"ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა" - კვირის პალიტრა

"ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა"

"ამ თანამდებობის სიმძიმეს თითქოს ფიზიკურად ვგრძნობ"

"ვიღაცის ინტერესია, რომ ამ ორი საელჩოს შემთხვევაზე სიმართლე არ გაირკვეს"

"კოტე გაბაშვილი არ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას"

"თუ ვინმეს რამე აქვს ჩადენილი, ვიზა რომ არ უშველით, უნდა ხვდებოდნენ"

"16-წლიანი გამოცდილების დიპლომატი სამინისტროდან ისე დამითხოვეს, არაფრის შანსი არ დამიტოვეს"

"კარგად ვგრძნობ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას, რომელიც უნდა ვთქვა და ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს"

"ჩემი შვილი გიორგი ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო საქმეებს გაუძღვება"

მცხეთაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახში მივდივართ. სახლის მიგნება გაგვიჭირდა. ერთმა ქალმა დაგვაკვალიანა, ამ ქუჩაზე ერთი სახლის აივანზე ბევრ ყვავილს დაინახავთ, სწორედ იქ ცხოვრობს მაია ფანჯიკიძეო. დაძაბული რეჟიმის გამო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მთელი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა. კვირადღეს ძლივს მოიცალა.

ჭიშკართან გერმანული ნაგაზი რიჩი გვეგებება. მაია ფანჯიკიძის მეუღლე, პაატა თუშურაშვილი იჭერს, თორემ რიჩი, ალბათ, უფრო "თბილად"” შეგვეგებებოდა. მისაღებ ოთახშიც უამრავი ყვავილია. დავინტერესდი, რატომ არჩია "ყვავილებიანი სახლის" დიასახლისმა თბილისში ცხოვრებას მცხეთაში დასახლება.

- ამ ადგილას ჩემი მეუღლის ოჯახს ჰქონდა სახლი, რომელიც 1991 წელს დაიწვა და მიტოვებული იყო. ბუნება ძალიან მიყვარს. საქართველოში ჩემი უსაყვარლესი ადგილია რაჭა, სადაც მამაჩემის აშენებული სახლი დგას. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ზაფხული არ გამიცდენია, რაჭაში არ ჩავსულიყავი. რადგან ეს ეზო და ნახევრად დანგრეული სახლი გვქონდა, თბილისში ბინის გარემონტებას, ამ სახლის შეკეთება ვარჩიე. ეს ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტეთ, როდესაც ჰოლანდიაში ელჩად ვმუშაობდი და არ არსებობდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ ვადაზე ადრე მომიწევდა აქ დაბრუნება. ისე დაემთხვა, რომ ეს სახლი დამთავრდა და მეც გამათავისუფლეს ელჩობიდან. გაზაფხული იყო, საქართველოში რომ დავბრუნდით და გადავწყვიტეთ, მცხეთაში დავსახლებულიყავით. მით უმეტეს, რომ აქედან სამსახურში იოლად დავდივარ. ეს სახლი შეუყვარდა ყველა მეგობარს, ოჯახის ყველა წევრს. ყველას უხაროდა აქ მოსვლა და ასე მიჰყვა თვეები ერთმანეთს. 2,5 წელია აქ ვცხოვრობთ.

- პირველი სამუშაო კვირა, ალბათ, დაძაბული იყო, რადგან ინტერვიუსთვის ვერ მოიცალეთ.

- უამრავი ხალხი რეკავს და 10 წუთით შეხვედრას მთხოვს. არადა, შეხვედრებს მინიმუმ ნახევარი საათი სჭირდება. ასევე არის მთავრობის სხდომა, კონსულტაციები. ყოველ საღამოს ვამბობ, რომ 24 საათი არ არის საკმარისი.

ძირითადად დასაქმების გამო მთხოვენ შეხვედრას. არ გვინდა, ბევრი ხალხი გამოვცვალოთ, ამდენი ვაკანსია სამინისტროში არ არის. შტატებს ხომ ვერ გავზრდი? იმ მინიმალურ ვაკანსიაზე, რომელიც არსებობს, თანამშრომლებს მივიღებთ კონკურსით, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება და მონაწილეობა შეუძლია ყველას. როდესაც ვინმე მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, რასაკვირველია, ის კონკურსს არ გადის, მაგრამ ყველა სხვა თანამდებობაზე ასეთი წესია. როგორც ყოფილ პედაგოგს, როგორ შეიძლება ასეთი მეთოდი არ მომეწონოს.

