მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"აპიატ" რუსეთი

ნეტავ მერამდენედ უნდა დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან? ან ეს ფურცლები რით არ გამოგველია? ვშლით ამ ფურცლებს და ვშლით, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება. ან როგორ არ გვბეზრდება რუსეთთან ურთიერთობის მუდამ სუფთა ფურცლიდან დაწყება, როდესაც მან ყველა ძველი ფურცელი უკვე თავზე დაგვახია? ყველა ახალი ხელისუფლება ამ ურთიერთობას იმედით იწყებს და კრახით ამთავრებს. ღმერთმა ქნას, ივანიშვილი გამონაკლისი აღმოჩნდეს, მაგრამ მისი განცხადება, რომ რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, უკვე დიდი შეცდომა მგონია. ქვეყანას შენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და სუფთა ფურცლიდან როგორ დაიწყებ? თუმცა, მოდი, განცხადებებს ნუ გამოვეკიდებით, დაველოდოთ ქმედებებს. პირველი ქმედება, პირად წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნა, კარგი ნაბიჯია, მაგრამ როგორი იქნება რუსეთის პასუხი, ჯერ არავინ იცის. სამაგიეროდ, ვიცით, რაზე ვაპირებთ მოლაპარაკებას: სავაჭრო და კულტურული ურთიერთობის აღდგენაზე. სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა გასაგებია, რასაც გვაძლევს, ეს კონკრეტული შემოსავლებია, თუმცა, მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. დადებითი რაც არის, ყველასთვის გასაგებია, უარყოფითი კი ის რისკებია, რომლის წინაშეც რუსეთის ხელისუფლების არაპროგნოზირებადი ხასიათი გვაყენებს. არავინ იცის, დაბრუნების შემდეგ კიდევ როდის მოეპრიანება და გამოგაძევებს იქიდან, ან როდის გამოიყენებს ამ თემას ჩვენს დასაშანტაჟებლად. რუსეთის ბაზარზე დაბრუნებით რუსეთს იმ კოზირს ვუბრუნებთ, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ უკვე გამოიყენა და რომელიც უკვე, ასე თუ ისე, გაჭრილია, თუმცა, ეს ჩიტი ბდღვნად ღირს და ვნახოთ.

სამაგიეროდ, რას გულისხმობს ე.წ. კულტურული ურთიერთობის აღდგენა, ვერაფრით ვხვდები. რაღაც დონეზე ეს ურთიერთობა არც არასდროს შეწყვეტილა, ჩვენთან რუსი მომღერლებიც ჩამოდიოდნენ და მსახიობებიც. აქ თუ ის იგულისხმება, რომ ჩვენი მომღერლებიც უნდა ჩავიდნენ და იქ იმღერონ, არც ამის ნაკლებობაა - ბლომად ჰყავთ იქ ქართველი მომღერლები. თუ იქნება რუსულ კულტურაზე მოთხოვნა, მოვიხმართ, ბატონო და პირიქით... აქ ხელისუფლების ჩარევა ზედმეტი მგონია.

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ივანიშვილი უშვებს, ის არის, რომ ის რუსი იმპერიალისტების პროპაგანდას იმეორებს, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ და რუსეთს გვაქვს მეგობრული ურთიერთობის გამოცდილება და ეს უნდა აღვადგინოთ, რომ ორასი წელი ერთად მეგობრულად ვცხოვრობდით. ერთხელ დავწერე და, როგორც ჩანს, კიდევ უნდა გავიმეორო: ჩვენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს გვქონია! ჩვენ ამის გამოცდილება ვერ გვექნებოდა, რადგან შეუძლებელია მეგობრობა დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის, იმპერიასა და კოლონიას შორის. რუსეთს სურს ყველაფერი მეგობრობად შემოგვასაღოს და ნუ ავყვებით.

მინდა ივანიშვილს ამ საქმეში წარმატება ვუსურვო, ოღონდ სუფთა ფურცლიდან არ გვინდა, თორემ ვშიშობ, ამ სუფთა ფურცელზე "აპიატ დვოიკა" არ დაიწეროს.

ვის სჭირდება აჭარის ავტონომია?

