"ელიტური კორუფცია ყვავის" - კვირის პალიტრა

"ელიტური კორუფცია ყვავის"

საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლაბირინთები

"ყველა სეგმენტი, დაწყებული ხორცის და დამთავრებული შაქრის ბიზნესით საქართველოში კორუმპირებულია"

მხოლოდ ელიტური კონტრაბანდით საქართველოს ბიუჯეტმა ერთ წელიწადში 5 მლრდ ლარი იზარალა

ბენზინის იმპორტი საქართველოში (მლნ ლიტრი)

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშებში რეგულარულად მიუთითებდა, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია ყვაოდა, მაგრამ ხელისუფლებას არც ერთხელ არ გამოუვლენია კონკრეტული მაგალითი. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ საწვავისა და სხვადასხვა პროდუქციის არარეალურად დიდი ფასები პირდაპირ კავშირში იყო ელიტურ კორუფციასთან.

ნათია კუტივაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იტალიის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურების ინფორმაციის შედარებისას რეგისტრირებულ საწვავის რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება დააფიქსირა. კერძოდ, იტალიის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 2009-2011 წლებში საქართველოში 113 მლნ ლიტრი ბენზინი შემოიტანეს, ხოლო საქართველოს შემოსავლების სამსახურს რეგისტრირებული აქვს 63,48 მლნ ლიტრი. ამ ოპერაციებით სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ დღგ-ისა და აქციზის გადასახადის სახით 24-25 მლნ ლარი დაკარგა, ხოლო ბენზინის შემომტანებმა 49 მლნ ლარზე მეტი მოიგეს (ინფორმაციისთვის: იტალიიდან შემოსულ საწვავს საქართველოში მოხმარებული საწვავის ბაზრის მხოლოდ 4% უჭირავს. - ავტ.).

იგივე ითქმის დიზელის საწვავზეც. 2009 წელს იტალიის საბაჟო სამსახურს რეგისტრირებული აქვს 4,37 მლნ ლიტრი დიზელი, ხოლო საქართველოს შემოსავლების სამსახურს - 4,23 მლნ ლიტრი; 2010 წელს იტალიაში დარეგისტრირდა 9,49 მლნ ლიტრი დიზელი, ხოლო საქართველოს შემოსავლების სამსახურში - 6,68 მლნ; 2011 წელს იტალიაში - 5,53, ხოლო საქართველოში 5,29 მლნ ლიტრი დიზელი დარეგისტრირდა.

მნიშვნელოვანი განსხვავებაა ბულგარეთის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მონაცემებში. 2009-2011 წელს ბულგარეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 2747,54 მლნ ლიტრი ბენზინი შემოვიდა და მხოლოდ 318,1 მლნ ლიტრი აღირიცხა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბულგარეთიდან (რომელსაც უკავია საქართველოში მოხმარებული საწვავის ბაზრის 20%-მდე) სახელმწიფო ბიუჯეტმა ბენზინის განუბაჟებლობის გამო გადასახადების სახით 200 მლნ ლარი დაკარგა, სამაგიეროდ, ამ საწვავის შემომტანებმა "ლევი" ოპერაციებით მარტო ამ სეგმენტში დაახლოებით 425 მლნ ლარი მოიგეს. ბულგარეთის მონაცემების მიხედვით, ბულგარეთიდან წამოსული საწვავის მხოლოდ 42,6%-ია განბაჟებული, ხოლო მისი უმეტესი ნაწილი ქვეყანაში აღურიცხავად შემოვიდა, კერძოდ, 62,2%, ეს კი 429,4 მლნ ლიტრია.

სხვა საკითხია პრემიუმისა და სუპერის საქართველოს ბაზარზე შემოტანის საკითხი. ქართულ ბაზარზე იყიდება ბენზინი "რეგულარი" (ა-92), "პრემიუმი" (ა-95); "სუპერი" (ა-98) და დიზელი. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი მოთხოვნაა "რეგულარზე", რომლის წილი ბენზინის მთლიან ბრუნვაში 73,7%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2009-2011 წლებში იტალიიდან საქართველოში ბენზინი "სუპერი" (ოქტანობა 98), იმპორტირებული არ არის(?!).

ეს ციფრები ბოლომდე ვერ აშუქებს ქართულ ბაზარზე არსებული საწვავის ბიზნესის შავბნელ მხარეებს. მომავალში კვლევისა და გამოძიების საგანი უნდა გახდეს აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბენზინისა და "სოკარის" საქმიანობის საკითხიც.

შალვა მექვაბიშვილი, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი: -  საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ციფრები პირდაპირპროპორციულია მათი სოციალური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სიღატაკისა.

ყველაზე "მომგებიანი" კონტრაბანდა აქციზური საქონელია. 1 ტონა ბენზინის განბაჟებისას უნდა გადაიხადო აქციზის გადასახადი 580 ლარი, 250 ლარი კი დამატებითი ღირებულების გადასახადია. აქციზური საქონელია ნავთობპროდუქტები, სპირტიანი სასმელები, მანქანის ზეთები და ა.შ.

ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩვენს ბაზარზე ბულგარეთიდან შემოტანილი ბენზინის წილი 20%-ია. აზერბაიჯანიდან შემოტანილი ბენზინის შესახებ მონაცემები არა გვაქვს, რადგან "სოკარი" თავის საწინააღმდეგო მონაცემებს არ წარმოადგენს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ გაცილებით უარესი მდგომარეობაა.

- ვის შემოაქვს ბულგარეთიდან ბენზინი?

- როგორც მითხრეს, "გალფს" (რომლის უკან ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას) შემოაქვს. საბაჟოზე შემომტანების ვინაობა არ არის მითითებული. საქართველოში სულ 3-4 კომპანიაა, ვისაც ქვეყანაში საწვავი შემოაქვს: "სოკარი", "გალფი", "ვისოლი" და "რომპეტროლი". მაგალითად, იტალიიდან ბენზინი "ვისოლს" შემოაქვს (რომლის უკან მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავითი მოიაზრება).  იტალიას ქართულ ბაზარზე ბენზინისა და ნავთობპროდუქტების 3-4% უჭირავს, მაგრამ მხოლოდ ამ მცირე პროცენტებშიც კი ბიუჯეტი და შესაბამისად, ქართველი ხალხი დიდ ფულს კარგავს.

ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართველი მომხმარებელი "სუპერისა" და "პრემიუმის" სახით ჩვეულებრივ ბენზინს ყიდულობს. არც ბულგარეთიდან და არც იტალიიდან ამ სამი წლის განმავლობაში არც ერთი ლიტრი "პრემიუმი" და "სუპერი" არ შემოსულა, აზერბაიჯანს კი ამ ხარისხის ბენზინი არა აქვს.

ამ საქმეების გამოძიება და დანაშაულის დოკუმენტურად დადასტურება ძნელი ნამდვილად არ იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან პროკურატურამ იტალიას, ბულგარეთს ან აშშ-ს რომ მიმართოს, ინვოისებით იოლად გაირკვევა, ვინ, როდის და რა რაოდენობის საქონელი წამოიღო და რა შემოიტანა.

ყველაზე დიდი კონტრაბანდა გასულ წელს აშშ-დან მანქანის ზეთების შემოტანა იყო. 2011 წელს აშშ-ში 56 მილიონ 685 ათასი დოლარის ღირებულების მანქანის ზეთი იყიდეს, ქვეყანაში კი მხოლოდ 771 ათასი დოლარის პროდუქციის შემოტანა დაფიქსირდა. დანარჩენი სად წავიდა?

- ვის შემოაქვს საქართველოში მანქანის ზეთები?

-  ფაქტია, რომ ეს ხელისუფლების ბიზნესია. რიგით მოქალაქეს საქართველოში ორი ტომარა კარტოფილი ვერ შემოაქვს განუბაჟებლად. ეს არის ორგანიზებული დანაშაული, ელიტური კორუფცია.

გასულ წელს აშშ-დან 579 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციაა წამოსული. დოკუმენტებით დასტურდება, რომ 333 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია აღურიცხავად შემოვიდა. მხოლოდ აშშ-დან ქვეყანაში გადასახადის სახით მინიმუმ 100 მლნ დოლარი უნდა შესულიყო ბიუჯეტში. აშშ-დან იმპორტირებული პროდუქციის წილი კი მთლიანად საქართველოს იმპორტში მხოლოდ სამ-ნახევარი პროცენტია.

ყველა სეგმენტი, დაწყებული ხორცის და დამთავრებული შაქრის ბიზნესით, საქართველოში კორუმპირებულია. ჩემი გათვლით, მხოლოდ ელიტური კონტრაბანდით საქართველოს ბიუჯეტმა ერთ წელიწადში 5 მლრდ ლარი იზარალა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სწორედ ამ დოკუმენტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით წერდა წლების განმავლობაში, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია ყვაოდა, მაგრამ ვინ იყო გამკითხავი?

კონტროლის პალატის თანამშრომელი ვიყავი და ვერაფრის შემოწმებას ვერ ვახერხებდი. 2007 წელს გადავწყვიტეთ, გმირთა მოედანზე შადრევნის (თბილისელებმა ოყნა რომ დაარქვეს) ხარჯის საკითხი შეგვესწავლა. გახსოვთ, ალბათ, ეს "შადრევან-ოყნა" ხუთჯერ გადაიტან-გადმოიტანეს. როცა დოკუმენტები მოვითხოვეთ, აღმოჩნდა, რომ გრიფი "საიდუმლო" ედო. შემდეგ მოვინდომეთ პარიზიდან ჩამოტანილი ატრაქციონის შესყიდვის ამბის გარკვევა. იმ ატრაქციონზე მოგახსენებთ, რიყეზე რომ დადგა უგულავამ და ერთ კვირაში გაფუჭდა. ამ დოკუმენტებსაც გრიფი "საიდუმლო" დაადეს. საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 65%-ს შეადგენს და ის მოქცეულია სახელისუფლებო ელიტის ხელში.