"ადამიანები იგრძნობენ, რომ იწყება სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა" - კვირის პალიტრა

"ადამიანები იგრძნობენ, რომ იწყება სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა"

"ვცდილობდი ამომეხსნა, რა ფენომენი იყო "ნაციონალური მოძრაობა", ხალხი, რომელიც ერთნაირად ლაპარაკობს, ერთნაირად იქცევა"

"პროკურორი მოსამართლის მაგივრად ვეღარ გამოიტანს განაჩენს"

"არ დავუშვებ პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმეს დისკრიმინაციას"

"არ მინდა, მომერიოს ძალაუფლების ხიბლი"

"რა გითხრა? საქმრო მყავს? ჩემთვის საქმროზე მეტია..."

"ქართულ ოცნებაში" ხალხის ოცნების გამო აღმოვჩნდი"

თეა წულუკიანს ინტერვიუსთვის იუსტიციის სამინისტროში 4 საათზე უნდა შევხვდე. 20 წუთით ადრე მისაღებში ვარ. სანამ დრო მაქვს, ნებართვას ვიღებ და ზურაბ ადეიშვილის ყოფილ საბრძანებელს ვათვალიერებ. ერთი ლიფტი მხოლოდ მას ემსახურებოდა, ამიტომაც კაბინა პირველი სართულიდან მეცხრემდე არსად ჩერდება. მთელი სართული ეთმობა აპარტამენტს, სადაც განთავსებულია მინისტრის კაბინეტი, მისაღები, სათათბირო და დაცვის სამსახურის ოთახები. აქვე არის უზარმაზარი მოსასვენებელი ოთახი, სააბაზანო, სამზარეულო და ძალიან ლამაზი ვერანდა. აქ, ალბათ, ზურაბ ადეიშვილი მეგობრებთან ერთად ნებივრობდა და შეიძლება აქვე წყვეტდა ადამიანების ბედს.

ვფიქრობ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის"” დამარცხებისთანავე ქვეყნიდან გაიქცა...

თეა წულუკიანს 1995 წლიდან ვიცნობ. ის ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა - ისეთივე მტკიცეა და მიზანსწრაფული. ინტერვიუსთვის მეშვიდე სართულზე მხვდება, ადეიშვილის მოადგილის, გიორგი ვაშაძის ყოფილ კაბინეტში.

- თეა, ადეიშვილის კაბინეტზე უარი თქვი?

-  ვერ წარმომიდგენია, მეცხრე სართულზე ვიჯდე მარტო, თანაშემწესთან ერთად. ამიტომაც გადავწყვიტე, დიდი კაბინეტი ჩემი მოადგილეებისთვის გადავტიხრო და ოთახებად გადავაკეთო.

ერთი შეხედვითაც საგრძნობია ჩემი წინამორბედის მანიაკალური სწრაფვა გრანდიოზულობისა და ყველაფრის კონტროლისკენ.

მას არ აინტერესებდა, რა სჭირდებოდა ხალხს. ალბათ, ამიტომაც არ ელოდა არჩევნების ასეთ შედეგს. მაგრამ კარგი ის არის, რომ სამინისტროში დამხვდნენ ძალიან კარგი საჯარო მოხელეები, რომელთაც რაიმე ტიპის უსამართლობა ან მით უფრო - დანაშაული არ ჩაუდენიათ.  ვეცდები, შევუქმნა ისეთი პირობები, რომ არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობას მიეჩვიონ. მინდა, მათთან ერთად გავაგრძელო ყველა დაწყებული, კარგი პროექტი და დავეხმარო არსებული ხარვეზების გამოსწორებაში. იუსტიციის სამინისტროში არ დავუშვებ განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმეს დისკრიმინაციას.

- ცოტა ხნის წინ თქვი, რომ ადეიშვილი კარგი იურისტი იყო...

- ის კარგი იურისტია. ამიტომაც წარმოუდგენელი იყო, მისი წასვლისთანავე სამინისტროში გვენახა რაიმე დოკუმენტი, რაც არასამართლებრივ ქმედებებს დაადასტურებს. თუმცა ეს აპარტამენტი და კონტროლის მექანიზმი მოწმობს, რომ ადეიშვილს ჰქონდა თავისი მიკროსამყარო, საიდანაც მართავდა ქვეყანას.

