კიდევ სად შეიძლება ჩავატაროთ მთავრობის სხდომა - კვირის პალიტრა

კიდევ სად შეიძლება ჩავატაროთ მთავრობის სხდომა

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მთავრობის სხდომების ეგზოტიკურ ადგილებში ჩატარებას მოუხშირა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ასე ჟღერს: კიდევ სად შეიძლება ჩავატაროთ მთავრობის სხდომა? მშენებლობაზე უკვე ჩატარებულია, წინა კვირას ტბის პირასაც ისხდნენ. რაღა დარჩა? წყალქვეშ მთავრობის სხდომის ჩატარება სააკაშვილს მალდივის პრეზიდენტმა მოჰამედ ნაშიდმა დაასწრო. ისე, შენ მონდომება თქვი, თორემ კარგ იდეებს რა დალევს? მაგალითად, მყინვარი. რითი იქნება ნაკლებექსტრემალური, ვიდრე წყალქვეშ? აბა, მალდივის მთავრობა ავიდეს იმ სიცივეში და დაჯდეს. თემა იქნება: "რას დაგვაკლებს ღორის გრიპი!" შემდეგი მთავრობის სხდომის გამართვა შეიძლება ახალგორის შესასვლელში, პირდაპირ რუსი ოკუპანტის საგუშაგოს წინ. როგორი იდეაა?! პრეზიდენტის უკან, ფონზე, წინ და უკან კალაშნიკოვგადაკიდებული და გაკვირვებისგან თვალებდაჭყეტილი რუსი ივლის. ხომ იქნება უმაგალითო გმირობის მაგალითი? პრეზიდენტი კი ილაპარაკებს იმის შესახებ, როგორ მოვიგეთ ომი და იტყვის: ესენი ვერ მოვიდნენ ჩემთან თბილისში, რომ პუტინისთვის ჩემი სხეულის ერთი ადგილი მიერთმიათ, სამაგიეროდ, მე თავად მოვედი, მაგრამ მირთმევაზე... ნურას უკაცრავად (აქ სიცილისგან აზლუქუნდება). ვიღას გაახსენდება მისი გორიდან გაქცევა?! ადგილობრივი არჩევნების წინ შეიძლება ერთი სხდომა ტივზეც გაიმართოს, - მთავრობა გლდანიდან დაუყვება მტკვარს და ასე, ორთაჭალამდე უბან-უბან იმსჯელებს დედაქალაქის პრობლემებზე. ტივის ორთაყვირთან გიგი უგულავას დააყენებენ, თუ გადავარდება, მერაბიშვილი სწვდება ქეჩოში და ამოათრევს, - ტუტუც, ნიახური ხომ არა ხარ, ქალაქის სათავეში მეორედ მოხვიდე! არჩევნების წინ, სავსემთვარეობის დროს, ერთი სხდომის გამართვა კუკიის სასაფლაოზეც შეიძლება. თემა: "როგორ დავრაზმოთ მკვდარი სულები", - რა სანახაობა იქნება! მთვარის შუქით განათებული საფლავის ქვები და მთავრობის წევრების სახეები. "რუსთავი 2" ზუსტად შუაღამისას სპეციალური გამოშვებით შედის ეთერში: "მოულოდნელად დაინიშნა მთავრობის სხდომა. კუკიის სასაფლაოდან პირდაპირ ეთერში გვერთვება ჩვენი კორესპონდენტი... წასულებზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, ამიტომ მომდევნო სხდომა მეორე დღესვე ინიშნება. სხდომა დემოგრაფიულ პრობლემებს ეძღვნება. აბა, გამოიცანით, სად გაიმართება სხდომა, რომელიც დემოგრაფიულ პრობლემებს მიეძღვნება? რა თქმა უნდა, სამშობიარო ბლოკში! პრეზიდენტის სავარძლის უკან, ფონზე, გინეკოლოგიური სავარძელი დგას. პრეზიდენტი სწორედ მაშინ შემოდის, როდესაც მშობიარეს ჭინთვები ეწყება. სააკაშვილი გამოსვლას ისე ააგებს, რომ მისი ბოლო სიტყვები ბავშვის პირველ ჩხავილს ემთხვევა: "ვინ თქვა, რომ ჩვენი კაცები ცუდად მუშაობენ და დემოგრაფიული პრობლემები გვაწუხებს? ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო კაცები გვყავს, რომლებიც საუკეთესო ბავშვებს აკეთებენ, - და ამ დროს ადგება, ჭიპლარს თავად მოჭრის ბავშვს, ხელში აიყვანს და გააგრძელებს, - შეხედეთ ამ ბავშვს და დარწმუნდებით, რომ ვერსად ევროპაში ასეთ ხმამაღლა მჩხავანა ბავშვებს ვერ ნახავთ. ევროპამ ეს საქმე ჩვენგან უნდა ისწავლოს!"

