"ტელეტყუპების" საგას გაგრძელება... - კვირის პალიტრა

"ტელეტყუპების" საგას გაგრძელება...

ტელემონოპოლია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს?!

გია ხუხაშვილი: "ძველი დრო" არ დაბრუნდება,  მისაღებია კანონები, რომელიც უფრო გამჭვირვალეს გახდის მედიამფლობელების ვინაობას"

საქართველოს ძველი ხელისუფლების პროპაგანდა დაფუძნებული იყო სამ ციტადელზე: "იმედზე", "რუსთავი 2"-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. "ნაციონალების" არჩევნებში დამარცხების შემდეგ ციტადელთა“დაცემა”დაიწყო. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა“დაიბრუნა "იმედი", "რუსთავი 2"-ის რამდენიმე ძველი მეპატრონე ტელეკომპანიის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლა კი, ალბათ, მხოლოდ დროზეა დამოკიდებული.

ზემოხსენებულმა პროცესმა, განსაკუთრებით კი“"იმედის"”გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოება დააიმედა, რომ ბოლოს და ბოლოს, ზემოხსენებული პროპაგანდისტული "ტელეტყუპი" ობიექტურ და დამოუკიდებელ მაუწყებლებად ჩამოყალიბდება. თუმცა შესაძლოა, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არ აღმოჩნდეს  საკმარისი ტელემედიაგარემოს რეალურად გასაუმჯობესებლად. მეტიც, არის საფრთხე, რომ "რუსთავი 2", "იმედი”და საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ტელეტყუპად გადაჯგუფდნენ, ოღონდ ამჯერად "ნაციონალების" ნაცვლად“"ქართულ ოცნებას" ემსახურონ.

კონკრეტული მედიასაშუალება დამოუკიდებელი რომ იყოს, ის ბიზნესს უნდა წარმოადგენდეს, ან მის მეპატრონეს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ შეეძლოს ტელეკომპანიის სრულად დაფინანსება.

პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ტელემედიასაშუალება ბიზნესის თვალსაზრისით მომგებიანი არ არის, მფლობელს მისი შენახვა არ სურს ან არ შეუძლია, ინვესტორი კი არამომგებიან ბიზნესში ფულს არ დააბანდებს, სამაგიეროდ, ტელეკომპანიაში "პოლიტიკური ფული" შევა.

ბადრი პატარკაციშვილმა თავის დროზე შექმნა ინფრასტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ტელეკომპანია, თუმცა "იმედი"”მუდმივად ბიზნესმენის დოტაციაზე იჯდა, რაც, სავარაუდოდ, წელიწადში სულ მცირე, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენდა. იგივე ხდებოდა მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილის ოჯახს "იმედი" წაართვეს, ოღონდ ამ შემთხვევაში ბიზნესმენის ფული საბიუჯეტო სახსრებმა ჩაანაცვლა და ტელეკომპანია პროპაგანდისტულ მანქანად იქცა. ბევრს გაუკვირდა, - "ნაციონალებმა"“"იმედი" იოლად დათმესო. ზოგმა ეს ახალ ხელისუფლებას დაუკავშირა, ზოგმა კი საერთაშორისო ზეწოლას. თუმცა ალბათ, ყველაზე რეალური ის ვერსიაა, რომ ყოფილი მმართველი გუნდი ტელეკომპანიის შენახვას ვეღარ შეძლებდა.

არის თუ არა მზად და აქვს თუ არა რესურსები და სურვილი პატარკაციშვილის ოჯახს "იმედის" შესანახად?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედი", შესაძლოა, სამართავად გადაეცეს სხვა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას და მისივე სახსრებით დაფინანსდება. თუ მოვლენები ასე განვითარდა, ამ ტელევიზიის მიუკერძოებლობა კვლავ საჭოჭმანო იქნება.

"რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლა უკვე მიმდინარეობს და საეჭვოა, "ნაციონალებმა" მისი შენარჩუნება მოახერხონ.