ვფიქრობ, ხშირად ის იყო პრემიერ-მინისტრი და ალბათ, ზოგჯერ - პრეზიდენტიც. მისი მმართველობის არეალი იყო გაცილებით ფართო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მის გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებდნენ.

გამაოგნებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, რომელიც ამ უწყებაში დამხვდა. სამინისტროში ორი წლის წინ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, "მაღალი დონის მომსახურებას უწევდა" დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, ანუ აკონტროლებდა მათ და პარლამენტსაც კი. პარლამენტის სერვერებისა და ქსელების იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარება იყო ადეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.  ეს მანკიერება უნდა მოიშალოს. პარლამენტმა და ნებისმიერმა სხვა დაწესებულებამ თავად უნდა მართოს ქსელები და სერვერები.

- კი მაგრამ, რა ძალაუფლება ჰქონდა ამ დროს მიხეილ სააკაშვილს?

- სააკაშვილს ჰქონდა ისეთი ძალაუფლება, როგორსაც მას უქმნიდნენ მერაბიშვილი და ადეიშვილი. მათ გარეშე სააკაშვილს ძალიან გაუჭირდება,  რადგან არც ერთი მთავარი საყრდენი  აღარ ჰყავს, ერთი კი საერთოდ გაქცეულია.

- არსებობს თუ არა მექანიზმი გაქცეულ ჩინოსანთა დასაკავებლად?

- სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმაციამდე არ არსებობდა ასეთი მექანიზმი. თუმცა, ფაქტია, მაღალჩინოსანი არ გარბის, თუ მას რაღაც დასამალი არ აქვს. სხვა საკითხია, ჩვენ რის დამტკიცებას შევძლებთ. არ ვაპირებთ სააკაშვილისეული რევანშის გამეორებას. როდესაც ის შევარდნაძის მაღალჩინოსნებს სასტიკად დაერია, ბევრი მათგანის დანაშაულის მტკიცებულებაც არ ჰქონდა.

ბაჩო და დათა ახალაიებისა და სხვების დანაშაულთა მტკიცებას უფრო ნაკლები შრომა სჭირდება, ვიდრე ზურაბ ადეიშვილის საქმიანობის გამოაშკარავებას.

მან იცოდა, როგორ ემუშავა სუფთად, ამიტომაც ვამბობ: ის იყო კარგი იურისტი და მის დანაშაულთა გამოვლენას სჭირდება დრო და სერიოზული გამოძიება.

- რა იცავთ გაქცეულებს უცხოეთში?

- არაფერი, საზღვრების გარდა. როგორც კი საჭირო გახდება, ამოქმედდება მათი დასაბრუნებელი მექანიზმი. ხალხისთვის მთავარია, დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. მოზაიკასავით არის სამართლებრივი სურათი - ყველამ უნდა დადოს თავისი ფრაგმენტი: გენერალურმა პროკურატურამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, შსს-მ, პარლამენტმა  და სხვამ - თავისი. პარლამენტს მალე წარვუდგენთ ინიციატივას პოლიტპატიმრების შესახებ. პროკურატურა იმუშავებს, რომ სხვადასხვა ტიპის ძალადობის შედეგად მიღებული სარგებელი ხალხს დაუბრუნდეს. თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიება დაიწყება. პირველ რიგში, ციხეში წამების ფაქტები უნდა გამოვიძიოთ. დეტალურად შევისწავლით, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია. კომპლექსური მიდგომით  მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შევძლებთ და ადამიანები იგრძნობენ, რომ იწყება სამართლიანი ქვეყნის მშენებლობა.

- ფუნქციები იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს შორის როგორ განაწილდება?

- მათი ფუნქციები გაიყოფა. იუსტიციის მინისტრს აღარ ექნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია. ასევე ვმუშაობთ სასამართლო რეფორმებზე, ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივების მთელ პაკეტს, ვქმნით რეალურ ბერკეტებს იმისთვის, რომ ამოისუნთქოს მოსამართლემ და არა მხოლოდ ხალხმა, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით იგრძნო შვება. მოსამართლე განწესებულია გარკვეული ვადით და არ შეიძლება, ამ ვადის გასვლამდე მას ვინმე შეეხოს - მოხსნას ან ჩაერიოს მის განსახილველ საქმეში. ეს განსაზღვრავს მოსამართლის მიუკერძოებლობას, ამიტომაც სერიოზული ფიქრი და მსჯელობა სჭირდება იმას, როგორ ვუშველოთ მოსამართლეთა კორპუსს. მე პროკურორებს თავიანთ ფუნქციებს დავუბრუნებ. პროკურორი მოსამართლის მაგივრად ვეღარ გამოიტანს განაჩენს. ეს უკვე დიდი შვება იქნება მოსამართლისთვის. მოსამართლეების 90% მართლაც კომპეტენტურია, ამიტომ თუ მათ წნეხისგან გავათავისუფლებთ, შეიძლება, დამოუკიდებელ მოსამართლეებად იქცნენ. დანარჩენ 10%-ს კი, ვინც საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილებები მიიღო, ჯერჯერობით ვურჩევ, დარჩნენ საკუთარ სინდისთან პირისპირ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება.

პროკურორი აღარ უნდა იყოს მართლმსაჯულების მეტრი და უნდა შეწყდეს მოსამართლეებზე ზეწოლა. პროკურორებმა უნდა შეწყვიტონ საქმეების ჭრა-კერვა. საპროცესო შეთანხმების პრინციპი და ნორმაც შეიცვლება, მას ცივილიზებული ფორმა მიეცემა. პროკურორებს, რეგიონების მიხედვით, ევალებოდათ, რომ საქმეების 95% საპროცესო შეთანხმებით დაესრულებინათ და ისინიც ვაჭრობდნენ ადამიანთა„თავისუფლებით." ამის გამო ხალხი ყიდდა ქონებას და უკიდურესად მძიმდებოდა მათი მდგომარეობა.

- მათ, ვისაც უსამართლოდ მიუსაჯეს სხვადასხვა სახის სასჯელი და საპროცესო გარიგებები დაადებინეს, მოხდება თუ არა მათი რეაბილიტაცია...

- იმედი მაქვს, ამ ადამიანებს კარგად ესმით, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს მათ, ვინც ციხეში დატოვეს. გარეთ მყოფთა  საქმეების გადასახედად დადგინდება წესები. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, თუ მას ჰყავდა უკანონო პატიმრები, უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია და გადაეცეთ კომპენსაციაც (თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ძალიან არ გაუჭირდება). ვაპირებ სტრასბურგის სასამართლოში ჩასვლას, რომ იუსტიციის სამინისტრომ განტვირთოს სასამართლო იქ არსებული ქართული საქმეებისგან. დავამკვიდრებთ იმის კულტურას, რომ ადამიანის უფლებები დავიცვათ ქვეყნის შიგნით. არავის მოუწევს რკინის ქალამნების ჩაცმა და შემდეგ წლობით ლოდინი, რომ შედეგს მიაღწიოს. ამით სტრასბურგის სასამართლოსაც დავეხმარებით და ჩვენს სახელმწიფოსაც. ბუნებრივია, ყველა საქმეს აქ ვერ მოვაგვარებთ, დაზარალებულს ყოველთვის ენდომება უფრო მეტი ან ჩვენ შეგვეშლება რაღაც. სტრასბურგშიც მხოლოდ ასეთი საქმეები წავა, მაგრამ ეს იქნება 20-30 საქმე და არა - 2000-ზე მეტი.

-  ქალისთვის იურისტობა მძიმე პროფესია ხომ არ არის? თან უკვე მინისტრიც ხარ...

