"ცხოვრების საჯარო წესის გამო უკვე დისკომფორტი მაქვს" - კვირის პალიტრა

"ცხოვრების საჯარო წესის გამო უკვე დისკომფორტი მაქვს"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი: - 1984 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება ძნელი იყო და მიზნად დავისახე, სწორედ იქ ჩამებარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტში საშინელი კორუფცია იყო. რადგან ოქროსმედალოსანი ვიყავი, ერთი (ფიზიკის) გამოცდის ჩაბარების მერე მოვხვდი სამედიცინო ინსტიტუტში. იმ წელს მისაღები კომისიის თავმჯდომარე გია მაჩაბელი იყო, უპატიოსნესი კაცი. ჩანს, ობიექტურად ჩაატარა გამოცდები და, ამიტომაც მოვხვდი ინსტიტუტში. მაშინ გამოვიდა სულელური კანონი, სტუდენტები ჯარში მიჰყავდათ. 2 წელი ვიმსახურე ესტონეთში. დავბრუნდი და ისევ სამედიცინოზე გავაგრძელე სწავლა, მაგრამ ერთი წლის მერე გადავწყვიტე, დაუსწრებლად მესწავლა ეკონომიკის  ფაკულტეტზეც. საბაზრო ეკონომიკის პერიოდი იწყებოდა, კარგი მათემატიკური განათლება მქონდა და ახალმა რეალობამ  დამაინტერესა. მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობა წითელ დიპლომზე დავამთავრე.

ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებისთანავე ექიმობის ინტერესი გამინელდა.

ოჯახში მთხოვეს, იქნებ მომავალში შეიცვალო აზრი და სამედიცინო ინსტიტუტიც დაამთავროო. პირველი სამი კურსი სულ ფრიადებზე მაქვს გასრულებული, მერე სულ სამიანები მყავდა. საზეიმო ვითარებაში მივიტანე სამედიცინოს დიპლომი სახლში, რომელიც არ გამომიყენებია.

ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას "ვნეშეკონომბანკში" ვმუშაობდი. ეს ბანკი "ექსპორტ-იმპორტ ბანკად" გარდაიქმნა. მერე "შემნახველი ბანკი" "ინდუსტრია ბანკი", "ექსპორტ-იმპორტ ბანკი" გაერთიანდნენ და გაერთიანებული ქართული ბანკი ჩამოყალიბდა. იქიდან მეგობრების ჯგუფი "ბინსოცბანკში" გადავედით. ის, ფაქტობრივად, ნულიდან შევქმენით და საკმაოდ მომგებიან კომერციულ ბანკად გადავაქციეთ, სადაც მმართველის მოადგილე ვიყავი.

ამ პერიოდში ედმუნდ მასკის პროგრამით ამერიკის მთავრობამ დამიფინანსა მაგისტრატურაში სწავლება. ერთი წლითა და სამი თვით ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით ვსწავლობდი. ძალიან გამიჭირდა ამერიკაში მარტო ყოფნა. უკვე სამი შვილი მყავდა და ძნელი იყო ოჯახის დატოვება. ამერიკიდან ჩამოსვლის მერე ისევ ბანკში გავაგრძელე მუშაობა. 1999 წელს სახელმწიფო კანცელარიაში გადავედი ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ. ამავე წელს პარლამენტის წევრი გავხდი "მოქალაქეთა კავშირის" სიით. "ახალი მემარჯვენეების" ფრაქციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი, შემდეგ ახალი მოძრაობა "ახალი მემარჯვენეები" დაფუძნდა. ამ მოძრაობის დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიდერები - დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე  გაიყვნენ. 2003 წლამდე დავრჩი "ახალ მემარჯვენეებში". 2003 წლის არჩევნებისთვის ეკონომიკის პროგრამის მომზადების სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია. სიაში მეთერთმეტე ვიყავი, მაგრამ უარი ვთქვი დეპუტატობაზე. მიუხედავად იმისა, რომ "ახალი მემარჯვენეებიდან" წამოვედი, დათოსა და ლევანთან ისევ ვმეგობრობ. უარის ერთ-ერთი მიზეზი იყო პარლამენტარის დაბალი ანაზღაურება - 800 ლარი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ანაზღაურების მიღების საშუალება მქონდა. გარდა ამისა, პოლიტიკა და ცხოვრების საჯარო წესი არ მხიბლავდა. ორი დღეა მაჩვენებენ ტელევიზიით. ცნობადი სახე არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიული საქმიანობა და საექსპერტო  სამუშაო იყო. ცხოვრების საჯარო წესის გამო უკვე დისკომფორტი მაქვს. ეს არის ერთ-ერთი დიდი დისკომფორტი, რაც ჩემს მინისტრად დანიშვნას ახლავს...

...მე და მაკამ ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. 1990 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდით, როდესაც დავქორწინდით. 4 შვილი გვყავს - ნინო და ანა, სტუდენტები არიან. ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობენ  იესემში. გიორგი მეთერთმეტე კლასშია, უმცროსი ნიკოლოზი კი პირველკლასელი. ხასიათით უმცროსი ვაჟი ნიკა მგავს, ყველაფრის სკრუპულოზურად გაკეთება უყვარს და გაბრაზებაც ჩემსავით ორ წუთში გადაუვლის ხოლმეო.

იხილეთ ვრცლად