- გერმანული ენის სიყვარული და პედაგოგიური საქმიანობა, ალბათ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება იყო.

- ჩემს ბავშვობაში ძალიან ცოტა სწავლობდა გერმანულ ენას. საქართველოში იყო გერმანელი ქალების (მათ ტანტეს, ანუ დეიდას ვეძახდით) კერძო საბავშვო ბაღების კარგი ტრადიცია. ასეთ კერძო ბაღში დავდიოდი, რომელიც მონაცვლეობით ხან ერთ ოჯახში იყო, ხან მეორეში. ერთხანს კოლხურ კოშკშიც მომიწია სიარულმა, რადგან მე და კოკო გამსახურდიას ერთი მასწავლებელი გვყავდა. კარგად მახსოვს ბაბუა კონსტანტინე. მახსოვს საშობაო ნაძვის ხე კოლხურ კოშკში და დიდი მაგიდა უამრავი წიგნით. ამ მაგიდასთან მჯდარი კონსტანტინე გამსახურდია. მან გერმანული შესანიშნავად იცოდა და ჩვენ გვესაუბრებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და შემდეგ სწავლა იენის უნივერსიტეტში განვაგრძე. თბილისის და იენის უნივერსიტეტებს ჰქონდათ სტუდენტების გაცვლითი პროგრამა. მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამბობდა, 18 წლის გოგო მარტო სად უნდა გავუშვა, აქ იყავი, გათხოვდი და შვილები გააჩინეო. ნამდვილი ქართველი მამა იყო. ბევრი ვეხვეწე, რომ გავეშვი. ბევრს ეგონა, იენაში იმიტომ წავედი, რომ მამაჩემმა ჩამიწყო. სინამდვილეში პირიქით იყო. იენაში რომ წავსულიყავი, მოსკოვში განათლების სამინისტროში მკაცრი გასაუბრება უნდა გამევლო. მამას ვეხვეწებოდი, წავალ გასაუბრებაზე, იქნებ ვერ გავდივარ და გული მაინც აღარ დამწყდება-მეთქი. დამთანხმდა და წამიყვანა მოსკოვში. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. ეტყობა, დაინახა, როგორ მოვემზადე და როგორ ვინერვიულე, რადგან გასაუბრება კარგად გავიარე, უარი ვეღარ მითხრა გერმანიაში გაშვებაზე.

1983 წელს დავბრუნდი გერმანიიდან. 23 წლის ვიყავი და მუშაობა ახალგახსნილ ე.წ. გერმანულ სკოლაში დავიწყე. ამ სკოლის დამაარსებელი ენათმეცნიერი, ჰუმბოლდტის მკვლევარი გურამ რამიშვილი იყო. მალე სკოლა ძალიან პოპულარული გახდა. ჩემი მაშინდელი მოსწავლეები ახლა 37 წლის ქალები და მამაკაცები არიან. დღემდე "მაია მასს" მეძახიან. მათთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. რამდენიმე კვირის წინაც, ჩემს დაბადების დღეზე, დამირეკეს, მოვდივართო, არ აღვნიშნავ-მეთქი და  მაინც მოვიდნენ.

- პედაგოგობა ხანგრძლივმა დიპლომატიურმა კარიერამ შეცვალა. ეს შემთხვევით მოხდა?

- ესეც სკოლის წყალობაა. გერმანულ სკოლაში 1983-დან 1994 წლამდე ვასწავლიდი. პარალელურად ვსწავლობდი ასპირანტურაში და დისერტაცია დავიცავი. უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი. სწორედ იმ ნიშნით, რომ კარგი გერმანისტი ვიყავი, კოტე გაბაშვილმა (რომელიც გერმანიაში დაინიშნა ელჩად) შემომთავაზა გერმანიაში საქართველოს საელჩოში მუშაობა. დამოუკიდებელი, ახალი საქართველო ფეხს იდგამდა. სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოები იხსნებოდა. ეს ჩემთვის აბსოლუტურად უცხო რამ და დიდი გამოწვევა იყო. საელჩო არ არსებობდა და ჩვენ "ავაშენეთ". 1994 წელს ბონში წავედით სამუშაოდ, რადგან დედაქალაქი მაშინ იქ იყო. ბონში ჩასულებმა საელჩოსთვის შენობა ვიქირავეთ. არაფერი გვქონდა, არც მანქანა და არც ანგარიში ბანკში. საქართველოს საელჩოში ყველაზე პატარა ფუნქცია მქონდა - საელჩოს მესამე მდივანი ვიყავი. მაშინ ჩვენთან მძიმე მდგომარეობა იყო. იმ საშუალებით, რაც იყო, ძალიან კარგი საელჩო გავაკეთეთ და ვამაყობ, რომ ამაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი.

