უგულავას "პონტში" ანუ გამოძალვა-შანტაჟის სკანდალური სქემა - კვირის პალიტრა

უგულავას "პონტში" ანუ გამოძალვა-შანტაჟის სკანდალური სქემა

"მალე შოკის მომგვრელი ფაქტები წალეკავს ქვეყანას"

"ფარული ჩანაწერი დღემდე პროკურატურაში დევს"

"უგულავას ჩარევით და ადეიშვილის უშუალო მითითებით გამოუშვეს ეს ხალხი"

1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - საყოველთაო დუმილი დაირღვა. მალე, ალბათ, შოკის მომგვრელი ფაქტების ნიაღვარი წალეკავს ქვეყანას. მთავარი საშიშროება მათი განადგურებაა, რადგან, როგორც ჩანს, სამართალდამცავ სტრუქტურებში მრავლად არის სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულების ამსახველი ფაქტები, დოკუმენტები და სკანდალური ვიდეოჩანაწერები, რომელთაც მიზეზთა გამო ჯერჯერობით ვერ იხილეს დღის სინათლე. ჩვენი რესპონდენტის სკანდალური ინტერვიუ, პრაქტიკულად, მაგალითი და დადასტურებაა იმ უმსგავსობისა, რაც ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბატონობდა. როგორ სჩადიოდნენ დანაშაულს სახელმწიფო ჩინოვნიკები და მათი ახლო ნათესავები, როგორ მფარველობდნენ მათ უმაღლესი თანამდებობის პირები, ამ საკითხებზე ბიზნესმენი გია ომიაძე გვესაუბრება:

- სამშენებლო ბიზნესი მქონდა. ბუნებრივია, მშენებლობისათვის აუცილებელი იყო მიწის შესყიდვა და მეც აუქციონზე ვყიდულობდი. ერთ-ერთი მორიგი შესყიდვისთვის მერიაში ვიყავი მისული, სადაც ვინმე რეზო ნოდია გავიცანი. როგორც სატენდერო კომისიის წევრი გამეცნო და შემპირდა, რომ მიწისა და ნახაზების საქმეს მომიგვარებდა და კვადრატულ მიწას აუქციონზე 25 ლარად გამოატანინებდა. ნახაზებსა და პირველად სამუშაოებში 400 დოლარი  მოითხოვა, რაც გადავუხადე. გავიდა დრო, მაგრამ ნოდია არაფერს აკეთებდა. მალე გავარკვიე, რომ არანაირი კომისიის წევრი არ ყოფილა. ვიფიქრე, თაღლითია და მოვტყუვდი-მეთქი, მაგრამ მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ნოდია უგულავას კორუფციული სქემებისა და გარიგებების ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელშიც ჩართული იყვნენ გიგი უგულავას ცოლის ახლო ნათესავები. ვიდრე ნოდია საქმის გაკეთებას მპირდებოდა, აუქციონიც გამოცხადდა, მიწას ოფიციალურად კვადრატულ მეტრზე 65 ლარი დაედო ფასი.

აუქციონამდე ორი დღით ადრე ბატონმა ნოდიამ შეხვედრა მთხოვა. უცნობ პირებთან ერთად მოვიდა. როგორც მითხრეს, თუ 50.000 დოლარს არ გადავიხდიდი, აუქციონს ჩაშლიდნენ, მერე კი ახალ აუქციონზე შეცვლილი ფასით გამოიტანდნენ, ან დააკონსერვებდნენ და ფულსაც (ბეს ვგულისხმობ) დავკარგავდი. მიწის ფასი 280 ათასი ლარი იყო. აქედან 80 ათასი ბედ მქონდა შეტანილი. მითხრეს, 50.000 დოლარი გადაიხადე და ამ საქმეს გიგი უგულავას ცოლის ბიძაშვილი უგულავას "პონტში" მოუვლისო(!).

შეხვედრა ფოთის ქუჩაზე კონსპირაციულ ბინაში შედგა. პირველი კითხვა, რაც დამებადა, ის იყო, ვინ ხართ, რა ფულს მთხოვთ და რა აუქციონის ჩაშლით მემუქრებით-მეთქი? ვინ და, ამ საქმეში გიგი უგულავას ცოლის ბიძაშვილია ჩარეული, სასწრაფოდ 5.000 დოლარი უნდა მისცე, დანარჩენი 45.000 კი მერე, აუქციონი რომ ჩატარდება და მიწა შენი გახდებაო. რაში ითხოვთ ფულს, მიწას ისედაც დიდი ფასი ადევს-მეთქი.

