"ჟვანიას საქმე იხილავს დღის სინათლეს" - კვირის პალიტრა

"ჟვანიას საქმე იხილავს დღის სინათლეს"

არჩილ კბილაშვილი: – ჟვანიას საქმე იხილავს დღის სინათლეს. არა მარტო სკანდალური და საყოველთაოდ ცნობილი საქმეების გადახედვა დაიწყება, არამედ ყველა იმ ადამიანს გაუჩნდება სამართლის პოვნის შანსი, ვინც თვლის, რომ დანაშაულის, ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლი გახდა. გადაიხედება უკანონო განაჩენები, დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტზე.

- პროკურატურიდან ძველი კადრების დათხოვნას აპირებთ. შეძლებთ მათ სწრაფად შეცვლას ღირსეული ადამიანებით?

- არ არის სავალდებულო, იმ ადამიანებს, ვინც პროკურატურაში დაიწყებს მუშაობას, პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. ვინც პატიოსნებით, ადამიანურობით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევა და მიაჩნია, რომ პროკურატურის სისტემაში შეძლებს მუშაობას, ყველას კანდიდატურას განვიხილავთ. ვიცი, რომ შეიძლება ოპტიმალური არ იყოს ეს ვარიანტი, მაგრამ მარსიდან ვერავის ჩამოვიყვანთ.

პროკურატურიდან კადრების დათხოვნა არ არის დევნა, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. იმ არაჯანსაღ პროცესში მსხვერპლად იქცნენ არა მარტო პროკურატურის თანამშრომლები, არამედ ადვოკატები და მოსამართლეებიც. სამწუხაროდ, ამ პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადვოკატთა კორპუსის დაკნინებას. მათი ფუნქცია გახდა ოჯახსა და პროკურატურას შორის ამბის მიტან-მოტანა და არა - ადამიანის დაცვა. წესიერი ადვოკატები, მაგალითად, შალვა შავგულიძე, საშიშროებადაც კი იქცნენ ბრალდებულებისათვის. მათი პროფესიონალიზმი, პატიოსნება, საქმისადმი ერთგულება და უბრალოდ, პროცესებში მონაწილეობა იქცა ბრალდებულისათვის კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად.

ამ სისტემის თავისებური მსხვერპლია მოსამართლეც. სამსახურიდან წასვლა ადვილი არ არის. იმ ყოფაში, რაც ჩვენ გვქონდა, ამას მხოლოდ გმირები ახერხებდნენ, თუმცა სხვის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის შენება არ შეიძლება. ვფიქრობ, იმ ადამიანებთან მუშაობა შეიძლება, რომლებიც ამ სისტემის პირობებში ახერხებდნენ მაქსიმალური შეღავათი გაეწიათ ადამიანებისთვის, მაგრამ რეფორმა აუცილებელია როგორც პროკურატურაში, ასევე - სასამართლოში. კორუფცია მხოლოდ აღებ-მიცემობას არ ნიშნავს. კორუფცია ფორმის შერყვნას, მის დარღვევასაც გულისხმობს და ამაზე თვალის დახუჭვის უფლება არ გვაქვს.

ძველი კადრებით ამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია. უნდა დაისაჯოს პროკურორი, რომელმაც უკანონო დადგენილებას მოაწერა ხელი, უნდა დაისაჯონ გამყალბებლები, მაგრამ ის შემსრულებლები, რომელთა საქმიანობას მძიმე შედეგები არ მოჰყოლია, ასცდებიან მართლმსაჯულებას.

მიუხედავად იმისა, რომ დასასჯელი ბევრია, ჩემი  ქმედებები არ იქნება რევანშისტული, მაგრამ კანონის წინაშე პასუხისმგებლობას გვერდს ვერ ავუვლით... და კიდევ ერთი - პროკურატურის ახალი კადრების შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო პროფესიონალიზმი, არამედ ადამიანური ფაქტორიც. პროკურატურა აღარ იქნება საზოგადოების წინააღმდეგ მომუშავე რეპრესიული მანქანა, რომელსაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ასეთი სახე ჰქონდა. იხილეთ ვრცლად