"ამ ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ მინისტრებმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ" - კვირის პალიტრა

"ამ ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ მინისტრებმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ"

"იმედის" დათმობით შექმნეს ილუზია, რომ ყველაფერს თმობენ, სინამდვილეში არაფერსაც არ დათმობენ"

"ახალ მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებებისას ერთგულების მომენტი იყო გადაჭარბებული"

"სააკაშვილმა მოახერხა თავზე დემოკრატის გვირგვინის მორგება"

რა პრინციპით აირჩია ბიძინა ივანიშვილმა მინისტრები, როგორ უნდა შეირჩეს კადრები და რომელი სტრუქტურების რეორგანიზაციაა აუცილებელი, ამ და სხვა თემებზე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს, ყოფილ მთავარ სახელმწიფო ბრალმდებელს, კახა კახიშვილს ვესაუბრეთ:

- ბიძინა ივანიშვილის საკადრო გადაწყვეტილებებში მთავრობასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ბალანსის დამყარების სურვილს ვხედავ. თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ალასანიას თანაგუნდელები ჭარბობენ, პარლამენტში საკვანძო თანამდებობებზე რესპუბლიკელები არიან. შს სამინისტრო, პროკურატურა, ეკონომიკა, ფინანსთა სამინისტრო და ენერგეტიკა კი ივანიშვილმა პირად კონტროლს დაუქვემდებარა.

- როდესაც კახი კალაძე ჯერ ინფრასტრუქტურის, შემდგომ კი ენერგეტიკის მინისტრად დასახელდა, ითქვა, რამდენად უნივერსალურია კალაძე, რომ ერთნაირი წარმატებით გაართმევს თავს ორ სრულიად განსხვავებულ დარგსო?

- კახი კალაძე ივანიშვილის ნდობით სარგებლობს. გამოჩნდა, რომ მას ივანიშვილი მოიაზრებდა იმ სამინისტროებში, სადაც დიდი ფული ტრიალებს. ჩანს, ივანიშვილის გათვლა ასეთია, - კალაძე მინისტრობის პერიოდში უზრუნველყოფს იმას, რომ მის სამინისტროში ფული არ მოიპაროს ვინმემ. შეიძლება ივანიშვილმა კალაძეს ისეთი მოადგილეები შეურჩიოს, რომელთაც იციან ენერგეტიკა და მათ წარმართონ საქმე, კალაძეს კი, ძირითადად, ფულის გაკონტროლება დაევალება. ნოდარ ხადურის დანიშვნა ფინანსთა მინისტრად, კალაძის - ენერგეტიკის მინისტრად, ირაკლი ღარიბაშვილის კი შს მინისტრად, ნიშნავს, რომ მთავრობაში საკონტროლო პაკეტები ივანიშვილმა დაიტოვა.

- განსჯის საგანი გახდა სპორტის მინისტრის წარდგენისას ივანიშვილის ნათქვამი, რომ ის დავით ყიფიანის შვილია და ესაა მისი მთავარი ღირსება.

- ვიღაცის შვილობა ან ოჯახის წევრობა არ უნდა იყოს თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმი. ივანიშვილთან დაახლოებული ერთი ექსპერტის ინტერვიუში წავიკითხე, ივანიშვილს კადრების დეფიციტი აქვს და ამიტომ გაჭიანურდა მათი შერჩევაო. ჩემი აზრით, ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" ასეთ გამარჯვებას არ ელოდა, თორემ კადრების დეფიციტი საქართველოში ნამდვილად არ არის. საჭიროა კადრების სწორად შერჩევა. ადამიანები პროფესიული ნიშნით უნდა ინიშნებოდნენ და არა პირადი ნაცნობობით ან იმის მიხედვით, ვინ რა როლი ითამაშა კონკრეტულ აქციაზე. პოლიტიკური მომენტის გათვალისწინება საჭიროა, მაგრამ ამისათვის არის საკანონმდებლო ხელისუფლება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი მთავარია კომპეტენცია და პროფესიონალიზმი. ბევრია პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი, რომლებიც შეიძლება პოლიტიკაში არ ერეოდნენ, მაგრამ თავიანთი საქმე იციან. ეს უნდა იყოს მთავარი და მერე ერთგულება. თუმცა ამჯერად დავინახეთ, რომ საკადრო გადაწყვეტილებებისას ერთგულების მომენტი იყო გადაჭარბებული.

- გარდამავალ ეტაპზე როგორ წარმოგიდგენიათ მთავრობის მუშაობა, სად შეიძლება იჩინოს თავი პრობლემებმა?

- ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ არ იქნება მასობრივი დათხოვნა სამსახურებიდან. აქედან გამომდინარე, სამინისტროებში დარჩებიან ისეთი პირებიც, რომლებიც შეეცდებიან, პრობლემები შექმნან, რომ შემდგომში საზოგადოებამ ამა თუ იმ მინისტრის არაეფექტურობაზე ილაპარაკოს. ამის გამო სირთულე ძალიან ბევრი იქნება, თანაც, დემოკრატიულად მართვა რთულია. მართვა ადვილი იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც წრე დახურული იყო და ვერსად იპოვიდი სიმართლეს, მაგრამ დღეს, როდესაც ლაპარაკია, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და სამართალდამცავი სისტემა მიუკერძოებელი, მინისტრს გაუჭირდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. სწორი მართვა უმნიშვნელოვანესია ახლა, როდესაც მოსალოდნელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მკაცრი ოპონირების რეჟიმში გადავა. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს ხელოვნურ ოპონირებასა და პრობლემების შექმნას. ამ ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ მინისტრებმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ მართვა.

- მაგრამ, ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს რესურსი ახალი ხელისუფლებისთვის პრობლემის შესაქმნელად.

- "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან კარგი კონტაქტები აქვს უცხოეთში ლობისტურ კომპანიებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ მის იმიჯს. სააკაშვილმა მოახერხა თავზე დემოკრატის გვირგვინის მორგება იმით, რომ არჩევნებით გადასცა ხელისუფლება ოპონენტს. არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობის" გადახალისება მოხდეს და სხვა ადამიანები მოგვევლინონ. შესაძლებელია შეიქმნას ახალი პარტია, ახალი სახეებით და მათ უკან "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები იდგნენ. თუ ეს პარტია გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ძველი ფიგურები გამოჩნდებიან. სააკაშვილის პარტიას რესურსი შეიძლება 2 წელი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მერე არ ექნება ოპონირების რესურსი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალა კვლავ აკონტროლებს ტელევიზიებსაც.

- მათ დათმეს "იმედი" და შესაძლოა "რუსთავი 2"-ის დათმობამაც მოუწიოთ.

- ეტყობა, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილების ოჯახი სამართლებრივ დავას აპირებდა და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს. "იმედის" საკითხი იმიტომ არ გაამწვავეს, რომ ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. აშკარად ეტყობოდა წართმევის კვალი და სამართლიანი სასამართლო რომ ყოფილიყო, ბევრი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. "ნაციონალური მოძრაობა" რომ ტელევიზიების შენარჩუნებას ცდილობს, გამოჩნდა "რეალ ტვ"-ის სხვა პირზე გადაფორმებით და იმითაც, რომ ბოკერიას ცოლმა იყიდა ტელეკომპანია "საქართველო". "იმედის" დათმობით შექმნეს ილუზია, რომ ყველაფერს თმობენ, სინამდვილეში არაფერსაც არ დათმობენ. ეს ჩანს თუნდაც ახალი გუბერნატორების დანიშვით, თვითმმართველობებისთვის ხელფასების მომატებითა და სამინისტროების კუთვნილი ავტომობილების თვითმმართველობებზე გადაწერით. გუბერნატორი კანონით ძალზე უუფლებო პირია. მისი ძლიერება იმაზე იყო დამოკიდებული, შეეძლო თუ არა სააკაშვილთან შესვლა ან დარეკვა. დღეს, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება სხვა პარტიის ხელშია, პროკურორი და პოლიციის უფროსი კი იქნება ხალხი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" არ უჭერენ მხარს, ბევრი გუბერნატორი შეეცდება, საერთო ენა გამონახოს ადგილობრივ პოლიციასა და პროკურატურასთან. ხალხი, ვინც ივლის გუბერნატორის თათბირზე, არ არის გამორიცხული, თათბირის შემდეგ პროკურატურას მოუყვეს, რა დავალებებს აძლევს გუბერნატორი.

- ხელისუფლებას, ალბათ, ცალკეული უწყებების სტრუქტურული გარდაქმნაც მოუწევს.

- ჩვენ ვაკრიტიკებდით სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ შს სამინისტრო და უშიშროება გააერთიანა. ახალი ხელისუფლება მათ გაყოფაზე არაფერს ამბობს, რაც არასწორია. აჯობებს, ეს უწყებები გაცალკევდეს, რადგან მათი ფუნქცია და ამოცანები განსხვავებულია. თუ ეს ორი სამინისტრო ერთმანეთს გააკონტროლებს, ერთმანეთს დააბალანსებენ კიდეც.

არ იქნება სწორი სოდ-ისა და კუდ-ის შენარჩუნება.

მიმაჩნია, რომ კონფლიქტის ზონაში წარმომადგენლობა უნდა ჰქონდეს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს, რათა ვინმეს საზღვრისპირა რეგიონებში სიტუაციის არევის სურვილი არ გაუჩნდეს.

აუცილებელია პროკურატურა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს. პროკურორის დანიშვნის საკითხი განსაზღვრული უნდა იყოს, ისევე როგორც მისი გადაყენების წესი, რათა არასასურველი პროკურორის ადვილად მოხსნის საშუალება ჰქონდეთ. პროკურატურა ძალზე სპეციფიკური ორგანოა და მის კადრებთან სპეციფიკური მიდგომაა საჭირო. ახალგაზრდები, რომლებიც ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაინიშნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, უნდა გაათავისუფლონ და აქცენტი გაკეთდეს იმ კადრებზე, რომლებიც პროკურატურის ოქროს ფონდად ითვლება. შს სამინისტრო და პროკურატურა ძნელი სამართავია. იქ ოპერატიული სამსახურის ისეთი გენიოსები მუშაობენ, რომლებთან საუბარიც ნებისმიერ მინისტრს გაუჭირდება. კარგია, რომ მთავარი პროკურორი იქნება ის პირი, რომელსაც არ უმუშავია პროკურატურის სისტემაში, სხვანაირად შეხედავს ამ სტრუქტურას, მაგრამ არასწორი იქნება ადვოკატებისა და პროკურორების აღრევა უფრო დაბალ დონეზე. ყოფილი ადვოკატების დანიშვნა ყველა დონის პროკურორებად სისტემას შეუქმნის პრობლემას.

წლებია პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვაკრიტიკებთ საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს. ერთ წელში საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება და მთავრობამ ახლავე უნდა იზრუნოს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისეთ გარემოში ჩატარდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები კითხვა დაიბადოს საარჩევნო ადმინიტრაციასა და სისტემაზე.