ყინული დაიძრა?! - კვირის პალიტრა

ყინული დაიძრა?!

ვინ იქნება ახალი მოწმე და რა გაირკვევა ზურაბ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიებისას?

როგორც ირკვევა, ჟვანიას ბურუსით მოცულ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გია ბარამიძეა

საზოგადოება სკანდალური ვიდეომასალის გამოქვეყნებას ელის

გოგა ჟვანია: "ზურაბ ჟვანიას სიკვდილის კვალის წაშლასა და მის უბედურ შემთხვევად გასაღების ინსცენირებაში მონაწილეობდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბარამიძე, ადეიშვილი"

როგორც გაირკვა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, პირველ რიგში, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეს შეისწავლის. როგორ აპირებს პროკურატურა საქმის გახსნას, სად არის ძაფის ბოლო, რომლის გამოწევა  გამოძიების გორგალს ადვილად გახსნის? "კვირის პალიტრა" ამ თემით დაინტერესდა.

გარდაცვალების ვერსიები

პრემიერ-მინისტრის  გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა, რომ ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე მოკლეს, გვამი კი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს. ისიც გავიგეთ, სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს საფერფლე ესროლა და შემთხვევით შემოაკვდაო. ახლახან მისი დახრჩობის ვერსიამაც გაიჟღერა - ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდელმა ხათუნა ხოფერიამ განაცხადა, რომ იცნობს ადამიანს, რომელსაც ქონების დათმობას აიძულებდნენ და წამების დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაემუქრა, ამ ხელებით დავახრჩვე ჟვანია და შენ რისი იმედი გაქვსო? ხოფერია მზად არის, ამ პირის ვინაობა  პროკურატურას დაუსახელოს. პრემიერ-მინისტრისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის გარდაცვალების ყველაზე არგუმენტირებულ ვერსიად კი მაინც რჩება მოწამვლა რკინის პენტაკარბონილით, რომლის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრას მძიმე შედეგი მოსდევს და ნახშირბადის მონოქსიდით გაგუდვისგან არაფრით განსხვავდება... გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას ტუჩთან აღენიშნებოდა ნაჭდევი, სისხლნაჟღენთი, ხოლო იუსუფოვს - ნემსის გაკეთების არაერთი კვალი.

ვის დაჰკითხავს პროკურატურა?

ზუსტად ისიც არავინ იცის, 2004 წლის  დეკემბერში პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრებმა ვისი მითითებით დაიქირავეს ბინა საბურთალოს ქუჩაზე. ფაქტია, რომ გაზეთ "სიტყვა და საქმის" 6 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა ეკა კიკიანის განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე; მას (როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს) ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იმ დღესვე გამოეხმაურა და შეუთანხმდა კიდეც. იმავე  გაზეთის 8-9 დეკემბრის ნომერში კი (სხვათა შორის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს) ისევ გამოქვეყნდა იმავე ბინის განცხადება, რომელშიც ერთი (არცთუ უმნიშვნელო) ინფორმაცია იყო ჩამატებული - ბინაში არის "ნიკალას" ფირმის გამათბობელი, არადა, 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანიას დაღუპვის დღეს, თბილგაზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაზის გამათბობელი 2-3 დღის დამონტაჟებული იყო და ბათქაშს გაშრობაც ვერ მოესწრო, ასე რომ, როგორც ეკა კიკიანის, ასევე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის - კობა ხარშილაძის და დაცვის წევრის - მიხეილ ძაძამიას ხელახლა დაკითხვამ შესაძლოა არაერთი დეტალი გამოააშკარაოს.