- თქვენი დიპლომატიური კარიერა როგორც მოულოდნელად დაიწყო, ასევე მოულოდნელად დასრულდა.

- მაშინ ჰოლანდიაში ვიყავი ელჩად. ოპერატიულობის მიზნით სამინისტრო იმეილით გზავნიდა ფოსტას, წერილები კი კვირაში ერთხელ მოდიოდა დიპლომატიური ფოსტით.  ერთ დილას მდივანი ბეჭდავდა თბილისიდან მოსულ წერილებს და უცებ ამოიბეჭდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გათავისუფლებული ვიყავი თანამდებობიდან და ორ კვირაში გამიწვევდნენ. ბრძანებაში არ ეწერა, რა იყო როტაციის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი და არც ის ეწერა, სად მიშვებდნენ, არც ის, ჩამრიცხავდნენ თუ არა სამინისტროს რეზერვში. ურეზერვოდ არავის ტოვებენ, თუ დანაშაული არა აქვს ჩადენილი და პროკურატურაში არ არის საქმე გადაცემული. არ მახსენდება შემთხვევა, რომ რეზერვშიც კი არ დაეტოვებინოთ დიპლომატი. ჩემი შემთხვევა, როგორც ჩანს, განსაკუთრებული იყო.

- თქვენი "დანაშაული" ის იყო, რომ თქვენი სიძე, ირაკლი ალასანია, ოპოზიციაში წავიდა?

- დიახ, ეს იყო, მაგრამ ამას ოფიციალურ მიზეზად ვერ დაწერდნენ და ვერც იმას დაწერდნენ, რაც არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა, - რომ ვითომდა ყურადღება არ მივაქციე მივლინებაში მყოფ ჩინოვნიკს, რომელიც, თურმე უდანაშაულოდ მოხვდა პოლიციაში.

- ეს მოხდა გრიგოლ ვაშაძის მინისტრობისას. მასზე განაწყენებული ხართ უსამართლოდ გათავისუფლების გამო?

- მისი მინისტრობის დროს 16-წლიანი გამოცდილების დიპლომატი სამინისტროდან ისე დამითხოვეს, არაფრის შანსი არ დამიტოვეს და არც უკითხავთ, სად მივდიოდი. ვიცი, რომ გრიგოლ ვაშაძემ იბრძოლა, რომ ეს არ მომხდარიყო. დამირეკა და ეცადა, აეხსნა ის დინებები, რის გამოც ეს მოხდა; ეცადა, აეხსნა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი ამის აღსაკვეთად. ამ ფაქტიდან ორ კვირაში ჰოლანდიაში იხსნებოდა ქართული ოქროს საგანძურის დიდი გამოფენა, რომელზეც მთელი წელი მქონდა ნამუშევარი. გრიგოლ ვაშაძე ჩამოვიდა გამოფენის გახსნაზე, პარალელურად ოფიციალური ვიზიტიც ჰქონდა. ეს ჯერ კიდევ ჩემს პოსტზე ყოფნისას მოხდა. მაშინ მე და გრიგოლ ვაშაძემ ბევრი ვილაპარაკეთ და ეს საკითხი ამოვწურეთ. მMე მქონდა საშუალება, მეთქვა, რასაც ვფიქრობდი. გრიგოლს 20 წელია ვიცნობ. ჩვენს მშობლებს ჰქონდათ ურთიერთობა და ასეთი რამეები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მერე სამი წელი კონტაქტი არ გვქონია, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ არ მქონია მასთან შეხვედრის პრობლემა.