- ცოტა ხნის წინ მინისტრობის გამო ვიხუმრე: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კისერზე დიდი ტომარა დამადეს-მეთქი, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვიცი, რა მჭირდება იმისთვის, რომ საქმე კარგად წავიყვანო. როდესაც ამას შევძლებ, სისტემა აეწყობა და დაიწყება ჩვეულებრივი რუტინა კარგი გაგებით. პირველი ოქტომბრიდან ჩემს დამტკიცებამდე პარლამენტიდან ბევრი საქმე შეაჩერეს, რადგან არ იცოდნენ, ვისი მითითებების მიხედვით უნდა ემოქმედათ. ამიტომ ახლა მოდის ყველა მოთხოვნა და ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა.  იურისტობა ძალიან კარგი პროფესიაა, მაგრამ თუ მხოლოდ პროფილში ჩაიკეტე, შესაძლოა, მოსაწყენი გახდე. როდესაც იურიდიულ ნორმებს ხსნი, შენი ენა გასაგები უნდა იყოს სხვა პროფესიის ადამიანებისთვის. ეს რომ გავიაზრე, მივხვდი, საჭირო იყო ლაპარაკის მანერის შეცვლა. მუდმივად რბილი და მომთმენი ვერ იქნები, მით უფრო, თუ  პოლიტიკაში ხარ ჩართული. ბავშვობაში ჩემი მტკიცე ხასიათის გამო დედა მეტყოდა ხოლმე, ბიჭის ხასიათი გაქვსო.

- ბავშვობაში ჩნდება მისწრაფებები, რომლებიც მიანიშნებს პიროვნების მომავალს. ალბათ, შენც დადიოდი დედიკოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, თამაშობდი სახლობანას... იპრანჭებოდი...

- არ ვიპრანჭებოდი, მაგრამ ძალიან მიყვარდა თოჯინები. გურიაში, ბაბუასთან დავდიოდით, ზემო ნოღაში. იქ მთებია, მე კი მთები ყოველთვის მიზიდავდა. ძალიან რომანტიკული ვიყავი, მაგრამ დაახლოებით ათი წლის წინ რომანტიკა გამიქრა და პრაგმატული, თუმცა ძალიან მგრძნობიარეც გავხდი. შესაძლოა, არ მომწონდეს ადამიანის შრომის შედეგი, მაგრამ თუ ვხედავ, რომ თავდაუზოგავად გაისარჯა, არ შემიძლია ერთი ხელის მოსმით წყალში ჩავუყარო ნაშრომი.

- არჩევნების მწვერვალზე ასვლამდე კილიმანჯაროზე იყავი... სვანური ხასიათი გეწევა?

- ზღვასა და გაშლილ სივრცეზე მეტად ყოველთვის მთა მიყვარდა, წინააღმდეგობის დაძლევის სურვილი.

2012 წლის 3 იანვარს მეგობრებთან ერთად გახლდით კილიმანჯაროზე, აფრიკის უმაღლეს მწვერვალზე, 5895მ სიმაღლეზე. ტანზანიის დროით 6:49 სთ-ზე გავშალე საქართველოს დროშა. უჟანგბადობით დაუძლურებულმა მაინც შევძელი ასვლა. მანამდე ორჯერ ვიყავი ნეპალის და ინდოეთის ჰიმალაიში.

ნეპალში ორი კვირის განმავლობაში აკიდებული მქონდა 15 კგ-იანი ბარგი. ხან ვის შევეცოდებოდი და ხან - ვის, ჩანთიდან ამომაცლიდნენ ხოლმე რაღაცებს, რომ ტვირთი შეემსუბუქებინათ.

- მახსოვს, რომ ოცნება გიყვარდა, მერე უცებ "ქართულ ოცნებაშიც" აღმოჩნდი...

-  "ქართულ ოცნებაში" ხალხის ოცნების გამო აღმოვჩნდი. ისე,  ასაკის მიხედვით სხვადასხვა ოცნება მქონდა.

მინდოდა, საფრანგეთში დამემთავრებინა სკოლა - დავამთავრე; მინდოდა, საფრანგეთში სახელმწიფო მართვის სკოლაში ან პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში მესწავლა, მაგრამ საჭირო იყო სტიპენდია. ერთხელ, საფრანგეთის საელჩოში, სახელმწიფო მართვის სკოლაში სასწავლებლად კონკურსი გამოცხადდა, გამარჯვებულისთვის სტიპენდიაც იყო გათვალისწინებული. კონკურსში გავიმარჯვე, თუმცა მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად არ წარმადგინა ამ კონკურსზე - სხვა კანდიდატურა ჰყავდათ. მითხრეს, რომ მეც შემეძლო მეცადა ბედი. გამიმართლა და დამოუკიდებლად გავიმარჯვე. სახელმწიფო მართვის სკოლა შარლ დე გოლმა დააარსა. იგი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ქვეყნის საჯარო სამსახურისთვის ამზადებს ჩინოსნებს, პრეფექტებს ანუ ადგილობრივ მმართველებს და მოსამართლეებს, რომლებიც ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს იხილავენ. იქ პირველი ქართველი სტუდენტი ვიყავი.

ორი წელი ვსწავლობდი, აქედან სამი თვე - დასავლეთ საფრანგეთის ერთ-ერთი რაიონში, პრეფექტის კაბინეტში ვმუშაობდი. ქალაქ ლემანის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების მოგვარება მევალებოდა. საჯარო მმართველობაში მაგისტრის წოდება მივიღე და თბილისში 2000 წელს იმ იმედით დავბრუნდი, რომ ჩემი გამოცდილებით რომელიმე საჯარო სტრუქტურაში ვიმუშავებდი. მაშინ ჩემი დიდი ოცნება იყო პარლამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტში მემუშავა. ეს ვერ მოხერხდა, ვაკანტური ადგილი არ იყო. ამასობაში სტრასბურგის სასამართლოში იურისტის ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა.

სწორედ ის სკოლა მქონდა დამთავრებული, რომელიც ადმინისტრაციულ მოსამართლეს ამზადებს, ამიტომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. თან ვხვდებოდი, დიპლომატიაზე მეტად, სამართლებრივი საკითხები მაინტერესებდა. ისევ საფრანგეთში დავბრუნდი, 10 წელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, მუდმივ საშტატო თანამდებობაზე ვიმუშავე. ფატალისტი ვარ და მჯერა, რომ თუ სასურველი მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად ირჯები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამასთან მიმაჩნია, რომ ტყუილად არაფერი ხდება და ტყუილად არც საქართველოში იბადებიან. აქ რადგან ხარ, ეროვნული საქმის საკეთებლად აგური უნდა დადო და მინდა, რომ მე სწორედ  ეს გავაკეთო. ამის მოთხოვნილება სტრასბურგში გამიჩნდა, როდესაც ვერაფრით ვშველოდი საქმეებს, რომლებიც ჩემთან იყრიდა თავს საქართველოდან. გამიჩნდა სურვილი, დავბრუნებულიყავი და აქ მეცადა მდგომარეობის შეცვლა. 10 წლის განმავლობაში ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც სასამართლოს თანამშრომელმა საერთაშორისო მოხელის თანამდებობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი. ცნობისთვის - მუდმივად არც მინისტრობას ვაპირებ. არ მინდა, მომერიოს ძალაუფლების ხიბლი. ძალიან თვითკრიტიკული ვარ,  მუდმივად საკუთარ თავს ვაქილიკებ...

- წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტები შეეცადნენ, შენს ოჯახზე ჭორი აეგორებინათ; თქვეს, თითქოს მამაშენი იყო მოსამართლე, რომელმაც "თვითმფრინავის საქმეზე" უმძიმესი განაჩენი გამოიტანა...

- ეს იყო ჩემი ოპონენტის - მერაბ სამადაშვილის "შემოქმედება". მის შტაბში მყავდა სამი ინფორმატორი, რომლებთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვიცი, როგორ ცდილობდა ჩემი კონკურენტი ამ ჭორის შეთხზვას. მადლობა ქალბატონ ნათელა მაჭავარიანს, გეგა კობახიძის დედას, რომელმაც ისე, რომ ეს მისთვის არავის უთხოვია, საჯაროდ შეახსენა ჭორების ავტორს, ვინც იყო ტრაგიკული საქმის შემოქმედი მოსამართლე, მამაჩემი კი იმ დროს ნაძალადევის (მაშინდელი ლენინის) რაიონის სასამართლოს ერთი რიგითი თანამშრომელი იყო. უნდა ვთქვა, რომ მამაჩემისგან მომდგამს კანონის სიყვარული, მაგრამ მე უფრო ფანტაზიორი იურისტი ვარ. კანონს არ ვუყურებ, როგორც უცვლელ დოგმას, არამედ როგორც ადამიანისთვის შექმნილ ნორმას, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და არა - ხელისუფალის შეუზღუდავ ქმედებას, თუნდაც ისე, როგორც სვანეთში მოხდა აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ეს უბედურება დატრიალდა, თავში სულ აფრასიძეების მოკლული ჩემი ნათესავი - ჯიუდონ ვიბლიანი მიტრიალებდა და ამავე დროს, ჩამესმოდა ევროკონვენციის ძირითადი პრინციპები. რაც უნდა ჩაედინათ აფრასიძეებს, ხელისუფლება მათ ასე არ უნდა მოჰქცეოდა.

ევგენი აფრასიძე ხელებაწეული გამოვიდა სახლიდან შვილიშვილთან ერთად. მისთვის ავტომატის ჯერის მიშვება ხალხის ენაზე კაცის კვლა იყო, ხოლო ევროპული სამართლის ენაზე - ძალის გადამეტებით გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან.

-  ჯერ კიდევ 2009 წელს იყავი სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგე. უფრო ადრე მის შემოთავაზებულ თანამდებობაზეც თქვი უარი...

- ჩემი აღშფოთება დაიწყო 2000 წელს, როდესაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა. ისე იქცეოდა და ისეთ ზომებს იღებდა, რაც სრულიად მიუღებლად მეჩვენებოდა. 2000 წლის შემოდგომაზე შემომთავაზა, ჩემი მოადგილე იყავიო. არ მინდოდა მასთან მუშაობა. რევოლუციის შემდეგაც მთხოვეს, სალომე ზურაბიშვილის მოადგილედ ან ელჩად მემუშავა. სალომე ძალიან მიყვარს, ამიტომაც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ისე არ მინდოდა მიშასთან მუშაობა, რომ ბოლოს მაინც უარი ვთქვი. მივხვდი - ჩვენი მოსაზრებები და მისწრაფებები ერთმანეთს არასოდეს დაემთხვეოდა, თან ძალიან ახალგაზრდა, 25 წლის ვიყავი. 2003 წლის შემდეგ განსაკუთრებით ვაკვირდებოდი სააკაშვილს, მის გუნდს. ვცდილობდი ამომეხსნა, რა ფენომენი იყო "ნაციონალური მოძრაობა", ხალხი, რომელიც ერთნაირად ლაპარაკობს, ერთნაირად იქცევა. მიკვირდა, რატომ ჰგონიათ, რომ რაკი დასავლეთში ისწავლეს, ქართველი ხალხი ჩარეცხილია. მეც ვსწავლობდი ევროპაში, მაგრამ არ მიფიქრია ასე. ძალიან მიკვირდა, რამ შეცვალა ისინი - მე ხომ ზოგიერთთან ერთად ვმუშაობდი კიდეც საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. ერთად ვიყავით: მე, ეკა ტყეშელაშვილი, შოთა უტიაშვილი, დავით აფრასიძე, გიორგი ხელაშვილი და სხვები. ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით მე და ეკა, მაგრამ ხელისუფლებაში მისი საქმიანობის არც ერთი ეტაპი დადებითად არ მიმაჩნია; თუმცა, მისი ნაჩუქარი ფსალმუნები დღესაც ჩანთით დამაქვს...

ვფიქრობდი, მეც ხომ ევროპაში ვისწავლე, თან - უფრო დიდხანს, ვიდრე მათ, გაცილებით ადრე წავედი და შევითვისე დასავლეთი, ვიდრე სხვებმა. მიკვირდა ჩვენს შეხედულებებს შორის განსხვავება. ისინი თესავდნენ საზოგადოებაში რაღაც აზრებსა და ქცევის ნორმებს, თითქოს "დასავლურს," მაგრამ სინამდვილეში ხალხს ატყუებდნენ, რადგან ის, რაც მათ გააკეთეს საქართველოში, დასავლური არ არის.

