"მეც ამ სიბინძურის ნაწილი ვარ!" - კვირის პალიტრა

"მეც ამ სიბინძურის ნაწილი ვარ!"

"მახსოვს, ცხონებული ბადრის წლისთავზე როგორ ბაქიბუქობდა აკაკი ასათიანი"

კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მონისტრი გოგა ხაინდრავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას აპარტეიდის რეჟიმს ადარებს, რომელსაც რუსეთის შიშის გამო  ცივილიზებულმა სამყარომ თვალი მოუხუჭა. "დაიცავი საქართველოს" წევრმა ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობასა და სახელისუფლებო გუნდში  დამკვიდრებულ "მგლურ კანონებზეც" გვიამბო:

- როდესაც სახელმწიფო კარგავს თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულების უნარს, ყოველთვის ლეკიანობა და უბედურებაა ქვეყანაში. პირველად არ ხდება, რომ უპასუხისმგებლო ხელისუფლების გამო მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ვარდება. უკვე არასრულწლოვან ბავშვებს იტაცებენ.

KvirisPalitra.Geახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში იყვნენ,  დღეს ხმას არ იღებენ, რადგან დიდი თანხებია გამოყოფილი სტუდენტური თვითმმართველობებისათვის. პატრიოტთა ბანაკებსა და სხვადასხვა ღონისძიებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ახალგაზრდები უკვე შეაჩვიეს ქრთამსა და მოსყიდვას. ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, ახალგაზრდობის სულიერად გასარყვნელად მუშაობენ ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, კახა ლომაია, თავისუფლების ინსტიტუტი, უამრავი ფონდი და კიდევ რაღაც ეშმაკური გაერთიანებები.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აჟიოტაჟი, რაც მათ თანამებრძოლ  "კმარა ცეტკინზე" (თეა თუთბერიძეს ვგულისხმობ) ატყდა, ფუჭი იყო. ის შემსრულებელი, პატარა ჭანჭიკია იმ მექანიზმში, რომლის ბუდე და სათავე დასავლეთშია. ამ დოქტრინის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ბზეჟინსკიმ განაცხადა, ჩვენი მთავარი მტერი - კომუნიზმი დამარცხებულია და დღეს მთავარი მტერი მართლმადიდებლობააო. არადა,  რომ არა ეს საფუძველი, ქართველი ერისაგან ნაცარტუტუტაც არ დარჩებოდა. იმიტომ ებრძვიან ეკლესიას, რომ ეს საფუძველი მოგვიშალონ. ეტყობა, დიდი ცოდვა ჩაიდინა ქართველმა ხალხმა და ასეთი ხელისუფლებით დავისაჯეთ. იმას, რაც ცხინვალში ხდება, ლეკიანობაც აღარ ჰქვია. იქ აპარტეიდია და ეს დიდი სირცხვილია მსოფლიო თანამეგობრობისა, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულობასა და დემოკრატიაზე. აფრიკაში მოისპო აპარტეიდი და ის დღეს ცხინვალსა და აფხაზეთში მძვინვარებს. იქ მცხოვრები ქართველები თავიანთი წარმომავლობის გამო იჩაგრებიან. ერისა და ქვეყნის დამაქცევარმა ხელისუფლებამ ყველანაირი პირობა შექმნა, რომ ეს მომხდარიყო. ეს ხალხი სომხურ ინტერესებსაც ლობირებს პრემიერ გილაურთან ერთად. ეს ცხადი ხდება ლარსის გამშვები პუნქტის საკითხითაც.

- ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა  მოიწონეს თქვენმა ყოფილმა თანამებრძოლმა ოპოზიციონერებმაც, რომლებიც  უკვე უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებიან.

- ბაღათურიაზე ვფიქრობდი, ქართველი კაცია, სამშობლოზე გული შესტკივა და ქვეყნის ინტერესს არაფერში გაცვლის-მეთქი. ეტყობა, პატივმოყვარეობა და განდიდების მანია მძლავრობს ჩვენში საქვეყნო ინტერესზე. ტყუილია, რომ ამბობენ, ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა ყაზბეგის რაიონში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას სჭირდებაო. ამ ხალხს თან ოპოზიციაში ყოფნა სურს და შენიღბულად კი სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს იცავენ.

ნუ მათქმევინებთ, რას წარმოადგენენ კოკო გამსახურდია, გია თორთლაძე, პაატა დავითაია, ჯონდი ბაღათურია ან კაკო ასათიანი. მახსოვს, ცხონებული ბადრის წლისთავზე, აპრილის აქციების დაწყებამდე, კაკო ასათიანი ბაქიბუქობდა, 9 აპრილს რომ მივალთ რუსთაველის პროსპექტზე, მოვკვდებით და ფეხს არ მოვიცვლითო.

გამსახურდიაზეც გეტყვით, - კოკო რისი დამდგენია?! რაღაც ბუტაფორია შექმნა, რომელსაც არაფრის,  უფლება არა აქვს. მე რომ გამომიძახოს ამ კომისიამ, არ მივალ. სანამ ქართველები ამ მითებს არ დავშლით, არაფერი გვეშველება. ეს მითებისა და კერპების ქვეყანა უნდა დაინგრეს. ამას რომ ვამბობ, თავს ვინმეზე უკეთესად სულაც არ მივიჩნევ. მეც ამ სიბინძურის ნაწილი ვარ. სანამ ქართველები არ დავინახავთ,  რომ პატივმოყვარეობამ და კეთილდღეობის გაფეტიშებამ შეგვჭამა, არაფერი გვეშველება. მთელი საზოგადოება ამ დღეშია. პრესაში რატომღაც ოპოზიციის გაუთავებელი კრიტიკაა. აცხადებენ, ოპოზიცია გაფარჩაკდაო, ე.ი. ის 300 ათასი კაციც გაფარჩაკდა, რომელიც ქუჩაში გამოვიდა? რას გადაეკიდნენ ამ ოპოზიციას? ჩვენ ვცადეთ ყველაფერი: არჩევნები, მიტინგები, პიკეტები, შიმშილობა, სამთვიანი პროტესტი, 200-300 ათასი კაცის გამოყვანა, მთელი საქართველოს მოვლა. მხოლოდ  ქვები და იარაღი არ გვისვრია და ამის გამო გვკიცხავთ?