- იქნებ თაღლითების ჯგუფი გიგი უგულავას სახელით სპეკულირებდა?

- შეხვედრა დაიგეგმა და ჩემი მიწის საქმით დაინტერესებული მართლა უგულავას ცოლის ბიძაშვილი ლაშა გოგიაშვილი აღმოჩნდა. შეხვედრაზე კიდევ რამდენიმე კაცი იყო, ასე ვთქვათ, დიღმელების "სასტავი".  უგულავას ცოლის ბიძაშვილმა მკითხა, უფულოდ მოხვედი, 5.000 ხომ უნდა მოგეტანაო?   დღესვე მოიტან 5.000 დოლარს, თუ არა და ჩათვალე, რომ აუქციონი ჩაშლილია, მიწაც დაკარგული გაქვს თავის ფულიანადო.  დაჩემებული ჰქონდათ, ამ მიწის გვერდზე ებრაელ ინვესტორს აქვს მიწა ნაყიდი. ვიცით, მიწა მას უნდა მიჰყიდო, ფული გააკეთო და 50 ათასის გადახდაც არ გინდაო?

- როგორ უნდა ჩაეშალათ აუქციონი, რა მექანიზმით?

- მექანიზმი უგულავა იყო. მის ხელშია მთელი ქალაქი, მათ შორის აუქციონის ჩაშლა-არჩაშლაც. გოგიაშვილმა მითხრა, ხომ იცი, უგულავას ცოლის ბიძაშვილი ვარ, გიგი ჩემით აკონტროლებს ყველაფერს. ისიც ხომ იცი, ყველაფერი ჩვენს ხელშია და თუ ფულს არ მოიტან, რაც გვინდა, იმას ვიზამთო. ეს საუბარი რომ მორჩა, ნოდია გარეთ გამომყვა, ხომ ხედავ, რა საშიში ხალხია, მეც როგორ მოწიწებით ვარ ამათთან, ფრთხილად იყავი, არ დაგიჭირონო(!). მივხვდი, რომ საქმე საკმაოდ რთულად მქონდა. გადავწყვიტე, სამართლადამცავ ორგანოებში მივსულიყავი და ეს ამბავი გამეცხადებინა. მთავარ პროკურატურაში მივედი და განცხადება დავწერე. დაიგეგმა სპეცოპერაცია, დამიმაგრეს ფარული კამერა, დანომრეს ფული. უგულავას ცოლის ბიძაშვილმა და მისმა ჯგუფმა მთაწმინდაზე რომელიღაც ოფისში დამიბარეს, ფული იქ გადავეცი და ყველანი აიყვანეს, მაგრამ ეს ამბავი ისე ჩაიფარცხა, თითქოს არც მომხდარა, არავის არაფერი გაუგია. მეორე დილითვე უგულავას ცოლის ბიძაშვილი ხუთ კაცთან ერთად გაათავისუფლეს. საპროცესო გარიგება დაუდეს და გამოუშვეს ისე, რომ ერთი დღეც არ ყოფილან ციხეში. სამაგიეროდ, რამდენიმე დღეში უგულავამ გადამიხადა სამაგიერო.

ამ ამბიდან ზუსტად სამ დღეში ქალაქის პროკურატურიდან და სასამართლოდან ერთდროულად მომივიდა უწყება. ქალაქის მერია ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდა, პარალელურად კი მერია ადმინისტრაციულ სასამართლოში მიჩიოდა.

- რა საბაბით?

- 2006 წელს აუქციონზე 10.000 კვმ მიწა ვიყიდე. წესისამებრ შეტანილი მქონდა ბე და აუქციონის მოგების შემდეგ დანარჩენი თანხა - 525.000 ლარი 2 თვის განმავლობაში უნდა დამეფარა. ხელშეკრულება რომ გავაფორმე, მერე მითხრეს, შეცდომა მოგვივიდა, ეს მიწა თურმე მშენებლობის ნებართვის გარეშეაო. 10.000 კვმ მიწა თბილისში რაში მჭირდება მშენებლობის უნებართვოდ, ძროხები ხომ არ უნდა ვაბალახო-მეთქი? გამოვასწორებთო, დამპირდნენ. მოკლედ, 6 თვე გააჯანჯლეს ეს საქმე, შეცდომის გამოსწორებას მერია 6 თვეს მოუნდა. როგორც კი მშენებლობის ნებართვა მომცეს, იმავე დღეს გადავიხადე ფული. მოკლედ, მათი მიზეზით 4 თვე ვადაგადაცილება ხომ იყო? ჰოდა, ეს გამოიყენა გიგი უგულავამ. 2006 წლიდან ჯარიმები, ჯარიმების ჯარიმები და კიდევ საურავები დააჯამეს და 2012 წელს ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანეს მოთხოვნა 600.000-ით დაჯარიმებაზე. სხვათა შორის, მოგვიანებით გავარკვიე, რომ 2006 წელს შეცდომა არ მოსვლიათ.