მე დეპრესიაში ვიყავი, ვიდრე არ დავინახე, რომ ნაციონალების მონოლითური სისტემა დაირღვა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში ინტერვიუ მისცა.

ოქრუაშვილით არასდროს ვიყავი აღფრთოვანებული, მაგრამ მისმა გამოსვლამ დამანახა, რომ ნაციონალების ციხე შიგნიდან ტყდებოდა. სწორედ იმიტომაც მომწონს "ქართული ოცნება," რომ ის არის ძალიან ჭრელი. ექვსი აბსოლუტურად სხვადასხვა პარტიისგან შედგება, რაც ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას იწვევს სერიოზულ კამათს და საუკეთესო შედეგს.

- ახალი მთავრობა ერთი გუნდია?

- ერთი გუნდია, მაგრამ არა ისეთი, რასაც შეჩვეული იყო საქართველო. როდესაც ვთათბირობთ, ხანდახან გაგვიტარებია ორი-სამი საათი მსჯელობაში და მივსულვართ კონსენსუსამდე, რომელსაც ყველა პატივს ცემს და იზიარებს.

წინა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მახასიათებელი იყო ის, რომ პატივს არ სცემდნენ რელიგიურ მრწამსს, ამიტომაც მათ ვერ დაიცვეს ვერც რელიგიური უმცირესობების უფლებები და უმრავლესობას როგორც ექცეოდნენ, ვხედავდით.

მე გავიზარდე მართლმადიდებელ ოჯახში, სადაც დიდი სალოცავი იყო წმინდა გიორგი. რწმენაში ვპოულობ ძალიან დიდ საყრდენს და ძალას, ამიტომაც არასდროს მივცემ თავს უფლებას, სხვა ადამიანი ასევე არ იყოს ბედნიერი თავისი რწმენით, რომელი მრწამსის მიმდევარიც უნდა იყოს.

ამიტომაც ჩემი მიდგომა ეკლესიისა და რელიგიური უმცირესობებისადმი იქნება ისეთი, როგორიც ოდითგანვე ჰქონდა ღირსეულ საქართველოს.

როდესაც სხვადასხვა სფეროს ვიბარებდით, ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ ქართველი ხალხი მისი სახით მოიაზრებს ადამიანს, რომელსაც ქვეყნისთვის უფიქრია და უშრომია. ამიტომაც თუ გაგიჭირდათ, ხელი არ წაგიცდეთ ხალხის ფულზე, მე ჩემი ქონებით დაგეხმარებითო. ასეთი ადამიანი არასოდეს დაგაბრუნებს ცუდ წარსულში.

- კარიერა არ ამუხრუჭებს შენს პირად ცხოვრებას? თურმე, ოჯახის შექმნა გადადე... საქმროც გყავს...

-  რა გითხრა? საქმრო მყავს? ჩემთვის საქმროზე მეტია...

- ვინ არის?

- არ მინდა ვინაობის გამხელა, რადგან ჩემთვის მთავარია, რომ ის არსებობს და არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. რამდენიმე ხანი, ალბათ, მოგვიწევს დაცდა. ჯერ საქმეს ვჭირდები.

- ანეკდოტია: სვანი მინისტრად დანიშნეს და პირველივე თათბირი გადადო, ბიჭები სანადიროდ მიდიან და მივყვებიო. ეს შენს სამინისტროს არ ემუქრება, ალბათ...

- ძალიან მიყვარს სვანებზე ანეკდოტები, მაგრამ ჯერ არ მომისმენია იმაზე უკეთესი, ვიდრე არის ამბავი ნასოსის შესახებ. მეც ასეთი ვარ - რატომ არ მიეცი ნასოსი? რაც დევს ამ ფრაზაში, მეც მაქვს, და საერთოდ გვახასიათებს სვანებს.

- რისთვის ვეღარ იცლი, როგორც ქალი?

- სარეცხისთვის, ჭურჭლისთვის, დაუთოებისთვის. ვერ ვიცლი ჩემი ბაღისთვის, რომელიც ეზოში მაქვს, სოფელ დიღომში. ისე დამთავრდა ლეღვობა, რომ ჩემი ხელით ვერ დავკრიფე.