"ის, რაც ივანიშვილმა იგულისხმა ადრე წასვლაში, სწორედ ჯანსაღი მიდგომა გახლავთ" - კვირის პალიტრა

"ის, რაც ივანიშვილმა იგულისხმა ადრე წასვლაში, სწორედ ჯანსაღი მიდგომა გახლავთ"

ბიძინა ივანიშვილის წაუგებელი თამაში?

"იქნებ გაგვაგებინოთ, - ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში დიდხანს არ დარჩება.  არჩევნებამდეც ამბობდა მაგას და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხმები დაუყარა, ბიძინას პოლიტიკა უკვე მოჰბეზრდაო. კარგად მესმის, ეს ბინძური ჭორია, მაგრამ საინტერესოა, რას გულისხმობს ბატონი ბიძინა ხელისუფლებიდან წასვლაში (რა თარიღი დაასახელა და როდის კონკრეტულად) და სამოქალაქო სექტორიდან იმავე ხელისუფლების გაკონტროლებაში.

პატივისცემით, ნიკოლოზ შერმადინი"

2011 წლის 7 ოქტომბერს ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "სააკაშვილის სურვილმა, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. დავრწმუნდი, რომ  ჩემი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია პოლიტიკურ პროცესებს."

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვებამდე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხალხთან ერთად შეიმუშავებდა ქვეყნის მართვის ოპტიმალურ მოდელს, განახორციელებდა ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, კონსტიტუცია საკუთარ სურვილებს მოარგოს.

ივანიშვილმა, დაპირებისამებრ, ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა და პასუხისმგებლობაც იკისრა, რომ იგი აღმოფხვრის ელიტურ კორუფციას. ამჯერად პრემიერ-მინისტრს შესასრულებელი აქვს უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირებები: დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა, რომელსაც, როგორც მან თქვა, შეუქცევადი სახე ექნება; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენის რეალური პერსპექტივის შექმნა; აშშ-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავება.

"ჩემი აზრით, ამ პრობლემების მოგვარებას ორიდან სამ წლამდე დასჭირდება. ამის შემდეგ მე ვაპირებ, წავიდე პოლიტიკიდან, რათა აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის განვითარებაში," - განაცხადა ივანიშვილმა არჩევნებამდე და ამ ფრაზის მის წინააღმდეგ გამოყენება არაერთხელ სცადა მოწინააღმდეგემ. უკვე ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში კვლავ განაცხადა პოლიტიკაში მოკლე დროით ყოფნის შესახებ, როცა უპასუხა ოპონენტის კითხვას - რამდენ ხანს დარჩებით ხელისუფლებაშიო?

ციტატა: "როდესაც პოლიტიკაში შემოვედი, პირველსავე განცხადებაში ვთქვი, რომ 2-დან 3 წლამდე ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას. ერთი წელი უკვე ვარ პოლიტიკაში. მხედველობაში მაქვს ოპოზიციაში ყოფნა. იმის შემდეგ, რაც არჩევნებში გავიმარჯვეთ, შემიძლია უფრო კონკრეტულად მოგახსენოთ, რომ წელიწად-ნახევარშიც ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, მაგრამ არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას. მე დავრჩები, მე დავ\ტოვებ ისეთ გუნდს, რომელიც შეასრულებს ჩვენს ყველა დაპირებას და მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი იმ დაპირებებზე, რაზეც რამდენჯერმე განვაცხადე. ვაპირებ სამოქალაქო სექტორში ერთ-ერთ აქტიურ წევრად დარჩენას", - განაცხადა ივანიშვილმა.

ვესაუბრებით ორგანიზაცია "დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის" ხელმძღვანელ ლაშა მებონიას.

- შეიძლება ითქვას, რომ რადგან ხალხმა ქვეყნის ბედი ანდო, ივანიშვილმა ვადის გასვლამდე უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა. თუმცა, საკითხს აქვს მეორე მხარეც. საზოგადოებამ უკვე გამოცადა, როგორია ერთ ადამიანზე“ დაფუძნებული სისტემა და ასეთი სისტემისადმი თავისი დამოკიდებულებაც გამოხატა, ამიტომ ივანიშვილის განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც სურვილი, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მართვის უფრო მოქნილი მექანიზმი, როცა ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებები მკაფიოდ გადანაწილებულია, მთავარი კი საზოგადოების, მისი სხვადასხვა ფენის ინტერესების გათვალისწინებაა.

თუ ქვეყანა სწორი გზით წავა, ივანიშვილს უფრო ადრე მიეცემა საშუალება, თავისი სიტყვა შეასრულოს და მოვლენებს სამოქალაქო სექტორიდან  ადევნოს თვალი, თუმცა, ამ ეტაპზე საჭიროა ცვლილებები, ამიტომ მას მოუწევს, ჯერჯერობით მთავრობის ხელმძღვანელის რანგში იზრუნოს პრობლემათა აღმოფხვრაზე.

- რა არის მთავარი სახელმწიფოს მართვაში: პიროვნება თუ სისტემა?

- ჩემი აზრით, არც სისტემა და არც პიროვნება, არამედ საზოგადოების უფლებათა უზრუნველყოფა, ისეთი გარემოს შექმნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოქალაქის ჯიბეზეც აისახოს. ანუ მთავარია საზოგადოების ინტერესი. ამიტომაც საჭიროა, თავი დავანებოთ ფიქრს მხსნელზე, მესიაზე, წარჩინებულ პიროვნებებზე, ვინც ხელის ერთი მოსმით შეაჩერებს უკუსვლას. სახელმწიფო უამრავი კომპონენტისგან შედგება. საჭიროა, საათი აეწყოს, ანუ ბიუროკრატიულმა აპარატმა საქმის კეთება შეძლოს, სახელმწიფო პოლიტიკით კი შრომის სწორი გადანაწილება მოხერხდეს. დღეს ყველა რგოლი დამოკიდებულია უფროსზე, რაც წინა ხელისუფლების არასწორი მენეჯმენტის ბრალია. დარწმუნებული ვარ, ახალი ძალა მოახერხებს ამ კვანძის გაწყვეტას. მთავრობის წევრთა გადადგომა ან სხვა სამსახურში გადასვლა  გლობალურ კრიზისს არ უნდა იწვევდეს. ამის მიღწევა შეიძლება, საჭიროა მხოლოდ ნება, რომელსაც უკვე ვხედავთ.