2012 წელს, როცა უგულავამ მერიას აჩივლინა სასამართლოში, ვითხოვდი, წარმოედგინა მერიას ის დოკუმენტაცია, რომლითაც განკარგეს ეს მიწის ნაკვეთი. ამას ვითხოვდი იმიტომ, რომ დამედასტურებინა, მაშინაც რომ მატყუებდნენ და ფულის გამოძალვა ჰქონდათ დაგეგმილი, ვითომდა მიწაზე მშენებლობის ნებართვის მოსაცემად. მერიამ დოკუმენტი არ წარმოადგინა, მოსამართლე კი ხელებს შლიდა, არაფერი შემიძლია, რამე მოიფიქრეთო. კი უთხრა ერთი-ორჯერ მერიის წარმომადგენლებს, კაცს ფული მთლიანად გადახდილი აქვს და საურავი მიწის ფასზე მეტიაო, მაგრამ მაინც საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა(?!). ეს იყო უგულავას შურისძიება. თუ დამნაშავე ვიყავი,  5 წლის განმავლობაში ერთხელ არ მოუკითხავთ ეს ამბავი, ბიუჯეტს რამეს ვაკლებდი და 5 წელი მაპატიეს? ბუნებრივია, ქვეყანაში ვითარების შეცვლის შემდეგ სამართლებრივ დავას დავიწყებ. იმ სპეცოპერაციის ჩანაწერი გენერალურ პროკურატურაში დევს. აუცილებლად მოვითხოვ მის გამოქვეყნებას. საქმეს ნამდვილად ვერ გააქრობენ, რადგან იმ ხალხთან საპროცესო გარიგება შედგა.

- როცა ის ხალხი მეორე დილით გამოუშვეს, არ იკითხეთ, რა იყო მათი გათავისუფლების მიზეზი?

- თავად გამომძიებლები იყვნენ გაოგნებული. ჯერ ამ განცხადებით რომ მივედი პროკურატურაში, არ მიჯერებდნენ, მერე, ეს ხალხი რომ გაათავისუფლეს, იმით იყვნენ გაოცებული. უგულავას ჩარევით და ადეიშვილის უშუალო მითითებით გამოუშვეს ეს ხალხი. ეს იყო გამოძალვა-შანტაჟის სკანდალური სქემა, რომელიც ჩემი მეშვეობით გაშიფრა მთავარმა პროკურატურამ, მაგრამ რად გინდა. ფარული ჩანაწერი დღემდე პროკურატურაში დევს. საინტერესოა, რატომ არ აჩვენეს საზოგადოებას ამ სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოჩანაწერი? რატომ დამალა ადეიშვილის უწყებამ ეს სკანდალი? არაფრის გამო 600.000 ლარზე მეტის გადახდა დამაკისრეს. ჩემს სახელზე არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი ძმის სახლში ვიყავი ჩაწერილი და უკვე დაუყადაღეს ყველაფერი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, იურისტი: "ვფიქრობ, ყველა საქმე, რომელიც უმაღლეს ეშელონებში მოკალათებული პირების დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება, აუცილებლად უნდა გახდეს სამართლებრივი ორგანოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც ნდობით არიან ახალი ხელისუფლებისადმი აღჭურვილი, იმედი გაუცრუვდებათ, რაც თავისთავად უკმაყოფილებას გამოიწვევს საზოგადოებაში. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად უნდა დაიწყოს იმ საქმეებზე რეაგირება, რომელთა შესახებ განაცხადი ღიად უკვე გააკეთეს მოქალაქეებმა. უნდა გაკონტროლდეს დოკუმენტების შენარჩუნების საკითხიც, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკები დოკუმენტური მასალის გაქრობაზე აქტიურად მუშაობენ.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში