"იმედია, ჩვენი საზოგადოება აღარასოდეს შობს სააკაშვილისნაირ მახინჯ პირმშოს" - კვირის პალიტრა

"იმედია, ჩვენი საზოგადოება აღარასოდეს შობს სააკაშვილისნაირ მახინჯ პირმშოს"

"საპყრობილეში ისეთი რამეები ვნახე, ჩამოყალიბებული ფსიქოლოგია რომ არ მქონოდა, ადამიანები სამუდამოდ შემძულდებოდა"

"სააკაშვილს ჩვენი სისხლის წოვის მეტი არაფერი გაუკეთებია, მაინც შემეცოდა"

"ეკა ხერხეულიძე ყველაფერზე წავა პირადი კეთილდღეობისთვის"

კოლხურ კოშკში მისულს ცოტნე გამსახურდია ეზოში მხვდება, რომელიც მიხეილ მამულაშვილის დეკორირებულია. "მამულაშვილის ბაღები სააკაშვილის ხელისუფლებამ თითქმის ყველგან მოსპო, მაგრამ აქ შემორჩა", - მეუბნება ცოტნე გამსახურდია. კოლხურ კოშკში შევდივართ, სადაც სარემონტო სამუშაო ამჟამად შეჩერებულია.

- 1992 წელს ეს სახლი ისე გაიძარცვა, ბუხრის ქვებიც კი მოიპარეს. მერე ხანძარი გაჩნდა. ამ სახლის მომავალი სხვანაირად წარმომიდგენია. აჯობებს, აქ რაიმე საზოგადოებრივი დაწესებულება მოეწყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

ცოტნე გამსახურდიას ციხეში გატარებულ წლებზე ვეკითხები:

- ისე გამოვედი ციხიდან, გული არ ამჩქარებია. ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარი თავის უკეთ მართვა და რეალობის აღქმა ვისწავლე. სამი წლის წინ რომ გეკითხათ, ალბათ, სხვანაირად წარმოვიდგენდი ჩემი გათავისუფლების დღეს. თუმცა, ახლა შორს ვარ ემოციებისგან. საპყრობილეში რომ შევედი, 34 წლის ვიყავი და ჩამოყალიბებული ფსიქოლოგია რომ არ მქონოდა, ისეთი რამეები ვნახე, ადამიანები სამუდამოდ შემძულდებოდა. რაც თქვენ ციხის კადრებში ნახეთ, იმაზე მეტი რაღა უნდა ვთქვა.

- მაინც რა ნახეთ?

- რაც ციხის კადრებშია, ისეთი რამეები არ მინახავს, მაგრამ ვნახე ცემისა და წამების უამრავი შემთხვევა. თუმცა, იმ ჯოჯოხეშიც იყვნენ ისეთები, რომელთაც ადამიანობა, კაცობა არ დაუკარგავთ. ცოცხალი რომ ვარ და არა ვარ ფსიქიკურად შერყეული, კონტროლიორ მალხაზ პავლიაშვილის დამსახურებაცაა. მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა პატიმრების ცემაში,   მისი ადამიანური დამოკიდებულება არასოდეს დამავიწყდება. მინდა მივმართო ბატონ სუბარს, რომ ამ ადამიანისა და მისი მსგავსების ღვაწლი არ დაივიწყოს.

- ყველა ბრალდება მოგიხსნეს?

-  13 ნოემბერს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია ახალი პროცესი, რომელიც გაიმართება 2007 წლის საქმეზე (სადაც ბრალად მედებოდა შეთქმულება კონსტიტუციური რეჟიმის ძალადობრივად დამხობის მიზნით, მეორე ბრალდება იყო ჯაშუშობა), რომელიც 5 წლის განმავლობაში თაროზე გახლდათ შემოდებული.

ადეიშვილი ახლა კნავის უცხოეთიდან, იმედია, რომ მართლმსაჯულებას ვერ დაემალება. ამ არაკაცმა მთელი საქართველო გააუბედურა. როგორც ჩეკას ან გესტაპოს მოხელეს, დღისით-მზისით შავი ფარდების უკან ჩაკეტილს ედო კომპიუტერი და ახარისხებდა ადამიანთა სიებს, ვის რა ქონება ჰქონდა და ვისთვის რისი წართმევა შეეძლო "ნაციონალურ მოძრაობას". ეს არ უნდა შერჩეთ.

- ჩვენს გაზეთთან თქვით, რომ სააკაშვილმა არ გაპატიათ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენებისას პიარის საშუალება რომ არ მიეცით. თუმცა, მას ასევე გააღიზიანებდა ვლადიმირ პუტინისთვის გადახდილი მადლობაც.

- 8 თვე გაჭიანურდა გადმოსვენების პროცესი. რუსული მხარე არ მენდობოდა. ეშინოდათ იმისაც, რომ შესაძლოა ზვიად გამსახურდიას ნეშტი არ ყოფილიყო იქ, სადაც საფლავი იყო.  ჩემთვის მამის სამშობლოში გადმოსვენება ადამიანური მომენტი იყო და არა შეთქმულება რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. როდესაც დაინახეს, რომ ჩემი ქმედების უკან არაფერი იდგა, მერე დამეხმარნენ.

