მიდის იმიტომ, რომ დარჩეს! - კვირის პალიტრა

მიდის იმიტომ, რომ დარჩეს!

მთავარი და ჯერჯერობით ერთადერთი თარიღი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის რანგში დაასახელა, არის მისი პრემიერად და საზოგადოდ, სახელმწიფო სამსახურში ყოფნის წელიწადნახევრიანი ვადა. ამ ვადის დასახელების შემდეგ აზრი დაკარგა საპარლამენტო უმცირესობის კრიტიკამ იმის თაობაზე, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავისი დაპირებების შესრულების კონკრეტული თარიღები არ მონიშნა.

გამოდის, სწორედ ხსენებულ წელიწად-ნახევარში უნდა მოასწროს ივანიშვილის მთავრობამ ყველა დაპირებული რეფორმის დასრულება თუ არა, დაწყება მაინც. მათ შორის საპენსიო, სადაზღვევო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები; სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის რეფორმირება; პოლიტიკური სისტემის სტაბილურობისა და ქმედუნარიანობისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა; ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის სისტემის გადაყვანა რეალურ არჩევითობაზე და, რაც მთავარია, ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შეძლებს მისი დაწყებული საქმის გაგრძელებას და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას. აღარაფერს ვამბობ რეალობად გადასაქცევ საგარეო-პოლიტიკურ სურვილებზე: ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ტრადიციული სვლა (თუმცა, აქ ივანიშვილი პირველ დათქმას აკეთებს და ამბობს, რომ ნატოში შესვლა ერთი-ორი წლის პერსპექტივა არ არის, რითიც თავისი პრემიერობის ფარგლებს გარეთ გაიყვანა ეს დაპირება); რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვა.

როცა ამ ვრცელ ჩამონათვალს გადავხედავთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილს ფინანსებში შეზღუდვა არ ექნება. როგორც ჩანს, იგი აპირებს მის მიერ მობილიზებული ფინანსები შეუზღუდავად დახარჯოს დაპირებების შესასრულებლად. ერთადერთი ბარიერი ამ პროცესში იქნება დიდი (არასაბიუჯეტო) ფულადი მასის შედინების შედეგად მოსალოდნელი ინფლაცია, რომელსაც ახალი ხელისუფლება  მაქსიმალურად აირიდებს თავიდან.

პრემიერობის წელიწადნახევრიანი ხიბლი

თუმცა, ფინანსური ნაკადების მობილიზებაზე მეტად მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველი - როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი ასეთ მოკლე დროში ისეთი მყარი და ეფექტიანი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფორმირებას, რომელიც: ა) შეძლებს საზოგადოების იმგვარი ნდობის მოპოვებას, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაცული იყოს მნიშვნელოვანი რყევებისგან; ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მართვის სისტემის გამართულ მუშაობას.

პრემიერის საპროგრამო გამოსვლაში ამ მიმართულებით ორი საბაზისო გეგმა იკვეთება: ერთის მიხედვით, თავად კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სისტემის ფორმირება, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ვერ მოხვდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა; ხოლო მეორის მიხედვით, იმავე კანონმდებლობამ პარტიების დაფინანსების იმგვარი მოდელი უნდა შექმნას, რომელიც ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობა-განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადაიდგა, ეს უდავოდ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს არსებობას, რისი პოლიტიკური ნებაც დღემდე არც ერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა.

და მეორე, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომელიც "ქართული ოცნების" პროგრამის ქვაკუთხედი იყო: ძალზე მნიშვნელოვანია, მოასწრებს თუ არა ივანიშვილი თავისი პრემიერობისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებას. თუ ივანიშვილი სკრუპულოზურად მიჰყვება თავის მიერვე მოზომილი წელიწადნახევრიანი ვადის შესრულებას, ეს ვადა 2014 წლის აპრილის ბოლოს იწურება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები, არსებული კანონმდებლობით, მაისის ბოლოს უნდა ჩატარდეს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ტექტონიკური ძვრა იქნება პრემიერ-მინისტრის გადადგომა ზედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ?! ან თუნდაც, მაშინვე, არჩევნების ჩატარებისთანავე?! როგორი სახელმწიფო სისტემის ან ასეთი რა გუნდის ფორმირებას გეგმავს ივანიშვილი იმ დროისთვის ქვეყანაში, რომ ახალი კანონმდებლობით ჩატარებული და ფორმირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირობებში ტოვებს ხელისუფლებას?! თუმცა, ალბათ, არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ვადამდე თუნდაც პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად ჩატარება უნდა გამოვრიცხოთ.

დღეს კი ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად იღებს ხელში სახელმწიფო მართვის ყველა საკვანძო მიმართულებას: საშემოსავლო პოლიტიკას, რეგიონების მართვას, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ არტერიებს - რუსეთსა და ნატოს. ამაზე მეტყველებს უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაც გუბერნატორების მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თავად პრემიერის მიერ დანიშვნა-გათავისუფლებაც (რაც ხაზს უსვამს იმასაც, თუ რამდენად პრინციპული მნიშვნელობა მიეცემა შემოსავლების მობილიზებას ქვეყანაში); და ერთ დღეს გაჟღერებული ორი ნოვაციაც, რომლითაც, ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკა ივანიშვილმა პირადი კურაციის ქვეშ მოაქცია: ლაპარაკია რუსეთში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლისა და ნატოში ინტეგრაციის სპეციალური კომისიის თავმჯდომარედ საკუთრივ ივანიშვილის მიერ დანიშვნაზე. ამ ცვლილებების შედეგად, ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკის სადავეები, ისევე როგორც რეგიონული და ფინანსური პოლიტიკისა, უშუალოდ პრემიერის ხელშია.

ივანიშვილის წაუგებელი თამაში

თუმცა, ყველაზე არსებითი, რაც უკავშირდება ამ წელიწადნახევრიან ვადას, არის სწორედ მთავარი არსი ამ ცვლილებისა: რეალურად ბიძინა ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ დარჩეს. წელიწად-ნახევარი პოლიტიკაში საკმარისი დროა როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების, ასევე უკმაყოფილების მუხტის დასაგროვებლად. მიუხედავად იმ მძლავრი ფინანსური ნაკადებისა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვებავს ბიუჯეტის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს, რითიც შეეცდება მინიმუმამდე დაიყვანოს საზოგადოებრივი უკმაყოფილება, კრიტიკული ინტონაციები ამომრჩეველში ბუნებრივად გაჩნდება. ჰოდა, ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად წავა სწორედ მანამ, სანამ კრიტიკით გაჯერდება გარემო და შემდეგ სამოქალაქო სექტორიდან რეალურად კვლავ მართავს თავის პოლიტიკურ გუნდსაც და სახელმწიფოსაც; ანუ წავა იქ, საიდანაც მის გადადგომას ყველაზე პრინციპულ შემთხვევაშიც კი ვერავინ მოითხოვს (ანუ სამოქალაქო სექტორიდან) და საიდანაც თავისი ფინანსური შესაძლებლობებისა და გავლენის წყალობით სრულად შეძლებს იმ მრავალშრიანი და მრავალსუბიექტიანი პოლიტიკური სპექტრის გაკონტროლებას, რომელიც 2014 წლისთვის საქართველოში იქნება. და ამით, ფაქტობრივად, წაუგებელ თამაშს ითამაშებს.