- თუკი ოპოზიციამ თავდაუზოგავად იბრძოლა, შედეგს რატომ ვერ მიაღწია?

- იმიტომ, რომ საქმე დამნაშავეებთან გვაქვს. ქვეყნის სათავეში ალიბაბა და 40 ყაჩაღია. კრიმინალები და კაცისმკვლელები არიან.  ნორა კვიციანი რომ ციხეში ზის, კახა ლომაიას დამსახურებაა. რუსეთის დავალებით განაიარაღეს სააკაშვილმა, ლომაიამ, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა კოდორში რაზმი "მონადირე", მერე კი რუსებს ხონჩით მიართვეს ხეობა. ეს მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ამის გამო ხელისუფლება დაისჯება, დაისჯება, როდესაც ქართველები გაიღვიძებენ. დამნაშავეებს უთუოდ მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგომა. განსაცდელს უფალი განსაწმენდელად მოუვლენს ხოლმე ადამიანებს. ჩვენც  ჩვენი დანაშაულის გამო ვისჯებით, მაგრამ, ეტყობა, ბოლოსკენ მიდის ეს სატანჯველიც.

როდესაც  მე, როგორც სახელმწიფი მინისტრი, და ბეჟუაშვილი, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი, 2-3 ერთობლივი ვიზიტით ვიყავით რუსეთში, მოლაპარაკებების რაღაც ეტაპზე მე განზე გამწევდნენ ხოლმე და მათთან სალაპარაკოდ ბეჟუაშვილი რჩებოდა. დრო მოვა და და დოკუმენტურად დავამტკიცებ, რასაც ვამბობ. არც გიჟი ვარ და არც სიცოცხლე მომბეზრებია. როდესაც ხელს ვადებ კონკრეტულ პირებს, სააკაშვილსა და მის გარემოცვას, ვიცი, ამის უკან რაც დგას, რა საფრთხეში ვიგდებ თავს, მაგრამ ეს ისეთი საფრთხეა, გინდა ილაპარაკე, გინდა, გაჩუმდი, მაინც არ აგცდება. ამათი  არ მეშინია. ყველას დანაშაულს დავამტკიცებ.

- რამდენადაც ვიცი, მათთან ერთად საკანში მოხვედრას ოცნებობთ.

- თუკი ღმერთმა მომცა დრო, ამას აუცილებლად გავაკეთებ და მაშინ იდარდონ მაგათ.  უნდა იგრძნონ, რას ნიშნავს სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბეს.  როგორ დაუშვა ქართველმა ხალხმა, რომ ეს პირსისხლიანი ბოლშევიკები მოიყვანა ხელისუფლებაში(?!).

მათ ერთმანეთიც არ უყვართ. მხოლოდ ანგარებითა და  ინტერესებით არიან შეკრული და  გამუდმებით უსაფრდებიან ერთმანეთს. მალე დავინახავთ, რომ დაჭამენ ერთმანეთს. ეს პროცესი დაწყებულია. ოქრუაშვილი უკვე შეჭამეს. მას სწორედ ისინი დაეტაკნენ, ვინც ლამის ფეხსაცმლიდან იწყებდა  მის ლოკვას. მერაბიშვილი მის კაბინეტში შესვლას ვერ ბედავდა, ნიკა გვარამია შეხედვას ვერ უბედავდა და მერე ვირთხებივით წაესივნენ. ასევე იყვნენ გოკა გაბაშვილი და გიგი უგულავა. ირაკლის ბებიის გასვენებაში უგულავამ თქვა, შევცდი, ირაკლის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რომ ვთქვი, მის გარეშეც გავაგრძელებთ ქვეყნის მართვასო. ეს ვირთხები დღეს ნინო ბურჯანაძეს ებრძვიან, მაგრამ მალე დაასრულებენ ბოგინს.

- სააკაშვილი 2013 წლამდეც და მის შემდეგაც არ აპირებს წასვლას.

- რის 2013 წლამდე? ქვეყანა კატასტროფაშია. სამწუხაროდ, მივეცით შეურაცხყოფის, ძალადობის უფლება. ნუთუ ჯაყო სააკაშვილის ბოგინს, ყოველდღიურ შეურაცხყოფასა და გაუპატიურებას აიტანენ ქართველები? თუმც რა უნდა ვთქვა, ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელმაც 16 წლის მაიკო ორბელიანი იმპერატორ ალექსანდრეს ლოგინში ჩაუწვინა, ვასიამოვნოთო. მამამისთან თავადაზნაურობის დელეგაცია მივიდა, იმაში დასაყოლიებლად, რომ მისი ასული ალექსანდრეს  გაებახებინა, რათა მათ კეთილდღეობას არაფერი დამუქრებოდა. ეს ქართველებმა ჩავიდინეთ, მაგრამ ჩვენ ვართ იმ 100 ათასი მოწამის შთამომავალნიც, რომელთაც ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ დააბიჯეს და ვიცი, ამ ბოროტებას უსათუოდ დავამარცხებთ, რადგან "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია".