ლახუნდარელის ბუხართან - კვირის პალიტრა

ლახუნდარელის ბუხართან

მართალია, ჯერ "გაუგონარი ამბავი" არ გაგვიგია, მაგრამ მე უკვე მჯერა!!!

გამარჯობა. არც ისე დიდი დრო გავიდა ჩვენი განშორების შემდეგ. სალაპარაკო და საკბილო კი იმაზე მეტი დაგროვდა, ვიდრე მეგონა. ჩემს ბუხართან სტუმრობის სურვილი თავისით ჯერ არავის გამოუთქვამს, ამიტომ იძულებული ვარ, ისევ მე მოვიწვიო. გადავწყვიტე, საქართველოს თავდაცვის, ცოტა ხნით ადრე განათლების და უფრო ადრე პენიტენციარული სისტემის ექსმინისტრს, ბატონ დიმიტრი შაშკინს ვუმასპინძლო.

მას შემდეგ, რაც ჩემი პატივცემული სტუმარი თავდაცვის მინისტრი გახდა, თავდაცვა ახალ კონცეფციაზე - ე.წ. 3 ტ-ზე გადავიდა (ტოტალური ზრუნვა, ტოტალური თავდაცვა, ტოტალური წვრთნა). ამ კონცეფციის დევიზი  იყო -  არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ!

დამეთანხმებით, რომ დევიზის პირველი შემსრულებელი უწყების უმთავრესი პირი უნდა იყოს. თუმცა, ამ ხმამაღალი განცხადებიდან ძალიან მალე, ჩემი სტუმარი ოკეანის გაღმა გაიქცა და მხოლოდ ეპისტოლარულად გვეკონტაქტება. მადლობა ღმერთს, რომ ომისგან დაგვიფარა, თორემ ბატონმა დიმამ მშვიდობის დროს ისე მიგვატოვა, რომ არც დაგვემშვიდობა და ვგონებ, ომის დროს ისე აორთქლდებოდა, თვითონაც ვეღარ იპოვიდა თავის თავს. არადა, თავდაცვის მინისტრი მთლად რკინის მკვნეტელი თუ არ იქნება, ისეთიც არ უნდა იყოს პირველივე საფრთხის დროს (მით უფრო, პირადი საფრთხე როცაა) დატოვოს ქვეყანა.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ მალე ჩემი სტუმარი პოლიტიკური წარსულის საკუთრება გახდება და მისი წარსულიდან ამოქექვა აღარ მოგვიწევს... დიმიტრი ბატონო, 2 წელიწადზე მეტხანს (2009-2012წ.წ.) იყავით განათლების მინისტრი და ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, კი გეცოდინებათ... რომ ამბობდით: ხელი შევუწყვეთ ფასების შემცირებას სასკოლო სახელმძღვანელოებზეო, შუბლის ძარღვი, სადაც, როგორც ამბობენ, სინდისია განთავსებული, არ გიტოკდებათ?!

ერთია, რომ არავითარი ფასები არ შეგიმცირებიათ და მეორეც, იმდენიც ვერ მოახერხეთ, 2 წელი მაინც ყოფილიყო ერთი სახელმძღვანელო გამოსადეგარი და ყოველ წელს ახალი სახელმძღვანელოებისათვის არ მიგენიჭებინათ გრიფი, რითაც ბევრი ოჯახის ბიუჯეტს დაზოგავდით.

ახლა ბრძანებთ, - უახლოეს მომავალში ჩემზე ბევრ გაუგონარ ამბავს გაიგებთ და არ დაიჯეროთო. სტუმარი ხართ და უკმეხობა არ არის სტუმარმასპინძლობისთვის შესაფერისი, მაგრამ აუცილებლად მინდა გითხრათ: მართალია, ჯერ ეს "გაუგონარი ამბავი" არ გაგვიგია, მაგრამ მე პირადად უკვე მჯერა!!!

დღესაც ვერ გამოვდექი კარგი მასპინძელი და სტუმარი განაწყენებული დავტოვე, მაგრამ მაგ დალოცვილს ეთქვა მაინც, რომ გვტოვებდა და სადღაც გარბოდა. ქათამს დავუკლავდი და ისეთი მასპინძელი ვიქნებოდი, ბევრ იმერელს შეშურდებოდა.

P.S. გული მიგრძნობს, ბევრი ექსმინისტრი გამოგვიგზავნის ეპისტოლეებს და ერთ რჩევას არ დავამადლი: ბოლოში მაინც მიაწერეთ - გკოცნით, გეხვევით, გივარდებით წელში თქვენი...

ბედნიერ კვირას გისურვებთ.

თქვენი ლახუნდარელი