- როგორ შეიძლება, ივანიშვილი ქვეყანას საზოგადოებრივი სექტორიდან დაეხმაროს?

- ალბათ, ბევრი იტყვის, მოსვლა მისი ნება იყო, წასვლა - ჩვენიო. ის კი, რაც მან იგულისხმა ადრე წასვლაში, სწორედ ჯანსაღი მიდგომა გახლავთ. საზოგადოებრივი სექტორიდან ბიძინა ივანიშვილს მეტად შეუძლია ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინოს. არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები (პარტიები, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თემატური გაერთიანებები და ა.შ). თითოეული მათგანი განვითარებას მოითხოვს. სახელმწიფო ბუნებრივად წავა ავტორიტარიზმისკენ, თუ არ ჩამოყალიბდა სტაბილური პოლიტიკური გარემო (პოლიტიკური პარტიების კონკურენცია), დასაქმებულებს არ მიეცათ საშუალება, საკუთარი ინტერესები დაიცვან (დამოუკიდებელი პროფკავშირები), რეალურად თავისუფალი მედია, თუ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფი და არასამთავრობო სექტორი არ განვითარდა და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი ამ ხარვეზებს გრძნობს და სურს, პოზიტიური როლი შეასრულოს ამ არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეში.

P.S. დასკვნის სახით შეიძლება გავიმეოროთ, ის, რასაც "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ხათუნა ლაგაზიძე წერდა ანალიტიკურ მიმოხილვაში "მიდის იმიტომ, რომ დარჩეს." მისი თქმით, "წელიწად-ნახევარი პოლიტიკაში საკმარისი დროა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების, ასევე უკმაყოფილების მუხტის დასაგროვებლად. მიუხედავად იმ მძლავრი ფინანსური ნაკადებისა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვებავს ბიუჯეტის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს, რითიც შეეცდება, მინიმუმამდე დაიყვანოს საზოგადოებრივი უკმაყოფილება, კრიტიკული ინტონაციები ამომრჩეველში ბუნებრივად გაჩნდება. ჰოდა, ივანიშვილი პოლიტიკიდან ფორმალურად წავა სწორედ მანამ, სანამ კრიტიკით გაჯერდება გარემო და შემდეგ სამოქალაქო სექტორიდან რეალურად კვლავ მართავს თავის პოლიტიკურ გუნდსაც და სახელმწიფოსაც; ანუ წავა იქ, საიდანაც მის გადადგომას ყველაზე პრინციპულ შემთხვევაშიც კი ვერავინ მოითხოვს (ანუ სამოქალაქო სექტორში) და საიდანაც, თავისი ფინანსური შესაძლებლობებისა და გავლენის წყალობით, სრულად შეძლებს იმ მრავალშრიანი და მრავალსუბიექტიანი პოლიტიკური სპექტრის გაკონტროლებას, რომელიც 2014 წლისთვის საქართველოში იქნება. და ამით, ფაქტობრივად, წაუგებელ თამაშს ითამაშებს."

კობა კობალაძე, ”გენერალთა კლუბის" პრეზიდენტი:" - ბიძინა ივანიშვილმა მარილიც უნდა მოაყაროს თავის გაკეთებულ მადლიან საქმეს და სამართლიანი მართვა არა მარტო ასწავლოს, არამედ ჩვევაში ჩაუბეჭდოს მის არჩეულ ხელისუფლებას. ჩვენს ძალაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით არჩევნების დროს და აღარ უნდა ავიყვანოთ ჩინოვნიკები მონარქების რანგში! მერე, ალბათ, ივანიშვილსაც შეეძლება მშვიდად წასვლა, თან ისე, რომ უკან მოსაბრუნებელი არ გაუხდეს.

ლაშა ჩხარტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი კავკასიაში" თავმჯდომარე:

- ბიძინა ივანიშვილს ძალიან მწყობრი გეგმა აქვს ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი როლის შესახებ, შესაბამისად, ეს მისი და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი: - ბიძინა ივანიშვილი არც ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და არც პოლიტიკიდან. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ქართველმა ხალხმა საძულველად ქცეულ ხელისუფლებაში მყოფი ძალის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, პიროვნულად მას დაუჭირა მხარი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და მიმაჩნია, რომ ხალხმა რაც შეიძლება მეტად უნდა იგრძნოს საკუთარი მოლოდინების აღსრულება. ვფიქრობ, 1,5 ან 2 წელი პრობლემებში გაჩხერილი ქვეყნისათვის მიზერული დროა, - არაფრის მოსწრება არ შეიძლება. ეს თავის არიდება გამოვა!

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური კოალიცია, - რამდენიმე, მსოფლმხედველობრივად საკმარისად განსხვავებული პოლიტიკური პარტიის ნაერთი, რომელთა ერთად ხანგრძლივად ყოფნა გამორიცხულია. ამდენად, ამ დროში ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის ტრანსფორმაცია გარდაუვალია... შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მოკლე ხანში წასვლა მხოლოდ გაურკვევლობებსა და არამყარ მდგომარეობას შექმნის.