ელჩის უფლებამოსილება 2010 წლის 15 მარტს შემიწყდა. დიპლომატიური სამსახურიდან წამოსვლა წყალგამყოფი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ მქონდა პოლიტიკური ბრძოლის რესურსი, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი იმით, რაც მოხდა. გადავწყვიტე, რაიმე ნეიტრალური გამეკეთებინა და სკოლას დავუბრუნდი. მცხეთის სკოლაში დავიწყე მუშაობა უხელფასოდ, მაგრამ ხელფასი ხომ მჭირდებოდა? პარალელურად ორ კერძო სკოლაში ვმუშაობდი. ასევე ვიყავი უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ეს იყო ჩემთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. ამით ვცხოვრობდი, 2012 წელს კი "ქართული ოცნების" პრესსპიკერი გავხდი.

- რა განცდა გქონდათ, როდესაც სამი წლის შემდეგ მინისტრის რანგში დაუბრუნდით იმ სამინისტროს, საიდანაც უსამართლოდ გაგათავისუფლეს?

- ჩემი შემთხვევა არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როდესაც მინისტრად დამნიშნეს, ტრიუმფის განცდა არ მქონია და არ მითქვამს, გავიმარჯვე-მეთქი! ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა.

სამინისტროში ჩემს მისვლამდე, ჩემი პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი მივიდა, რომელიც მთელი კვირა მუშაობდა და გადმოიბარა საქმეები. მერე მე ორჯერ შევხვდი გრიგოლ ვაშაძეს. ისეთი საქმეები გადმომაბარა, რომელიც მხოლოდ მან იცის.

- თქვენი კაბინეტი ისეთივე მდიდრულია, როგორიც იუსტიციის მინისტრის კაბინეტი იყო?

- ჩემი კაბინეტი დიდია, თორემ არანაირი სიმდიდრე იქ არ არის. ჯაკუზი და მსგავსი სისულელეები არ დამხვედრია. სამი წლის წინ ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას მერე იქ ფეხი არ შემიდგამს. მიუხედავად იმისა, რომ გულში ბოღმა არ ჩამიტოვებია, მაინც გაბრაზებული ვიყავი და გახედვა არ მინდოდა ჩიტაძის ქუჩისკენ. ვერც წარმომედგინა, რომ ოდესმე იქ მისვლა დამჭირდებოდა. მინისტრის რანგში მისვლა ხომ საერთოდ ვერ წარმომედგინა.

- როგორც ვიცი, ელჩებს პრეზიდენტი ნიშნავს. არ აპირებთ ელჩების გამოწვევას?

- საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი პროფესიონალია. არ შეიძლება დიპლომატიაში ამდენი ხნის ნამსახურევი პროფესიონალი ასე ხელაღებით მოიშორო თავიდან. ვისაც არა აქვს ჩადენილი სამსახურთან შეუთავსებელი ქმედება ან დანაშაული, ყველას აქვს შანსი განაგრძოს მუშაობა. მათ პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას არავინ მოსთხოვს და არც ერთი საელჩო არ მიიღებს დავალებას, M"ქართული ოცნებისთვის" იმუშაონ და არა საქართველოსთვის.

- იტალიაში საქართველოს ელჩი კოტე გაბაშვილი შეინარჩუნებს პოსტს გამოცდილებისა და თუნდაც თქვენი ძველი ურთიერთობის გამო?

- არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ელჩები. Aარც ერთს ახლა არ დავასახელებ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შიდა თემა. ეს ელჩები ახლა სხვადასხვა სახელმწიფოში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ და სანამ უფლებამოსილება შეუწყდებათ, მათზე რაიმეს თქმა ქვეყნის იმიჯის შელახვას ნიშნავს. იმ პირებს, რომელთაც გამოკვეთილი პარტიული განწყობა ჰქონდათ, რაც გამოიხატებოდა კონკრეტულ ქმედებებში, თავად უნდა ჰქონდეთ დისკომფორტი, რომ ითანამშრომლონ ახალ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა. როგორც გავიგე, ბატონი კოტე გაბაშვილი არ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას, რადგანაც ეთანხმება "ნაციონალური მოძრაობის" შეფასებას, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტური განსხვავებებია.

როდესაც არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება თანამშრომლობა. თანამდებობას ტოვებს ბატონი თემურ იაკობაშვილიც, საქართველოს ელჩი აშშ-ში.