საინტერესოა, გამოჩნდებიან თუ არა ახალი მოწმეები ზურაბ ჟვანიას საქმეში. აღსანიშნავია, რომ კომახიძის ფილმში "ტყვიის გარეშე", რომელიც ჟვანიას გარდაცვალებას ეხება, გამოყენებულია მაღალი თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი. ისმის ფრაზა, რომლითაც დასტურდება, რომ ოფიციალური ვერსიით უბედური შემთხვევის ადგილად დასახელებულ ბინაში რაულ იუსუფოვის ფეხსაცმელი ვერ იპოვეს. რასაკვირველია, როგორც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის, ასევე გოგა ჟვანიასთვის ამ თანამდებობის პირთა ვინაობა ცნობილია (სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთი ზურაბ ჟვანიას ყოფილი თანამოაზრე ან თანაგუნდელია) და მათ, ალბათ, უახლოეს მომავალში პროკურატურა დაჰკითხავს. ასევე, დაჰკითხავენ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტსაც, რომელსაც "ზემოდან" მისცეს მითითება, რომ კონსპირაციულ ბინაში აღმოჩენილ ნივთებზე ჟვანიასა და იუსუფოვის თითის ანაბეჭდების არსებობა დაედასტურებინა, თუმცა ეს არ მოხერხდა. ამდენი ხნის განმავლობაში არც ამ ექსპერტის ვინაობა იყო ცნობილი.

იუსუფოვის ფეხსაცმელსა და თითის ანაბეჭდების არარსებობასთან დაკავშირებული კითხვები პასუხს ითხოვს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაცვის წევრების ჩვენებებში აღმოჩენილ შეუსაბამობებზე. თუმცა არ არის გამორიცხული, ისინი ახალ პროკურორებთან უფრო თამამად ალაპარაკდნენ.

ამასთან, საზოგადოება სკანდალური ვიდეომასალის გამოქვეყნებასაც ელის. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არ არის  უშუალოდ მკვლელობის ამსახველი ფირი, მაგრამ ტელეფონით არის გადაღებული, როგორ შეჰყავთ საბურთალოს #53-ში ხელში აყვანილი (გათიშული ან უკვე გარდაცვლილი) რაულ იუსუფოვი. ამბობენ, რომ არსებობს მოწმეც, რომელმაც ეს დაინახა. ახლახან ზურაბ ჟვანიას ძმამ, პარლამენტის წევრმა გოგა ჟვანიამ განაცხადა: "საბურთალოს #53-ში მდებარე  ე.წ. კონსპირაციულ ბინაში "სუფრის ინსცენირება" მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ბარამიძემ მოაწყვეს. ისინი იძლეოდნენ მითითებებს, სად რა უნდა განლაგებულიყო და რა უნდა მიტანილიყო. საქმის მასალების გაყალბება პირადად ზურაბ ადეიშვილს ევალებოდა. ის აძლევდა მითითებებს თანამშრომლებს, რა მიმართულებით წაეყვანათ საქმე".

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე "კვირის პალიტრასთან" იგივე  განაცხადა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმაც. ის ამბობდა, რომ საზღვარგარეთ არსებობდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმოდა ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირთა დიალოგები.

თემურ შაშიაშვილი: "ეს დიალოგი ამაზრზენია, ჟვანია უკვე გარდაცვლილია, მიმდინარეობს "უბედური შემთხვევის" ინსცენირების დეტალების დაზუსტება. იმ პერსონათა წრეს ვერ დავაზუსტებ, რომელიც ჟვანიასთან დაკავშირებით საუბრობს. ისინი ჩემი ცალკეული გამონათქვამის გამო ისედაც გაბოროტებული არიან და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებენ. გიდასტურებთ, რომ გია ბარამიძემ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ყველაფერი იცის. მეტიც, პირველად თქვენ გეტყვით, რომ იმ პირთა წრეში, რომლებიც ჟვანიას სიკვდილის შემდეგ გამოსავალს ეძებენ და უბედური შემთხვევის ინსცენირების დეტალებს აზუსტებენ, ერთ-ერთი გია ბარამიძეა".

ამ საკითხებზე სასაუბროდ გოგა ჟვანიას დავუკავშირდით.

