"კოკოს ქმედებას მკრეხელობის ელფერი აქვს" - კვირის პალიტრა

"კოკოს ქმედებას მკრეხელობის ელფერი აქვს"

პარლამენტში  დროებითი კომისიის შექმნას, რომელმაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეისწავლოს, საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. საინტერესო არგუმენტები აღმოაჩნდა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლს, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრს თემურ ქორიძეს:

- ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებების დადგენა, 1991-1993 წლების მოვლენების  სამართლებრივ-პოლიტიკური გამოძიება უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მაგრამ   მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის. დაძაბული პროცესების ფონზე ამ საკითხისადმი ინტერესი განელებულიც კია.  კომისიის შექმნას კონსტანტინე გამსახურდიას ვუკავშირებ. ვვარაუდობ, რომ მას სჭირდებოდა მოტივი პარლამენტში შესასვლელად და ეს საკითხი წამოაყენა. ამ ყველაფერს   მკრეხელობის ელფერი დაჰკრავს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დამდგენი კომისიის შექმნა კონსტანტინე გამსახურდიას ხელისუფლებასთან გარიგების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. ამასთან, ვისურვებდი, ამ კომისიის თავმჯდომარე უფრო მართალი და პრინციპული პირი იყოს.

KvirisPalitra.Ge- ზოგს ამ საქმეში კონსტანტინე გამსახურდიას  მონაწილეობა აძლევს იმედს, რომ კომისიის მუშაობა მიუკერძოებელი იქნება.

- კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო თავისი პოლიტიკური გავლენა გამოეყენებინა, რათა შექმნილიყო უმაღლესი რანგის იურისტების, პოლიტიკოსებისა და ფსიქოლოგებისაგან შემდგარი კომისია, მაგრამ თვითონ არამც და არამც არ უნდა ჩასდგომოდა მას სათავეში. შვილის მონაწილეობა ამ საქმეში აკნინებს კომისიის მნიშვნელობას. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დადგენა კერძო მნიშვნელობის საქმე არ გახლავთ.

- რადგან კომისიის თავმჯდომარედ "უფრო მართალი და პრინციპული" პირი ისურვეთ, ალბათ, იმასაც იტყვით, რას უწუნებთ კონსტანტინე გამსახურდიას?

- დღევანდელი კომისიის თავმჯდომარის განვლილ გზას თუ დავაკვირდებით, მისი პრინციპულობა არსად ჩანს. კონსტანტინე გამსახურდია აღმოსავლეთმცოდნეა. აღმოსავლეთმცოდნეები საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომის დროს უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მიჰყავდათ ავღანეთის ფრონტზე თარჯიმნებად. ეს საყოველთაო წესი იყო და კარგად მახსოვს, ამის გამო ზვიადიც ძალიან იყო შეწუხებული. Kკონსტანტინეს ავღანეთში გაგზავნას აპროტესტებდა.  ამის გამო აქციების მოწყობას და შიმშილობის გამოცხადებასაც კი აპირებდა. კონსტანტინე გამსახურდია თავის  წიგნში  "დინების საწინააღმდეგოდ"  ამ საკითხზე წერს. "მივმართე ყველა საშუალებას, რათა თავიდან ამეცილებინა იძულებითი გაწვევა... (სიტყვა შემაწიეს მწერლებმა ნოდარ დუმბაძემ, რევაზ ჯაფარიძემ), ხოლო ფსიქიატრებმა სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად მცნეს. ოფიციოზმა (ეს წყდებოდა შევარდნაძის და ინაურის დონეზე და შესაძლოა უფრო მაღლაც) საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი დატოვება. დღემდე მიმაჩნია, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ფსიქიატრიული დიაგნოზით დარჩენა ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე ავღანურ სასაკლაოზე წასვლა".  რასაკვირველია, სასაკლაოზე წასვლა და უსამართლო ომში მონაწილეობა მიუღებელია ყველა პატიოსანი ადამიანისთვის, მაგრამ ლოგიკურია გაჩნდეს კითხვა, - როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას საკითხი შევარდნაძისა და ინაურის დონეზე და უფრო მაღლაც (უფრო მაღლა კი ანდროპოვი თუ არა, პოლიტბიუროს რიგითი წევრი მაინც უნდა ვიგულისხმოთ) წყდებოდა, ვინ იყო ისეთი თავზე ხელაღებული ფსიქიატრი საქართველოში, რომელმაც ამ სიტყვების ავტორს ყალბი ცნობა მისცა  ფსიქიკური შეურაცხადობის შესახებ? შეუძლებელია, დისიდენტს ან  მის დისიდენტ შვილს მიეღო ყალბი ფსიქიატრიული ცნობა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას საბჭოთა ხელისუფლებასა და სუკ-ში მფარველები ჰყავდა?