- ამავე მიზეზით თქვა უარი თანამდებობაზე გაეროში საქართველოს ელჩმა კახა ლომაიამ?

- მე პირადად არც ერთ ელჩთან არ მისაუბრია. გრიგოლ ვაშაძემ ამიხსნა კახა ლომაიას გადაწყვეტილება. როგორც მითხრა, ის მიდის პოლიტიკური მოსაზრებების გამო. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა გამოკვეთილი პარტიული ნიშნით დანიშნული ელჩები, რომლებიც თავს თვლიდნენ არა საქართველოს მთავრობის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ელჩებად. ასეთ შემთხვევაში პოლიტკორექტულობა მოითხოვს, მათ თვითონ დატოვონ თანამდებობები.

- ამ თანამდებობაზე რა იქნება მთავარი გამოწვევა თქვენთვის, ხომ არ არის ეს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება?

- პირველად ვარ ასეთ მაღალ თანამდებობაზე. როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, შენ უნდა იყო საგარეო საქმეთა მინისტრიო, არც ერთი წამით არ მქონია სიხარულის განცდა. ამ თანამდებობის სიმძიმეს თითქოს ფიზიკურად ვგრძნობ. ძნელია იმიტომ, რომ გუშინ დილას რომ მივედი სამსახურში, დამხვდა ამბავი, რომ საღამოს ჰილარი კლინტონს უნდა დაერეკა.

ყოველი სიტყვა, რომელსაც ასეთ დროს იტყვი, შენი ქვეყნისთვის გადამწყვეტია. მერე იმის თქმა, რომ რაღაც ისე არ გიგულისხმია, გამორიცხულია. კარგად ვგრძნობ იმ თითოეული სიტყვის მნიშვნელობას, რომელიც უნდა ვთქვა და ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.

- საინტერესოა, რაზე ისაუბრეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან?

- ჰილარი კლინტონის პირველივე სიტყვიდან იგრძნობოდა კეთილგანწყობა. სასიამოვნო იყო მისი მეგობრული ტონი. იმდენი ურთიერთგაგება იყო საუბარში, რომ ძალიან კარგი განცდა დამრჩა. მან Mმომილოცა თანამდებობაზე დანიშვნა. რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც ქართველმა ხალხმა შეძლოო და წარმატება მისურვა. ვილაპარაკეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე. დიდი მადლობა მითხრა ავღანეთზე და ძალიან შეაქო ჩვენი ჯარისკაცები. ვილაპარაკეთ ავღანეთში თანამშრომლობის გაგრძელებასა და ნატოს მინისტერიალზე, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი ბრიუსელში. ვუთხარი, რომ ნატოსკენ ჩვენი სწრაფვა შეუქცევადია. ქალბატონმა კლინტონმა მითხრა, რომ დეკემბრის მინისტერიალს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, იქ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი, რაც, ძირითადად, სწორედ ამ არჩევნების ჩატარებაში გამოიხატება. ქალბატონმა ჰილარიმ ნოემბრის ბოლო კვირას ვაშინგტონში დამპატიჟა. ის აღარ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას, 20 იანვარს დატოვებს თანამდებობას, მაგრამ მანამდე მას ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე შევხვდები.

- რუსეთის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნას მოჰყვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ლუკაშევიჩის განცხადება, საქართველოსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ველითო.

- საგარეო საქმეთა სამინისტროს მიჰყავს ჟენევის ფორმატი, სადაც არის დიალოგი რუსეთთან, რომელშიც მონაწილეობენ აშშ, ეუთო, ევროკავშირი. Aამ ფორმატში მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან აფხაზები და ოსებიც. მიუხედავად იმისა, რომ 21 რაუნდი ჩატარდა და ყველა რაუნდის შემდეგ გვესმის, რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, ეს მაინც მნიშვნელოვანი ფორმატია, - ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ასეთი შემადგენლობა ზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ამიტომ ეს ფორმატი შენარჩუნდება. ამის გარდა შეიქმნა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, რითაც პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ პოსტის შემოღებით ჩვენ სწორედ კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ლუკაშევიჩის ეს გამონათქვამი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მართლაც რა რთულია ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის.