მამის საფლავი სამდღეღამიანი ძიების შემდეგ ვიპოვე. ის ადგილი დღეს მიწასთან არის გასწორებული.მეხმარებოდა МЧС-ის ბრიგადა, მომცეს ტექნიკა და ნაღმების საძიებლები. ომამდე მამას საფლავთან დიდი ხე იდგა. ის ხე დღეს აღარ არის, მისი ფესვები მოვძებნე და იქიდან ავიღეთ ორიენტაცია, სადაც უნდა გვეძებნა.

- როგორც მახსოვს, ერთხანს ასლან აბაშიძესთან მუშაობდით. ისიც ხომ არ მოგეხმარათ მამის გადმოსვენებაში?

- ასლან აბაშიძემ პიარი გაიკეთა, რომ ზვიადის შვილს გვერდში დაუდგა, თორემ ერთი დღეც არ მიმუშავია მის სამსახურში. მას გადმოსვენებაში არავითარი როლი არა აქვს, მთავარი როლი ჩემმა პრინციპულობამ ითამაშა. ზოგიერთმა ქართველმა ხელიც კი შემიშალა. გგონიათ, მარტო საქართველოში არიან ხელისუფლებისადმი მონურად განწყობილი ადამიანები?

- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილე ეკა ხერხეულიძეს, რომელიც თქვენი ძმის მეგობარია, არ უცდია ციხეში ყოფნისას ყურადღების გამოჩენა?

- ეკა ხერხეულიძე მევაჭრებოდა, რომ გამეკეთებინა ის, რასაც მთხოვდა "ნაციონალური მოძრაობა", რომ მათთვის მიმეყიდა ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების ხელმძღვანელობის უფლება; რომ ეს ამბავი "ნაცმოძრაობის" ზარ-ზეიმად გადაქცეულიყო. ეკა ხერხეულიძე, როგორც მამაჩემის სახელს ამოფარებული არაერთი სუბიექტი, ყველაფერზე წავა პირადი კეთილდღეობისთვის. შენახული მაქვს საუბრების ჩანაწერები, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მიკრძალავდნენ საზღვარზე გადმოსვლას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავემუქრე, რომ მამის ნეშტს მოსკოვის დონის მონასტრის ქართველთა საძვალეში დავტოვებდი, დამხვდნენ ლარსის საგუშაგოსთან.

- ახლა რას აპირებთ?

- ღვიძლი მაქვს სამკურნალო და მერე ხერხემალზე ოპერაცია უნდა გავიკეთო. ამის მერე ვაპირებ სხვადასხვა საკითხით დაკავებას. მინდა დავეხმარო ახალ ხელისუფლებას ძველი მემკვიდრეობის დემონტაჟში.  ვაპირებ დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც იმ ჯოჯოხეთში დავტოვე... ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და კიდევ მეტ მოულოდნელობას გამოაჩენს. ნახევარი წლის წინ ხომ ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ახლა აქ მოგვიწევდა საუბარი.

1990 წლის ოქტომბერში (როდესაც "მრგვალმა მაგიდამ" გაიმარჯვა და ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში), თუ ეს ქვეყნის ჩამოყალიბების, ეროვნული თვითგამორკვევისა და თვითდამკვიდრების დასაწყისი იყო, დღეს ჩვენ გავხდით მოწმე სამოქალაქო საზოგადოების დაბადებისა, რომელიც, სამწუხაროდ, 20 წლით დაგვიანდა.

ბოლო წლებში ქართველი საზოგადოება ერთ კაცსა და მის ხროვას ჰყავდა დამონებული, მაგრამ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დეგრადაციის მხოლოდ მიზეზი არ ყოფილა, ის ჩვენი საზოგადოების პროდუქტი და მისი ღვიძლი შვილი იყო. იმედია, ჩვენი დღევანდელი საზოგადოება აღარასოდეს შობს ასეთ მახინჯ პირმშოს.

ციხის კედლებში სწორი პოლიტოლოგიური ანალიზი ჩემთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. ვიცოდი, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა XXI საუკუნის საქართველოში, მიუხედავად იმ დეგრადაციისა და სიდუხჭირისა, რაც აქ სუფევდა, ვერ შეძლებდა 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის რეანიმირებას. ამისათვის არც ფინანსური, არც ადამიანური და არც ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნდა, დროც სხვა იყო და არც პიროვნულად ბრძანდებოდა სტალინი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეს არიან დაბადებული.

მეორე - დასავლეთის ინტერესებში არ შედიოდა დაძაბულობის ესკალაცია აქ მედვედევ-პუტინის სცენარის დადგმის შემთხვევაში. დასავლეთის პოლიტიკურ ცენტრებში იციან ფიქრი, ანალიზი და სიტუაციის პროგნოზირება. მათ არ აწყობდათ, რომ სააკაშვილის ახირებების გამო მიეღოთ კიდევ ერთი ცხელი წერტილი რეგიონში, რომელიც თავისი ფუნქციით ძალიან მნიშვნელოვანია.

გარკვეულწილად, სააკაშვილი მეცოდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხი არ უნდა აგოს. ამას წინათ ტელევიზიით ვნახე მისი გალურჯებული სახე, გავიგონე მისი გატეხილი ხმა და დაბნეული ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ჩვენი სისხლის წოვის მეტი არაფერი გაუკეთებია, მაინც შემეცოდა.