გარდამავალი პერიოდის გამოწვევები - კვირის პალიტრა

გარდამავალი პერიოდის გამოწვევები

ხელისუფლების გადაბარების ოცდღიანი მარათონი დამთავრდა. გამოწვევები, რომლებიც გარდამავალმა პერიოდმა შემოგვთავაზა, ყურადღებასა და მართვას საჭიროებს: 1. მასობრივი გაფიცვები ბიზნესსექტორში ხელფასის გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით; 2. დევნილებისა და უსახლკაროდ დარჩენილ პირთა შეჭრა სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ შენობებში; 3. პირველადი მოხმარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე (პური, ზეთი) ფასების მატება; 4. "ქართული ოცნების"”წინასაარჩევნო დაპირებების მითოლოგიზება და მათი შეუსრულებლობით გამოწვეული იმედგაცრუების რისკი.

ყველა ზემოჩამოთვლილი საკითხი ორლესული მახვილის ეფექტს ატარებს: ან ბიზნესი უნდა გაანაწყენო, ან საზოგადოების ის არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ბიზნესს საკუთარ მოთხოვნებს ასეთი კატეგორიული ფორმით უყენებენ. მაგალითად, თუ ხელისუფლება ბიზნესს პურის ფასის დარეგულირებას სთხოვს, ამას ბიზნესი გადათარგმნის, როგორც სახელმწიფოს ჩარევის სახიფათო ნიშანს. ფასს არ დაწევ და რაიონებში უკვე ისმის პროდუქტებზე ფასების მატებით გამოწვეული უკმაყოფილო ინტონაციები. აღარაფერს ვამბობ დევნილების შეჭრილი ფართებიდან გამოსახლება-არგამოსახლების პრობლემაზე, რომელიც თავისი ტრადიციული სიმწვავით ახალი ხელისუფლების პირველი ხმაურიანი თავსატეხი შეიძლება აღმოჩნდეს.

რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებების მითოლოგიზებას: სხვაგან არ ვიცი, მაგრამ გურიის სოფლებში არსებულ მოლოდინზე მოგიყვებით. ისინი ელიან, რომ "დაპირებისამებრ" ახალი ხელისუფლება სოფლად მცხოვრებ თითოეულ კომლს ოცი ათას ლარ უპროცენტო კრედიტს დაურიგებს 15 წლის ვადით. არა აქვს მნიშვნელობა, თავად გურულებმა შეასხეს ასეთი მიმზიდველი ფერ-ხორცი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო თეზისს სოფლის დაკრედიტების თაობაზე თუ მოლოდინის ხელოვნურად გაბერვას ამ საქმეში ფრიად გამოცდილმა "ნაციონალებმა" შეუწყვეს ხელი, ისევე როგორც დევნილების ფართებში შეჭრის მიზნით წაქეზება-შეგულიანებას. ფაქტი ერთია: მსგავსი ტიპის მითოლოგიზებული მოლოდინის არსებობა, რომელთა შესრულება რეალობის ზღვარს სცილდება, საზოგადოების იმედგაცრუებისთვის ნოყიერი ნიადაგია.

ამ და სხვა მიზეზების გამოც, ახალმა ხელისუფლებამ გადაუდებლად უნდა დაიწყოს, სხვა მრავალთან ერთად, სწორი საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება. ყველა პოპულარული თუ ნაკლებად პოპულარული ნაბიჯი (რომლის გადადგმაც, ბუნებრივია, უწევს ნებისმიერ ხელისუფლებას) დეტალურად უნდა იქნეს ახსნილი და მიტანილი საზოგადოებამდე, რაც, ერთი მხრივ, საზოგადოების პატივისცემის დასტურია, მეორე მხრივ, ნაკლებ სივრცეს უტოვებს მოწინააღმდეგეს ინფორმაციული მანიპულაციებისთვის. პიარის ტრადიციული ხერხების ფაქტობრივი იგნორირება მთელი ერთწლიანი საარჩევნო მარათონის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის არაორდინარული სტილის ერთ-ერთ საფირმო ნიშნად იქცა: შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან საკუთარი ხელით დაამარხვინა პოლიტიკური მომავალი "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ისტერიულად უშვებდა შეცდომას შეცდომაზე და შეუნელებლად მიექანებოდა პოლიტიკური აღსასრულისკენ. ახლაც მახსოვს, საზოგადოების როგორი შოკი გამოიწვია ივანიშვილის ფსიქოლოგიურმა წიაღსვლებმა პირველ სატელევიზიო ეთერში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სწორედ "ნაციონალების" ფსიქოლოგიური შიგთავსის ცოდნამ მიიყვანა იგი 1-ლი ოქტომბრის შედეგამდე. თუ არ ჩავთვლით საზოგადოებრივი მოძრაობისა და პარტიის დაფუძნებას და თავად ივანიშვილის შეხვედრებს რეგიონებში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მანერას თამამად შეიძლება უწოდო "საინფორმაციო შტილი", რადგან მათ მაგივრად "ნაციონალური მოძრაობა" ტეხდა ისეთ ინფორმაციულ ქარიშხალს, რომ მერე თავად ვეღარ იხსნიდა თავს მარწუხებისგან.