გოგა ჟვანია: - მთავარია, რომ პროკურატურა სიმართლის დადგენით დაინტერესებულია და პროცესი სწრაფად დაიწყება. მე დავასახელე ადამიანები, ვისი ჩვენებებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება: სააკაშვილი, ბარამიძე, ადეიშვილი, მერაბიშვილი, დაცვის წევრები. დაიკითხებიან სხვებიც, ვინც ამა თუ იმ პოსტზე ყოფნისას რაღაც ინფორმაციას ფლობდნენ. დეტალებზე საუბარს მოვერიდები, რადგან ეს გამოძიების პრეროგატივაა.

- ალბათ, მნიშვნელოვანია იმ პირთა დაკითხვაც, რომელთაც ვახტანგ კომახიძე ასახელებს თავის ფილმში. ის არ ამხელს ექსპერტის ვინაობას, რომელსაც სთხოვდნენ, გამოექვეყნებინა დასკვნა ბინაში აღმოჩენილ ნივთებზე ანაბეჭდების არსებობის თაობაზე.

- ეს ექსპერტი არ არის ერთადერთი, ვისაც დაჰკითხავენ. დასკვნა იმის შესახებ, რომ ანაბეჭდები ბინაში არ არის, დაიდო იმ სახით, როგორითაც უნდა დადებულიყო და ეს არის მთავარი. ექსპერტიზამ ეს აღიარა. მეც ვიტყვი, ვისი მხრიდან და ვისი მითითებით ხდებოდა ამ ექსპერტზე ზეწოლა, დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ საბურთალოს ბინაში იუსუფოვის ფეხსაცმელი ვერ იპოვეს. ამ მხრივაც არსებობს საინტერესო მასალა.

- ითქვა ისიც, რომ საბურთალოს #53-ში მეზობელმა დაინახა, როგორ შეჰქონდათ ადამიანის ცხედარი ბინაში.

- დიახ, ველი, რომ მნიშვნელოვანი მოწმეები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და ახალი ინფორმაციებიც გამოჩნდება. არც  ვიდეოკადრების არსებობას გამოვრიცხავ.

- პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებიდან მალევე ჟვანიას პირადი სეიფებიდან ნივთები მხოლოდ დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ გაიტანა თუ მას ბარამიძეც ახლდა?

- როგორც ვიცი, იქ ხარშილაძე მარტო მივიდა...

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებს. "კვირის პალიტრა" კობა ხარშილაძეს დაუკავშირდა:

- არ ვიცი, რას აპირებს პროკურატურა, თუ დამიძახებენ, ჩვენებას მივცემ.

- ე.ი. საქართველოდან გაქცევას არ აპირებთ და მზად ხართ, ყველა შეკითხვას უპასუხოთ?

- ცხადია.

- ჟვანიას სეიფებიდან რისთვის წაიღეთ დოკუმენტები?

- თქვენ თუ მეტყვით, რომ პროკურორი ხართ და გინდათ, მოგცეთ ჩვენებები, ეგ სხვა საქმეა...

- არ გინდათ, გვიპასუხოთ?

- ამ საკითხზე პროკურატურასთან ვაპირებ საუბარს.

- არც იმაზე გსურთ საუბარი, როგორ შეაღწიეთ "კონსპირაციულ ბინაში" და რა მდგომარეობაში ნახეთ ჟვანია?

- გასაგებად გითხარით...  რაღად გვინდა საუბრის გაგრძელება...

ვახტანგ კომახიძე ბარამიძეს ადანაშაულებს?!

როგორც ირკვევა, ჟვანიას ბურუსით მოცულ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გია ბარამიძეა. სხვათა შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამოაზრეები ფიქრობდნენ, რომ ბარამიძე ამ საქმეზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ალაპარაკდებოდა, თუმცა ის კვლავ დუმს, რის მიზეზადაც მის წინააღმდეგ არსებული კომპრომატები და აფრასიძეების საქმეში ბარამიძის "წვლილი" სახელდება.

