"თუ ბატონ ბიძინასთან უარგუმენტოდ მიიტანე რამე წინადადება, მისი განხილვა იქვე დამთავრდება" - კვირის პალიტრა

"თუ ბატონ ბიძინასთან უარგუმენტოდ მიიტანე რამე წინადადება, მისი განხილვა იქვე დამთავრდება"

გიორგი კვირიკაშვილი: ”2011 წლის ოქტომბრამდე "ქართუს" გენერალური დირექტორი ვიყავი. მერე ერთი წელი ამერიკულ საკონსულტაციო ფირმაში ვიმუშავე და ცოტა ხნის წინ ბატონი ბიძინასაგან მივიღე შემოთავაზება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე. დიდხანს ფიქრი არ დამცალდა. ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში წასვლით ყველაფერი პირადი, დარტყმის ქვეშ დააყენა და უფლება არ მქონდა, ჩემი პირადი ცხოვრების დისკომფორტის გამო უარი მეთქვა ამ შემოთავაზებაზე.

- რა არის თქვენთვის მთავარი საქმიანობისას?

- სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ. ჩემს ცხოვრებაში ისე ხდებოდა, რომ რაღაც ციკლის მერე თავიდან ვიწყებდი ყველაფერს. არასოდეს ისე არ ვიქცეოდი, რაც კარიერულად სასარგებლო იქნებოდა. სულიერი სიმშვიდე, ოჯახთან ყოფნა და ანალიტიკური საქმიანობა მირჩევნია. თუმცა არც "ქართუ" ბანკში მქონია მშვიდი სამუშაო. ეს იყო ბიზნესზე ორიენტირებული ბანკი, სადაც იმდენი მოვახერხეთ, რომ არ გვქონოდა ხისტი კაპიტალისტური მიდგომა. ჩვენთვის მთავარი იყო ადამიანური დამოკიდებულება. ეს ჰუმანურობისა და კაპიტალიზმის ნაზავია. ამის საშუალება ჩვენმა დამფუძნებელმა მოგვცა, რომელიც ბანკისგან ზემოგებებს არ ითხოვდა და გვეუბნებოდა, ისე მიუდექით ბიზნესს, რომ ვიღაცას სახლი არ წაართვათო. ჩვენი მიდგომა ასეთი იყო: აგვერიდებინა ადამიანებისათვის სარისკო გადაწყვეტილების მიღება.

- როგორია სამუშაო გარემოში ბიძინა ივანიშვილი?

- ძალიან კარგად იღებს არგუმენტებს. თუ მასთან უარგუმენტოდ მიიტანე რამე წინადადება, მისი განხილვა იქვე დამთავრდება. როდესაც საკითხს დასვამ, აუცილებლად შეგედავება და თუ არ შეგიძლია მოსაზრების დასაბუთება, ჯობს, ამ საკითხზე არც მიხვიდე. ბატონი ბიძინას დიდი პლუსი ის არის, რომ ზედაპირულად არ იღებს გადაწყვეტილებებს. ჯერ არგუმენტს  მოისმენს, მერე კი გკითხავს ამ თემის გაგრძელების ალბათობას. თუ თემის განვითარების რამდენიმე ვარიანტია, შეგეკითხება, რამდენი პროცენტია ერთი ან მეორე მიმართულებით პროცესის სწორად განვითარების ალბათობა. თვლის ყველაფერს.

- ეს მეთოდი გამოიყენა პოლიტიკაშიც?

- შედეგიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მეთოდურად გათვალა ეს ერთი ურთულესი წელი, რომელიც გამარჯვებით დამთავრდა. ბატონ ბიძინასთან ხშირი შეხვედრებით განებივრებული არ ვყოფილვარ, მაგრამ იმ რამდენიმე შეხვედრაზე, რაც მასთან მქონია, ბანკის სტრატეგიასა და პოლიტიკას ასე განვიხილავდით.

- ეკონომიკის სამინისტროში დასანერგ სიახლეებზე თუ იმსჯელეთ მომავალ პრემიერთან?

- ჯერჯერობით ძალიან დაკავებულია, ცალკეული სამინისტროების მუშაობაში არ არის ჩართული. ჯერ დამოუკიდებლად ვმუშაობ. ბატონ ბიძინასთან მუშაობის კომფორტი ის არის, რომ სტრატეგიულ საკითხებს ითანხმებს, მერე კი აბსოლუტურად დელეგირებული აქვს სამუშაო.

- რა სტრატეგიული საკითხებია შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან?

- ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები, სამინისტროებში რა ტიპის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. ძალიან კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა გადაბარება. შეხვედრა მქონდა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. არც ერთი მხრიდან ხელის შეშლას არ ვგრძნობ.”

იხილეთ ვრცლად