თუმცა ტელეკომპანიის ყოფილი მეპატრონეები, თავიანთი შეძლებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვერ გასწვდებიან ტელეკომპანიის შენახვას. ან რად უნდა უნდოდეთ ისეთი ქონების დაბრუნება, რომელსაც აქეთ სჭირდება მილიონიანი ინიექციები? შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ ხარჯის გაღების სურვილი გამოთქვას იმ ძალამ, რომელსაც დღეს ყველაზე მეტი გავლენა და ფული აქვს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტი აფინანსებს და აქ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

მისი ყველა გენერალური დირექტორი ინიშნებოდა მმართველი გუნდისადმი ერთგულების პრინციპით.  როგორც უკვე ვთქვით, დრო გამოაჩენს, როდის შეცვლის“"ქართული ოცნება" საზმაუწყებლის ხელმძღვანელობას.

მოკლედ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების წინაშეა სერიოზული ცდუნება - თავის კონტროლის ქვეშ მოაქციოს ზემოხსენებული ტელემაუწყებლები და საერთოდ, მედიაგარემოს მონოპოლიზება სცადოს...

სხვათა შორის, ამის ფონზე ცუდ სიმპტომად ჩანს კულუარულად გავრცელებული ინფორმაცია - "მე-9”არხის" პატრონებმა მიიჩნიეს, რომ ტელეკომპანიამ საინფორმაციო კუთხით თავისი ფუნქცია ამოწურა

და ან გასართობ არხად უნდა გადაკეთდეს, ან გაჩერდეს(?!).

არ არის გამორიცხული, "ქართულ ოცნებაში" გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, დაარწმუნონ ბიძინა ივანიშვილი, რომ “დღეს ქვეყნისთვის ასეა საჭირო. თუ ზემოხსენებული სცენარით განვითარდა მოვლენები, ახალ ხელისუფლებასაც იმავე ვირტუალურ რეალობაში ჩაფლობა ელოდება, რაც ძველს.

თუმცა მოსახლეობა, რომლისთვისაც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები, სულ უფრო უკეთესად არჩევს ერთმანეთისგან ვირტუალურ რეალობას და ნამდვილ პრობლემებს.

"ქართული ოცნების"”წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელემედიის მონოპოლიზებას არ აპირებენ. "იმედი" პატარკაციშვილების ოჯახს კი დაუბრუნდა, მაგრამ "რუსთავი 2"”და საზოგადოებრივი მაუწყებელი ძველებურად აგრძელებენ მუშაობას. თუმცა შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს; მაგრამ "ნებისმიერ შემთხვევაში, ტელეკომპანიებს ყველაზე ნაკლები "საფრთხე" სწორედ "ქართული ოცნების" მხრიდან ემუქრება. ამის გარანტი კოალიციის მრავალპარტიულობა და ურთიერთკონტროლია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების აქტიურობა იქნება გარანტი, რომ "ძველი დრო" არ დაბრუნდება. ასევე, მისი თქმით, მისაღებია კანონები, რომელიც უფრო გამჭვირვალეს გახდის მედიამფლობელების ვინაობას:

- თუ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საზოგადოებამ იაქტიურა და ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებები შესთავაზა, ხელისუფლება უთუოდ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

- ბატონო გია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედი", სავარაუდოდ, სამართავად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გადაეცემა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მოლაპარაკებებში თქვენც მონაწილეობთ.

- ეს აბსურდია. ზოგადად იმ პროცესში ვიყავით ჩართულები, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და არ ვაკადრებ, რომ მსგავს რაღაცებში ჩავერთო. თუ ისინი ჩემგან კონსულტაციებს ისურვებენ, დიდი სიამოვნებით აღმოვუჩენ. გვქონდა კონსულტაციები, მაგრამ არა იმ საკითხზე, რომლის შესახებაც ჭორი ვრცელდება. გარწმუნებთ, პატარკაციშვილის ოჯახის მხრიდან "იმედთან" დაკავშირებით მალე ისეთი კონფიგურაცია შეიქმნება, რომ მსგავს ჭორებს გაფანტვას...

სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშიც. მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი ამოცანა სწორედ მედიაგარემოს გაუმჯობესება და ისეთი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა  უნდა იყოს, რომელიც გამორიცხავს არასასურველი პროცესების დაწყებას.

თუმცა ალბათ, მთავარი მაინც ახალი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნებაა. როგორი იქნება ეს ნება ტელესივრცესთან დაკავშირებით, უახლოეს ხანში ვნახავთ.