რა ვიცი, შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ ჯერ ეს რჩევები გაითვალისწინოს ბატონმა პრეზიდენტმა. არა!.. გაგიკვირდებათ, რომ გაითვალისწინოს?

მიშა და ჰიპი

მიხეილ სააკაშვილი კომპანია "ჰიპის" ხელმძღვანელს, კლაუს ჰიპის პირველად  გაზაფხულზე შეხვდა. მნიშვნელოვანი სტუმრის ვიზიტი მაშინ პრესისთვის არ გაუმხელიათ. რატომ, არავინ იცის. შეიძლება სააკაშვილი სიურპრიზს გვიწყობდა. იმ პერიოდში ოპოზიციის აქტიურობა პიკს აღწევდა და ახალგაზრდა აქტივისტებიც სააკაშვილს რესტორან-რესტორან დასდევდნენ. იმ დღესაც ვიღაცამ იაპონურ რესტორანთან პრეზიდენტის ესკორტი შეამჩნია და ახალგაზრდა ოპოზიციონერებიც რესტორანს დაეცნენ. ქვეყანა გაჭირვებულია, ასეთი აქციები იმართება, ხალხი შენს გადადგომას ითხოვს, შენ კი სუში ყელში როგორ გადაგდისო. ეს ინციდენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში "სუშის ინციდენტის" სახელით შევიდა. პრეზიდენტის სუშის ჭამას ისეთი ამბავი მოჰყვა, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ იკადრა და გაამხილა საქართველოში კლაუს ჰიპის ჩამოსვლა, - პრეზიდენტს სწორედ მასთან ჰქონდა საქმიანი ვახშამი, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრობდნენო. ხელისუფლების ოფიციალური განმარტება შეიძლება ბევრმა დაიჯერა, ბევრმა - არა, მაგრამ წინა კვირას საქართველოში "ჰიპის" ქარხანა მართლაც გაიხსნა. სწორედ ქარხნის გახსნაზე გაიხსენა პრეზიდენტმა "სუშის ინციდენტი" და ოპოზიციის დამუნათების შანსი ხელიდან არ გაუშვა: მაშინ რესტორანში სწორედ ამ ქარხნის აშენებაზე ვსაუბრობდით, როდესაც ოპოზიცია მოგვადგა და ისეთი ამბავი მოაწყო, კლაუს ჰიპი ჩვეულებრივი ევროპელი რომ ყოფილიყო, იმ დღესვე გაიქცეოდა საქართველოდანო. მოკლედ, ოპოზიცია მნიშვნელოვან ინვესტიციებს გვაკარგვინებდაო, ეს იყო მისი განცხადების დედააზრი. თითქოს მართალიც იყო პრეზიდენტი, როდესაც ამას ამბობდა; მართლაც შეიძლება იფიქრო კაცმა, ამ ველურებში რა მინდაო და უკანმოუხედავად გაიქცე, მაგრამ, მოდი, ბატონო პრეზიდენტო, ამ ამბავს მეორე მხრიდან შევხედოთ: იქნებ ბატონი კლაუსი სწორედ იმ ვახშამზე მოიხიბლა საქართველოთი? იქნებ, როდესაც ახალგაზრდა ოპოზიციონერები რესტორანში მოგიცვივდნენ, სწორედ მაშინ მიხვდა ბატონი ჰიპი, რომ აზიური დიქტატურის ქვეყანაში კი არ ჩამოვიდა, სადაც პრეზიდენტს ვერავინ ვერაფერს უბედავს, არამედ ევროპაში, სადაც პრეზიდენტს, თუ დაიმსახურებს, შეიძლება ხალხმა ზოგჯერ ჭამაც კი არ აცალოს? ამაზე არ გიფიქრიათ, ბატონო პრეზიდენტო?

ბარიერი ბარიერის გადასალახავად

ოპოზიცია თბილისის მერის არჩევნებში ბარიერის დაწესებას ითხოვს. მაგათ კიდევ რა ბარიერი უნდათო, იკითხავთ და შეცდებით. ამათ უნდათ ბარიერი, თუ უნდათ. ამათთვის სწორედ ბარიერია ხსნა. რატომ? იმიტომ, რომ დიდი შანსია, ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს ხმები გაუყონ. ჰოდა, თუ მაღალი ბარიერი იქნება და მერი ის კანდიდატი კი არ გახდება, ვინც პირველ ადგილზე გავა, არამედ ის, ვინც, ხმების 50%-ს მოაგროვებს, ოპოზიციას ერთ კანდიდატზე შეთანხმება სულაც აღარ დასჭირდება. ასეთ დროს, რაც მეტი ოპოზიციური კანდიდატი იქნება, მით უკეთესი, - ყველა ცალ-ცალკე წაართმევს ხმას სახელისუფლებო კანდიდატს და ისიც ვერ შეძლებს 50%-ის მოგროვებას. მეორე ტურში კი, მოგეხსენებათ, ის ორი კანდიდატი გადის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს. იქიდან ერთი ხელისუფლების იქნება, ერთი - ოპოზიციის, ანუ ოპოზიციაში თავისთავად გამოიკვეთება ერთი ლიდერი და შემდეგ, უნდათ თუ არა, ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწევს, მხარი მას დაუჭიროს. ახლა ვიკითხოთ, ხელს აძლევს თუ არა ასეთი ვარიანტი ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, არა. ოპოზიციის ერთ კანდიდატზე შეუთანხმებლობა სწორედ მის წისქვილზე ასხამს წყალს. იცით, ოპოზიციის საქმე ახლა როგორაა? ფაქტობრივად, ხელისუფლებას ეუბნება, ჩვენ, ყველას, ამბიცია გვახრჩობს, არც ერთს არ შეგვიძლია ჩვენი პარტიული ინტერესის გვერდზე გადადება და ერთ კანდიდატზე შეთანხმება, ზოგიერთი ჩვენგანი თქვენი სატელიტია და სპეციალურად დაგვიყენებს კონკურენტს. აი, ასეთი ჭრელი და ამბიციებით გატენილი ოპოზიცია ვართ და იქნებ ანგარიში გაგვიწიოთ და 50%-იანი ბარიერი დააწესოთ, რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმება საჭირო აღარ იყოსო. ოპოზიციის წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, ყველას მიზანი ხელისუფლების დამარცხებაა, მაგრამ იმას ვეღარ ხვდებიან, რომ ამისთვის გადამწყვეტ მომენტში ერთხელ მაინც ამბიციის მოთოკვა უნდა მოახერხონ. თუ ხვდებიან და არ აკეთებენ, მით უარესი მათთვის.

ხელისუფლება კი თავის სტიქიაშია. ცდილობს, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს დათმობაზე მიდის. ამიტომაც 30%-იან ბარიერზე დათანხმდა. სინამდვილეში, ეს ვითარებას ოდნავადაც არ ცვლის. ხელისუფლების კანდიდატ გიგი უგულავას, სხვადასხვა გამოკითხვით, 20-დან 25%-მდე რეიტინგი აქვს. ამას დაუმატეთ ხელისუფლების ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი და გამოჩნდება, რომ 30%-ის მოგროვება არ გაუჭირდება. ასე რომ, ოპოზიციას მაინც დასჭირდება ერთ კანდიდატზე შეთანხმება.