- როგორ მოხდება საქართველოს სვლა ნატოსკენ ისე, რომ რუსეთთანაც დარეგულირდეს ურთიერთობა, როდესაც დმიტრი მედვედევმა თქვა, საქართველოში შეჭრა იმიტომ მოხდა, რომ შეგვეჩერებინა მისი სვლა ნატოსკენო?

- არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი არ იქნება.

რუსეთთან ურთიერთობის რაღაც სტადიამდე მიყვანა შეიძლება და ამის რესურსი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ვერც გვექნება, სანამ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, სანამ ცხინვალსა და სოხუმში არსებობს რუსეთის საელჩოები, მაგრამ ამის პარალელურად არსებობს ჟენევის ფორმატი, შეთანხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე, არსებობს ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი. მიუხედავად ამისა, რაღაც-რაღაცები ხდება. ბოლოს და ბოლოს, არსებობს რუსეთისთვის ბიზნესსაქმიანობის იდეალური პირობები, რითაც ისინი ძალიან კარგად სარგებლობენ. პარლამენტში "ნაციონალებს" რომ ვკითხე, ამდენი რამ გავაკეთეთ რუსეთისთვის და რა მივიღეთ სანაცვლოდ-მეთქი, მიპასუხეს, მეტი ტურისტი და ინვესტიციაო, რაზეც, ცოტა არ იყოს, გამეცინა, მაგრამ რადგან ეს ცალმხრივად მაინც არსებობს, ე.ი. რაღაც ურთიერთობა მაინც არის. სადაც არ არის გაწყვეტილი ურთიერთობა, იქ შეიძლება მეტი შედეგი მივიღოთ.

რაც შეეხება ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, მათ შორის შეუთავსებლობას, ასეთივე შეუთავსებლობა იყო 20 წლის წინ ბალტიისპირეთსა და რუსეთს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და რუსებს შორის. რუსეთის ინტერესისთვის ასეთივე შეუთავსებელი იყო გერმანიის გაერთიანება, მაგრამ მოლაპარაკებების საფუძველზე მოხერხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გათავისუფლება რუსეთის ჯარისაგან, ამ ქვეყნების ნატოში შესვლა და საბოლოოდ, რუსეთს ყველაზე სტაბილური საზღვარი ნატოს წევრ ქვეყნებთან აქვს. ის, რაც შესაძლებელი იყო აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებისთვის, თეორიულად შესაძლებელია საქართველოსთვისაც. ჩვენთვის ეს უფრო რთული იქნება, მაგრამ გარკვეული დროისა და მოვლენების შემდეგ ეს შეიძლება რუსეთისთვის მისაღები აღმოჩნდეს. მან ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაიგოს, რომ სტაბილური და დემოკრატიული მეზობლები მისთვის უსაფრთხოების გარანტს ქმნიან და არა პირიქით. ეს ძალიან გრძელი და რთული გზაა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზაზე სიარულს არ შევუდგებით.

- თითქმის ყველა ახალდანიშნული მინისტრი აცხადებს, რომ დახვდათ წინამორბედთა დანაშაულის ნიშნები. თქვენს სამინისტროში თუ იპოვეთ ასეთი რამ და კიდევ, რით ახსნით, რომ სააკაშვილმა ყოფილ მაღალჩინოსნებს დიპლომატიური პასპორტების მოქმედების ვადა გაუხანგრძლივა?

- გამოკვეთილი დანაშაულების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. თუმცა, დამხვდა შიდა აუდიტის საფუძველზე პროკურატურაში გადაცემული რამდენიმე საქმე. ეს ეხება ორ საელჩოში თანხების განკარგვას. ჩემი აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ წელიწად-ნახევარია ეს საქმეები პროკურატურაშია. ლაპარაკია იმ პროკურატურასა და სასამართლოზე, რომელთაც ვერავინ დაასწრებდა მოქმედებას, როდესაც საქმე "ქართულ ოცნებას" ეხებოდა. Aარ ვიცი ამ საქმეების გაჭიანურების მიზეზები, მაგრამ არასასიამოვნოა, როდესაც რომელიმე საელჩოზე ეჭვი არსებობს, და ელჩები, რომელთაც ეს ეხება, ისევ თანამდებობებზე არიან. ეს რომ ჩემს საელჩოს შეხებოდა, ჩემი უპირველესი ამოცანა იქნებოდა, ეს საქმე სასამართლოში განხილულიყო და ჩემს საქმიანობაზე ყველა ეჭვი გაფანტულიყო. ფაქტია, ვიღაცის ინტერესია, რომ ამ ორი საელჩოს შემთხვევაზე სიმართლე არ გაირკვეს.

უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთი წლით გრძელდება დიპლომატიური პასპორტის მოქმედების ვადა. იმ ხალხს, ვინც თანამდებობაზე აღარ არის, სააკაშვილმა საშუალება მისცა, მართლმსაჯულებას დაემალონ. მინდა ყველას ვუთხრა, - მართლმსაჯულებას ასე იოლად ვერ დაემალებიან. ვიცი, რომ სხვადასხვა საელჩოსთან ყოფილი თანამდებობის პირების რიგები დგას და ამბობენ, თითქოს მათ და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური საფრთხე ელით და ამიტომ სასწრაფოდ იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ვიზებს. ეს ერთმა ელჩმა მითხრა, სანამ მინისტრი გავხდებოდი და ავუხსენი, რომ არავითარი საფრთხე მათ და მით უმეტეს, მათ ოჯახებს არ ემუქრება. თუ ვინმეს რამე აქვს ჩადენილი, ვიზა რომ არ უშველით, უნდა ხვდებოდნენ.

- დასასრულ, მინდა თქვენს ოჯახზე გკითხოთ. მეუღლემ ოპოზიციაში თქვენი ყოფნისას რომ სამსახური დაკარგა, ვიცი. თუ გაირკვა მისი ამბავი და იქნებ შვილებზეც გვითხრათ ორიოდ სიტყვა.

- ჩემი მეუღლე პაატა თუშურაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის დირექტორი იყო. მისი სამსახურიდან გათავისუფლების ამბავი, ისე როგორც არაერთი ჩვენი მოქალაქისა, ვაცნობეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს. აშშ-ის საელჩომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაავალა, გაეგო, რა ხდებიდა ჩემი მეუღლის შემთხვევაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნით, ჩემი მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლებაში პოლიტიკური მოტივაცია აშკარა იყო. ამის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებს მოსთხოვა ამ საკითხზე პასუხი, რომელიც დღემდე არ მიუღიათ. ჩემი მინისტრობის პერიოდში მოგვიწევს ამაზე პასუხის გაცემა, რაც ძალიან სასაცილოა.

ჩემი ვაჟები, არჩილი და გიორგი, 26 და 25 წლისანი არიან. არჩილი მაგისტრატურაში სწავლობს გერმანიის ქალაქ კილში. უმცროსი, გიორგი, ვენაში სწავლობდა. ზაფხული აქ გაატარა. ჩემი შვილები 18 წელი ევროპაში იზრდებოდნენ, სკოლა და უნივერსიტეტი იქ დაამთავრეს. აქაური ქუჩის გამოცდილება არა აქვთ და ძალიან მეშინოდა. თან სულ გვესმოდა, ვიღაცას იარაღი ჩაუდეს, ვიღაცას - ნარკოტიკიო. გიორგი მაინც ჩამოვიდა საქართველოში. Pპირობა ჩამოვართვი, რომ ჩემთან ერთად იმუშავებდა და დამეხმარებოდა. ვფიქრობდი, ჩემ გვერდით უფრო დაცული იქნება-მეთქი.

გიორგი ამ მუშაობით "დაავადდა" და 30 სექტემბერს უკან წასასვლელი ბილეთი გააუქმა. ყველამ, ვინც საარჩევნო შტაბში იყო, შესთავაზა, ჩვენთან იმუშავეო და კახი კალაძესთან გადაწყვიტა მუშაობა. ენერგეტიკის სამინისტროში საერთაშორისო საქმეებს გაუძღვება...

მაია ფანჯიკიძესთან ორსაათიანი საუბარი დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ეზოში მოწეული კარალიოკი და ბროწეული ჩანთაში ჩაგვიწყო და მოწონებული ყვავილის ტოტიც გამომატანა გასამრავლებლად. ეზოში ისევ ფიცხი გერმანული ნაგაზი დაგვხვდა. რიჩიკოო, მიუალერსა მაია ფანჯიკიძემ, ნაგაზიც, უმალ მოლბა. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის აუცილებელი თვისება (ურჩთა მოთვინიერება) ჰქონია მაია ფანჯიკიძეს.