საქართველო - ხიდი თუ პლაცდარმი? - კვირის პალიტრა

საქართველო - ხიდი თუ პლაცდარმი?

საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო (და არა მხოლოდ) პროგრამის არსი მოკლედ ასეთია: ევროატლანტიკური ალიანსისაკენ სწრაფვა თავისი ავღანეთის მისიითა და თურქეთ-სირიის კონფლიქტში დასავლეთის მხარდაჭერით (როგორც ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკელები ითხოვენ); ეკონომიკური აღმავლობა (სხვა საშუალებებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედადაც) და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ერთი შეხედვით, ერთგვარ კოლიზიასთან გვაქვს საქმე - ამ საოცარი სამკუთხედის შემადგენელ კომპონენტთაგან, ამ ეტაპზე, სამივე ერთმანეთს გამორიცხავს, ანუ: ჩვენ ახლო მომავალში მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე თუ გავხდებით ევროატლანტიკური ალიანსის წევრი,„ნატოსკენ“ მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას საეჭვოს ხდის, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე კი წარმოუდგენელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

გაორებულია საქართველოსადმი დასავლეთის დამოკიდებულებაც: ერთი მხრივ, ჩვენ მივიჩნევით მნიშვნელოვან სამხედრო-სატრანზიტო პლაცდარმად და მხარდამჭერად, თუნდაც სირია-ირანის მიმართულებით; მეორე მხრივ, საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება ძველი - ფინეთიზაციის“ და ახალი - პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობის მოდელები, როცა პოლონეთმა ლეხ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ შეძლო რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ისე, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერი დაჰკლებია.

რა არის ფინეთიზაცია და როგორი შეიძლება იყოს ის საქართველოს შემთხვევაში?! „ფინეთიზაციის,“ როგორც მოვლენის, შინაარსი ასეთია: 1940 წელს ფინეთმა საბჭოთა კავშირთან ომში დამარცხების შედეგად დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მრეწველობის მეხუთედი,  სასოფლო-სამეურნეო მიწების 11% და მოსახლეობის 12%, მიიღო 400 000 დევნილი და ნახევარკუნძული ხანკო იჯარით დაუთმო საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ბაზას (მოგვიანებით ეს იჯარა გაუქმდა). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ფინეთმა შეინარჩუნა სუვერენიტეტი, კაპიტალისტური წყობა, საბაზრო ეკონომიკა და სიტყვის თავისუფლება. 1948 წელს საბჭოთა კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ფინეთს დაეკისრა ნეიტრალიტეტის და სსრკ-ის განსაკუთრებული სტრატეგიული ინტერესების აღიარების ვალდებულება. ამ ხელშეკრულების შედეგად ფინეთში შეიქმნა სსრკ-თან ფართომასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობები, მათ შორის - საბჭოთა შეკვეთები მანქანებსა და გემებზე, რის სანაცვლოდაც იღებდა ნავთობსა და სხვა საჭირო ნედლეულს.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით აშშ-მა და გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ეს ღალატად ჩათვალეს, ფინელებმა თავიანთი მარცხი ეკონომიკური აღმავლობისა და კეთილდღეობის შანსად აქციეს. 1995 წელს საბჭოთა კავშირის წინაშე ყოველგვარი ვალდებულებისგან გათავისუფლებული ფინეთი ევროკავშირის წევრი გახდა.

ფინეთის პრეზიდენტი ურხო კეკკონენი დასავლეთის ქვეყნების კრიტიკის პასუხად ამბობდა, რომ თავისუფალი სამყაროსთვის ფინეთი გაცილებით ხელსაყრელია, როგორც ხიდი, ვიდრე - როგორც პლაცდარმი.

რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მან ფინეთისთვის თუნდაც შეზღუდული სუვერენიტეტის დათმობა საკუთარი პრესტიჟისა და „სახის“ შესანარჩუნებლად გამოიყენა.

დილემა - დარჩეს პლაცდარმად თუ იქცეს ხიდად დასავლეთსა და რუსეთს შორის - არანაკლები სიმწვავით დგას დღეს საქართველოს ახალი ხელისუფლების წინაშე.

საქართველოში ფინური მოდელის უცვლელად გადმოტანა წარმოუდგენელია. ტერიტორიების დათმობის დაკანონებისა და ნეიტრალიტეტისა და რუსეთის სტრატეგიული ინტერესების პრიორიტეტულად აღიარების სანაცვლოდ რა შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ?! ის, რაც მაშინ ფინეთისთვის თავის გადარჩენის შანსი იყო,  დღეს საქართველოსთვის კატასტროფაა.

მაშ, რას გვთავაზობს დასავლეთი და რას შეიძლება გულისხმობდეს ფინეთიზაციის თანამედროვე ქართული ვარიანტი?! ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრია კითხვა, მით უფრო, რომ ძალზე ბევრია დაინტერესებული მხარე: საქართველო, რუსეთი, „ნატო“(სადაც, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის, თურქეთის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ინტერესები განსხვავებულია) და ახლო სამეზობლო - სომხეთისა და აზერბაიჯანის სახით.

რას მოითხოვს რუსეთი და რა უნდა აშშ-ს?

რას მოითხოვს რუსეთი - საქართველოს მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?! ნეიტრალიტეტს?! საბაჟო კავშირში შესვლას?! დსთ-ში დაბრუნებას?! რუსეთ-ბელორუსის მსგავსი ტიპის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას?! როგორც თავად რუსი მკვლევრები ამბობენ, არც ერთს, რადგან რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა და ზედმეტად თავის ატკივება აღარ სურს.

რა სურს „ევროკავშირს? დამშვიდებული, მაგრამ დამოუკიდებელი რეგიონი (აზერბაიჯანითა და საქართველოთი მაინც) ენერგორესურსების ალტერნატიული დერეფნის ფუნქციით!

რა უნდა აშშ-ს? როგორც ახლახან „"ნიუ იორკ ტაიმსი" წერდა, ამერიკამ ექსტრაორდინარული რესურსები ჩადო ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ საზღვართან პროდასავლური საყრდენი და ენერგო და სამხედრო საქონლის გადასაზიდი სატრანზიტო არეალია. ნათელია, რომ აშშ-ის ინტერესთა ეს ფორმულირება გამორიცხავს საქართველოს ნეიტრალიტეტს, სხვა, ნებისმიერი ტიპის კავშირებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის რაიმეს დათმობა აზერბაიჯანისთვის საყრდენის გამოცლას ნიშნავს; იგი იძულებული გახდება, ადრე თუ გვიან იმავე გზას დაადგეს, რადგან რუსეთი მასზე ზეწოლას გააათმაგებს; აზერბაიჯანის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევას  არც დასავლეთი დაუშვებს.

მხოლოდ სომხეთისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის რამის დათმობა.

მსხვილი საგარეო პოლიტიკური მოთამაშეების ინტერესთა კონფლიქტის ფონზე რეგიონში ერთგვარ მოდელად გამოიყურება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა; ეს ქვეყანა თავს უფლებას აძლევს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში რეალურად დამოუკიდებელი საგარეო კურსი გაატაროს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არც აშშ-ის პოზიციას ემთხვეოდეს და არც - რუსეთისას. მაგალითად, ახლახან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ დაუშვებს თავისი ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ გამოყენებას".

ამჟამად ყველაზე რეალისტური ამოცანაა, საქართველომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბოს, რომელიც, მართალია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად განიხილება და პოზიციათა შეჯერებაც აუცილებელი იქნება, მაგრამ საგარეო ურთიერთობებში მანქურთის როლს  ნამდვილად აგვარიდებს.

ხათუნა ლაგაზიძე