"ობშჩიაკის" 23 მილიონი ადეიშვილთან ერთად გაუჩინარდა - კვირის პალიტრა

"ობშჩიაკის" 23 მილიონი ადეიშვილთან ერთად გაუჩინარდა

"ბევრი ისეთი საქმე გამოაშკარავდება, რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს"

დაზუსტებით არავინ იცის, ამჟამად სად იმყოფება საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. ერთი ვერსიით, ის ავსტრიაში ნახეს, მეორე ვერსიით - თურქეთში, მესამე ვერსიით კი - ესპანეთში.

ძნელი სათქმელია, იცოდნენ თუ არა ადეიშვილის "მოულოდნელი გამგზავრების" შესახებ მისმა თანაგუნდელებმა, თუმცა იმ ინფორმაციით, რომელიც "კვირის პალიტრას" კონფიდენციალურმა წყარომ (ადეიშვილის გარემოცვის წევრმა) მიაწოდა, მინისტრის გაუჩინარება მათთვისაც მოულოდნელი იყო. წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილმა ე.წ. ობშჩიაკის 23 მილიონი დოლარი "ქეში" ფული გააყოლა ხელს და ამით თანაგუნდელები გაანაწყენა, ან გადაიმტერა.

კახა კახიშვილი, იურისტი, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი: "ადეიშვილი მთლიანად აკონტროლებდა მთავრობის ფინანსურ და ეკონომიკურ ბლოკს, გარდა ენერგეტიკის სექტორისა. ის, რომ "ნაციონალებს" ექნებოდათ "ობშჩიაკი", არ არის გასაკვირი. მეეჭვება, რომ ამდენი ფული ადეიშვილმა რომელიმე თანაგუნდელთან შეთანხმების გარეშე გაიტანა. შესაძლოა, ეს ორმა-სამმა ადამიანმა გააკეთა და ადეიშვილის სახელი დაერქვა, რომ შემდგომ ამ ფულზე სხვებს არ ჰქონოდათ პრეტენზია.

23 მილიონი დოლარის "ქეშად" გატანის  ერთადერთი საშუალება კერძო თვითმფრინავია. ქვეყანაში, სადაც ადამიანი ამხელა ფულით ჩავიდოდა, აუცილებლად ვინმე უნდა დახვედროდა ადგილობრივი ძალოვანი უწყებიდან. ჩემი ინფორმაციით, ადეიშვილმა საქართველო არჩევნების მეორე დღეს დატოვა და ქვეყნიდან კერძო თვითმფრინავით გაფრინდა. ასეთ დროს ის არანაირ კონტროლს არ გაივლიდა აფრენამდე და ფულით სავსე ჩემოდნების წაღებაც არ გაუჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, ადეიშვილის ადგილსამყოფელს ჯერჯერობით ვერავინ დაადგენს.

ის იყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც კურირებდა რეესტრს და პრობლემაც არ ექნებოდა, რომ სხვადასხვა გვარით რამდენიმე პასპორტი აეღო. დიდი ფული და კარგი კონტაქტები კი გაძლევს საშუალებას ბევრ ქვეყანაში უპრობლემოდ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი.

ვფიქრობ, საქართველოდან გაქცეულ ოდიოზურ ფიგურებს უკან ვერც ინტერპოლით ჩამოიყვანენ. შესაძლებელია, სასამართლომ დაუსწრებლად განიხილოს მათი საქმეები, შესაძლოა, ვიხილოთ გამამტყუნებელი განაჩენები, მაგრამ ბევრი ქვეყანა სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს დამნაშავეების ექსტრადირებაზე.

პირად ანგარიშებზე ალბათ არაფერს ინახავდნენ, ხოლო ობშორებში რეგისტრირებულ კომპანიებსა და კონკრეტულ პირებს შორის კავშირის დადგენა რთულია. ვინც არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვა, კარგად იცის, სად შეინახოს ფული.

ბოლო პერიოდში საქართველო გახდა ქვეყანა, სადაც "შავი ფულის" გათეთრება იყო შესაძლებელი. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ საქართველოში და სასტუმროებისა და კაზინოების საშუალებით ფულს ათეთრებდნენ. ბუნებრივია, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეებში მიდიოდა. კაზინოსთან დაკავშირებით "ფულის გათეთრების" სქემა გასაგებია, რაც შეეხება სასტუმროებს - სტუმარი არ გყავს, მაგრამ ყოველდღე ურტყამ ჩეკს, თითქოს ამდენი და ამდენი სტუმარი მიიღე და საბოლოოდ "თეთრ ფულს" იღებ ანგარიშებზე. იმდენი კორუფციული სქემა არსებობდა, რომ ამ საქმეების გამოძიებას არაერთი წელი დასჭირდება. ბევრი ისეთი საქმე გამოაშკარავდება, რაზეც დღეს წარმოდგენა არ გვაქვს".