- სწორედ ეს მაფიქრებს და ვისურვებდი, რომ ასეთი პირი არ აწარმოებდეს გამოძიებას ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე. თუ არა და კონსტანტინე გამსახურდიამ უნდა აიღოს მეორე ცნობა ფსიქიატრიულიდან. წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიას მდგომარეობა დისიდენტობის დროს. მას და მისი ოჯახის წევრებს დევნიდნენ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, მის ყოველ ნაბიჯს ამოწმებდნენ. ეს ოჯახი მაქსიმალური დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი იყო და ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია აკეთებს ყალბ ცნობას.

სხვა საკითხზეც გადავიდეთ.  ხელთ მაქვს კონსტანტინე გამსახურდიას ინტერვიუ, რომელიც წელს დაიბეჭდა. აი, რას აცხადებს ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე: "კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, რომ იყოს ფხიზლად და ჩვენი ეკლესიისა და პატრიარქის დასაცავად ქუდზე კაცი გამოვიდეს". ეს სრულიად კეთილშობილური სურვილია. ამ ინტერვიუში ლაპარაკია იმაზე, რომ პატრიარქი საქართველოდან გააძევეს (ასეთი მოსაზრება ნამდვილად არსებობდა გერმანიაში მისი მკურნალობის დროს - ავტ.) და კეთილშობილმა მორწმუნემ ამის გამო განგაში ატეხა, მაგრამ ისევ წაგიკითხავთ ციტატას კონსტანტინე გამსახურდიას წიგნიდან "დინების საწინააღმდეგოდ": "რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს,  იგი ზვიად გამსახურდიამ იმაზე უფრო ადრე განჭვრიტა, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია. თუმცა გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე ერიდებოდა მის წინააღმდეგ ქმედებას. ჯერ კიდევ 1984 წელს მან წამიკითხა თავის მიერ დაწერილი წერილი "წითელი ეგზარხოსი ანუ ნიმბიანი მზვერავი" (დაახლოებით 30-40 გვერდი). ამ წერილის ბედი  ჩემთვის უცნობია. აღარ მოვყვები კიდევ ერთხელ იმის ჩამოთვლას, თუ რა აწევს ილია II-ის სინდისს 1991 წლის შემოდგომიდან დღემდე. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საქართველოსთვის უკვე აღარა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, პატრიარქად მომავალში ილია II დარჩება თუ მას შეცვლის მსოფლიოს იეზუიტ მომწესრიგებელთა (და იმავდროულად ჩრდილოეთის შავ-წითელი პროვოსლავიეს) რომელიმე ახალგაზრდა ანაფორიანი აგენტი". როდესაც მე პრინციპულობასა და სამართლიანობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში მაქვს ის წინააღმდეგობანი, რომელიც შეიმჩნევა კომისიის თავმჯდომარის საქმიანობაში. სად ტყუის და სად ამბობს სიმართლეს კონსტანტინე გამსახურდია? შესაძლოა, ვიღაც შემომედავოს და თქვას, ხომ შეიძლება სავლე კვლავ პავლედ იქცაო, მაგრამ აქ ლაპარაკია პავლეზე... სინამდვილეში წერილი, რომელზეც კონსტანტინე გამსახურდია ლაპარაკობს, ბუნებაში არ არსებულა. კარგად მახსოვს, რომ იმ პერიოდისთვის ზვიად გამსახურდიას წმინდა თეოლოგიურ საკითხებზე პოლემიკა ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს მეუფე დავითთან, მაგრამ  ზვიად გამსახურდიას ახლობლებიდან ვერავინ დაგიდასტურებთ, რომ მას რაიმე პრეტენზია ჰქონოდა პატრიარქთან, არათუ დაეწერა რამე.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, კითხვაზე, ბოლოს და ბოლოს, ვინ იყო დამნაშავე სახელმწიფო გადატრიალებაში, ზვიად გამსახურდია პასუხობს: "ზოგადად მე მას ევროატლანტიკურ იმპერიალიზმს ვუწოდებდი. მთავარ დამკვეთ ძალას მასში წარმოადგენს აშშ. შეიძლება ითქვას, სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობითა და ჯორჯ ბუშის ლოცვა-კურთხევით". შემდეგ კი შენიშნავს, ამ საქმისთვის ამერიკელებმა რუსები გამოიყენესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ზვიადი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ასახელებს ამ ტრაგედიის ავტორებს. ეყოფა კი კომისიას ნება და პრინციპულობა, რომ დაჰკითხოს ჯორჯ ბუში-უფროსი და ჯეიმს ბეიკერი? მამის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კონსტანტინე გამსახურდია ავსტრიაში შეხვდა ზვიადს. ამიტომაც ვფიქრობ, ისიც უნდა დაიკითხოს, როგორც პირველი პრეზიდენტის უახლოესი ადამიანი და კონსტანტინე საკუთარ თავს დაჰკითხავს? ან შეიძლება ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების გამოძიება ოჯახის წევრების დაკითხვის გარეშე? როგორ გესახებათ კონსტანტინეს მიერ ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას დაკითხვა? ეს ისეთი დეტალებია, რომელიც საპარლამენტო კომისიის მუშაობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ამიტომაც კონსტანტინე დროულად უნდა გამოეთიშოს ამ საქმეს როგორც კერძო პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიის საქმიანობა კომიკურ და იმ ტრაგედიისათვის სრულიად შეუფერებელ სახეს მიიღებს.

