მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

ახალი პარლამენტი, ახალი შეგრძნებები

აბა, როგორ მოგეწონათ ახალი პარლამენტი? შენობა უფრო მოგეწონათ თუ შემადგენლობა? მე - შენობა, ახალი მაინც იყო. თუმცა შემადგენლობასაც არა უშავდა. აქაც ნახავდით რამდენიმე ახალ სახეს, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც მდედრობითი სქესის ახალწვეულები აშკარად გარეგნობის მიხედვით შეურჩევიათ. ვერ მივხვდი, პარტიაში იღებდნენ ხალხს, თუ სამოდელო სააგენტოში? ვფიქრობ, ნუგზარ წიკლაური უფრო ადრე ისწავლის პოდიუმზე სიარულს და კალაძე ენერგეტიკოსობას,  ვიდრე 21 წლის მარიამ საჯაია პოლიტიკოსობას; მაგრამ იყოს, ზოგიერთისგან განსხვავებით, ახალ შენობას და მის ინტერიერს უხდება. სამაგიეროდ, არც ახალ შენობას და არც არაფერს უხდება როლანდ ახალაიას ღიმილი. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ღიმილი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ცუდად იღიმის.

მე მის ადგილზე საქმე სასაცილოდ ნამდვილად  არ მექნებოდა. ის კი, როდესაც ხიდაშელი თუ ბესელია, გამოსვლის დროს, მისი შვილების შესაძლო დანაშაულზე ლაპარაკობდნენ, ირონიულად იცინოდა. პირველი, რამაც ახალ პარლამენტში დამთრგუნა, სწორედ ეს იყო. მეორედ, გოგა ხაჩიძის საქციელი არ მომეწონა, როდესაც მან ივანიშვილს ანეკდოტის მოყოლა სთხოვა. ივანიშვილის ანეკდოტებზე მეც მიხუმრია, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, უზრდელობა უფრო იყო. სამაგიეროდ, მომეწონა მისი პარლამენტში ველოსიპედით მისვლა. სხვა კი, საინტერესო რაც ვნახეთ, იყო ცოტა კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილი "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც პირველივე სხდომაზე მკაცრი ოპოზიციონერის როლის მორგება სცადა, მაგრამ ცოტა სასაცილოდ გამოუვიდა, რადგან ნამეტანი მონდომებულები იყვნენ. იმდენად მონდომებულები, რომ ჯერ არდამტკიცებულ მთავრობას გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ(?!). იმდენი ქნეს, ვიდრე "ოცნება" არ აიძულეს, მათთვის წარსული შეეხსენებინა, მაგრამ არც ამან უშველათ - მაინც დაჟინებით ითხოვდნენ ახალი პრემიერისგან ყველა დაპირების შესრულების კონკრეტულ თარიღს. ვერ ათქმევინეს. სამაგიეროდ, ახალ ხელისუფლებას გამოსტყუეს დაპირება იმის შესახებ, რომ წარსული წლების დანაშაულებს არ დაივიწყებენ და ყველაფერს გამოიძიებენ(!). კვირის ბოლოს მივხვდი, რომ ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამას ერთი ქართული საახალწლო სიმღერის ტექსტი ყველაზე კარგად გამოხატავს:

"ოცნებების ასრულების წელი იწყება, მაგრამ არ ღირს ძველი წლების გადავიწყება".

მოკლედ,  მოსაწყენად არ გვეცლება, ხოლო თუ პარლამენტი ქუთაისში დარჩა, არც ქუთაისელები მოიწყენენ.

სამი რამ, რაც ვერ გავიგე

პირველი - ვერაფრით მივხვდი, როგორ მოხვდა ენერგეტიკის მინისტრის სავარძელში კახი კალაძე, ხოლო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სკამზე ზურაბ ზვიადაური.

მეორე - ვერაფრით გავიგე, როდესაც ივანიშვილს ნაციონალები ეკითხებოდნენ: თუ ბიუჯეტის ფული თქვენი დაპირებების შესრულებას არ ეყოფა, რას იზამთო, რატომ პასუხობდა, რომ საკუთარ ფულს დაამატებს. გინახავთ სადმე ქვეყანა, სადაც ხელისუფლების დაპირებებს მთავრობის მეთაური საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდეს?  აბა, ბიუჯეტი და ეკონომიკის განვითარება?! ახლა თუ საკითხს ასეთი პრინციპით მივუდგებით: შეასრულოს და ფულს საიდან მოიტანს, რა ჩვენი საქმეაო, კი ბატონო.

