წაუყენებიათ? და მთავარი: როგორი იქნება ახალი-ძველი "იმედი"? ვის გაუშვებენ და ვის დატოვებენ? მოკლედ, ტელეკომპანია "იმედი" თავის ძველ მეპატრონეს დაუბრუნდა, თუმცა დაბრუნდება თუ არა იმედი, ეს მომავლის საქმეა.

დღეს მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ყოფილი ხელისუფლება იმ ჟურნალისტებზე, ვინც მას ემსახურებოდა და მის გამო ტალახის სროლასაც იტანდა (გასაგებია, რომ ეს ამ ჟურნალისტების არჩევანი იყო), აღარ ზრუნავს - უკვე დარჩნენ უსამსახუროდ "რეალ TV"-ს ჟურნალისტები; სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის "იმედის"  ჟურნალისტების ნაწილსაც. თუ ასე მოხდა, რა გამოვა: ყოფილმა ხელისუფლებამ ისინი გამოიყენა და მერე გადაყარა? ვინ მიიღებს მათ სამსახურში? არ მინდა, ძალიან დიდაქტიკურად გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველა ჩემი კოლეგისთვის, ვინც მომავალშიც გადაწყვეტს ემსახუროს ვიღაცას და არა - პროფესიას.

გათეთრდება ყორანი?

მართალია, ქართული ანდაზა ამბობს: "არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო", მაგრამ სააკაშვილი მაინც ირწმუნება "ნაციონალური მოძრაობა" კათარზისს განიცდის და ძალას ისევ მოიკრებსო. ვფიქრობ, რთული ამოცანა იქნება. მერე რა, რომ თანამედროვე ეპოქაში ჭუჭყს მარტო ქვიშით აღარ აცლიან და უამრავი ეფექტური სარეცხი საშუალება არსებობს. იმ ტალახს ჩამობანა არ უნდა?  ძალიან კი გაუჭირდებათ, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ტალახია გამოსაჩენი. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, ეფექტური ოპოზიცია იყოს, მაგრამ ესეც გაუჭირდება. ჩვეულებრივ, ასე ხდება: ოპოზიცია აკრიტიკებს, ხელისუფლება თავს იმართლებს. ჩვენთან კი კარგა ხანს პირიქით იქნება - "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ დიდხანს მოუწევს თავის მართლება, რადგან უამრავმა ადამიანმა ამოიღო ხმა, უამრავი საქმეა გამოსაძიებელი და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე გაირკვევა.  თუმცა, ვფიქრობ, ეს ადამიანები, ვინც ხელისუფლების შეცვლის მერე იღებენ ხმას, აქამდე რომ ალაპარაკებულიყვნენ, უკეთესი იქნებოდა - დარწმუნებული ვარ, ძველი ხელისუფლება ამდენს სწორედ მათი სიჩუმის გამო ბედავდა. მესმის, ეშინოდათ, მაგრამ თუნდაც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ახლა რომ გაიძახიან, რექტორი კანონდარღვევით აირჩიესო, თავიდან რომ ამოეღოთ ხმა, განა ყველა პროფესორს და სტუდენტს ერთდროულად გაყრიდნენ უნივერსიტეტიდან?

დასასრულ: არ ვიცი, რა გათეთრებაზეა ლაპარაკი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" წვრილმან მავნებლობას წაგების შემდეგაც არ იშლის. მავნებლობაა, აბა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რაც მათ ამ დღეებში აჭარაში გააკეთეს. შენობა, რომელსაც მრავალი მილიონი დაახარჯეს და რომელშიც აჭარის მთავრობა უნდა დაბინავებულიყო, აიღეს და აჭარის ხელოვნების სასწავლებელს გადასცეს, აქაოდა, ჩვენ ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით და ახალ მთავრობას კისერიც უტეხიაო. ახალი მთავრობა კი, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება: სტუდენტებს შენობიდან თუ გამოყრის, ერთი ამბავი ატყდება, არ გამოყრის და - ისევ შენობის გარეშე დარჩება...