მაგრამ ის, რაც ძალზე ეფექტური აღმოჩნდა არჩევნებში გამარჯვებისთვის, ვეღარ იქნება შედეგიანი სახელმწიფოს მართვაში, როცა აუცილებელია თითოეული, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური ნაბიჯის მოტივაცია მიიტანო საზოგადოებამდე. მით უფრო, როცა "ქართულ ოცნებას" სტარტ-აპის აღება საკმაოდ რთული საგარეო პოლიტიკური სტატუს კვოს ფონზე უხდება. ჩვენ დღეს მხოლოდ ჩამოვთვლით რამდენიმე წინა პირობას, რომლის გათვალისწინებითაც უწევს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების დასახვა და უფრო ფართოდ უსაფრთხოების ახალი კონცეფციის შემუშავება ივანიშვილის მთავრობას: 1. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ერიკ რუბინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანისა და თურქეთ-სირიის საკითხში საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვს“და საქართველომ რეგიონში მშვიდობისმყოფელის ფუნქცია უნდა შეასრულოს. უაღრესად საინტერესოა, როგორი იქნება ეს ფუნქცია, როცა დასავლეთი, ფაქტობრივად, მზად არის სირიაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.

ამას ირიბად ადასტურებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თავის გერმანელ კოლეგასთან გაკეთებული განცხადება, რომ თურქეთ-სირიის საზღვარი ნატოს“საგარეო საზღვარია, რაც ნიშნავს, რომ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია ავტომატურად იწვევს ნატოს წესდების ამოქმედებას; თავის მხრივ, რუსეთისთვის სირიაში ასადების დინასტიის დამხობა ძალზე ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული: გარდა იმისა, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლების სახით კარგავს მისადმი კეთილგანწყობილ რეჟიმს, ასევე ემშვიდობება ბოლო სამხედრო ბაზას ხმელთაშუა ზღვაში. არანაკლებ შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ სირიაში სუნიტური ოპოზიციის რადიკალური ძალების გამარჯვება, შესაძლოა, რუსეთის მუსლიმანური ნაწილისთვის მღელვარების ახალ სტიმულად იქცეს; 2. "საქართველოს მომავალი ნატოში განისაზღვრება ავღანეთში სამშვიდობო მისიაში თქვენი წვლილის შეტანით", - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ და კიდევ ერთხელ დაგვპირდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამასთან, გამოთქვა იმედი, რომ "საქართველოს ექნება სურვილი 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში";

3. პარალელურად, რუსულ ოფიციოზსა თუ ექსპერტებში სულ უფრო ხშირად იჩენს თავს ისეთი ინტონაციები, რომ თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება უნდა, ძალზე მტკივნეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა; 4. საინტერესო პროცესები დაიწყო უკრაინაშიც: უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან საბაჟო კავშირში შესვლის შემთხვევაში გაზის ფასი 160 დოლარამდე დაიკლებს, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინაში აქტიურად განიხილავენ ამ ვარიანტს; 5. დასავლურ პრესაში კვლავ შეხვდებით ავანტიურისტულ საუბრებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ კოსოვოს, ხოლო დასავლეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ახალ ეპოქას დაუდებს სათავეს, რაც საბოლოოდ გაათავისუფლებს ბალკანეთს რუსეთის გავლენისგან და სტიმულს მისცემს რუსეთის დაშლის დაწყებას.

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში კიდევ არაერთი რიფია, რომლის გადალახვაც და გათვალისწინებაც აუცილებლად მოუწევს ახალ ხელისუფლებას. და თუ გავიხსენებთ იმ საინტერესო თეზას, რომელსაც თედო ჯაფარიძეზე დაყრდნობით ავრცელებს დასავლეთის პრესა, როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომ საქართველო დაპირისპირების ობიექტიდან უნდა გადაიქცეს ამერიკასა და რუსეთს შორის ხიდად, მივხვდებით, თუ რამდენად რთული ამოცანების გადაჭრა მოგვიწევს ქართული ოცნების რეალობად ქცევის გზაზე.