მესამე კი, რაც მაოცებს, არის ივანიშვილის დაპირება იმის შესახებ, რომ წელიწად-ნახევარში თანამდებობიდან წავა! ბატონ ივანიშვილს ხომ არ ავიწყდება, რომ ხალხმა ხმა უპირველესად მას მისცა და არა გუბაზ სანიკიძეს ან კობა დავითაშვილს. განა წელიწად-ნახევარში წასვლა, ხელისუფლების სხვა ადამიანების ამარა მიტოვება, ხალხის იმედების გაცრუება არ იქნება? ან რის მოსწრებას ფიქრობს წელიწად-ნახევარში?  დარწმუნებული ვარ, ამ დროში დაპირებების ნახევარი არ იქნება შესრულებული. ობიექტურად შეუძლებელია ამ ყველაფრის წელიწად-ნახევარში მოსწრება. მთავრობიდან კი წავალ, მაგრამ დაპირებებზე პასუხისმგებლობას არ მოვიხსნი, სამოქალაქო სექტორში გადავალ და იქიდან გავაკონტროლებ ახალ ხელისუფლებასო, ამბობს. მის კონტროლს რომ აღარ დაემორჩილონ მისგან მიტოვებული "ოცნების" წევრები, მერე რა მოხდება? მისი წასვლის შემდეგ "ოცნება" მარტივ მამრავლებად რომ დაიშალოს და ერთმანეთს წაეკიდონ, მერე რა ხდება? თუ ეს მოსალოდნელი არაა? მოკლედ, მისი ეს გადაწყვეტილება უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. მთავარი კი ის არის:

რომ მიდის, სად მიდის? ხალხმა აირჩია, კეთილი ინებოს და ქვეყანას მიხედოს.

ბოთლიდან გამოშვებული ჯინი

ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების თუ გაფიცვების დაწყება ერთი იყო - აქეთ დევნილები იკავებენ თვითნებურად სხვადასხვა შენობას, იქით რკინიგზის თანამშრომლები იფიცებიან, მათ აჰყვნენ ფოთის პორტის მუშებიც, ასევე "თელასის" ყოფილი თანამშრომლები. გაფიცული არიან მაღაროელები, ღუდუშაურის კლინიკის ყოფილი თანამშრომლები კლინიკის გასხვისებას აპროტესტებენ. კვირის ბოლოს სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები საერთოდ თბილისის მერიაში შეიჭრნენ. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ძველ ხელისუფლებას ბოთლში ჯინი ჰყავდა დამწყვდეული და ახლა ვიღაცამ მისი გამოშვება გადაწყვიტა. ბიძინა ივანიშვილი საბოტაჟზეც ალაპარაკდა, თუმცა მთლად ასე მარტივადაც არ უნდა იყოს საქმე.

ამ თემაზე წინა კვირასაც დავწერე და ვიკითხე, სად იყო აქამდე ეს ხალხი-მეთქი. მაგალითად თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების და ლექტორების პროტესტი მოვიყვანე. თეატრალურიდან დამირეკეს და მისაყვედურეს, ჩვენ პირველივე დღიდან ვაპროტესტებდით რექტორის უკანონოდ არჩევასო, განცხადებებს ვაკეთებდითო. ალბათ, ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს შეუძლია იგივე გაიმეოროს. შესაძლოა,  რაღაც დონეზე პროტესტს ყველა გამოთქვამდა, მაგრამ ამას ასეთი ფართომასშტაბიანი სახე ხომ არ ჰქონდა? ვინმეს კი არ ვადანაშაულებ, უბრალოდ, მიზეზების გარკვევას ვცდილობ. თუ პასუხი ისაა, რომ აქამდე სასტიკი ხელისუფლება გვყავდა და ყველას ეშინოდა, კი ბატონო, მივიღებ ამ პასუხს. მაშინ ეს ყველაფერი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ძველი ხელისუფლება ავტორიტარული იყო. ის კი არა, თუ ამდენ ხალხს ამდენი პრობლემა აწუხებდა და ხმას ვერ იღებდა, შეიძლება ტოტალიტარიზმზეც ვილაპარაკოთ. აბა, სხვა რა არის, როდესაც კერძო საწარმოს მუშა, თავისი მეპატრონის წინააღმდეგ ხელისუფლების შიშით ხმას რომ ვერ იღებს?! და ნურავინ მეტყვის, ხელისუფლება რა შუაშიაო. კარგად გვახსოვს ქუთაისში მეტალურგების გაფიცვა და შემდეგ დაჭერილი მუშები.