"მამა სარდაფში გავამწესე" - კვირის პალიტრა

"მამა სარდაფში გავამწესე"

არჩილ კბილაშვილი: "იურისტობა ჩემი მოწოდება იყო. მე-4 თუ მე-5 კლასში ვიყავი, სახლის გაყოფის ტრაქტატი რომ შევადგინე - მამაჩემს გამოვეყავი; ერთსართულიანი სახლი გვქონდა, ეგრეთ წოდებული "ბელეტაჟი" და  მამა სარდაფში გავამწესე. მაშინ თქვა ბაბუამ, ეს ბიჭი იურისტი გამოვაო. ბაბუას გაყოფის პროცესი მოეწონა, შედეგისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მე-8 კლასიდან იურისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მეგონა, ეს ოცნებად დამრჩებოდა. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან იმ პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ორი რამ იყო საჭირო - ან ოქროს მედალი, ან მუშაობის ორწლიანი სტაჟი, მე კი არც ერთი არ მქონდა, მაგრამ ზუსტად იმ წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ეს წესი გაუქმდა.

ბაღდათიდან ვარ. ისე განვლო ბავშვობის წლებმა, თბილისში  ექსკურსიაზე ერთხელ ვიყავი ნამყოფი. მეორედ თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც უნივერსიტეტში საბუთები შევიტანე. სამი გამოცდა უნდა ჩამებარებინა. პირველი გამოცდა ქართულ წერაში მქონდა და ჩემდა გასაკვირად, ხუთიანი მივიღე. თავისუფალი თემა დავწერე, სათაურით - "ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა..." ასე დავიწყე: "კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, ადამიანის სული ერთ რამეში ჰგავს ზეასროლილ ტყვიას - იგი მაღლა აიჭრება და იმავე ნიადაგს უბრუნდება, საიდანაც ატყორცნესო." …მოკლედ, რომანტიკული თემა იყო, მე-10 კლასელის რომანტიკული ნააზრევი. მე და კობა დავითაშვილი ერთად ვაბარებდით გამოცდებს და კობამაც ფრიადი დაიმსახურა. მან დაწერა "ვაჭრობა მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში".

ისტორიაშიც  ხუთიანი მივიღე. მახსოვს, კომისიის თავმჯდომარემ კითხვა დამისვა, რა არის მაიაკოვსკში ყველაზე მნიშვნელოვანიო. ვიფიქრე, რა უნდა იყოს ამისთანა მნიშვნელოვანი-მეთქი, კინაღამ "ჩამჭრეს"... თურმე კომისიის თავმჯდომარეს წყალთაშუას რესტორანი ჰქონია მხედველობაში. აქ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ბოლო გამოცდაში - რუსულ კარნახში - ორი მივიღე.

12 ქულა კი იყო საკმარისი, მაგრამ ორიანის გამო ვიფიქრე, რომ ვერ ჩავირიცხებოდი.10 დღის შედეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ნიშანი გადასწორდა, რადგან მსგავსი ნიშნები - ორი 5 და ერთი 2 არავის ჰქონდა. ასე მოვხვდი იურიდიულ ფაკულტეტზე.

იხილეთ ვრცლად