როდესაც აჭარის პირველი პირი და მინისტრები დაამტკიცეს, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავუსვი კითხვა: რატომ ვაწვალებთ აჭარლებს და ვწვალობთ ჩვენც, რა საჭიროა? რა საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები, რა საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი? და საერთოდ, რა საჭიროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა? არ ფიქრობთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უკვე ანაქრონიზმია? მე ბათუმელი ვარ და დღემდე ვერ მივხვდი ამ ავტონომიის დანიშნულებას. თუ თქვენ ხვდებით, გამაგებინეთ. ბათუმში არ შემხვედრია არც ერთი აჭარელი, თუ სხვა კუთხის შვილი, ვისთვისაც ამ ავტონომიას რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა. ასეთი უკანასკნელი, მგონი, ასლან აბაშიძე იყო და ისიც დიდი ხანია წარსულს ჩავაბარეთ. სააკაშვილი ამბობდა, აჭარის ავტონომია იმიტომ უნდა შევინარჩუნოთ, რომ აფხაზებმა ნახონ, ავტონომიებს არ ვერჩითო, თუმცა, ავტონომია ისეთ ფორმალურ დონემდე დაიყვანა, აფხაზებს სანახავიც არაფერი დარჩათ. ახალი ხელისუფლება კი ისევ ავტონომიის გაფართოებაზე ლაპარაკობს. ისე, თუ ავტონომია არსებობს, ჰქონდეს უფლებებიც, მაგრამ რატომ არ უნდა ვიფიქროთ მის გაუქმებაზე? რა უშლის ამას ხელს? ყარსის ხელშეკრულება? თურქეთის პოზიცია? ვინმემ იცის ამ საკითხზე თურქეთის პოზიცია? რატომ არ შეიძლება აჭარაში ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება? გინახავთ ოდესმე აჭარის კულტურის მინისტრის მიერ განსაზღვრული კულტურის პოლიტიკა? ან სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ განსაზღვრული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა? თუ უბრალოდ, დინებას მივყვებით და არ გვსურს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა?

ნოდარი, გიგი და სტრიპტიზის მოყვარულთა საზოგადოება

წინა კვირას ნოდარი, გიგი შეიბნენ. ნოდარ ხადურსა და გიგი უგულავაზე მოგახსენებთ. საქმე ასე იყო: არჩევნების წაგების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველების და დევნილების შეღავათების ანაზღაურება ცენტრალურ ბიუჯეტს დაეკისრა. იქამდე ამ ხარჯებს თბილისის ბიუჯეტი ანაზღაურებდა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ახალმა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პირველი, რაც გააკეთა, ახალ პრემიერ-მინისტრს მისი წინამორბედის ეს დადგენილება გააუქმებინა.

ამის გაგებისთანავე გიგი აყვირდა: გვიშველეთ, ივანიშვილი სოციალურად დაუცველებს შეღავათებს უუქმებსო. თან ამტკიცებდა, ივანიშვილი აქ არაფერ შუაშია, შეცდომაში ხადურმა შეიყვანაო.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში უგულავამ ხადურს საუბრის ტონიც დაუწუნა და ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა. ხადურმა არც აცია, არც აცხელა და უგულავას დაემუქრა, თუ სოციალურად დაუცველების შეღავათებს და დაზღვევას დედაქალაქის ბიუჯეტიდან არ დააფინანსებ, ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით თეთრსაც ვერ მიიღებო. თან დაამატა: "ჩვენ არ მივცემთ მერიას იმის საშუალებას, რომ გადასახადის გადამხდელების ფულით იარონ სტრიპტიზ-ბარებში". სტრიპტიზბარების და მერიის თანამშრომლების ამბავი ხომ იცით? ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მერიის თანამშრომლები სტრიპტიზბარებში გასართობად ბიუჯეტის ფულით დადიოდნენ. მერე ნახევრად შიშველ ქალებთან გადაღებული უგულავას ფოტოებიც გავრცელდა და ასე შერჩათ მერიის მუშაკებს  სტრიპტიზის მოყვარულთა სახელი. ჰოდა, ახლა ეს სტრიპტიზის მოყვარულები უცებ სოციალურად დაუცველებზე შეშფოთდნენ, ეს ის ხალხი არაა, დენის გადასახადს ნაგავი რომ მიგვიბა, თუ მეშლება რამე? ახლა გაახსენდათ სოციალურად დაუცველები? ისევ მერიის ბიუჯეტიდან რომ დააფინანსონ, რა დაშავდება? სტრიპტიზ-ბარებში სასიარულო ფული აღარ დარჩებათ? გასაბერ ქალებს გავუგზავნით ჰუმანიტარული დახმარების სახით.

სერიოზულად თუ ვიტყვით: ქვეყანაში არსებული ორხელისუფლებიანობის პირველი შედეგი სახეზეა. ეს ალბათ მხოლოდ დასაწყისია. იმედი მაქვს, ამ ძიძგილაობას ხალხის ინტერესი არ შეეწირება და სოციალურად დაუცველები მართლაც შეღავათების გარეშე არ დარჩებიან, თორემ მერე ნახეთ აქციები მერიის წინ ლოზუნგით: ძირს სტრიპტიზის მოყვარულთა საზოგადოება!