პატარკაციშვილის ოჯახი სახლს ყიდის(?!) - კვირის პალიტრა

პატარკაციშვილის ოჯახი სახლს ყიდის(?!)

რამდენად ყიდიან პატარკაციშვილები თავის დროზე სოსო ალავიძისგან საირმის გორაზე ნაყიდ სასახლეს

პატარკაციშვილების ოჯახი  საირმის გორაზე სახლს ყიდის. წითელი აგურით ნაშენებ უზარმაზარ სასახლეს, ძვირფასი მარმარილოს  კიბითა  და ლამაზი ინტერიერით, მყიდველი ჯერ არ გამოსჩენია. როგორც გავიგეთ, პატარკაციშვილები სასახლეს თითქმის "ჩალის ფასად" ყიდიან, დაახლოებით 2 მილიონ-ნახევრად. ამბობენ, თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილმა სოსო ალავიძისაგან გაცილებით ძვირად, 8 მილიონად იყიდაო. "რას ამბობთ, 8 მილიონი მაშინდელი ბიუჯეტის ნახევარი იყო!.. სახლის ღირებულებას ვერ დავაზუსტებთ, თუმცა ბადრიმ ამ სახლში მართლაც მილიონები გადაიხადა", - განუცხადა "კვირის პალიტრას"  ნანა პატარკაციშვილმა.

დღეს ეს სახლი აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის დის, ქალბატონი ნანას საკუთრებაა. "კვირის პალიტრისათვის" ექსკლუზიურად ის მიზეზებიც გახდა ცნობილი, რის გამოც ოჯახი საირმის გორაზე მდებარე სასახლის გაყიდვას აპირებს.

ნანა პატარკაციშვილი: "გაცილებით იაფად გვიხდება ამ სახლის გაყიდვა, მაგრამ რა უნდა ვქნათ,…სხვა გზა არ არის. ბადრის მეუღლეს, ინას ადვოკატურის ხარჯის დასაფარავად მოუხდა ლონდონის სახლის დაგირავება, ახლა კი აღებულ თანხას ვეღარ აბრუნებს. Aამიტომ გადავწყვიტე,  ჩემი სახლი გავყიდო.

ძალიან ბევრს უნდა ჩვენი დაპირისპირება, მაგრამ ეს გამორიცხულია. ახლა ამ უმძიმეს ვითარებასა და ქონების დაბრუნებისათვის ბრძოლაში მხოლოდ ერთი პრინციპი გვაერთიანებს: "ყველა ერთისათვის და ერთი  ყველასათვის". ვფიქრობ ამით, ბოლო მოეღება იმ ცილისწამებებსა და ჭორებს, რომ თითქოს  ბადრის მეუღლესთან კონფლიქტი გვაქვს. ასეთი აბსურდი ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა".

თავის დროზე, ყოფილი რიტუალების სასახლეში ბიზნესმენმა სპეციალური მოწყობილობა დაამონტაჟა, რომლის წყალობით ხანდახან სახლში "ხელოვნური წვიმის მოყვანაც" შეიძლებოდა. ბადრი პატარკაციშვილმა ამით თავისი მეგობარი, ისრაელის ამჟამინდელი პრეზიდენტი შიმონ პერესიც გააკვირვა. ეს იყო ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე": სტუმრები  სავახშმოდ დასხდნენ და უეცრად სახლის შუა ნაწილში წვიმა წამოვიდა. გაოცებულმა პერესმა იკითხა: ნუთუ საქართველოში  ასე სწრაფად იცვლება ამინდიო, ბატონმა ბადრიმ კი აუხსნა, რომ წვიმა ხელოვნური იყო.…

ნანა პატარკაციშვილი: "მართლაც ასე იყო. ბადრის მეგობრები მაშინ ძალიან გახალისდნენ. ბადრის ხელოვნური წვიმა ბავშვობას ახსენებდა, - სახლს, სადაც დაიბადა, იტალიურ ეზოს, სადაც წვიმდა ხოლმე... ჩემმა ძმამ  ეს მოგონებები "გააცოცხლა". მას დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და სტუმრებისთვის სასურველი გარემო შექმნა".

ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბიზნესმენი ასე ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს და მისი ოჯახი საირმის გორაზე უძრავი ქონების  გაყიდვას დასთანხმდებოდა.

საირმის გორას უამრავი თანამდებობის პირის სასახლე ამშვენებს. ამის გამო პროტესტს უკვე არავინ გამოხატავს და არც გარდაცვლილი ოლიგარქის დას სურს ამ თემაზე საუბარი. "ჩვეულებრივი მეზობლები მყავს, მათი თანამდებობები და შემოსავლის წყაროები  არ მაინტერესებს", - ამბობს ის.

ვინ იცის, წლების შემდეგ საირმის გორის სასახლეები ძლიერთა ამა ქვეყნისა გავლენასა და ძალაუფლებაზე რას გვიამბობენ!