- რაში სჭირდება  ხელისუფლებას ამ პოლიტიკურ თამაშში ჩაბმა?

- ხელისუფლებას სურს, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ. ასევე იყო 1991 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო საბჭო შეიქმნა და სათითაოდ გვეხვეწებოდნენ (გვპირდებოდნენ პრივილეგიებსა და კეთილდღეობას) უზენაესი საბჭოს წევრებს, რომ სახელმწიფო საბჭოში შევსულიყავით, რადგან ახალ  ხელისუფლებას ლეგიტიმაცია სჭირდებოდა. თუკი სხვა ოპოზიციონერებიც მიჰბაძავენ კონსტანტინე გამსახურდიას, ეს დასავლეთის თვალში ძალიან წაადგება ხელისუფლებას. იქ ჩათვლიან, რომ ძე შეცდომილნი დაფიქრდნენ, მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ხელისუფლების ბრალი არ ყოფილა ის, რომ მათ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.

- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიიდან თქვენ რომელს ემხრობით?

- ერთხელ თავის დაბადების დღეს ზვიადს ვუთხარი, - ვერ წარმომიდგენია ზვიად გამსახურდიას აღსასრული, მყუდროდ და განმარტოებით. მას ტყვიისთვის შუბლშეშვერილს ვხედავ-მეთქი. აქეთკენ მიდიოდა მისი ცხოვრების გზა. თავადაც წერდა, - პიროვნება თუ დევნილი არ არის, ის არც ქრისტიანია და არც მოღვაწეო. ზვიადის მთელი ცხოვრება საგანგებო მზადება იყო დიდი გოლგოთისთვის, დიდი ტანჯვისთვის.   ის ჯერ კიდევ 17 წლისა დააპატიმრეს. ზვიადი იყო დევნილი მეცნიერებაში, მწერლობაში, სიჭაბუკეში, სიჭარმაგეში და ბოლოს სიკვდილშიც. 13 წლის შემდეგ დაიკრძალა სამშობლოში. მას 35 წელიწადი ებრძოდნენ და დევნიდნენ. ამდენი ხანი იმისთვის იბრძოდა, რომ ტყვია მიეჭედა შუბლში?

- ცნობილია, რომ ზვიად გამსახურდიას გროზნოში შეუთვალა ლოთი ქობალიამ, დაბრუნდი და 25 ათას მებრძოლს დაგახვედრებო. Bბევრი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საქართველოში ჩამოიტყუეს.

- გარდაცვალებამდე ჯოჰარ დუდაევმა დაწერა: "ზვიადს ვეუბნებოდი, რომ საქართველოში მის ჩატყუებას ცდილობდნენ, დოკუმენტებიც ვაჩვენე იმის თაობაზე, რას უპირებდნენ, თუკი საქართველოში ჩავიდოდა. თვითმფრინავიც არ მივეცი, მაგრამ ზვიადს ისე სურდა საქართველოში წასვლა, ვერ შევაჩერეო".

საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღეს, 25 სექტემბერს შევხვდი ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში. თქვა, - აფხაზეთი იკარგება და ეს არ უნდა დავუშვათო. ამ მიზნით ჩამოვიდა  საქართველოში. ვიცი, რომ ის იმყოფებოდა აფხაზეთში და იქ წაუყენეს პირობა, თუკი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დასთანხმდებოდა, ორ დღეში თბილისში დააბრუნებდნენ. უარი განაცხადა. ამიტომაც მოუწია აფხაზეთის დატოვებამ და ამის შემდეგ დაიწყო მისი გაძლიერებული დევნა. თვითმხილველებმა მიამბეს, ზვიადი მაშინ ვნახეთ გატეხილი, როდესაც ფოთში ბალტინის ჯარების გადმოსხმა დაიწყოო. უთქვამს, საქართველო გაყიდეს, (როგორც ერთ-ერთი იმჟამინდელი მაღალჩინოსანი აცხადებს, ადმირალ ბალტინს მან თავად გადასცა 65 მილიონი მანეთი), მაგრამ ტყეში უნდა გავიდეთ და პარტიზანულად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლაო. ზვიადი ბრძოლას აპირებდა და თვითმკვლელობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა ეფიქრა, თუკი ჩათვლიდა, რომ საფრთხეს უქმნიდა ათასობით ადამიანს. საბედისწერო ნაბიჯს თვითდახსნისა და მდგომარეობის შემსუბუქებისთვის კი არა, მხოლოდ სხვათა გადასარჩენად გადადგამდა.