ბოლო დროს ბარამიძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ვახტანგ კომახიძის ფილმები როგორც აფრასიძეების საქმეზე, ასევე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე, ტენდენციურია, რასაც სოციალური ქსელით ვახტანგ კომახიძე  გამოეხმაურა: "გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ჟვანიასა და აფრასიძეებზე ფილმები ცალმხრივად მომზადდა და მეორე მხარეს, ე.ი. მას, საკუთარი მოსაზრებების გადმოცემის შესაძლებლობა არ მიეცა. ეს არის სიცრუე. ჟვანიას თემაზე მისგან ინტერვიუს აღებას დიდხანს ვცდილობდი. სხვებთან ერთად, შემიძლია დავასახელო ბარამიძის ორი ახლო მეგობარი, ვისი საშუალებითაც მის ინტერვიუზე დათანხმებას ვცდილობდი და ორივეს პირით უარი შემომითვალა.

აფრასიძეების თემაზე კი მას ინტერვიუსთვის წერილობით მივმართე, რაზეც ასევე უარი მითხრა. პრემიერ-მინისტრის დაღუპვის დეტალებზე მომზადებული ორი ფილმიდან არც ერთში ბარამიძის გვარი ნახსენები არ იყო. თუმცა, იგი უდავოდ არის ამ საქმის ერთ-ერთი საინტერესო მოწმე. თავხედური პრეტენზია გამოთქვა აფრასიძეების ფილმთან დაკავშირებითაც; ფილმში არავის უთქვამს, რომ ბარამიძემ მიცვალებულს საქორწინო ბეჭედი მოხსნა და იგი გვამებზე სადილობდა, თუმცა, აღწერილი იყო სპეცოპერაციის დანაშაულებრივი სისასტიკე; ჩავწერეთ მოწმეთა ჩვენებები, რაც სპეცოპერაციის კანონიერებას საეჭვოს ხდიდა და გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ საკითხით ბარამიძე არასოდეს დაინტერესებულა და თუნდაც ეს არის საკმარისი საფუძველი მისი ბრალდებისთვის. დაბოლოს, ბარამიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას არ მიეცა ფილმებში თავისი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა და იქვე, რამდენიმე წუთში, უარი თქვა, ეპასუხა იმავე შინაარსის კითხვებზე. ერთი შეხედვით ეს არაადეკვატური საქციელი სინამდვილეში არც უაზრობაა და არც ბარამიძის ნოუჰაუ. ასეთი იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ტექნოლოგია - ერთი მხრივ, ისინი მუდმივად ზღუდავდნენ ინფორმაციას და მეორე მხრივ, აფრქვევდნენ საყვედურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ იყო სრულფასოვანი. ბარამიძე იმავე ტექნოლოგიებით აპირებს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას და ეტყობა, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ეს პოლიტტექნოლოგიები აღმოჩნდა მათი პოლიტიკური მესაფლავე".

"კვირის პალიტრაც" შეეცადა გია ბარამიძისგან ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვებას, თუმცა ამაოდ...

ყველაფრის მიუხედავად, რჩება იმედი, რომ გია ბარამიძე დუმილს დაარღვევს და ზურაბ ჟვანიას ხსოვნის პატივისცემას მხოლოდ საფლავზე მიტანილი თაიგულებით არ გამოხატავს, რომელთაც ყოველთვის ამშვენებს წარწერა: "ძვირფას მეგობარს, ზურაბ ჟვანიას, გია ბარამიძისგან"...

P.S. გასულ კვირას ქვეყნის მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ჟვანიას საქმეზე ქვეყნის პრეზიდენტსაც დაჰკითხავს. როგორც ჩანს, ეს საქმე სკანდალური მხოლოდ ამის გამო არ აღმოჩნდება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც გამოქვეყნდა ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული აუდიო ან ვიდეოჩანაწერები. ეს აუცილებლად ითამაშებს კატალიზატორის როლს და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დააჩქარებს, რაც სავარაუდოდ, იანვარს ან ზურაბ ჟვანიას დაღუპვის დღეს (3 თებერვალს) არ გადასცილდება - სააკაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადა  ხომ სწორედ იანვარში გადის.

”უმაღლესი ძალაუფლება ხშირად უმაღლეს ბოროტებად იქცევა ხოლმე”

ტერენტიუს პუბლიციუსი